მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჩავიმ ბერნაბეუ აიღო!

ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული გამარჯვებაა ჩავი ერნანდესის კარიერაში. ერთ-ერთი იმიტომ, რომ "მადრიდი" გაუნადგურებია კიდეც "ბერნაბეუზე", მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია. ნახევარფინალია. ფინალისკენ მიმავალი გზა. დაგეგმა თამაში პედრისა და დემბელეს გარეშე. მერე ლევანდოვსკიც გამოაკლდა და ალბათ საგონებელში ჩავარდა, ლევანდოვსკის გარეშე ცოტა გაუგებარია როგორ უნდა შეუტიოს "ბარსამ" მეტოქეს, ბოლოს კი კრისტენსენიც დაკარგა, დაცვის ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი.
და, მაინც მოიგო!
ჩვენ ვნახეთ მოედანზე გუნდი, კონკრეტული გეგმით, კარგად გააზრებული თამაშით, და მოგების ძალიან დიდი სურვილით. ყოველ ნაბიჯზე ჩანდა ჩავის ხელწერა, ამ მატჩის მოგებაში მთავარი წვლილი სწორედ მას მიუძღვის. თუმცა, მოდი შევთანხმდეთ, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა, ჯერ ისევ ყველაფერი წინ არის.
არაუხო vs ვინისიუსი
დაიმალეთ, არაუხო მორბის!
არ დამალულა ვინი, მამაცი ბიჭია, ფეხბურთიც უყვარს, მაგრამ არაუხოსთან ჯახში კატლეტივით დევს მოედანზე, ჩანგალი თუ არ ჩაარჭე არაფერს იზამს. ვინის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი დიდებული გდება იყო, ჩვენიანს, რომ კინაღამ კისერი მოტეხა, არ არის ვაზარი? არ არის ვაზარი? ვაზარი კი არა, ყვითელია ეგ, შენი ჭირიმე! და თავი რომ მოეძრო წითელიც იქნებოდა დანაშაულის მტანჯველ გრძნობასთან ერთად.
არაუხოს ბურთის ამოტანა რომ შედარებით მაინც უჭირს, ეს ძველი ამბავია, დიაგონალებს მშვენივრად აკეთებს, მაგრამ ზონებს შორის პასს იშვიათად თუ გააძვრენს, ვერ არის ეს მისი ძლიერი მხარე, მოსამატებელი აქვს, აი, ერთი-ერთზე კი ნამდვილი მხეცია, მეტოქეს თუ ვინმე გამორჩეული ჰყავს, არაუხოს მიუქსევენ და კარგად იყავი, არაფერი მისგან აღარ რჩება. სხვათა შორის, არც რაშფორდისგან დარჩა რამე, უბრალოდ, გუნდმა ვერ აუბა ურუგვაელს მხარი.
ეს სიმხეცე კი გადამდებია. ეს შემართება გადამდებია. ასეთი კაცი რომ გიდგას გვერდით, შენც სულ სხვაგვარად თამაშობ და ალბათ შიშსაც ხედავ მეტოქის თვალებში. რა კარგი იყო მთელი დაცვის ხაზი?! კუნდე? დიდებული! ალონსო? მისი ტრანსფერი მხოლოდ იმისთვის ღირდა, რომ ეს მატჩი ეთამაშა. ბალდეს უკვე კარგად ვიცნობთ, ჩვენი ათწლოვანი გარანტია უნდა იყოს მომდევნო წლებში.
ფრენკი და ბუსკეტსი
ეს უკვე კლასია. წლები არ ეყოფათ, რომ კლასიკად იქცეს მათი ქმედება. უფრო სწორად, საკმარისი იქნებოდა ის დრო, რაც ერთად გაატარეს, მაგრამ მხოლოდ ჩავი ერნანდესმა მოუძებნა გასაღები. ბუსკეტსი, როგორც ყოველთვის, ცენტრს საერთოდ არ ტოვებს, არის ტაქტიკური გენიოსი და ბურთის დიდოსტატი, (შეცდომებიც, ჰქონდა, რა თქმა უნდა) მის მსგავსად, ფრენკიც არავის ჰგავს დედამიწის ზურგზე, ოღონდ სულ სხვა ფენომენია, ფეხბურთელი ამხელა თავისუფლებას აძლევდეს საკუთარ თავს, მართლაც ძალიან იშვიათია. გახსოვთ ეს ყველაფერი ჯერ ვალვერდეს, შემდეგ კი კუმანის ჩანაფიქრი რომ გვეგონა? მისი დაცვაში ჩასვლა, მესამე ცენტრალურ მცველად ქცევა და ბურთის იქიდან წამოღება, მარცხენა მცველსა და მარცხენა ცენტრალურ მცველს შორის ადგილის შევსება, გავიდა დრო და თურმე მწვრთნელები კი არა, თავისით ხედავს თამაშს ასე, ჰოდა, ასეთი მოძრაობის გამო, მუდმივად სჭირდება გვერდით კლასიკური საყრდენი, ჩავი ამას მიხვდა, სხვები ვერ მიხვდნენ, ჩავი მიხვდა და მაგარი შედეგიც მივიღეთ.
