ტოპ 5 ინდივიდუალური პერფორმანსი მანჩესტერის წინააღმდეგ

"ბარსას" "მანჩესტერთან" დადებითი ბალანსი აქვს. 6 მოგება, 3 მარცხი, 4 ფრე. როგორც წესი, გოლებიც ბევრი გადის ხოლმე ამ გუნდების შეხვედრაში, რადგან შემტევი ფეხბურთი ორივე კლუბის საუკუნოვანი ფილოსოფიაა. ხანდახან გადაუხვევენ ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ მაინც თავის თავს უბრუნდებიან.
ხუთი საუკეთესო პერფორმანსის გამორჩევა კი მარტივი არ ყოფილა, რადგან ხუთზე მეტი იყო ასეთი, ამიტომ, დიდ კონკურენციაში მომიხდა არჩევანის გაკეთება, ჰოდა, არგუმენტაციაც დასჭირდება ამ ამბავს.
მაშ ასე, დავიწყოთ!
დიახ, მარცხით ვიწყებთ. უნიკალური შეხვედრა იყო პოლ სქოულზისთვის. ერთმა დარტყმამ გადაწყვიტა მისი და "მანჩესტერის" ბედი. სწორედ პოლი გახდა ამ მატჩის გმირი, არადა, თუნდაც ძელს რომ მოხვედროდა ეს ბურთი კარიერის ყველაზე საშინელი მატჩი გამოუვიდოდა, ამის მიზეზი კი თინეიჯერი ლიონელ მესი გახლდათ.
აქვე აღვნიშნავ, რომ მესის ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, ეტო'ო ფორმაში არ ყოფილა, რონალდინიომ მაგრად აურია და განაცხადს მიღმა დარჩა, ტიერი ანრი კი მესის მსგავსად იწყებდა ტრავმის შემდგომ აღდგენას. ჰოდა, ასეთ დროს გადავეყარეთ "მანჩესტერს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
ფავორიტი ფერგის გუნდი იყო, საუკეთესო სეზონს ატარებდა. კრიშტიანუ რონალდუს პირველი ოქროს ბურთის სეზონი იყო და მიუხედავად ამისა, "ბარსამ" და მესიმ უფრო კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, ვიდრე რონალდუმ და "მანჩესტერმა".
"არ მრცხვენია იმის თქმა, რომ მესისთან ახლოს მისვლის მეშინოდა", - თქვა პოლ სქოულზმა მატჩის შემდეგ. იმდენჯერ გააბითურა, ისე მარტივად, რომ პანიკაში ჩააგდო.
ერთადერთი რამ დააკლდა მესის და "ბარსას". დააკლდათ ყველაზე მთავარი - გატანილი გოლი. თუმცა, ამ შეხვედრის მერე უკვე ყველამ იცოდა, რომ ახალი "ბარსა" მესიზე აეწყობოდა. რონალდინიო საჭირო აღარ იყო.
სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. კრიზისში მყოფი "მანჩესტერი" ძალიან კარგ "ბარსელონას" შეხვდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. მართალია, ვალვერდე დიდად არ უყვარდათ "ბარსას" ფანებს, მაგრამ ძლიერი გუნდი ჰყავდა. "ოლდ ტრაფორდზე" ცოტა მოსაწყენი მატჩი ვნახეთ, "ბარსამ" 1:0 მოიგო. "კამპ ნოუზე" კი მორიგი შოუ დაიდგა, ლიონელ მესიმ "მანჩესტერი" არც ამჯერად დაინდო.
"მანჩესტერის" კარში ყოველთვის ძალიან ლამაზი გოლები გაჰქონდა, რთულია საუკეთესო ამოარჩიო, ერთი თავით შეაგდო, როცა ფერდინანდს ზემოდან გადმოხედა მზრუნველი თვალით, მეორე შორი მანძილიდან ვან დერ სარს გაუტანა, მესამე და მეოთხე კი აღნიშნულ შეხვედრაში შეაგდო. მეორე იქით იყოს, დე ხეას სინდისთან ახლოს, პირველი კი შედევრია. ბურთის მიღებიდან დაწყებული, ფინტით გაგრძელებული და მისთვის ჩვეული დარტყმით დამთავრებული.
გარდა დუბლისა, მესი მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდა, იყო ბევრი ლამაზი მომენტი და დამაჯერებელი გამარჯვება.
აქაც ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება, ოღონდ სულ სხვა სირთულეზეა საქმე. ეს მატჩი და ნანახი პერფორმანსები უეჭველად შესატანია ხუთეულში, მაგრამ ფეხბურთელის არჩევა ძალიან რთული გამოდგა, მე კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ავარჩიე - ანდრეს ინიესტა. სულ ოდნავ მეტად გამორჩეული ამ შეხვედრაში, ვიდრე ლიონელ მესი. მიუხედავად იმისა, რომ ანდრესს გოლი არ შეუგდია.
რა არის შეფასებამდე სათქმელი? კუნთის ტრავმა, რის გამოც ურჩევდნენ, რომ არ ეთამაშა. გაჭიმული არ იყო, გაწყვეტილი იყო, როგორც ამბობდნენ, "ჩელსისთან" მატჩიდან მალევე გადაინაცვლა სამკურნალოდ და წესით და რიგით უნდა გამოეტოვებინა ფინალი, მაგრამ დაიჟინა და მაინც გავიდა მოედანზე.
ექიმები ვალდებულნი იყვნენ აეხსნათ ტრავმის სირთულე, ამიტომ პირდაპირ უთხრეს, თუ ითამაშებ საფრთხის წინაშე დააყენებ მთელ კარიერასო, ინიესტა კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, თუნდაც ბოლო მატჩი გამომდგარიყო, აუცილებლად უნდა მეთამაშაო.
