ჟოზეპ რაიკის ბარსელონური მოგონებები

ჟოზეპ რაიკის ბარსელონური მოგონებები

1934 წლის 21 მაისს ჟოზეპ რაიკმა ისეთივე ემოციები განიცადა, როგორიც ცოტა ხნის წინ ალეიშ გარიდომ და "ბარსელონას" პირველ გუნდში დებიუტით ოცნება აიხდინა.

როგორც Sport იტყობინება, რაიკის შვილების - პერესა და მარია ლუისას წყალობით "ბარსას" ქომაგებს საშუალება მიეცათ, ჟოზეპის მიერ თითქმის 90 წლის წინ დაწერილ დღიურს გაეცნონ.

ჟოზეპ რაიკ ი გარიგა მოლინს დე რეიში, 1913 წლის 28 აგვისტოს დაიბადა. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, რაიკი 1934 წელს "ბარსაში" გადმოვიდა. მისი დებიუტი ამავე წლის 21 მაისს, 20 წლის ასაკში, ვენის "ავსტრიის" წინააღმდეგ (5-1), "ლეს კორტსზე" შედგა.

რაიკი დღიურში წერს: "ვერ წარმოიდგენთ იმ ემოციას, რომელიც მოედანზე შესვლისას დამეუფლა. ეჭვგარეშეა, რომ ეს ესპანეთში ყველაზე ლამაზი ადგილია. შთაბეჭდილება ფანატიკური იყო. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებდა, საკმაოდ ინტენსიური გამოვიდა.

ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი პირველი გოლი გავიტანე, ყველაფერი შეიცვალა. მეორე გოლიც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ფანები არ ჩერდებოდნენ."

რაიკის კატალონიური ჩანაწერები "ავსტრიასთან" მატჩში "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობასა და გოლების ავტორებსაც მოიცავს, ასევე საინტერესო დეტალებს: "ჩემი ახლო მეგობარი, გინჩედა, ნამდვილი "ბარსას" ფანივით, სტადიონზე მოვიდა და ჩემი დებიუტით კმაყოფილი იყო."

"ტენერიფეს" წინააღმდეგ (6-1) "ლეს კორტსზე" 1934 წლის 27 მაისს გამართული მატჩის შემდეგ რაიკმა ხაზი საკუთარ თავმდაბლობას გაუსვა: "პირველი 2 გოლი მე გავიტანე. უნდა ვთქვა, რომ "ტენერიფე" ჩვენი დონის გუნდი არ იყო და ჩემი კარგი პერფორმანსი გასაკვირი არ ყოფილა."

1934 წლის 17 ივნისს "ბარსელონა" ბრაზილიურ გუნდს დაუპირისპირდა (2-1), რის შემდეგაც ჟოზეპმა თავისი მორცხვი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა: "კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ მოედანზე ალბათ ყველაზე ცუდი ვიყავი."

1934 წლის 21 აგვისტოს რაიკმა კიდევ ერთი დაუვიწყარი მომენტი აღწერა: "საბოლოოდ, ძვირფას "ბარსელონაში" გადავედი. კლუბის ოფისში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მივაღწიე, რაშიც დიდი წვლილი ბატონ ტუდოს მიუძღვის - ენთუზიაზმით აღსავსე, ენერგიულ, განათლებულ ადამიანს, რომელიც ასეთი დიდი კლუბის დირექტორებს ლიდერობს."

რაიკი კონტრაქტის დეტალებზეც წერს: "ტრანსფერისთვის 12 000 პესეტა მივიღე, საიდანაც 2 000 პესეტა "ჟოვენტუტ კათოლიკას" (ყოფილი კლუბი) უნდა მივცე. ხელფასი მინიმუმ 500 პესეტა მექნება, რასაც ბონუსები (150 პესეტა ყოველი მოგებული მატჩისთვის, ფრედ დასრულებულისთვის კი - 75 პესეტა) დაემატება. გარდა ამისა, ამაში სამხედრო კვოტის ხარჯებიც შედის. ბოლო მატჩებში "ბარსასგან" 815 პესეტა მივიღე, 200 პესეტა კი ფედერაციამ მომცა."

რაიკის ქრონიკა 40 გვერდს მოიცავს. ბოლო გვერდებში ის მხოლოდ მატჩების თარიღებს, სასტარტო შემადგენლობებსა და შედეგებს ეხება. ბოლო ასეთი მატჩი 1936 წლის 21 ივნისს "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდს" შორის თასის ფინალში გამართული დაპირისპირებაა (1-2).

1936 წელს, ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყების გამო, რაიკი იძულებული გახდა, საფრანგეთში გადასახლებულიყო, სადაც მან "სეტესა" და "ტრუაში" ითამაშა. ჟოზეპის უფროსმა დამ - კარმემ ჩანაწერები გააგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ რაიკი ოქსიტანიაში იმყოფებოდა. ჟოზეპი თავის დასთან დაკავშირებას კვირაში ერთხელ ახერხებდა.

კარმეს ჩანაწერები 1937 წლის 22 აგვისტოდან 1938 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდა. ბოლო მატჩი, რომელიც დღიურშია ნახსენები, "ტრუასა" და "ბორდოს" შორის (1-4) გაიმართა და ასევე აღნიშნულია, რომ ამ შეხვედრაში "ტრუადან" ერთადერთი ნათელი წერტილი სწორედ რაიკი იყო. 1938 წლის 4 სექტემბრის გვერდი ცარიელია.

რაიკი 1940 წელს "ბარსელონაში" დაბრუნდა და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით კიდევ 5 წელი ითამაშა. ის ცენტრალური ნახევარმცველი იყო და კატალონიური კლუბი რიგებში 170 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

ჟოზეპი 1988 წლის 25 ივლისს, 74 წლის ასაკში ბარსელონაში გარდაიცვალა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 აპრილი 2023 17:05
    0
    საინტერესოა ასეთი ისტორიების მოსმენა.