მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მზე ანათებდა ცუდად
ჩავიმ მატჩის შემდეგ ცნობილი გამოთქმა გაგვახსენა ბალერონზე, ჯერ ბალახიო, მერე მზეო, ის არ გვყავდაო, ჰოდა, 11 ქულით წინ ვართ, მოგება რა ჯანდაბად გვინდოდაო.
მართალია კაცი, 11 ქულით წინ არის. ასე თუ გააგრძელა თამაში ეს 11 ქულა თვალსა და ხელს შუა გაქრება, ისე, ლოგიკური კი იქნება სეზონის ბოლოს მაგრად გვანერვიულოს, მთელი სეზონია ამას აკეთებს, ბოლო წუთებამდე გულს გვიხეთქავს. ამ სეზონში "ბარსა" ასეთი კლუბია. კბილებით უჭირავს ყველა ქულა.
აგერ, 87-ე წუთზე კინაღამ წერტილი დაგვისვეს.
მოდი, დადებითიც დავინახოთ, ისევ არ გაგვიშვია გოლი. ბოლო მატჩებია საერთოდ ვერ ვიტანთ, მაგრამ ლა ლიგაში ამჯერადაც არ გავუშვით, ჩვენს გრაფაში მხოლოდ 9 გოლი წერია. სასწაულია. ძალიან დიდი ნაბიჯია რეკორდისკენ გადადგმული, წინ კი 9 ტურია დარჩენილი.
შტეგენი ამას იმსახურებს. გასაგებია, რომ ეს მთელი გუნდის დამსახურებაა, მაგრამ, თუ რეკორდი დაფიქსირდა, სამომავლოდ პირველ რიგში, იმას გადაამოწმებენ მეკარე ვინ იყო, ჰოდა, ამ კაი კაცის გვარსაც ამოიკითხავენ.
კიდევ ერთი ტრავმა
თითქოს გვაკლდა. სერჟი რობერტომაც ტრავმა მიიღო, არადა, საჭირო ფეხბურთელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ უნივერსალიზმით არის დაჯილდოებული. მერე რა რომ ვერცერთ პოზიციაზე ვერ ბრწყინავს, სამაგიეროდ, მწვრთნელებს აფიქრებინებს აი, რობერტო გვყავს და რამეს ვიზამთ, არ დავიღუპებითო.
მძიმე ტრავმაა, როგორც იწერება, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვერ დაბრუნდეს. წავიდა ესეც დემბელესთან.
მის ნაცვლად ერიკ გარსია შემოვიდა. ამ კონკურენციაში თითქოს უფრო უნდა მოემატებინა და იქნებ კარგი მცველი დამდგარიყო მისგან, მაგრამ პირიქით, ჩაიკარგა და სულ ბოლო ვარიანტად იქცა, მარკოს ალონსოს უფრო ენდობა ხოლმე ჩავი, ვიდრე გარსიას. არადა, თავიდან მაგრად ეიმედებოდა, გადასარევი პირველი პასი აქვს, თუმცა, დრო და დრო გამოჩნდა, რომ სამეულთან შედარებით ბევრად უკან არის - არაუხო, კუნდე და კრისტენსენი სულ სხვა სიმაღლეზე არიან.
ახლაც გამოვიდა და ბევრი ვერაფერი გვაჩვენა, ან, რა უნდა ეჩვენებინა? "ხეტაფე" იშვიათად უტევდა, თავად გარსიას კი შემტევითი პოტენციალი ფაქტობრივად არ აქვს.
ისეირნა და მორჩა თამაში.
რაფინია ისევ ბრაზობს
რამდენიც გინდა იყვირეო ჩავის უთქვამს. ასე ამხნევებს, ცუდი არაფერია მაგაში წიხლებს რომ იქნევ შეცვლის მერე, ეგ იმას ნიშნავს, რომ თამაში გინდაო. ამაზე რაფინია უფრო ბრაზდება, ალბათ. ხვდება, რომ არანაირი აზრი არ აქვს შეცვლის მერე რას იზამს, სკამს მიარტყამს წიხლს თუ ჩავის მოიკითხავს ტკბილი სიტყვით, ან ჩავის ძმას.
თამაში კარგი არავის ჰქონია და არც რაფინია იყო გამორჩეული, ხიფათი კი შექმნა ერთი-ორ მომენტში. ამ დონეზე დავიდა "ბარსელონას" შეტევა, თავდამსხმელი თუ ხიფათს ქმნის ამას აქტივში ვუწერთ.
იყო ძალიან კარგი შანსი პირველ ტაიმში, და იყო ძალიან კარგი დარტყმა მეორეში. გოლი არ გავიდა.
პირველ ტაიმში ერთი-ერთზე გავიდა, თითქოს კარგადაც დაარტყა, მაგრამ ძელს მოხვდა ბურთი, გამოვარდნილს ბალდემ მისხცო და ისევ ძელს მოხვდა, ისევ იმავეს, ისევ დაბალი დარტყმული და ისევ ისე გამოვარდა.
სადღაც 90 ქულა კი იქნებოდა "სტოპიატში", ოღონდ ვეღარ გაიტანეს.
ფერანი და ფატი
მომაკვდინებელი დუეტია. ნეტავ, სამომავლოდ მაინც თუ აქვს ჩავის ამათი იმედი. მიმდინარე სეზონში ვხედავთ, რომ ტრავმებმა ფატის ნიჭი ჩაყლაპეს. ძალიან დიდი ნაწილი ტალანტისა უბრალოდ გააქრო. არც კი ვიცი ამას რა ეშველება, საქმე მხოლოდ ფსიქოლოგიაში არ არის, ფიზიკურადაც კი ვეღარ არის ისეთი, როგორიც იყო.
რაღაც მხრივ, ერთადერთი იარაღი ალბათ ლიონელ მესი იქნება. კუმანის მონაყოლი გამახსენდა, როცა მესისთან ერთად ვარჯიშობდა ფატი ყველა დარტყმის დროს მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო, ლეოს გარეშე კი თითქოს სულ ერთი გახდა კარში მოარტყამდა თუ არაო.
ასეთ დროს ავტორიტეტია საჭირო, ფატის ავტორიტეტი კი ძალიან შორს არის ჩვენგან. იქნებ დაბრუნდეს, მერე ფატის კი არა, "ბარსელონასაც" ეშველება. ეს ახალი თაობა იმ გზას დაინახავს, რომელიც მწვერვალამდე მიდის.
ზაფხულის მთავარი ამბავი წინ გველის. არ მოვიწყენთ, არაფრის დიდებით.
ფატის კი შეუძლია ათიანი გაიხადოს. არ უხდება ღმერთმანი.
წინ ორი რთული მატჩია, ერთი მომდევნო ტურში - "ატლეტიკოსთან". მეორე დერბი - "ესპანიოლთან". ჰოდა, დროა ტრავმირებულები დაბრუნდნენ, თორე, ავნერვიულდით უკვე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]