მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჩაგდებული რეპეტიცია მადრიდამდე

თქვა კიდეც ჩავიმ, სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთო. ასეც იყო, ყურება მაგრად გაჭირდა, "ბარსამ" საშუალო დონის გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. რა თქმა უნდა, "მანჩესტერთან" მარცხმა ძალიან ცუდად იმოქმედა. მაგალითად, ლევანდოვსკი ბოლოს როდის დარჩა ამ ეტაპზე ევროტირნირების გარეშე ალბათ თავადაც აღარ ახსოვს. შესაძლოა, ეგზისტენციალურმა კრიზისმაც დარია ხელი, შესაძლოა, კითხვა გაუჩნდა - ღირდა აქ მოსვლა?
ჩავი აქამდე ყოველთვის ახერხებდა სიტუაციის გამოსწორებას. "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ მომდევნო თამაში მოიგო, "ინტერთან" მარცხის შემდეგ მოიგო, "მადრიდთან" მარცხის შემდეგაც მოიგო, ახლა კი ვეღარ შეძლო საჭირო სიტყვების პოვნა და ფეხბურთელების მოტივირება, არადა, შანსი იყო "ბარსა" კიდევ უფრო შორს გაქცეულიყო.
ახლა სხვაობა 7 ქულაა. კარგი ფორაა, მაგრამ ჩავიმ ამ შეხვედრით გვითხრა, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა.
როტაცია
საჭირო იყო ცვლილებები, მაგრამ არ გაამართლა. რაღაც დაგვაკლდა. ბევრი რამ დაგვაკლდა. ჩვენი ნაქები დაცვის ხაზიდან მხოლოდ კრისტენსენი ვნახეთ ძირითადში და გოლიც მისი ზონიდან გავიდა. კომპლექსური მომენტი იყო, ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ერთი კაცი შეცდა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი პასები "მანჩესტერთანაც" გავიდა და "ალმერიამაც" ნახა გამოსავალი.
ისიც გაანცვიფრებდა ადამიანს რამხელა დისტანციაზე იმყოფებოდა ერიკ გარსია ამ ეპიზოდიდან. დაზღვევის შანსი თავადვე მოისპო. თითქოს არც ყოფილიყოს მისი საქმე. "ალმერიას" ბევრი მომენტი არ შეუქმნია, ეს ერთი იყო მხოლოდ, ბოლო წუთებზე კიდევ ერთი შანსი მიეცა, როცა "ბარსა" დიდი ძალებით იყო შეტევაში გაქცეული, მაგრამ შტეგენმა კარი შეინახა. ამჯერად მხოლოდ ერთი გოლი იკმარა.
გუნდს აკლდა ხასიათი, აკლდა აგრესია, მონდომება, ამ ნაკლოვანებას ყოველთვის ჩავის ვაბრალებ ხოლმე, მან უნდა შეძლოს ფეხბურთელების დამუხტვა, მოტივირება, მათში ცეცხლის დანთება, რათა ლა ლიგისათვის ისე იბრძოლონ, როგორც ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძოლებდნენ. მე მგონი, ბოლომდე ვერ ხვდებიან რა მნიშვნელოვანია ამ ტურნირის მოგება "ბარსელონასთვის". ხანდახან გაექცევათ ხოლმე ფიქრი და ალბათ ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქმე მომთავრებულია, არადა, ყველაფერი ახლა იწყება, გადამწყვეტ ეტაპს სწორედ ახლა ვუახლოვდებით.
ცვლილებები შეტევაშიც ვნახეთ. ფერან ტორესმა დაიწყო პირველივე წუთებიდან, ბოლო წუთები აშკარად უკეთესი ჰქონდა, ძალიან სახიფათოდ აწვდიდა, მისი დამსახურებით შეიქმნა ყველაზე მწვავე მომენტები. ჯერ რაფინია ვერ შეწვდა ბურთს, სულ რაღაც მილიმეტრებით, მერე არაუხო შეწვდა ოდნავ, მაგრამ სულ ცოტა დააკლდა გასატანად, იყო კიდევ ერთი ჩაწოდება ფერან ტორესის, როცა არაუხომ კარში არ დაარტყა და პასის გაკეთება გადაწყვიტა, მოკლედ.. სულ ცოტა გვაკლდებოდა, ფერანმა კი თავისი საქმე, ასე თუ ისე, გააკეთა.
