მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებს

კიდევ ერთი თრილერი ვიხილეთ. კიდევ ერთი ისეთი მატჩი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ყველა შეხვედრას გადასწონის. საბოლოოდ კი ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც იყო მოსალოდნელი. "ბარსა" ჯერ არ არის ის გუნდი, რომელიც სამი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე, კარგ ფორმაში მყოფ "მანჩესტერს" "ოლდ ტრაფორდზე" დაამარცხებს.
კურსი კი სწორია. გუნდი ვითარდება. შედარება არ არის წინა სეზონთან. თუმცა, პატარ-პატარა იმედგაცრუებები მაინც გამოჩნდება ხოლმე.
ტაქტიკა
პედრი და გავი სერჟი რობერტომ და კესიემ შეცვალეს. მე არ მეგონა თუ ამ კაცს ასე მაგრად შეეძლო თამაში. კესიემ მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. გინდა ბურთით და გინდა უბურთოთ, ძალიან სასარგებლო იყო. სწორედ ამ ფეხბურთელებს შეეძლოთ ანგარიში ორამდე გაეზარდათ, მაგრამ რობერტომაც დააგვიანა დარტყმა და კესიემ საერთოდ დაგდებულ კაცს გაარტყა ბურთი. წაქცეულ დე იონგს რატომ მოარტყეს ვიცით, ასეც იყო გამიზნული, მაგრამ გოლის შეგდება რომ გინდა და მაინცდამაინც გათხლარშულ კაზემიროს გაარტყამ, ვერ არის კარგი.
გადამწყვეტი მომენტი იყო. ტაიმის ბოლოს გამაყუჩებელი ნემსივით იმოქმედებდა. მეორე ტაიმში კი სულ სხვა ამბავი დაიწყო, სწორედ იმიტომ, რომ ეს მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ძალიან შემართული და დამუხტული "მანჩესტერი" გამოვარდა მოედანზე.
რობერტომაც თავისი შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა. რაც შეეძლო ის გააკეთა, ჩავის კიდე არა მგონია შეცდომა დაეშვა, როცა 4-3-3 ზე უარი თქვა. ამ სეზონში ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, რომ 4-3-3 ის დროს ხარისხი ძალიან იკლებს. მით უმეტეს, როცა წამყვანი ფეხბურთელები გაკლია.
არაუხო ამჯერად ვნახეთ ცენტრში. ჰქონდა ერთი შეცდომა ბურთის ამოტანის დროს, პირდაპირ მეტოქეს ჩააბარა, ჩავიმ მატჩის წინ თქვა მირჩევნია გარისკოს და შეცდეს, ვიდრე მორიდებულმა ითამაშოსო, ჰოდა, გარისკა და შეცდა. ეგ არაფერი. რაშფორდი სადაც დაიჭირა იქ შეჭამა. მხოლოდ ამ დუელზე რომ ყოფილიყო მატჩის ბედი დამოკიდებული, "ბარსა" შემდეგ ეტაპზე იქნებოდა.
არაუხოს დავალებული ჰქონდა სწორ დროს გაეკეთებინა დიაგონალი ბალდეზე, რომელსაც რობერტო სივრცეს უთავისუფლებდა. თუ სწორად დავითვალე სამჯერ გააკეთა ეს დიაგონალი, სამჯერვე ზუსტად, განსაკუთრებით კარგი იყო მეორე ტაიმში, როცა შეტევის დიდი პოტენციალიც იყო, მაგრამ ბალდემ ვერ დაასრულა შეტევა.
