ერთი მატჩის ისტორია

"ბარსა" თასზე "რეალ სოსიედადს" შეხვდება. მათთან ბევრჯერ გვითამაშია, აგერ, მერამდენე წელია, ყოველ სეზონში გვიწევს მინიმუმ ორჯერ თამაში, ხანდახან თასზეც გადაგვეყრებიან ხოლმე, როგორც ამჯერად მოხდა, მეოთხედფინალში. გასახსენებელი ბევრია, გოლებიც ლამაზი გასულა, მაგრამ პირველი, რაც გამახსენდა, იმაზე მოგითხრობთ.
ცოტა შორს მომიწევს წასვლა, "ბარსელონას" ხანგრძლივ აღდგომას ვადევნებდით თვალს. წინა სეზონში გარდაიცვალა და მერე დიდი ცვლილებების დრო მოვიდა. ლაპორტა.. რონალდინიო.. და ა.შ.
29-ე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს, "ბარსას" უკვე მაგარი აწყვეტილი აქვს, ზამთარი და ედგარ დავიდსის ტრანსფერი უკან არის მოტოვებული, ზედიზედ რვა თამაში აქვს გუნდს მოგებული, თან საოცარი ფეხბურთით, რონალდინიო დაფრინავს და უკვე ყველამ იცის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი "ბარსელონაში" თამაშობს, უკვე ყველამ იცის, რომ ეს დასაწყისია.
უცნაური მატჩი გამოვიდა, ოვერმარსი მარცხნივ უკეთესიაო, რაიკაარდმა გადაწყვიტა, ჰოდა, რონალდინიო მარჯვენა ფლანგზე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ცენტრისკენ იწევდა ხოლმე, მაგრამ ძირითადად მარჯვნივ მოძრაობდა. რაიკაარდმა იცოდა ასეთი გაფრენები, მაგალითად, "სევილიასთან" მესი დააყენა მარცხენა ფლანგზე.
რაღაც ახალი იყო, დრიბლინგიც სხვაგვარი ვიხილეთ, ეს არ ჰგავდა "ბილბაოსთან" დრიბლინგს, როცა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გოლამდე მილიმეტრები დააკლდა, სულ სხვა ამბავი იყო, მარცხნიდან დრიბლინგზე წასულმა იცოდა, რა უნდა ექნა და როგორ, მარჯვნიდან დაძრული კი გზად იფიქრებდა ყველაფერს, მცველების განლაგების შესაბამისად, - ოთხი მეტოქე ჩამოიცილა და დარტყმა აღარ გამოვიდა, არადა, ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იქნებოდა..
მერე რაღაც ანომალიურიც ვნახეთ, კარლეს პუიოლი დაიძრა ფრანც ბეკენბაუერივით, დაიძრა თავისი ნახევრიდან, ისევე მიმოფანტა მცველები, როგორც რონალდინიომ, კარშიც ზუსტად დაარტყა და მეკარემ აჯობა. მახსოვს, პირდაღებული ვუყურებდი ამ სცენას, პუიოლში რონალდინიო ჩასახლდა, ვისზე ნაკლები ვარო და გაიქცა გიჟივით.
არც ეგ გავიდა. არ გვიმართლებდა.
სხვათა შორის, ბასკების რიგებში ჩაბი ალონსო თამაშობდა, მაგრამ ედგარმა შეჭამა. ედგარი სულ მშიერი ბიჭი იყო და ზამთრიდან მოყოლებული მაგარი მადაც ჰქონდა, ჭამა და ჭამა, სეზონის ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ფულშიც მაგარი მადა ჰქონია და წასვლა მოუხდა.
თამაშს რომ მივუბრუნდეთ - კიდევ ერთ დრიბინგზე დაგვაფიქრებს, ისევ რონალდინიო გაიჭრა, ისევ მარჯვენა ფლანგიდან, ძალიან ჰგავდა ეს დრიბლინგი "ბერნაბეუზე" წამოწყებულს, იმავე სეზონში, "მადრიდთან", ზუსტად ასევე დაარტყა, ზუსტად ასევე მოიგერია კასილიასმაც. ჰქონდა რონის თავისი ხუშტურები, ზუსტად განსაზღვრული, საიდან როგორ უნდა დაერტყა, რომელი ფინტის მერე როგორ უნდა მოექნია ფეხი, სულ "ენფილდი" მახსენდება და მისი გაცუდებული მომენტი, შეეძლო მარტივად შეეგდო, მაგრამ არა! ცხრიანში სურდა, ისევე გააქანა, როგორც ლუის სუარესმა პსჟ-სთან, ზუსტად იგივე პოზიციიდან, სუარესის დარტყმული ბადეში აფართხალდა, რონიმ კი ცხრიანის ჩარჩოს გაარტყა. ეგეთი იყო, ერჩივნა, ლამაზად დაერტყა და აეცილებინა, ვიდრე უბრალო გოლი შეეგდო.
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
ამ თამაშში კიდე მოახლოვდა ეს ბოლო წუთი, ჩამოყარა ყველამ ყური, იმიტომ, რომ მთავრდება ეს მატჩი და 0:0 წერია ტაბლოზე. არადა, "ბარსას" ისე აქვს აკრეფილი, ჩემპიონობაზე იწევს. მეორე წრეში ყველა ფავორიტს მოუგო, წინ კლასიკოა და იმასაც მოიგებს, ახლა კიდე ბოლო წუთია "კამპ ნოუზე" და ბაკსები მაგრად იბრძვიან! იღბალიც მაგათია და ღმერთებიც მაგათთან არიან.
ამ დროს, 88-ე წუთზე დაინიშნა ჯარიმა.
ან იქნებ, 87-ეზე დაინიშნა და ერთი წუთის მერე აღრიალდა სტადიონი..
დადგა ისე, როგორც დგებოდა, დაარტყა ისე ლამაზად, როგორც ურტყამდა ხოლმე და ძალიან დიდი სიხარულიც მოგვიტანა. ბოლო წუთებზე გატანილს სულ სხვა ემოცია მოაქვს.
ეს მისი პირველი სეზონი იყო. დიდი ამბების დასაწყისი.
გაიქცა და მაგრად იზეიმა.
"ბარსამ" ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო.
აი, მომდევნო თამაშებში რაღაც მაინც აირია, რაიკაარდი ეიფორიამ შეიპყრო და მუხტი აღარ გვეყო, მიუხედავად იმისა, რომ "ბერნაბეუზე" ბრწყინვალე მატჩი მოვიგეთ.
დარჩენილ ცხრა ტურში "ბარსამ" 5 მოიგო, 2 ფრე ითამაშა და 2 წააგო.
"ვალენსიამ" ხუთი ქულით გვაჯობა. თუმცა, გულდაწყვეტილი მაინც არავინ ყოფილა, ჯადოქარი ჩვენთან იყო და მომავალი ჩანდა ძალიან მდიდარი და ლამაზი.
აგერ, ცუდი ხარისხით, მაგრამ მაინც.. იმ მატჩის მიმოხილვა:
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]