ამ ორის თამაში უკვე ერთი დიდი სიამოვნებაა. გინდა ბურთით, და გინდაც უბურთოთ. ამის მერე, აბა ვინ იტყვის ფრენკიზე გუნდიდან უნდა წავიდესო?! ვიღას დაცდება?
მეტად უცნაური ამბავი
ჩავის ალბათ ძალიან გაუკვირდა. ყველას გაგვიკვირდა, მაგრამ ჩავის ალბათ განსაკუთრებით. ერთ თამაშს გავიხსენებ. "ბერნაბეუზე", გვარდიოლას "ბარსა" ჩავიდა და "რეალს" შავი დღე აყარა, მესიმ პირველად ითამაშა ცრუ ცხრიანზე და ისტორიული მატჩიც შედგა. ჰოდა, იყო ერთი ასეთი ეპიზოდი, თუ არ ვცდები, ანგარიში 2:3 ია, "ბარსა" შეტევაშია, ჩავის წინ დიდი თავისუფალი სივრცე იხსნება, აქეთ ეტო'ო გარბის, ცენტრში მესია, მარცხნივ ტიტი ელოდება დიაგონალს, და ამ დროს ჩავიმ აიღო და ტრიბუნაზე გადააგდო ბურთი. "ბარსელონელმა" კაცმა, რომელიც "რეალს" იმდენ სამსჭვალს უნდა აჭედებდეს, რამდენ შეცდომასაც დაუშვებს, მაგრამ ასე მოიქცა, იმიტომ, რომ თეთრმაისურინი ფეხბურთელი ეგდო გაზონზე.
ასეთი იყო ჩავი. "ბერნაბეუს" კი არ ეშლება ეს ამბავი და მქუხარე ტაშიც შეაგებეს, ალბათ დაბურძგლათ კიდეც, ამ დროს ხვდები, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის.
გუშინ კიდე ჩვენი ძმა ეგდო ჩვენივე საჯარიმოში, ლუკამ ბურთი დაითრია, ცენტრიდან წამოიღო და კარშიც დაარტყა. გოლის გატანა სცადა, კიდევ კარგი, რომ არ გაიტანა, კიდევ კარგი მისთვის, იმიტომ, რომ დიდი ლაქა იქნებოდა, ასე მგონია, კაცი საჯარიმოში გდია და გოლი გაგაქვს, აბა ეგ რა წესია?! უდიდესი კარიერა აქვს, თოვლივით თეთრი, ამ დროს კიდე რაღაც ტალახივით გაერია.
კარლო vs ჩავი
სანამ მათზე გადავალ, გოლზეც ვთქვათ და იმაზეც ვთქვათ, რომელიც გოლად ვერ იქცა. გოლი ჰგავდა "ბერნაბეუზე" უკვე გატანილს. სერჟი რობერტოს პასი სუარესზე, ო, როგორ ჰგავდა! ლუის ენრიკეს "ბარსელონა" და 0:4 მაქვს მხედველობაში. შესრულება კი სხვაგვარი იყო, აბა, სად სუარესის ბოლო აკორდი და სად კესიეს?!
სხვათა შორის, "მანჩესტერთანაც" ძალიან მომეწონა ეს კაცი და "რეალთანაც" დაგლიჯა. მშვენიერი იყო. გავი რომ პიტბულივით იქნებოდა ამაში ეჭვი ვის ეპარება, მაგრამ კესიეც კარგი იყო, ღმერთმანი..
მეორე კი არ გავიდა იმიტომ, რომ ფატი აღგვიდგა წინ. ზუსტად გამოხატავს ეს მომენტი მის მდგომარეობას მიმდინარე სეზონში, - არასწორ დროს, არასწორ ადგილზე.
კარლოს კი უთქვამს "ბარსას" მოგება არ დაუმსახურებიაო. კარლო, ძმაო, კაცს ოთხი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ჩამოვიდა, გაკვეთილი ჩაგიტარა ამხელა ლეგენდარულ პიროვნებას, შენივე მოედანზე დაგამარცხა, ჰოდა, რა გაჩხუბებს ახლა, გაიმზადე ჩაი, მურაბით, ლიმნით, დაიწყნარე ნერვები და წადი მერე ბრაზილიაში. რამე დაგაკლდება ამით თუ რა.. უბრალოდ მოგიგეს. დაგამარცხეს.
ასე გათავდა ამბავი "ბერნაბეუზე".
წინ "კამპ ნოუა".
დუბლი მეორე!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]