"მანჩესტერმა" კი ითამაშა მაღალი პრესინგით, პირველივე წუთებიდან, რატომ? იმიტომ რომ, პედრი და გავი არ იყვნენ მინდორზე, ჩათვალეს, რომ კესიე და რობერტო პრესინგს ვერ გაუძლებდნენ, და რაღაც მომენტებში მართლაც ვერ გაუძლეს, ძირითადად უკან პასით გამოდიოდნენ და მხოლოდ ფრენკი დე იონგი იღებდა თავის თავზე ბურთის ამოტანას, შესაბამისად, ყველაზე მეტად ცდებოდა. კესიეს კარგი თამაშის წყალობით პრესინგი რაღაც დონეზე დავძლიეთ, მაგრამ ის პრობლემა გამოჩნდა, რაც თავიდანვე მოსალოდნელი იყო, ლევანდოვსკი დაგვრჩა უბურთოდ, მხოლოდ მიწურულს, როცა შეტევა გაძლიერდა, როგორც იქნა, მივიდა ბურთი გოლსკიმდე, ჰქონდა შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა. ლევანას ევროტურნირებზე შეგვიძლია სამიანი დავუწეროთ, ისევე როგორც მთელ გუნდს.
ტენ ჰაგმა მოატრიალა
ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა. პირველ ტაიმში მთავარ საფრთხეს ბალდე ქმნიდა, გარდა ამისა, უკანაც ასწრებდა თამაშს, მართალია, რამდენჯერმე ზონა დატოვა, მაგრამ საერთო ჯამში კარგი თამაში ჰქონდა. პირველი მომენტი სწორედ ასე შეიქმნა, ბალდეს დაავიწყდა, რომ მარცხენა ფლანგი მისია, ბრუნო დარჩა ძალიან დიდ სივრცეში და შტეგენმა გვიხსნა. მეორედ ძალიან ცუდი პოზიცია ჰქონდა შერჩეული და ისევ ბრუნომ დაარტყა, მაგრამ წინ რას შვებოდა? გადაუარა ამ ბრუნოს და ყველა "მანჩესტერელს", წაგებულ ბურთზე პირველი მივიდა, კორპუსიც კარგად ჩააყენა და პენალტიც მოგვიტანა.
მეორე ტაიმში ტენ ჰაგმა შემოუშვა ფეხბურთელი, რომელსაც ფლანგიდან დაწოლა უნდა გაეძლიერებინა და ბალდესთვის არ მიეცა საშუალება ხშირად წასულიყო შეტევაში. ამავე დროს, რაშფორდმა მიიღო დავალება ეთამაშა კრისტენსენსა და ბალდეს შორის, ვარანმა კი არაუხოს მსგავსად მიიღო დავალება გრძელი პასი, სწორედ ამ სივრცეში გაეკეთებინა.
ჰოდა, გავიდა ეს პასები.
"ბარსამ" რა დაუპირისპირა.. ვერც ვერაფერი. რაც უფრო დიდი არჩევანი გაქვს, მით უფრო მეტად შეგიძლია ტაქტიკის ვარიაცია. "ბარსას" დიდი არჩევანი არ ჰქონდა. განსაკუთრებით შემტევი ნახევარდაცვის ზონაში, პრობლემაც ეს იყო.
დასანანია, იმიტომ, რომ მოგება შეიძლებოდა. თავისუფლად. იყო ამის შესაძლებლობა.
დასანანია, იმიტომ, რომ გოლებიც ისეთი მივიღეთ, თავის დაცვა, რომ უნდა მოგვეხერხებინა.
მაგრამ, ეს მაინც ევროპა ლიგაა..
წინ კი უფრო მნიშვნელოვანი გველის. წინ ნახევარფინალებია "მადრიდთან". სამწუხაროდ უკვე ძალიან მალე მოდის ეს თამაშები. დანაკლისი კი ისევ დიდია.
ბუსკეტსი რა ძალაა, კიდევ ერთხელ ვნახეთ. კიდევ კარგი რომ დაბრუნდა.
წინ გველის შვიდ თამაშში სამი კლასიკო!
ბოლოს ასეთი რამ 2010/11 წლების სეზონში მოხდა. თუმცა, მაშინ უფრო მეტი, ოთხი კლასიკო ვიხილეთ უმოკლეს დროში. ახლა ინტრიგა გაცილებით ნაკლებია, მაგრამ მაინც, ეს კლასიკოა, "ბარსას" კი ჯერ კიდევ აქვს შანსი, ამ სეზონში სამი ტიტული მოიგოს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 50 ]