მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იყო და არა იყო რა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იყო და არა იყო რა

 "

მადრიდი" დამარცხდა საკუთარ კედლებში. დონ კიხოტმა ჩააკითხა და მაგრად ატირა. დრამატულად დასცეს მიწაზე და თითქოს მოუკლეს კიდეც ჩემპიონობის შანსი. კიკემ თქვა, მე მაინც "ბარსელონელი" ვარ, მერე რა რომ კატასტროფის მეტი არაფერი მომიტანიაო. 


ჩვენ გამო არა, თავის გამო მოიგო, "ბერნაბეუზე" მოგება ყველა კაცისთვის დიდი ამბავია, ბოლოს და ბოლოს, რაღაც მაინც ექნება გასახსენებელი.


ასე მივიღეთ შანსი, რომ 15 ქულით გავსულიყავით წინ, თუმცა მხოლოდ 13 ქულით გავიქეცით, (რაღა მხოლოდ) არადა, ვინ იფიქრებდა, "ჟირონა" იყო სახლში მისაჯირყვნი და ვერ მიიჯირყვნა. ეგ კი არა, კარში დარტყმა რომ სცოდნოდათ იქით მიგვჯირყვნიდნენ.


ისეთი მომენტი იყო, 10-დან 11-ს რომ უნდა იტანდეს ფორვარდი. ერიკ გარსიას ჩამოეძინა და გარბის კასტელანოსი პირისპირ, უკვე გოლი მგონია, მაგრამ შტეგენი გამორბის გიჟივით, ფარავს კარს და თუ შტეგენს ააცილებ, კარსაც ააცილებ. ეგეთი ამბავია, ეგრე ხედავს მაგ დროს ფორვარდი, მაგრად ეშინია, ფეხები უკანკალებს და იმას აკეთებს რაც იმ დალოცვილმა გააკეთა. 


მწვრთნელმა წაიშინა თავში ხელები და მისი გულისთქმაც გასაგები გახდა, იმ მოხუცს მოგაგონებდათ, ზამთრის სუსხიან დილას რომ შევარდნაძეს ელამუნება - მაგის ჩამომთრევის.. არაგარეწარი!


მოკლედ, გადავრჩით.


"ჟირონასთან" გადავრჩით, „კამპ ნოუზე“.


აბა, რას გავს ახლა ეს?!


რას გავს და ლომთან რომ ხმოს შეაგდებ და ლომი რომ ამოისუნთქებს, გადავრჩიო, აი, რაღაც მაგდაგვარი ამბავი იყო. ლომი იყო, ოღონდ ფაფრის გარეშე, ცოტა პატარა, დაბალი ხმით და კლანჭების გარეშე.


კნუტი ყოფილა.


რას შვებიან ნეტავ, ჩვენი შემტევები?


პირდაპირ რომ ვკითხონ გვიპასუხებენ - რავი, არაფერს, თქვენ?


აი, ეგეთი ხალხია, ლევანდოვსკის თუ გამოათაყვანებდნენ არ მეგონა, მაგრამ რაფინიას შემყურე ფატის დაემსგავსა. ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო, ზნე არ ვიცი, ფერი იცვალა.


თითქოს მობეზრდა. ჰოდა, ეგ ვერ გამიგია, კაცი 8 წელი გასწრობანას თამაშობდა ბუნდესლიგაში, ჩემპიონატი დაწყებული არ იყო, რომ მოგებული ჰქონდა, რამ მოაწყინა ახლა აქ?! მაგრამ, ერთი ამბავია, იქ აწყობილი გუნდი იყო, ლანგრით მიჰქონდათ მომენტები, აქ კი ახალი გუნდი შენდება და დაიღალა ლევანა, აღარ აქვს ამის არც ძალა და არც ენერგია, დაბერდა კაცი, ამათ შემყურე მომდევნო სეზონში ჭაღარა გამოგვეცხადება, ფაბრიციო რავანელის სტილში.


კარგი ქუსლი მოიქნია, რივალდოს აქვს ასეთი შეგდებული, გაგვიხსენებია კიდეც, კლუივერტს, სუარესს, თავად ლევანდოვსკიმაც კი მოასწრო პირველ წრეში და ახლა თვალწინ ჩამიარა მთელმა პირველმა წრემ, სულ სხვა ბიჭი იყო, სულ სხვა ფორვარდი, მუნდიალის მერე, როგორც ჩანს გამოფიტული ჩამოვიდა, იმის მერე ვერა და ვეღარ აკრიფა ფორმა. ეგრე არ არის? ეგრეა.


