მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოწყენილი სამი ქულა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოწყენილი სამი ქულა

სანამ მადრიდელები გააგორებენ, მანამდე "ბარსა" ექვსი ქულით გაიჭრა წინ. კომფორტული სხვაობაა. თამაშის ხარისხი ისევ ძალიან დაბალი იყო, მაგრამ სამი ქულა ნებისმიერ შემთხვევაში კარგი ამბავია. 

ტაქტიკა ისევ შეიცვალა და როგორც ბევჯერ აღვნიშნეთ მიმდინარე სეზონში, კარგ ფეხბურთს მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა "ბარსა" 4-5-1 ით თამაშობს, მრავალფეროვანი მანევრირებით. 4-3-3-ის პირობებში ხარისხი ვარდება, რადგან ჩვენი შემტევები ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე, მით უმეტეს, თუ ლევანდოვსკიც არ არის. 

ესეც კარგი ამბავი - პოლონელი შემდეგ ტურში დაგვიბრუნდება. კარგად გადაანაწილა თასის თამაშები. სანამ სამუნდიალო პაუზაზე გავიდოდით, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მის გარეშე სამივე თამაშს მოვიგებდით. ასეა თუ ისე, ეს მცირე რთული ეტაპი გადალახულია. 

ახლა კი ახალი სირთულე გველის წინ, "ბარსას" საუკეთესო გარემარბმა ტრავმა მიიღო და ეს ძალიან გვაშინებს, რადგან საქმე დემბელეს ეხება, მისი ტრავმები მარტივად არასდროს სრულდება და დამბოც იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ძალიან დიდი დრო სჭირდება ფორმის აღსადგენად. 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჭკუაც მოემატა, როგორც კი მცირე დაჭიმულობა იგრძნო მაშინვე ასწია ხელი და შეცვლა ითხოვა. გახსოვთ ორი წლის წინ რა გააკეთა? ვიფიქრე თამაშის დროს გამივლიდაო და საერთოდ გაიწყვიტა კუნთი. ჰოდა, როგორც აღმოჩნდა, შვიდნომრიანი დამბო, თერთმეტნომრიან დამბოს ჭკუითაც აღემატება. 

დაცვის ხაზშიც ვნახეთ ცვლილებები, კრისტენსენმა დაისვენა, პედრიმაც სკამიდან დაიწყო და ბალდემაც. სხვათა შორის, წინა შეხვედრაში ორივეს ჰქონდა მცირე დისკომფორტი, ამიტომ არც კრისტენსენის დასმა გამკვირვებია და არც პედრის. თანაც, "ჟირონაა" ბოლოს და ბოლოს. 

პირველ წრეში გარსიას მეტი დრო ჰქონდა, თითქოს იგებდა კონკურენციას, მაგრამ ნელ-ნელა კრისტენსენმა მაგრად მოუმატა და ახლა მგონი საერთოდ აღარ ჩანს კითხვის ნიშნები. მარცხენა მცველად კი მარკოს ალონსო ვიხილეთ, დიდი ვერაფერი, მგონი მანაც იტკინა რაღაც, თუ არა და გამოდის, რომ ჩავი ძალიან უკმაყოფილო დარჩენილა. 

მართლაც, ორი ისეთი განაპირა მცველი გვყავდა, რომლებიც ოთხმცველიან სისტემაში ვერ გრძნობენ თავს კარგად, კუნდე უფრო ცენტრისკენ მიიწევს, მარკოს ალონსო კი ვინგბექია. რაც არის ეგ არის. 

აი, ჩავის მანევრირებადი 4-5-1 ამ პრობლემას აგვარებს, რადგან შეტევის დროს 3-4-3 ზე გადადის გუნდი, კუნდე მესამე ცენტრალური მცველი ხდება და ბალდე შეტევაში მიდის, ზედგამოჭრილია მისთვის ეს პოზიცია. ასე კი გუნდიც არეულია და თამაშიც დაულაგებელი გამოდის. 

არადა, გოლი კარგი იყო. თუ დააკვირდით, "ბარსამ" რაც შექმნა ყველაფერი მეტოქის შეცდომის ხარჯზე. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ პრესინგი იყო განსაკუთრებით კარგი, არა, უბრალოდ "ჟირონა" ცდებოდა თავის ნახევარზე ძალიან უხეშად, ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი შეცდომის შემდეგ გაიშალა შეტევა მარაოს მსგავსად. უყვარს ჩავის მარაო. ფატის პასიც აღსანიშნავია და ბოლო პასი ალბამ გააკეთა. ეგ იცის. ამაში მაგარია. 

ფინალიც უკვე ტრადიციული ვიხილეთ. ნერვიული. 

ისევ მშრალად შევინახეთ კარი. ისევ დამაჯერებელია ტერ შტეგენი. 

