მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შეაყარე კედელს ცერცვი

აბა რა უნდა შევაფასოთ?! საშინელი თამაში იყო, ძალიან დაბალი ხარისხი და ცუდი შედეგი. უცნაური მატჩიც გამოდგა, პირველი უცნაურობა ის იყო, რომ რეკორდის მიმავალ გზაზე ტერ შტეგენმა გახურებაზე დაზიანება მიიღო, სერიოზული არაფერია, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია და შევშფოთდით, ალბათ თანაგუნდელებსაც უსიამოვნო ჟრუანტელმა გადაუარათ. გახურებაზე ტრავმებს მაშინ იღებენ, როცა კონცენტრაციას კარგავენ, როცა სხეული ჩართულია და გონება სხვაგან დაფრინავს, მთელი მატჩიც ეგეთი გამოდგა, ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ, ირბინეს, მათი გონება კი სადღაც სხვაგან იყო.
არ ვიცი სად.
"მადრიდმაც" თავისი როლი ითამაშა. კიდევ ერთი მატჩი წააგო და "ბარსელონელებს" მოდუნების საშუალება მისცა. მაინც გაყინულები ვართ 11 ქულაში. ლა ლიგა ისევ იწელება, თითქოს თამაშიც აღარავის უნდა, ნუღარ გვაწვალებთ, მიაჩეჩეთ თასი "ბარსელონას" და დავასრულოთო.
მეორე უცნაურობა მატჩის შემდეგ მოხდა, რობერტ ლევანდოვსკიმ თქვა ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულიაო. გეგონება ლიონელ მესი იყოს, ან სერხიო ბუსკეტსი. რა ყოველთვის ლევან?!
თანაც, ნამდვილად არ შედის იმ სტადიონთა შორის, სადაც მართლა რთულია თამაში. რაღაცას გვატყუებს ჯიგარი. სტადიონი კი თავისთავად უცნაურია, ტრიბუნის მაგივრად კედელი აქვს და ის კედელიც ისეთია ვერაფრით ვერ გაიგებ შენდება თუ ანგრევენ. კედლის მიღმა ალბათ ზომბები არიან, ამას კიდე გუშაგები აშენებენ.
თუმცა, იქვე ძალიან ახლოს კორპუსია, კარგი ტრიბუნაა, თან სახლში ხარ, თან თამაშს უყურებ. წელიწადში ერთხელ გაგიმართლებს და "ბარსელონა" ჩამოვა, ლევანდოვსკი იტყვის აქ თამაში რთულიაო და მოიგებ. ბინის აღწერაც საინტერესო იქნება - "ბინა მოედნის ხედით. შორსმხედველებს გაგიმართლათ!"
სამი ყვითელი ბარათი ზედიზედ - გავაგრძელოთ უცნაურობები - ალბა, ბალდე, გავი, 32-ე, 34-ე და 36-ე წუთებზე. ალბა მოედანზეც არ ყოფილა, მაგრამ გააყვითლეს, ჩავიმ კიდე უკვე გაყვითლებული ფეხბურთელი გამოიყვანა მოედანზე. ალბათ, იფიქრა სკამზე რა აქტიურია და თამაშში რას იზამსო, ან, სანამ სკამზევე გაუძევებიათ მანამდე შევიყვანო. ან, საერთოდ არ უფიქრია, ასე მექანიკურად აკეთა რაღაცები.
არ იყო ბუსკეტსი და ვიცით როგორც მთავრდება ამბავი, როცა ბუსკეტსი არ არის. თან, პედრი ჯერ ვერ არის ფორმაში და გავიც დარბის ასე გიჟივით. ლევანდოვსკიმდე ბურთი ისევ ვერ მივიდა. თუმცა, შეუქმნეს ერთი მომენტი და ვერ გაიტანა, მერე კი გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, VAR-მა აქაც თავი გამოიჩინა, ესპანელებმა აქაც რაღაც ახალს დაუდეს საფუძველი, გამეორებაზე გვაჩვენეს რომ ლევანდოვსკი თამაშგარე მდგომარეობაში არ იყო, ისე გაავლეს ხაზი, რომ წინ არ ყოფილა, იქით ფლანგზე მცველი იყო ჩარჩენილი, მისი ფეხი და ლევანდოვსკის მხარი ერთ ხაზზე აღმოჩნდა, გრაფიკოსებმა კი Offside დაგვიწერეს.
არ დაიჯეროთ რასაც უყურებთო - ასე გამოვიდა.
მაინც შეაგდო ლევანდოვსკიმ, უკვე ბოლოსკენ, როცა "რაიოს" უპირატესობა ორბურთიანი იყო, კარგი გოლი იყო, ლამაზი, ხშირად რომ უნდა იტანდეს ისეთი გოლი იყო. ბოლო მატჩებში ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ლევანდოვსკიმ სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, სხვა ეპიზოდებში როგორც წესი, ძალიან აგვიანებს და მომენტიც ფუჭდება.
ასაკი ლევან, ასაკი..
გაშვებულ გოლებს რაც შეეხება, პირველი გოლის დროს კუნდე იყო ძალიან ინერტული, მეტოქე დისტანციაზე დატოვა და დარტყმის უფლებაც თავისუფლად მისცა. ჰოდა, ეგრე ხო გაგვიტანენ?! რა მიხვედრა მაგას უნდა. იდგა კუნდე და თითქოს არც იდგა. ალბათ ამოუვიდა კიდეც ყელში ფლანგზე თამაში, უბრალოდ ვერ ამბობს ხმამაღლა, ვაი და მერე საერთოდ სკამზე გადასვან.
მეორე გოლის დროს კი თითქოს დე იონგი შეცდა, მაგრამ ცენტრალური მცველების განლაგება უფრო საეჭვო ამბავია, ორივე ერთ სივრცეში, თანაც ფლანგისკენ, უდიდესი ადგილი იყო ცენტრში დატოვებული და ზუსტად იქ შეიჭრა ის სწრაფი კაციც, არაუხოც კი ვერ დაეწია! ესეც უყურადღებობის ბრალია.
ასე თამაში არ შეიძლება. ასეთი განწყობით გამოსვლა მოედანზე დანაშაულია.
მომდევნო მატჩებს "ბარსა" სახლში ჩაატარებს, "ბეტისთან" და "ოსასუნასთან", აუცილებლად ექვსი ქულაა ასაღები. ეგ იქნება ბოლო ნაბიჯები და ფაქტია, რომ "მადრიდიც" სადღაც იქით იხედება, გვარდიოლას გუნდისკენ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]