დასრულებამდე 10 ტურია. მალე გავა ეს დრო. ცოტა მოსაწყენია შუალედებში რომ სულ სხვა გუნდებს უყურებ, შენ კიდე მხოლოდ ჩემპიონატს თამაშობ, მაგრამ რას იზამ, ჩვენივე თავს უნდა დავაბრალოთ.


დე იონგისა და პედრის არ ყოფნით, სილამაზეც დაკარგა "ბარსელონამ". არიან ფეხბურთელები, რომელთა გამოკლებითაც ძალიან ბევრს ვკარგავთ. მაგალითად, გავისა და არაუხოს შემთხვევაში ვკარგავთ შემართებას, ან, ჯიგარს, როგორც ჩვენში იტყვიან, კოხონეს! როგორც ესპანელები გაისვრიან, კატალონიელები კიდე არ ვიცი როგორ ამბობენ, მაგრამ რასაც ყველაზე ხშირად პუიოლზე ამბობდნენ აი ეგ გვაკლია გავისა და არაუხოს არყოფნით. 


შტეგენი თუ არ არის, მეკარე არ არის, მარტივია.


ბუსკეტსი თუ არ არის, გონიერება გვაკლდება.


აი, დე იონგის არ ყოფნით სიმსუბუქე მოგვაკლდა, ისე ლაღად მოაქვს ხოლმე ბურთი, განსაკუთრებით ამ სეზონში, პედრის არ ყოფნით კიდე კრეატივი ამოვწურეთ. იქნებ დემბელეც დაგვიბრუნდეს და სეზონის ბოლოს მაინც გავერთობით ცოტას, თანაც, თასის დაბრუნებას ველით, ეგრე ხომ არ არის?!

საგოლე მომენტი ორი იყო, ორივე კუთხურიდან, ორივე ახლო ძელთან ჩაწოდებულს მოჰყვა. ჯერ არაუხომ შეაგდო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკმარისად კარგად ვერ შეაგდო. ბურთის სულ მცირე ნაწილი კარის ხაზის გასწვრივ დაფიქსირდა და მორჩა. არ არის გოლი. მეორე მომენტი კი მატჩის მიწურულს იყო, გავი ურტყამდა კარგად, მეკარემ ივარგა. ბაკეროს სტილში გააქანა, ვისაც "პორტუსთან" გატანილი გახსოვთ, აი, ეგ იყო, ოღონდ იმან ახლო ძელთან ჩასაფრებულმა, შორეულ ცხრიანში აჭრა თავით, საოცარი სილამაზის გოლი გამოვიდა. გავის დარტყმულსაც არაუშავდა.

ეგ იყო. მეტი არ ყოფილა. 

ხმები კიდე მოდის და მოდის, ლეო მესი დაბრუნებას აპირებსო. „კამპ ნოუს“ დავემშვიდობებით ცოტა ხნით, ჰოდა, თუ რამე გადამატანინებს ამ ამბავს, ალბათ მხოლოდ მესის დაბრუნება იქნება.


იხედება ჩვენსკენ ეს ღმერთკაცი! 



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 11 აპრილი 2023 17:22
    4
    მოაცილეთ ფატი, რაფინია, ფერანი, რობერტო და გარსია!!!!!!
    ჩვენ შემტევები არ გვყავს, ფაქტიურად 8 კაცით ვთამაშობთ ნებისმიერს!
    8 კაცით თუ, მე-2 ადგილთან წინ 13 ქულით ვართ, წარმომიდგენია 11 რომ ვითამაშოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 აპრილი 2023 16:36
    2
    ციტატა: akaki
    ყველაფერში გეთანხმები.მარა ლევანდოვსკი ბურთებით თუ არ მოამარაგე ისე რას იზამს?ბარსადან სასწრაფოდ გასაყრელია.ტორესი.რაფინია.ფატი.რობერტო.გარსია.ალბა.ამათში ყველაში 100 მილიონს ხომ გადაიხდიან.ნაგათ საფასურად 2 ს ნორმანულს მაინც მოიყვანენ