კარგი იქნებოდა ბალდეს ჩართვა, მისი სისწრაფე წაგვადგებოდა, თუმცა, ჩავიმ სხვაგვარად განსაჯა.
ამ მომენტების აღწერისას კიდევ ერთხელ ჩანს, რომ მრავალფეროვნება დაგვაკლდა. ლუი ვან გაალის "ბარსელონა" გამახსენდა, ჩაწოდება, ჩაწოდება, ჩაწოდება.. იქ კიდე კლუივერტს უნდა ეთამაშა თავით. არ იყო კარგი, საძაგელი სანახავი იყო და იმედი მაქვს "ბასა" ასე აღარ ითამაშებს.
ახალი მუხტი
ერთია რომ ჩავიმ ვერ შეძლო გუნდის სათანადოდ მოტივირება. მეორეა, რომ კრეატიული ნახევარმცველი საერთოდ არ გვყავს. ერთი პედრი გვყავს და ისიც აღარ გვყავს. ხანდახან მაშინაც ვაკრიტიკებთ, როცა მოედანზეა, თითქოს საკმარისად მეტ მომენტს ვერ ქმნის, ახლა წარმოიდგინეთ რა ხდება, როცა საერთოდ არ არის მოედანზე.
პაბლო ტორე და ალარკონი ვნახეთ. რთულია ასეთი მატჩის მერე მათი შეფასება. როცა მთელი გუნდი ცუდად თამაშობს, ეს ხალხიც ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ხოლმე.
მუხტის მოტანა კი იმ ხალხს შეუძლია ვინც ტრავმის გამო გამოგვაკლდა. პედრისა და დემბელეს. ამ "ბარსელონასთვის" ორივე ძალიან დიდი ძალაა. მათი ჩანაცვლება კი ვერ ხერხდება, პედრიზე უკვე აღვნიშნეთ, ვინ უნდა შეცვალოს, როცა მის ფუნქციებს ვერავინ შეასრულებს? დემბელე კი სათანადოდ ვერ ჩაანაცვლეს, ვერ ივარგეს, ფაქტია.
ფერანმა მოგვაწონა თავი ერთ შეხვედრაში. ნამდვილად კარგი მატჩი ჰქონდა და ახლაც აღვნიშნეთ, რომ თუ ვინმე ქმნიდა "ალმერიასთან" მომენტებს ფერანი იყო, მაგრამ მოლოდინი სულ სხვა გვქონდა ჩვენი გარემარბებისგან, სეზონის წინ ნამდვილად ასე იყო.
გაცილებით მეტს ველოდით რაფინიასგან, იმავე ფერანისგან და რაც მთავარია, ანსუ ფატისგან. ყველაზე დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა ეს პოზიცია.
თავად განსაჯეთ - შტეგენი დაფრინავს.
დაცვა რეკორდზე მიდის. მართალია არაუხო თუ არ არის მოედანზე თავზე გვემხობა ყველაფერი, მაგრამ დაცვა როგორც თამაშობს ამ სეზონში, ამაზე მეტს და უკეთესს უბრალოდ ვერ მოითხოვ. არ გაგვიმართლა, რომ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე მთელი დაცვის ხაზი გვაკლდა.
ნახევარდაცვაში ჩავის ტაქტიკის შედეგად დე იონგმა თავი იპოვა, ბუსკეტსი ჩავის ხელში ბევრად კარგია და გავი-პედრის დუეტიც ყველას მოგვწონს.
ლევანდოვსკიმ მაგრად მოიწყინა, მაგრამ მისი დიდი დამსახურებაა, რომ პირველ ადგილზე ვართ ლა ლიგაში.
აი, გარემარბებზე კი ვერაფერს ვიტყვით. მხოლოდ დემბელე გვყავდა შესაქები. დანარჩენებმა საქმის ნახევარიც ვერ გააკეთეს.
ასეთი ამბავია.
მომდევნო მატჩი "მადრიდთან", პირველი ნახევრფინალი, "ბერნაბეუზე", აბა გამოვფხიზლდეთ!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]