მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შავი ხვრელი და ხავიერ ალბეროლა

მატჩის შემდეგ პრესა ძირითადად ორ რამეზე საუბრობდა, გიორგი მამარდაშვილის შეცდომაზე და არდანიშნულ თერთმეტმეტრიანზე. გიორგიმ შეცდომა ნამდვილად დაუშვა, ამ დროს თუ ბურთზე ვერ თამაშობ, ესე იგი, შეცდი. რაფინიამ კი ტყუპი გოლი გაიტანა - გახსოვთ ალბათ "ოსასუნასთან" გატანილი. მაშინ, საგოლე პასი ფრენკი დე იონგმა გაუკეთა, ზუსტად ასე გაიხსნა, ზუსტად იდენტური პასი მიიღო იმავე პოზიციიდან, და დარტყმაც მსგავსი გამოვიდა, თუმცა, ის გოლი უფრო ლამაზი იყო, "ოსასუნას" მეკარემ საერთოდ ვერ გაიგო რა ხდებოდა, გიორგიმ კი ბურთზე თამაში მაინც სცადა.
რაც შეეხება თერთმეტმეტრიანს. დასანიშნი იყო. 10 რაკურსიდან მხოლოდ ერთი თუ იქნებოდა ჩვენს მხარეს, სადაც როგორღაც გამოჩნდებოდა, რომ კესიე ბურთზე თამაშობს, დანარჩენ შემთხვევებში თამაში ფეხზეა და პენალტია. და რა მოხდა? VAR-მა უყურა უყურა და მთავარ მსაჯს არც კი დაუძახა მონიტორთან. არ გინდა ძმა, რა საჭიროა, ჩვენით ვიზამთ..
ეს რა ხალხია, რა ლოგიკას ექვემდებარებიან, რა ხდება მათ თავში, ჩემთვის გაუგებარია. მიმაჩნია, რომ შავი ხვრელებისა და ესპანელი მსაჯების ამოცანას კაცობრიობა ვერასდროს ამოხსნის.
ჩავიმ გადაირბინა ალბათ გვერდითა კაბინაში.
მატჩის შემდეგ თქვა დარღვევა არ ყოფილაო. გასაგებია, ისე გაამწარეს ევროტურნირებზე, ახლა ამას როგორ იტყოდა მსაჯი დაგვეხმარაო?! არადა, დაგვეხმარა. მოგვაგებინა. სამი ქულა წავიღეთ, ისევ უგოლოდ დავასრულეთ. ტერ შტეგენის იმედი მაინც მექნებოდა პენალტის შემთხვევაში, მაგრამ მეკარის შანსი ამ დროს ალბათ მხოლოდ 7-8% ია, შტეგენის შემთხვევაში 10.
უნდა გვიხაროდეს თითქოს ასეთი შეცდომა, მაგრამ არ მიხარია. როგორც წესი, ასეთი ამბები ყველას წინ ხვდება. თან ისეთ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდება სამართლიანობა.
არაუხოს გაუჩალიჩეს
დიდ დანაკლისს კიდევ ერთი ოქროს კაცი დაემატა, გავი არ გვყავდა დისკვალიფიკაციის გამო და ჩვენი ნახევარდაცვა უაღრესად დაცვითი გამოდგა - დე იონგი, ბუსკეტსი, რობერტო. აქედან ყველაზე მეტად შემტევი ფრენკი დე იონგია და ისიც პირველი ნახევრის მერე გავიდა, მცირედი დისკომფორტის გამო. კესიე გამოვიდა, რომელიც ბოლო მატჩებში ძალიან მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ცვლის, რომ ძალიან დაცვითი ნახევარდაცვა მივიღეთ.
როცა ასეთი შუახაზი გყავს, შეტევაში კი რაფინია, ფატი, ტორესის იმედად ხარ, ან ძალიან სუსტ გუნდს უნდა ეთამაშებოდე, ან ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ მოიგო. ამ სამიდან კიდე ისევ რაფინია გამოირჩა, ბოლოს და ბოლოს, გამარჯვების გოლი შეაგდო კაცმა. ფერანმა პენალტი ვერ გამოიყენა ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ფატი კი თავის თავს აღარ ჰგავს და ვის ჰგავს ეგეც ვეღარ გამიგია. ემანუელ ამუნიკეს? მე მგონი, ამუნიკესაც ვეღარ ჰგავს.
მხოლოდ დაცვის ხაზი თუ მოიყვანდა კაცს ხასიათზე, დამაჯერებლად, ლამაზად, ბალდეს ოქროს დრიბლინგებით, მაგრამ... არაუხოს გაუჩალიჩეს.
მხოლოდ კუნდეს შეცდომა არ არის. ასე ჩანს და არაუხოც ასე გრძნობს ამ მომენტს, მაგრამ ვისაც ფეხბურთი უთამაშია, ის მიხვდება, რომ ურუგვაელიც შეცდა. თავიდანვე ხედავს, რომ ბურთზე კუნდე ითამაშებს, ასეთ დროს მანძილი უნდა გაზარდოს, უკან დაიხიოს დასაზღვევად, მაგალითად, ლილიან ტურამს მსგავსი რამ არასდროს ეშლებოდა, არაუხომ კი მანძილი შეამცირა, კუნდე ვერ აღმოჩნდა ისეთი სწრაფი, რომ სიტუაცია ზუსტად შეეფასებინა და ურუგვაელი მოძრაობაზე დაიჭირა. ისღა დარჩენოდა წაექცია. როგორც ჩანს, არაუხოსაც ისე სურს რეკორდის მოხსნა, რომ გოლის გაშვებას ყველაფერი ურჩევნია.
დამსახურებული წითელი. ამბობენ, ერთ მატჩს გამოტოვებსო. "მადრიდთან" მზად იქნება. წინ ორი კლასიკოა. ორივე "კამპ ნოუზე". თასის ნახევარფინალში უფრო გაიქაჩებიან, აბა, ლა ლიგაში "მადრიდელებმა" ქულები ისევ დაკარგეს, "ბეტისთან" უგოლოდ გააგორეს და სხვაობა 9 ქულამდე გაიზარდა. 9 ქულა კიდე დიდი საქმეა.
ჩავი იგებს ამ ჩემპიონატს. ხანდახან უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება, მაგრამ მაინც ახერხებს გამარჯვებას.
შემდეგი მატჩი "ბილბაოსთან" და მერე კლასიკო!
ორი ნაბიჯია მეორე ტიტულამდე დარჩენილი. სიფრთხილეა მესამე ტიტულამდე დარჩენილი. სეზონი შეიძლება მაინც გადარჩეს, თუ ტრიპლეტი დაიდო, ყველა შემთხვევაში წარმატებულად ჩაითვლება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]