მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დაგეგმილი სამი ქულა - წავედით ოლდ ტრაფორდზე

ამოცანა შესრულებულია, ნაკლები ძალების დახარჯვით მოპოვებული სამი ქულა. კიდევ ერთი მშრალად შენახული კარი. რა თქმა უნდა, ყველანი ვგულშემატკივრობთ ნაკლებ გოლს და რეკორდს, ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ თავად როგორ სურთ ამ რეკორდის მოხსნა.
"კადისი" არის შუაში მანჩესტერიდან მანჩესტერამდე. ერთი ფეხის გადაბიჯებაა და გადავაბიჯეთ. ვიღაცამ ვერ ითამაშა ტრავმის გამო, ვიღაცა დაასვენეს, ვიღაც კი არ დაასვენეს იმიტომ, რომ "მანჩესტერთან" თამაშს დისკვალიფიკაციის გამო, ისედაც გამოტოვებს.
შეიცვალა შემადგენლობა და შეიცვალა ტაქტიკაც.
პირველი ტაიმი
ერიკ გარსია არ გვინახავს დიდი ხანია სასტარტოში. ერთ მომენტში მაგრად გააბითურეს და გაგვიტანეს კიდეც, თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა. გარსიას მაინც გაბითურებული დარჩა. ნათლად შეგვიქმნა წარმოდგენა რა დღე დაგვადგებოდა კრისტენსენის ნაცვლად, რომ თამაშობდეს.
კუნდე ცოტა აზრზე მოსულს ჰგავდა, ბალდე კიდე ალბათ მაინც დაიწყებს "ოლდ ტრაფორდზე", ასე მგონია, აბა, მთელი სეზონი ენდობოდე და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში სკამზე გადასვა, ეგ რა წესია?!
არ დაასვენეს ლევანდოვსკი და სწორიც არის, გოლი სჭირდებოდა ყველაზე მეტად, ფორმა აქვს აღსადგენი, თავადაც მშვენივრად ხვდება. პირველ ჯერზე მცველმა გამოაძრო ბურთი კარის ხაზიდან, მეორე შემთხვევაში კი ლამაზად შეაგდო, კვარაცხელიას მსგავსად, დაფარული დარტყმით.
პირველი ტაიმის აღმოჩენა კი ფერან ტორესი გახდა. ყველაზე მეტად აქტიურობდა, ყველაზე მეტი მომენტი შექმნა და პირველ გოლშიც ძალიან დიდი წილი დაიდო. ერთი ეგ არის, კარში ისევ უჭირს ბურთის გარტყმა, სულ აცილებს ჩარჩოს.
თუმცა, რაფინიასთან კონკურენციისათვის საკმარისია.
მეორე ტაიმი
გოლი მეორეშიც გავუშვით, ასევე არ ჩაითვალა. არადა, შეიძლებოდა ამ გოლის ჩათვლა. მილიმეტრებმა გადაწყვიტა ეს ამბავი, სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრით წაიწია „კადისის“ ფეხბურთელი შტეგენისკენ, შეჯახებაც მძიმე იყო, იმიტომ, რომ შტეგენი ტრადიციულად აგრესიულად გამოფრინა კარიდან, ჰოდა, ჯარიმა!
„კადისის“ ფეხბურთელი, რომ სტატიკურ მდგომარეობაში ყოფილიყო თამამად შეიძლებოდა ამ გოლის ჩათვლა. შტეგენი კი გამოსვლაზე შეცდა. თან, არაერთხელ.
ყველაზე თვალსასეირო მაინც რამოსის დრიბლინგი და შტეგენის სეივი გამოდგა. ყველაფერი კარგად გააკეთა, მცველები მარტივად და ძალიან ლამაზად ჩამოიცილა, ბუცის წვერით ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ შტეგენმა მაინც აიღო, როგორღაც მოახერხა და მოიგერია, სუპერმენია!
ბოლო წუთებზეც ჰქონდათ მომენტი და ძელმა იხსნა „ბარსას“ კარი. ცუდი ტაიმი გამოვიდა, მთელი მეორე ნახევრის მანძილზე „ბარსამ“ ბურთი დათმო. ბურთის დათმობის მთავარი მიზეზი კი კონტრშეტევებზე თამაშია, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით ვნახეთ, თან, არც თუ ისე ეფექტური. ნაძალადევად მივიყვანეთ მატჩში ბოლო წუთებამდე.
გატანის შანსი მაინც იყო, მაგალითად ლევანდოვსკის მართებდა გატანა, გავის ჭკვიანური პასის შემდეგ. ასეთი მომენტი, რომ „მანჩესტერთან“ გაუშვას ხელიდან ვარჯიშზეც აღარ იქნება შესაშვები.
მატჩის შემდეგ
მთავარი სადარდებელი წინ არის. „ოლდ ტრაფორდზე“ შესუსტებული „ბარსა“ ჩავა. არც პედრი, არც გავი, არც წყალი, არც კიბე, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო იქნება!
პირველ რიგში არჩევანი იქნება საინტერესო. რა ტაქტიკით შეეცდება ჩავი თამაშს. წესით ბუსკეტსი უნდა დაბრუნდეს, რომელიც ბოლომდე სკამზე დატოვა „კადისთან“, ბუსკეტსი და დე იონგი უკვე საქმეა, სამაგიეროდ, შემტევ ფაზაში კრეატიული ფაქტობრივად არავინ გვყავს, კესიე, რომ ამას ვერ შეითავსებს ნათელია, ისევ დე იონგზე უნდა გადაიაროს ყველაფერმა.
ანსუ ფატიმ გვაჩვენა, რომ საშინელ ფორმაშია. მაღალი კლასი აქვს, ამიტომ ცალკეულ მომენტში ყოველთვის შეძლებს რაღაც განსაკუთრებულის ჩვენებას, მაგრამ რა ფორმაშიც ახლა იმყოფება, ერთი წუთით თამაშსაც არ იმსახურებს.
ფერანმა კი წესით შანსი უნდა მიიღოს. ფერანი-ლევანდოვსკი-რაფინია, თითქოს ასე იკითხება. დანარჩენი პოზიციები კი გასაგებია, მხოლოდ ერთი კითხვა ისმის, - ისევ ითამაშებს თუ არა სერჟი რობერტო?
გოლი და საგოლე პასია მის ანგარიშზე. არც გოლი იყო გასაოცარი, (ყველა ფერანს ულოცავდა) არც პასი დიდად განსაკუთრებული, მაგრამ საქმე გააკეთა.
ჰოდა ასე, წინ დიდი მატჩია. ისეთივე მაგარი შეხვედრა გველის, როგორიც „კამპ ნოუზე“ ვნახეთ. რაშფორდი უკვე კბილებს ილესავს, ორი გოლი გაიტანა, კიდევ უფრო მეტი თავდაჯერება შეიძინა, ჩავისა და ტენ ჰაგის კატათაგვობანა კი ისევ გაგრძელდება, - სად ითამაშებს რაშფორდი და სად დაელოდება მას რონალდ არაუხო?
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]