მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ტენ ჰაგისა და ჩავის კატათაგვობანა

ჩემპიონთა ლიგის მატჩი ვიხილეთ, ევროპა ლიგის ტყავში შემძვრალი. ძალიან მაღალი დონის შეხვედრა გამოდგა, ანგარიშიც ალბათ ლოგიკური იყო. აქვე დავამატებ, რომ რაშფორდზე დარღვევა იყო, VAR-ი არ ჩაერთო იმიტომ, რომ საჯარიმოს გარეთ მოხდა შეხება. საპირისპირო მხარეს კი თერთმეტმეტრიანი იყო, VAR-ი რატომ არ ჩაერთო, ვიცით, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი ნათლად და გასაგებად აგვიხსნეს, ამ სეზონში, ევროპის ტურნირებზე, პენალტებს არ ვართ.
ორი ისეთი ცვლილება ვნახეთ, რომელიც მოულოდნელი გამოდგა. ერთი ნაწილობრივ, მეორე კი ძალიან მოულოდნელი იყო. ბალდეს ნაცვლად ალბა ვნახეთ, კრისტენსენის ნაცვლად მარკოს ალონსო, რომელმაც მცირე ხნის წინ მამა დაკარგა. იყო სულ რაღაც სამი წუთი, როცა მთელმა საფეხბურთო სამყარომ ჩათვალა, რომ ჩავიმ იდეალური გადაწყვეტილება მიიღო, თავადაც იამაყებდა, დაფიქრდებოდა, რას იტყოდა მატჩის შემდეგ, როცა ქება-დიდებით აავსებდნენ, იყო ასეთი სამი წუთი, როცა ალონსომ ანგარიში გახსნა, ზუსტად სამ წუთში კი რაშფორდი გაექცა, სისწრაფეში ჩამორჩა და პირველი ტაიმისგან განსხვავებით შტეგენმა ვეღარ გვიხსნა. შეცდა დაცვა, შეცდა მეკარე.
პირველ ნახევარშიც რაშფორდმა ჩაიქროლა, ალონსო მარტივად ჩამოიცილა და ზუსტადაც დაარტყა, შტეგენმა კი ულამაზეს ნახტომში მოიგერია.
რთულია ახლა იმის თქმა, რას მივიღებდით კრისტენსენთან ერთად, მაგრამ როგორც მინიმუმ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალონსოს დაყენება ძალიან მოულოდნელი იყო. ერთგვარი სურპრიზი ჩავისგან, რომელმაც ნაწილობრივ გაამართლა.
ვიცით, რომ თუ ვინმე ძალიან გამორჩეული თამაშობს მეტოქის მარცხენა ფლანგზე, მაშინ ერთგვარი "როქი" გვაქვს დაცვაში, არაუხო და კუნდე ადგილებს ცვლიან, ამჯერადაც ასე უნდა ყოფილიყო, რაშფორდს წესით ფლანგზე უნდა ეთამაშა და ამიტომ ვნახეთ არაუხო ფლანგზე და არა ცენტრში.
ტენ ჰაგმა კი აიღო და ცენტრში დააყენა რაშფორდი.
კატათაგვობანა ითამაშეს. რა მოხდებოდა, ჩავის რომ ეთქვა, - თუ რაშფორდი ცენტრში იქნება, ისევ დაუბრუნდით თქვენივე პოზიციებსო. მოხდებოდა ის, რომ რაშფორდი ფლანგზე გადავიდოდა, შემტევებისთვის პოზიციების გაცვლა უმარტივესი ამბავია, მცველებისთვის ზონის დატოვება კი კატასტროფის ტოლფასი.
ამიტომ დარჩა არაუხო იქ, სადაც იყო. ტენ ჰაგმა არაუხოს რაშფორდი დაუმალა.
მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურულს, როცა ტაქტიკა შეიცვალა არაუხო ცენტრში დადგა, მაგრამ რაშფორდი უფრო მარჯვენა ნახევარსფეროში მოძრაობდა.
მოკლედ, არ შედგა ეს დუელი და რაშფორდიც ვერ დავიჭირეთ.
ერთი გოლი შეაგდო, ერთიც კუნდეს გაატანინა, (იგივე შეცდომა დაუშვა, რაც "ბეტისთან", კარისკენ იყო ნახევარბრუნში და გადაწყობა ვეღარ მოასწრო) ერთიც კარგი მომენტი ჰქონდა, როცა კრისტენსენის ზონა ჩავარდა და არაუხო გამოფრინდა დასაზღვევად, რაშფორდის დარტყმა კი კარს აცდა.
ჩავისა და ტენ ჰაგის კატათაგვობანას თამაში ძალიან საინტერესო იყო, ეს კი მხოლოდ ერთი ნახევარია, მეორე "ოლდ ტრაფორდზე" გველის.
