სერჟი რობერტო - რით დაგვამახსოვრა თავი

სერჟი რობერტომ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ამ ამბავს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ირონიულიც, ცინიკურიც, მადლიერი კი ძალიან მცირე ნაწილია. სერჟი რობერტო არ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც პერსონალური ქომაგი ეყოლება, არ არის ლიდერი, არ არის დასამახსოვრებელი, ფაქტობრივად არაფრით გამოირჩევა, მაგრამ მაინც მოახერხა და "ბარსელონას" ისტორიაში შევიდა.
სამ შეხვედრას აუცილებლად გაიხსენებენ მომდევნო წლებში, და როცა ამ მატჩებს გაიხსენებენ, აუცილებლად მოუწევთ სერჟი რობერტოს გახსენებაც.
საგოლე პასი "ბერნაბეუზე"
ალბათ სერჟის საუკეთესო სეზონი გამოდგა. ეს კლასიკო კი ისტორიულია, "ბარსამ" "მადრიდი" 4:0 გაანადგურა. ლიონელ მესიმ სკამზე დაიწყო, ტრავმირებული იყო, ლუის ენრიკეს კი წამით არ შეშინებია, რადგან ამ მატჩამდე სუარესმა და ნეიმარმა საოცარი დუეტი შექმნეს. გეგმაც ასეთი იყო, - სუარესი და ნეიმარი თავის გასაკეთებელს აუცილებლად გააკეთებდნენ, თუ ეს საკმარისი არ იქნებოდა, მერე ლეოც გამოვარდებოდა მოედანზე.
არ გახდა სიჩქარე საჭირო. სერჟი რობერტომ მარჯვენა ფლანგიდან დრიბლინგი წამოიწყო, სივრცე გაჭრა, სუარესს იდეალურ დროს, იდეალური პასი მისცა და იმანაც უმაღლეს დონეზე შეასრულა. საერთოდ, იყო დრო, როცა "ბარსა" "მადრიდს" მესის გარეშეც ანადგურებდა, ერთხელ ლუის ენრიკეს დროს, ერთხელ კი ვალვერდეს დროს.
თუ გავიხსენებთ სერჟი რობერტოს, გავიხსენებთ ამ საგოლე პასსაც.
მატჩის მერე მარსელო ბოდიშს მოიხდის. უნდა წამექციაო იტყვის. როგორც წესი, ამას სერხიო რამოსი აკეთებდა, ან სხვებს კარნახობდა როდის უნდა მოეცელათ ფეხბურთელი, მაგრამ იმ დროისთვის რამოსი მოედანზე აღარ იყო, მარსელომ მითითება ვერ მიიღო, თავად ვერაფერს მიხვდა, სერჟი რობერტო კი კლასიკოს ბოლო წუთებზე წინ გაიჭრა, ნახევარი მოედანი გადაკვეთა და 4-3 ზე წაიყვანა შეტევა, რიცხობრივი უპირატესობა "ბარსამ" კარგად გამოიყენა, ტრადიციული კომბინაცია გაათამაშა და ლიონელ მესიმ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო, რასაც ყველაზე დასამახსოვრებელი აღნიშვნა მოჰყვა მის კარიერაში.
ყველაფერი რობერტოსგან დაიწყო. ეს მატჩი ისტორიის საკუთრებაა, რობერტო კი ამ ისტორიის წამომწყები.
"ბარსას" ფანებმა პსჟ-თან გამარჯვება ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნიეს. ჰოდა, ასეა საქმე, "ბარსას" ისტორიაში ყველაზე დიდ გამარჯვებაში, უკანასკნელი სიტყვა სერჟი რობერტომ თქვა. მან დასვა წერტილი. მან შეაგდო მეექვსე, გააგიჟა მთელი "კამპ ნოუ" და მთელი საფეხბურთო მსოფლიოც.
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ეს მომენტი კმარა იმისათვის, რომ ფეხბურთელი საკუთარი კარიერით კმაყოფილი იყოს. ეს სამი მოგონება კი საკმარისი მგონია იმისათვის, რომ ამ ფეხბურთელმა, როგორც მინიმუმ, პატივისცემა მაინც დაიმსახუროს.
ბევრი ფეხბურთელი ნამდვილად არ მოიძებნება, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი სიტყვა აქვს ნათქვამი. თანაც, არაერთხელ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]