ორი ნაბიჯი ოლიმპოს მთამდე

ისტორიული მატჩი ვნახეთ. ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. არგენტინასა და ნიდერლანდებს შორის გამართულა შეხვედრები, რომელიც დავიწყებას არასდროს მიეცემა, გუშინდელიც ასეთი იყო. 74-ში ფეხბურთი ფორთოხლისფერი იყო, არგენტინას გადაუარეს და დაგვამახსოვრდა მფრინავი ნიდერლანდელი, 78-ში ვნახეთ დრამა და სუპერ მარიო კემპესი, 98 წელი დენის ბერგკამპმა მონიშნა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შეხებით და ულამაზესი გოლით.
გუშინდელს გაიხსენებენ მესის სახელით. ის, რაც მესიმ პირველ ტაიმში იკადრა, ამის მსგავსი მსოფლიო ჩემპიონატებზე არ მახსენდება, ერთი "იუვენტუსთან" პასი გამახსენდა ჩემპიონთა ლიგაზე, წამით ენა ჩაგვივარდა, თუმცა, ინიესტამ ვერ შეაგდო და მიივიწყეს. განსხვავება მაინც დიდი იყო, ერთ შემთხვევაში ინიესტას მოძრაობას აკონტროლებდა, გუშინ კიდე რა მოხდა, არ ვიცი, ეს არ ყოფილა ე.წ No Look Pass, ამ დროს მხოლოდ ბოლო წამს გადაგაქვს მზერა სხვა მიმართულებით, ასე აბნევ მეტოქეს, არა ეს რაღაც სხვა მოვლენა იყო. ხშირად დაუსვამთ კითხვა, მაინც რა აქვს მესის ისეთი, რაც კრიშტიანუს არ აქვსო, აი, რონალდუ შორიდან ტყვიასავით ურტყამს, თავით სასწაულად თამაშობს, დაფრინავს! ჯორდანივით ეკიდება ჰაერში, მერე მესის უპირატესობებს ჩამოთვლიან, - უფრო კრეატიულია, ბევრად კარგი შემნარჩუნებელია, ბევრად კარგი პასი აქვს, უკეთესი დრიბლინგი აქვს, და ა.შ. ჩვენ მათზე საუბრისას უბრალოდ ნიჭისა და ტალანტის სხვაობაზე ვსაუბრობთ, და მაინც რა მოაქვს ამ ტალანტს ისეთი, რასაც ვერ ისწავლი?!
აი ეგ მოაქვს, გუშინ ნანახი. მესის თავში სულ სხვა ამბები ხდება.
პასებზეც დაგვიწერია. უმაღლეს ხარისხში მხოლოდ სამი სახის არსებობს:
1. დავუშვათ, ჩავის პასი, ხედავ რომ ურთულესი შესასრულებელია, მაგრამ მილიმეტრებშია სიზუსტე დაცული.
2. ზიდანის პასი, - მხოლოდ ტრიბუნიდან ჩანს. მოედანზე თამაშის დროს ხედავდა იმას, რასაც ზედა ტრიბუნიდან აკვირდებოდა ხალხი, - მოედნის ხედვაც ასეთი უნდა!
3. ამას დღეიდან შეგვიძლია მესის სახელობის პასი დავარქვათ, - კაციშვილი ვერ ხედავს, პასი სად უნდა გაკეთდეს, ვერც ფეხბურთელები, ვერც ტრიბუნაზე შეკრებილნი, ვერც მონიტორებთან მიმსხდარნი, მხოლოდ მესის თავში იხატება და სრულდება. გამოდის ეს ამბავი და ხვდები რომ რაღაც განსაკუთრებული იხილე. აი, ეს არის ტალანტის განსაზღვრება. ხელშეუხებელი სიმაღლეა, ღვთაებრივია.
მესის გზა
ყველაფერი ლოგიკურად მიდის. ვთქვით, რომ ეს მესის საუკეთესო მუნდიალი იქნებოდა, - უკვე არის. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ჯერ არ გასულა. ვთქვით, რომ არგენტინა საპლეიოფო გუნდია, ძლიერ მეტოქესთან უკეთ თამაშობს, უფრო მოტივირებული და კონცენტრირებულია, - ასეც არის. ვთქვით, რომ საუდის არაბეთთან მესის გატანილი გოლი უფრო დადებითი მოვლენა იყო, ვიდრე მათთან მარცხი უარყოფითი, რადგან პირველივე ტურში გატანილი გოლი ნიშნავდა იმას, რომ კიდევ შეაგდებდა, აუცილებლად. ამის გამოცნობა რთული არ ყოფილა, რადგან ეს კაცი ჩვენს თვალწინ გაიზარდა, კარგად ვიცნობთ, ვიცით, როდის რისი გამკეთებელია.