ამაზე ცუდი რა უნდა მომხდარიყო? პედრიმ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. პედრი ჩვენი მთავარი შემქმნელია, მთავარი კრეატორი, ლევანდოვსკის მთავარი მომმარაგებელი, მის გარეშე უბრალოდ წინ თუ გადააგდებენ ბურთს და პოლონელს თავში მოარტყამენ, თორე ბოლო პასი მაგრად ჭირს.
"ოლდ ტრაფორდზე" კი ისე გაჭირდება, როგორც არასდროს. დიდი ალბათობით არ გვეყოლება პედრი და დანამდვილებით არ გვეყოლება გავი. ბუსკეტსი ბრუნდება, თუმცა, საყრდენ ზონაში. ასე რომ, ფრენკის გამოყენებაღა გვრჩება შემტევ ფაზაში. სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს.
დიდი ბრძოლა ატყდა ნახევარდაცვის ცენტრში და თვალსასეირო მომენტებიც ვნახეთ, ეს ჩვენი პატარა გავი კაზემიროს არაფერს უთმობდა, ჩვეულ სტილში წაღლიტა ბურთი ყველას, ვისთანაც ახლოს მივიდა.
აქტივში უნდა ჩავუწეროთ, მშვენიერი თამაში ჰქონდა. ფრენკიც კარგი იყო და არც კესიე ყოფილა ცუდი. საერთოდ, კარგი თამაში იყო ძლიერ გუნდთან, ძალიან კარგ ფორმაში მყოფ გუნდთან.
რაფინიას არცერთ სხვა შეხვედრაში ამდენჯერ არ გაუმწვავებია თამაში, ყველაზე კარგად ალბათ საპირიპირო ფლანგზე ჩართული ალბას მისამართით გაკეთებული პასი გამოსდიოდა. სწორი იყო, ეფექტური და შედეგის მომტანი. დრიბლინგიც გამოუვიდა რამდენჯერმე, როგორც წესი, მაგრად წვალობს, ბურთიც სამჯერ გაექცა, მაგრამ დადებითი ნაწილიც იყო, ამას ვერ დავმალავთ.
ბოლოს და ბოლოს, გამთანაბრებელი გოლი სწორედ რაფინიას ანგარიშზეა, უკმაყოფილო ხელის ჩამორთმევა და გაუთავებელი ლანძღვა-გინებაც მის ანგარიშზეა, პლუს გაოგნებული სახე დავიდ დე ხეას სეივის შემდეგ.
აი, მთავარმა იმედმა კი ვეტერანივით ითამაშა. ვეტერანია ხო, მაგრამ პატარა ბიჭივით თამაშობს ხოლმე, გუშინ კიდე ვეტერანი იყო. ერთი ორჯერ კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ არ არის საკმარისი, ლევანდოვსკისგან მეტს ველით, განსაკუთრებით ასეთ თამაშებში. ევროტურნირებზე ყველაზე მეტად სწორედ მისი იმედი გვქონდა, თუმცა, ეს იმედები ჯერჯერობით არ მართლდება.
შეცვლაზე შემოსულებს რაც შეეხებათ, სერჟი რობერტოს დანახვა მოედანზე მაგრად გაჭირდა, თითქოს არც ყოფილიყოს, ჩაიკარგა, არადა, ნახევარმცველია, მისი დაკარგვა ბურთის დაკარგვას ნიშნავს.
კრისტენსენის გამოსვლით ჩავიმ გვითხრა, რომ შეცდა.
ბალდეზე, შესაძლოა ვინმეს ეთქვა, რომ გამოცდილება აკლდა და ამიტომ დატოვეს სკამზე, მაგრამ დამაჯერებლად და დიდი შემართებით შემოვარდა მოედანზე.
ფატიმ მოასწრო ორი კარგი მომენტის შექმნა, ფერანმა კი ვერაფერი მოახერხა უაზრო ჩაწოდების გარდა.
ასე მორჩა. ბოლოს კაზემიროს გაჰქონდა გამარჯვების გოლი და ძელმა იხსნა. ასეთი იღბლიანი ფეხბურთელი არასდროს მინახავს.
პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, ვინ გვეყოლება და ვინ არა. ამის მერე უკვე შეიძლება რაღაც დალაგდეს გონებაში, ფავორიტები კი ნამდვილად არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის უპირატესობა აღარ მოქმედებს.
დაბრუნდება ბუსკეტსი, აზრზე მოვა ლევანდოვსკი, ჩავი კიდევ მოიფიქრებს რამეს და იმედი მაქვს, ამჯერად მოიფიქრებს ძალიან კარგად. ყველაფერი წინ არის, "ბარსას" გასვლაზეც შეუძლია მოგება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 33 ]