მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ვისი ხარ შვილო?!

სადაური იამალი ხარ შენ?
ჯერჯერობით ესპანელი ყოფილა. აბა, ისე როგორ იქნებოდა სეზონში ერთი უცნობი გვარი მაინც არ გაგვეგო, პატარა ვუნდერკინდისა, რომელზეც ახალ იმედებს დავამყარებთ. ტანმორჩილი, ტექნიკური, კარგი პასის კულტურით, მოაზროვნე, ერთი სიტყვით ლა მასიას თვითმყოფადობით დაჯილდოებული და შემკული.
რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე თავს მოგვაწონებს, რადგან ახლა ყველაფერი ეპატიება და მასში ყველაზე მეტი ენთუზიაზმია. ვერავინ ისე მონდომებული ვერ იქნება მოედანზე, როგორც ეს ბიჭი. ვერც ახალდაბრუნებული დემბელე, ვერც ის ხალხი, ვისაც ძირითადში სურს მოხვედრა, ვერც ისინი ვისაც კლუბში სურს დარჩენა, არა, ეს სულ სხვა მოვლენაა, 15 წლის ბიჭი გამოვარდა "კამპ ნოუზე" სათამაშოდ.
ხუთი წელი ფეხბურთში ძალიან დიდი დროა. ხუთ წელში საფეხბურთო ეპოქები იქმნება ხოლმე. ხუთ წელში ვარსკვლავების აღმასვლა და დაღმავლობაც გვინახავს, ლამინე კი ხუთ წელიწადში ისევ თინეიჯერი იქნება. მოდი და ნუ გაგიჟდები.
ბოლოს ასე ანსუ ფატიმ გაგვახალისა და დასაწყისი მართლაც მშვენიერი იყო, მაგრამ ტრავმებმა ყველაფერი გააფუჭეს. წერტილი დასვეს. იმ დონეს ვეღარ მიუბრუნდა, ის სიმყარეც დაკარგა, აღარც ისეთი სწრაფია და აღარც ისეთი თავდაჯერებული. ახლა ლამინეს შემხედვარე ალბათ თავისივე დებიუტიც გაახსენდა.. ხო, ცოტა სევდიანი ამბავია. მაგრამ ფატისაც ყველაფერი წინ აქვს, არ არსებობს დაუძლეველი ბარიერი.
გოლის გატანაც შეეძლო ამ ბავშვს, მცველის შეცდომით ისარგებლა და დაარტყა სამუ ეტო'ოს მსგავსად, მაგრამ მეკარემ ივარგა. უჰ, რა საოცარი ამბავი იქნებოდა ეს ბურთი რომ გაეტანა, ალბათ სამი ღამე ვეღარ დაიძინებდა, ისედაც მთელი მსოფლიო გუგლავს გუშინდელის შემდეგ.
საგოლე პასიც უნდა ჩაეწერა, მაგრამ დემბელემ ბურთს ფეხი ვერ მოარტყა. აცდა. სადღაც ჰაერში დაიწყო ფიქრი მარჯვენას უხვედრებდა თუ მარცხენას, ჰოდა, ამ ფიქრებში ყველაფერი დაიკარგა.
დაბრუნება
ხო, რავიცი, შეგვიძლია დავწეროთ კრისტენსენისა და დემბელეს დაბრუნებაზე, მაგრამ მთავარი დაბრუნება, რა თქმა უნდა, წინ გველის, ყოველ მეათე წუთზე ათიანები ფრიალებს "კამპ ნოუზე" და გვესმის შეძახილები - მეეესსიიიი, ეს უკვე გამოცხადებული დაბრუნების ქრონიკაა. მესის კარიერას რომ თვალი გადავავლოთ ესღა აქვს დარჩენილი სრული მითოსის შესაქმნელად - დიდი დაბრუნება.
ნაკრებში უკვე გაიარა ეს გზა. წავიდა და დაბრუნდა. ახლა კლუბშიც ეს გზა აქვს გასავლელი.
კრისტენსენი დაბრუნდა გოლით, კარგი გოლი შეაგდო, კარიც მშრალად დატოვეს, რეკორდისკენ სწრაფვა გრძელდება. ბოლოს ასე ბოლო ტურამდე ვალვერდეს რეკორდს ვიყავით ჩასაფრებულნი, მაგრამ ის კაცი ხომ ცოტა ვერ იყო, ჰოდა, ბოლო ტურში გაგვიფუჭა ხასიათი, რასაც მთელი სეზონი კერავდა, მაინცდამაინც ბოლო ტურში გაერღვა.
ახლა უფრო იმედიანად ვარ, არ არის უბრალო ამბავი ასე მყარად ჩაეწერო ისტორიაში. ფეხბურთელებიც, რა თქმა უნდა, გრძნობენ ამ ამბავს.
გარდა კრისტენსენისა დემბელეც დაბრუნდა. დამბო იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც დიდი დრო სჭირდებათ ფორმაში შესასვლელად, მაგალითად, კევინ დე ბრუინიც ასე არის, ტრავმის მერე ძალიან დიდი დრო უნდა ფორმაში ჩასადგომად. არიან ასეთებიც.
ყველა მესი ვერ იქნება, დაზიანების მერე ისე ბრუნდებოდა, თითქოს არც ყოფილიყო ტრავმირებული. ასე რომ, დემბელესგან სეზონის ბოლომდე განსაკუთრებულს არაფერს ველი, და განსაკუთრებული შეხვედრა აღარც "ბარსას" დარჩა, მშვიდად უნდა მიიყვანონ ლა ლიგა გამარჯვებამდე.
სანამ დემბელე თამაშგარე იყო, რაფინია გაუშინაურდა ძირითად შემადგენლობას, ვერ ვიტყვი, რომ ის ფეხბურთელია, რომელზეც მთელი სეზონის იმედებს დაამყარებ, მაგრამ კარგი მატჩები ჰქონდა ბრაზილიელს, სტატისტიკაც მშვენიერი აქვს, თუ გავითვალისწინებთ მთელი სეზონია რა ფეხბურთს თამაშობს ჩავი. ასე რომ, გაშვებით ალბათ არავინ გაუშვებს, საჭირო ფეხბურთელი გამოდგა და "ბეტისთანაც" გაიუმჯობესა სტატისტიკა.
გოლს+საგოლე პასი. სხვა რა უნდა ქნას შემტევმა?!
კარგი ამბავია, რომ ლევანდოვსკიმ ისევ გაიტანა, სეზონის მიწურულს კიდე შეყრის გოლებს და ვიღაცებს დაავიწყებს, რომ ცენტრალური მატჩები ჩააგდო. უმრავლესობა, თორემ, კარგი მატჩებიც იყო. განსაკუთრებით ევროტურნირებზე ვერ გამოირჩა, ისევე როგორც მთლიანად გუნდი.
შემდეგი მატჩი "ოსასუნასთან" იქნება. სახლში. მიყვარს "კამპ ნოუს" თამაშები. ყველას უხარია აქ თამაში.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]