ფინალისტი გვეყოლება

"ბარსას" ფინალისტი ეყოლება.
ცოტა ვჩქარობ, კი. შევხედოთ ბადეს, ლიონელ მესი ჩვენს ნიდერლანდელებთან გადაიკვეთება მეოთხედფინალში, შესაბამისად, ნახევარფინალში ყველა შემთხვევაში გვეყოლება წარმომადგენელი. ბრაზილიასა და რაფინიას სულ ია-ვარდით მოფენილი გზა აქვთ, ჯერ კორეა უნდა დაჩაგრონ, მერე იაპონიასა და მობერებულ ხორვატიას შორის გამარჯვებული. არა მგონია რთული ამოცანა იყოს. ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე ხდება რაღაც აუხსნელი და მოულოდნელი, მაგრამ ბრაზილიის ვერ მისვლას ნახევარფინალამდე ვერ დავიჯერებ.
წესით ესპანეთი უნდა ყოფილიყო დაბრკოლება, მაგრამ ენრიკემ სხვა გზით არჩია სიარული. ჭკვიანურია, ვერაფერს იტყვი. ჯერ მაროკოს გაეჯიბრება, მერე კი პორტუგალია-შვეიცარიას შორის გამარჯვებულს. პორტუგალიას გადასარევი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მაინც დაულაგებელი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რონალდუ კი ვერ არის ფორმაში, ამდენი ხნის უთამაშებელი, უკვე ასაკში, ეს პრობლემაა. ენრიკემ იცის რასაც აკეთებს და მშვენიერი გზაც შეარჩია ნახევარფინალამდე მისასვლელად. ვნახოთ აბა როგორ გაივლის.
ფრანგებიც გვყავს, ლევანდოვსკის უნდა შეხვდნენ, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი გარანტირებული მეოთხედფინალის საგზური გვაქვს, იქ კი ალბათ ინგლისი უნდა იყოს მომდევნო მეტოქე, სადაც არ გვყავს წარმომადგენელი და დიდად მხარსაც ვერ დავუჭერ. მოკლედ, დიდი შანსია, "ბარსელონური" ფინალი ვიხილოთ. ვინმე უეჭველად დაგვიბრუნდება მსოფლიო თასით ხელში, ან, თუ არ დაგვიბრუნდება, პერსონალურ მუზეუმში მაინც აღინიშნება რომ მუნდიალიც მოუგია, ეგ მუზეუმი კიდე ბარსელონაშია.
ნიდერლანდები - არგენტინა
თითქოს ერთი დონის ნაკრებები არიან. ნიდერლანდებს უფრო კარგი შემადგენლობა ჰყავთ, არგენტინელებს მესი ჰყავთ. დაუმარცხებელი არცერთი არ არის, მოგება კი ყველასთან შეუძლიათ. აი, ასეთი ამბავია. 2014 წლის ნახევარფინალიც გაგახსენდება ადამიანს. დაახლოებით ასეთივე თამაშს ველი, მაშინ პენალტებში გადაწყდა ყველაფერი, ვან გაალმა ვეღარ მოასწრო თერთმეტმეტრიანებისთვის გადანახული მეკარის გამოყვანა და არგენტინა გავიდა. ახლა რევანში უნდა.
მესი და არგენტინა დიდი რწმენით მიიწევენ წინ. ბევრჯერ აღგვინიშნავს რომ ეს არგენტინა საპლეიოფო გუნდია. იცის ამ ნაკრებმა როგორ მოიგოს თამაში. არც ლამაზია, არც რამით აღგაფრთოვანებს, სამაგიეროდ, მოგება იციან. შეიძლება მთელი თამაში ბურთის გორების ნაცვლად წიხლი იქნიონ და მაინც მოიგებენ.
დი მარიას ძალიან დიდი როლი ექნება ნიდერლანდებთან. მთელი ყურადღება მესიზე იქნება და ამ დროს ვინმე გამოცდილი და მაღალი კლასის ფეხბურთელია საჭირო. ასეთი კიდე პირველ რიგში დი მარიაა, კარგია ალვარესიც, თუმცა, ნიდერლანდელებს ჰყავთ მცველები, რომლებიც ალვარესს შეაჩერებენ. რავიცი, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ მესის ჩემპიონატია. ზის ახლა და ფიქრობს, სულ რაღაც სამი თამაში დამრჩა მოსაგები სანუკვარ მიზნამდე და მერე დამშვიდებული წავალ სახლშიო.
სულ რაღაც სამი თამაში.
კაცს ასობით მატჩი აქვს მოგებული.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]