ეს რაიკაარდის გადაწყვეტილების გამოძახილი იყო. 2005/06 წლების სეზონის ფინალში სათადარიგო სკამზე დატოვა. ინიესტა მაშინ ძალიან გაბრაზდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში გამოვიდა და გამარჯვებაში თავისი წვლილი დაიდო, მაინც ვერ მოინელა ეს ამბავი, თითქოს მის კარიერას ჩრდილი მიადგებოდა ამით, ჰოდა, ტრავმით გავიდა მოედანზე.
გავიდა და მოიგო.
ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ერთი საგოლე პასი მიითვალა და მთელი "მანჩესტერი" უბურთოდ დატოვა. მატჩის შემდეგ ფერგიმ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.
"ოლდ ტრაფორზდე" მატჩი 3:3 დასრულდა. მოლოდინი დიდი იყო. "ბარსას" მხოლოდ მოგება სჭირდებოდა ჯგუფიდან გასასვლელად, როგორც ყოველთვის, საქმე "ბაიერნთან" გაფლანგულმა ქულებმა გააფუჭა. საბოლოოდ, "ბარსა" ჯგუფში ჩარჩება, ფინალი "კამპ ნოუზე" გაიმართება, "ბარსას" დაარსებიდან100 წლის იუბილეზე, სადაც სწორედ "ბაიერნი" და "მანჩესტერი" შეხვდებიან ერთმანეთს.
პარადოქსია.
ჩარჩა "ბარსა", რადგან ეს მატჩიც 3:3 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფინალი სხვებმა ითამაშეს, სეზონის ბოლოს ოქროს ბურთი ჯგუფში ჩარჩენილ რივალდოს ხვდა წილად. დამაჯერებლად აჯობა ბექემს.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ეს მატჩი გახდა, სადაც ბრაზილიელმა საოცარი შეხვედრა ჩაატარა. საერთოდ, მატჩი იყო განსაკუთრებული.
რივალდომ ერთი მაკრატელა გაიტანა შმეიხელის კარში, ერთი ჯარიმა შორი მანძილიდან, ორჯერ ისეთი მომენტი შექმნა, რომ გოლი უნდა მოჰყოლოდა შეტევას, მაგრამ ვერ შეირგეს მისი პასები, ვერც ანდერსონმა, ვერც ჯოვანიმ, ბოლოს, 3:3 ზე კი დაახლოებით 35 მეტრიდან ისეთი გაისროლა კარიერის საუკეთესო გოლთან იყო ახლოს, მაგრამ შმეიხელმა თითის წვერი წაარტყა, ალბათ ფრჩხილები, ბურთმა სულ ოდნავ იცვალა მიმართულება, ხარიხას მიასკდა და კუთხურზე გადავიდა.
არადა, ჯგუფიდან გამსვლელი გოლი უნდა ყოფილიყო, მერე ტრავმირებულებიც დაბრუნდებოდნენ და, შესაძლოა, დიდი ისტორიაც დაწერილიყო.
ვერ მოხდა ასე.
მხოლოდ რივალდოს მაგია დაგვამახსოვრდა.
რავიცი, თითქოს ინგლისელებისთვის უპირატესობა უნდა ყოფილიყო "უემბლიზე" თამაში. არც ის დაგვავიწყდეს, რომ "ბარსასთვისაც" იღბლიანი სტადიონია, პირველი ჩემპიონთა ლიგა ამ სტადიონზე მოიგეს კუმანის გოლით. პეპ გვარდიოლა მაშინ ფეხბურთელი იყო, ამჯერად კი მწვრთნელის რანგში შეხვდა თამაშს.
აქაც ძალიან გაჭირდა ერთი კაცის ამორჩევა, გაგიკვირდებათ და მესის გვერდზე გაწევა მომიხდა, რაც უგუნურებას კი წააგავს, მაგრამ მაინც ასე მოვიქეცი, თან, მესი უკვე ორჯერ გვყავდა სიაში, უფრო მეტის პერსპექტივით.
აბა, ვინ იყო საუკეთესო, თუ არა მესი?!
მე მგონი, რომ გვარდიოლა. მთელი გუნდის დომინაციამ განაპირობა ასეთი გამარჯვება, არა მხოლოდ ლეო მესის. თუმცა, აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ მესის ეს მატჩი, ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში საუკეთესოა. არავის ასე მაგრად ლიგის ფინალში, არასდროს არ უთამაშია. ახლოს იქნება კაკა, ზიდანი, მაგრამ ასეთ დონეზე არა.
ფერგის კანკალი დაეწყო. ჩავი მოიგდებდა ბურთს ფეხში, ინიესტა დაღეჭავდა, მესი კი საშინელ დღეში აგდებდა ყველას, მათ შორის, "იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრს, ნიკოლა ვიდიჩს.
ფერგის ავტობიოგრაფიულ წიგნში უწერია, შეცდომა დავუშვი, რომ მესის ჯი-სუნგ პარკი პერსონალურად არ დავუყენეო. Come on Fergie, რაის ჯი-სუნგ პარკი?!
თითქმის ყველამ იდეალურად ითამაშა. ჩავი-ინიესტა გასაგებია. მესი მეფეა. პედრო ძალიან კარგი იყო. ვილამ წერტილი დასვა. ბუსკეტსი ბრწყინვალე! უკან დაცვაც შესანიშნავი.
ეს გვარდიოლაა. პეპის "ბარსელონას" საუკეთესო პერფორმანსი. და რადგან მთელი გუნდი გამოირჩა, მოდი პეპის იყოს პირველი ადგილი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]