2018-ში თქვა, რომ არგენტინა ფავორიტი არ ყოფილა, მოგება შეუძლებელი იყო, ამისთვის მზად არ ვყოფილვართო, ეს არის ძალიან დიდი განსხვავება მესისა და მარადონას შორის, მესი აბსოლუტურად ყველა დეტალს ხედავს, შეხედავ არგენტინას და მესის ტვინის ნაოჭებს დაინახავ, მესი არგენტინის მესაათეა, ის განკარგავს ყოველ წამს, ლეო არგენტინის პულსია, არგენტინის აპოლონური საწყისი.
მარადონა არასდროს იტყოდა, რომ მისი გუნდი მზად არ იყო. დიეგო ვნებაა, დიონისურ მხარეს წარმოადგენს, აბსოლუტურად ყველა წინაღობას მთელი ძალით ასკდებოდა, შეეძლო თავგატეხილს ბევრი ეტირა და ფეხზე წამომდგარს იგივე გაეკეთებინა, იქამდე სანამ შუბლით არ გაამტვრევდა კედელს. მესიმ კი წლების განმავლობაში ამოზრდილი წინააღმდეგობა აგურ-აგურ დაშალა, ძალიან ნელა, ძალიან მშვიდად, დაშალა და გადააბიჯა.
მისთვის ბოლო მუნდიალია. გაგაოცებს გზა, რომელიც ამ კაცმა განვლო. რამდენჯერ დაეცა, წავიდა კიდეც ნაკრებიდან, ყოველ ჯერზე დაბრუნდა, ყოველ ჯერზე უფრო ძლიერი, ამდენი მარცხის, ამდენი იმედგაცრუებისა და ცრემლის მერე, ნელ-ნელა ყველაფერი ხელში მოიგდო, ჯერ კოპა ამერიკა, მერე ფინალისიმა, ახლა კი მუნდიალის ჯერია. რაღაც ძალიან განსაკუთრებულს უახლოვდება, თუ ეს წერტილი დასვა, მერე კარგად იყავით, აბსოლუტურად ყველა კითხვას გააქრობს საფეხბურთო სამყაროდან.
მესიაც ხომ ამას ნიშნავს, - პასუხს ყველა კითხვაზე.
მესის ყველაზე ცუდი მატჩი კარიერაში
ხორვატებთან ორი მესი მახსოვს. ერთი ჯერ კიდევ 19 წლისა, გავიდა მოედანზე და თავბედი აწყევლინა ხორვატებს, ორი გოლიც შეაგდო, ერთი ტევესმა მოიპარა, მესის საგოლე პასი ჩაეწერა. ბევრი ურტყეს და ფეხები ვერ მოჭამეს. 2006 წელი იყო, აქეთ ლეო დაფრინავდა, იქით კი ლუკამ მოიკიდა ფეხი, ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ გზას გაივლიდნენ?!
სხვათა შორის, ეგ მატჩი ხორვატიამ მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინა უკეთესი იყო. ხორვატებს აქვთ უნარი, მოიგონ ის მატჩები, სადაც თამაში არ მისდით. 2014-შიც ითამაშეს, თუმცა, არ მახსოვს ეგ მატჩი, მესიმ პენალტი შეაგდო.
აი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლეომ კარიერაში ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე სახეზე ეწერა ყველაფერი, ზემოთ აღვნიშნე, რომ ყოველთვის იცის როდის არის მისი გუნდი მზად, ჰოდა, ამ შეხვედრაში სახეზე ეწერა რომ მზად არ ყოფილა. თითქოს არც სურდა მოედანზე გასვლა.
მატჩის მიმდინარეობისას მოდრიჩმა ყველაფერში აჯობა, მესი წყობიდან გამოვიდა და უხეშობაზეც კი გადავიდა. უცნაური სანახავი იყო. ხორვატიამ არგენტინა გაანადგურა. ახლა კი რევანშის დროა. ისევ მჭიდროდ ითამაშებენ, ისევ ძალიან ხისტად, ისევ ძალიან უხეშად, ხორვატებს ეს შეუძლიათ.
მესი ამჯერად მზად არის, ირგვლივ კარგი მეომრები ჰყავს. სწორედ ეს იყო საჭირო, არა ის ვარსკვლავები, რომლებიც ხელს უშლიდნენ, არამედ 10 კაცი, რომელიც ზუსტად იმას გააკეთებს, რაც მესის სჭირდება.
ეს ლეოს მუნდიალია. ამდენი ველოდეთ და როგორც იქნა ეს დღეებიც დადგა.
მეორე მხრიდან მბაპე მოექანება აწყვეტილი ხარივით, ასევე, არის შანსი, რომ უდიდესი ეპოქა არგენტინა - პორტუგალიის მატჩით დასრულდეს, ამაზე დიდი მოვლენა რა უნდა იყოს?!
მოკლედ, რაღაც ძალიან მაგარს ვუახლოვდებით. ისღა დაგვრჩენია, ბოლომდე დავტკბეთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]