    ტორესზე და რაფინიაზე ორი აზრი არ არის გასაყრელები არიან, ერთი მცველი ვერ მოატყუა ორივემ ერთად.
    გულშემატკივარი [?]
    #4 11 აპრილი 2023 14:28
    1
    რეალტან წაგების მერე ჟირონა უნდა წაელეკათ კამპ ნოუზე. სილვა მართლა დაგვხატავდა გინდ ფლანგზე გინდ ნახევარდაცვაში
    --------------------
    •Barca forever•
    Culé [?]
    #3 11 აპრილი 2023 13:11
    11
    ციტატა: ikamach
    სწორე შეფასებაა, სამწუხაროდ მორიგი უსახური თამაში ჩაატარეს, ფეოლა გავის შეფასებაში გეთანხმები შემართება ამ ბიჭს მართლა არ აკლია, მაგრამ იქნებ ამიხსნათ გარდა ამ ბრძოლისუნარიანობისა რა აქვს ამ ბავშვს ისეთი რომ სულ ძირითადიდან იწყებს, შეიძლება მე ვცდები, უბრალოდ : 1. საყრდენი არაა 2. არც ბურთის ამომტანია 3. არც შემტევია 4. არც ბურთის დამჭერი 5. არც ჩამშლელია, 10-დან 8 შემთხვევაში ჯარიმას იკიდებს და პლიუს სწრაფი ფასი არა აქვს, უმეტესად აგვიანებს, ხო და ამიხსენით რატომაა ეს ბავშვი ძირითადის წევრი, კი მჯერა რომ გაიზრდება და ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ჩემთვის არის რიკი პუჩის (რომელიც არასდროს არ მომწონდა) გაუმჯობესებული ვერსია. მაგაზე უკეთესები გვყავდა თუნდაც პედრო, კრკიჩი, მაგრამ მაგდენი სათამაშო დრო ნაღდად არ ჰქონიათ.

    პრესინგი , ბურთის სწრაფი დაბრუნება , მეტოქის შეზღუდვა , სივრცეში გადაადგილება , ზონების გახსნა და შევსება , ნახევარდაცვის დახმარება როცა ცრუ ვინგერია , პლუს 1 კაცია დაცვაში და ნახევარდაცვაში როცა გვიტევენ , ტაქტიკური ფეხბურთელია პირველი პრესინგზე ეგ მიდის და ხისტია , დამზღვევის როლიც მოურგია , ასევე ბოლო პერიოდში პოზიციიდან და როლიდან გამომდინარე გამწვავებაზე რატომღაც არ თამაშობს თორე მშვენიერი დრიბლიორია და ხშირად სწორ გადაწყვეტილებებს იღებს , შეუფასებელია ეგეთი ტიპის ფეხბურთელი დღევანდელ ფეხბურთში , და ჯერ კიდევ ცოტაა ბევრად მეტი შეუძლია მჯერა , უბრალოდ ცოტა აგრესიას თუ მოთოკავს მომენტებში უკეთესი იქნება
    ფანი [?]
    #2 11 აპრილი 2023 12:25
    1
    სწორე შეფასებაა, სამწუხაროდ მორიგი უსახური თამაში ჩაატარეს, ფეოლა გავის შეფასებაში გეთანხმები შემართება ამ ბიჭს მართლა არ აკლია, მაგრამ იქნებ ამიხსნათ გარდა ამ ბრძოლისუნარიანობისა რა აქვს ამ ბავშვს ისეთი რომ სულ ძირითადიდან იწყებს, შეიძლება მე ვცდები, უბრალოდ : 1. საყრდენი არაა 2. არც ბურთის ამომტანია 3. არც შემტევია 4. არც ბურთის დამჭერი 5. არც ჩამშლელია, 10-დან 8 შემთხვევაში ჯარიმას იკიდებს და პლიუს სწრაფი ფასი არა აქვს, უმეტესად აგვიანებს, ხო და ამიხსენით რატომაა ეს ბავშვი ძირითადის წევრი, კი მჯერა რომ გაიზრდება და ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ჩემთვის არის რიკი პუჩის (რომელიც არასდროს არ მომწონდა) გაუმჯობესებული ვერსია. მაგაზე უკეთესები გვყავდა თუნდაც პედრო, კრკიჩი, მაგრამ მაგდენი სათამაშო დრო ნაღდად არ ჰქონიათ.
    ფანი [?]
    #1 11 აპრილი 2023 12:05
    2
    ყველაფერში გეთანხმები.მარა ლევანდოვსკი ბურთებით თუ არ მოამარაგე ისე რას იზამს?ბარსადან სასწრაფოდ გასაყრელია.ტორესი.რაფინია.ფატი.რობერტო.გარსია.ალბა.ამათში ყველაში 100 მილიონს ხომ გადაიხდიან.ნაგათ საფასურად 2 ს ნორმანულს მაინც მოიყვანენ