მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გარჩევა ნაბახუსევზე

გილოცავთ!
მოვიდა ჩვენთან 2023 წელი!
ყოფილიყოს წარმატებისა და ბედნიერების.
დაგვეტოვებინოს 2022-ში ყველა არასასურველი ამბავი, მაგალითად, "ესპანიოლთან" ფრე, უიღბლობა და მატეო ლაოსი.
თუმცა, ვინმეს სადმე ჩატოვება რომ შეგვეძლოს, მატეო ლაოსს ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჩავტოვებდით, რომელიმე უხერხულ წელიწადში.
ლა ლიგა განახლდა
ცუდი დროა სათამაშოდ. ზედ ახალ წელს დაასკდა დერბივით მატჩი და კაციშვილმა ვერ გაიაზრა მისი მნიშვნელობა. ეგეთი დროა. სერიოზულად არავინ უყურებს. არადა, უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო, "ბარსასთვის" ყველა ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვერ მოიგო "ბარსამ" და "რეალი" წამოეწია. ახლა თანაბარი ქულებით მოექცნენ ცხრილის სათავეში.
დაწყებით ყველაფერი კარგად დაიწყო. რაფინიამ კარგად ჩამოაწოდა კუთხური და ვისაც კი თავით შეეძლო თამაში, ყველამ ითამაშა, ჯერ ლევანდოვსკიმ, მერე კრისტენსენმა და ბოლოს ალონსომ. კარგი გოლი იყო, ლამაზად გამოვიდა. ხშირად არ გაგვაქვს ასეთი გოლები, მაგრამ უკვე ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომ უნდა ველოდოთ ასეთებსაც,
ცოტა ხანში, დაახლოებით 10 წუთში ალონსოს დუბლის შესრულება შეეძლო და ახლო მანძილიდან კარს ააცილა. აუცილებლად უნდა გაეტანა. მოკლავდა კიდეც თამაშს. თან, დუბლის შანსი კიდევ როდის მიეცემა, კაცმა არ იცის. პასი კი ალბასი იყო. ბერდება, სისწრაფეს კარგავს, სტაბილურობას კარგავს, მაგრამ შანსი არ არის, ითამაშოს და ერთი მომენტი მაინც ვერ შექმნას თამაშში.
მეორე ტაიმი დიდი მოსაწყენი რამე გამოდგა. მოედანზე არაფერი ხდებოდა. "ბარსას" შემტევები საერთოდ არ აქტიურობდნენ, ჰოდა, როცა ნაადრევად გადაწყვეტ, რომ საქმე მომთავრებული გაქვს, მერე ცუდი ამბები ხდება ხოლმე.
იყო თერთმეტმეტრიანი. ალონსომ დააბიჯა მეტოქეს. არ უნდოდა, მაგრამ ეგრე მოხდა.
ტერ შტეგენს ვარცხნილობა შეუცვლია, კაი ხანს მეგონა, რომ კარში გრეგორი პეკი გვედგა. თურმე, შტეგენი ყოფილა.
პენალტი მაინც ვერ აიღო.
1:1.
ასე რომ, ალონსო იქცა მატჩის გმირად.
ჯერ ანგარიში გახსნა.
მერე თამაშის მოკვლა შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან კარს ააცილა.
ბოლოს კი თერთმეტმეტრიანი აიკიდა.
როგორ უნდა შეაფასო ახლა ამის მერე?
აი მერე დაიწყო რაც დაიწყო! ალონსოს მატჩის გმირობა მატეო ლაოსმა ჩამოართვა!
ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ამ შეჩვენებულს ძალიან უცხო პრეპარატი მიუღია, ალბათ ეგონა, ძველი ღვინოსავით კარგი იქნებაო და უგლეჯია რამდენიმე, მაგრამ რად გინდა, არაფერი მოსვლია, ვერაფერს გრძნობდა ჯიგარი, ჰოდა, აიღო და ჩაცალა მთელი კოლოფი, როგორც ხდება ხოლმე.
ისე მოხდა, რომ დაძველებისდა გამო, პრეპარატი ორგანიზმთან რეაქციაში რამდენიმე საათით გვიან შევიდა, მთელი მატჩი რაღაცას გრძნობდა ეს კაი კაცი, და 77-ე წუთზე გაეხსნა და ვაჰ რა გაეხსნა!
ბოროტ ხმებს თუ დავუჯერებთ, მატეო ლაოსს ჟორდი ალბა მოედანზე შემოჭრილი დღნაშვი ეგონა. აღარ დაელოდა სტიუარდებს და თავად მიაბრძანა მოედნიდან. ჯერ სიტყვიერად უთქვამს, დღნაშვო დატოვე მოედანიო, მერე პასუხად მიუღია დღნაშვი ბებიაშენიაო და ამასაც დაუძრია წითელი ბარათი.
მალევე ბალდე შემოვიდა და ლაოსს ეგონა, დღნაშვის ნაცვლად სკუნსი შემოუშვიათო და იფიქრა, ამას საერთოდ ქალაქიდან გავაძევებო, მაგრამ ვერ დაეწია, ბალდემ ისე ირბინა, მატეო ლაოსის მთელი სანათესაო ვერ დაეწეოდა. ეს ნათესავებიც უცნაური ხალხია. მატეო რომ მსაჯობს, ფანებს აგინებენ ხოლმე, აი, გუშინ მაგალითად მთელი "კამპ ნოუ" რომ მატეოს აგინებდა, მატეოს ნათესავები "კამპ ნოუს" აგინებდნენ, როგორც წესი, ამაყობენ, რომ ესპანეთის ყველა სტადიონის პუბლიკა ჰყავთ გალანძღული და არა მხოლოდ ესპანეთის, დიდი ხანია, საზღვრებს გასცდნენ.
ეგეთი ხალხია. უცნაური. მაგათაც გახსნილი აქვთ.
მერე მატეომ იფიქრა, იმ სკუნსის დამწევი მე არა ვარ და აგერ ვისაც დავეწევი, ყველას წითელი აენთებაო და მართლა ვისაც დაეწია, ყველას წითელი ააფარა სახეზე.
მერე მონიტორთან უხმეს..
- ხედავ ლევანდოვსკის თავში წიხლი რომ მიაყოლეს?
- ვაჰ, კი, ვხედავ.
- მერე რა უნდა ვქნათ მატეო?
- მეორე რაუნდს დავნიშნავ!
დაუძახა იმ კაცს და მოაბრუნა უკან.
მატჩის მიწურულს კრისტენსენს ჰქონდა ძალიან კარგი შანსი, ამჯერად დემბელეს ჩაწოდებულს დაჰკრა თავი და მეკარემ მოიგერია. არადა, მაგარი დარტყმა იყო. გოლიც კარგი იქნებოდა. არ გამოვიდა.
მერე ბალდეს ბრწყინვალე დრიბლინგი ვნახეთ და უნდა გაეტანა ლევანდოვსკის, ვალდებული იყო, გაეტანა. არც ეგ გამოვიდა. ვერ გაუძვრინა მეკარეს ფეხებს შორის. ბალდეს პასიც დაიკარგა და სამი ქულაც.
ეგრე მორჩა საახალწლო მატჩი.
მატეო ლაოსი ნარკოტესტზე არ შეუმოწმებიათ.
არ ვიცი რატომ..
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]