შემდეგი მატჩი "ბეტისთან" არის გასვლაზე და პირველი წრეც დასრულდება. თავად განსაჯეთ, მთლიან წრეს ვასრულებთ და მხოლოდ ექვსი გაშვებული გოლი აქვს გუნდს. მაგარი ამბავია. თუმცა, უფრო დიდ მიღწევასთანაც ვყოფილვართ ახლოს, მაშინაც ძალიან პრაგმატული "ბარსა" იყო, წაუგებლად იარეს მთელი ჩემპიონატის მანძილზე და მერე ის მოხდა, რაც ვალვერდეს დროს ხდებოდა ხოლმე, - ბოლომდე ვერ მიიყვანა საქმე. ვერ დაიწერა ისტორია. 

ახლა კი ვინ იცის როგორ დასრულდება. 

2010/11 და 2014/15 წლების სეზონში "ბარსამ" 21 გოლი გაუშვა. ძალიან ცოტაა. ჰოდა, ვინ იცის, იქნებ ამ სეზონის შემდეგ უფრო ნაკლები ჰქონდეს გაშვებული. აი გატანილი კი ბევრად ნაკლები იქნება, 2010/11 წლების სეზონში 95, ხოლო 2014/15 წლების სეზონში 110 გოლი შეაგდო. 

არც "მანჩესტერამდე" დარჩა დიდი დრო. უკვე ამ თამაშზე მეფიქრება. გაუქაჩავენ თუ ვერა ჩვენები კაზემიროს. სად იმის გამოცდილება და სად ჩვენი ოქროს ბიჭების?! ამიტომ, ეს მაგრად მოგონილი 4-5-1 გადასარევი იქნება. ოქროს ბიჭებიც იქნებიან, ყველგანმავალი დე იონგიც და გამოცდილი კაპიტანიც. კარგი სანახავი იქნება. 

არ დავმალავ და ჯერჯერობით "მანჩესტერი" უფრო დალაგებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. ბოლო პერიოდის "მანჩესტერს" ვგულისხმობ. იპოვეს თავისი თამაში, რონალდუ გაუშვეს, რაშფორდს ახალი სუნთქვა გაეხსნა, კაზემირო უკვე ლიდერია, და სწრაფი ბიჭებიც ჰყავთ. 

"ბარსაში" კი არ მომწონს ამდენი ცვლილება, ასეთი სიხშირით. თუმცა, იძულებით ხდება ეგეც, აგერ, დემბელეს ტრავმა, ლევანდოვსკის დისკვალიფიკაცია, გავის ასაკი.. არა, მაინც ხშირი და ზედმეტი ცვლილებებია. 

მომდევნო ორი მატჩი სევილიური ამბავია, ჯერ "ბეტისი" გასვლაზე, მერე "სევილია" სახლში.  

ვნახოთ აბა, რა გამოვა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ახალბედა [?]
    #8 30 იანვარი 2023 10:46
    5
    მთავარი არის მოგება და 3 ქულა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 30 იანვარი 2023 07:56
    0
    ეს კაზემირო ვერ მოვიშორეთ
    [?]
    #6 29 იანვარი 2023 21:58
    0
    ციტატა: La Pulga10
    ცუდ დროს მოიღო დემბელემ ტრამვა.მაგაზე უკეთესი გარემარბი არ გვყავს,თან ფორმაშიც შევიდა.რამეა მოსაფიქრებელი.ეს რაფინია რანაირი ბრაზილიელია ვერ გამიგია,კაცს ეგ ვერ ატყუებს.

    კატასტროფაა. ტიპს პასი დაუხატეს, თამაში უნდა დაემთავრებინა და დარტყმის წინ წაიქცა. ასეთი რამე ჭ კლასის მოთამაშეებს ემართებათ, როჟას არაფერი არ აქვს ბრაზილიური გვარის გარდა. დაჟე არც ტექნიკა. მუხლები უკანკალებს საჭირო დროს. ასეთი ფარჩაკი არ მეგონა. ტორესის დანახვაც არ მინდა, მეტოქის მცველია იდეალური
    ახალბედა [?]
    #5 29 იანვარი 2023 20:30
    4
    მთავარი არის რომ მოვიგეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 იანვარი 2023 19:24
    0
    მანჩესტერთან ძაან გაგვიჭირდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 იანვარი 2023 11:20
    4
    კიდევ ერთი ბეწვის ხიდი, სადამდე გაგვიძლებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 იანვარი 2023 09:50
    8
    ცუდ დროს მოიღო დემბელემ ტრამვა.მაგაზე უკეთესი გარემარბი არ გვყავს,თან ფორმაშიც შევიდა.რამეა მოსაფიქრებელი.ეს რაფინია რანაირი ბრაზილიელია ვერ გამიგია,კაცს ეგ ვერ ატყუებს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ახალბედა [?]
    #1 29 იანვარი 2023 02:52
    5
    Gamosworebis gzaze vart mtavaria