ესპანეთის ნაკრების ბარსელონური ფილოსოფია

ესპანურ ფეხბურთს ყოველთის ჰქონდა იდენტობის პრობლემა, ამიტომაც ვერ ახერხებდნენ ვერასდროს წარმატების მიღწევას, მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ ევროპის ჩემპიონატი მოგებული შორეულ 1964 წელს, საბჭოთა კავშირი დაამარცხეს, მაშინდელი მოქმედი ჩემპიონები. აღარც მესხი იყო და აღარც მეტრეველი, 1960 წლის ფინალის გმირები, თორემ ესპანელებსაც დააფლეთდნენ ბურთს თავზე. გასაკვირიც არ არის, რომ ასე იყო საქმე, რადგან ბარსელონურ-მადრიდულ-ბასკური გუნდი რთულად თუ მიაღწევდა წარმატებას. აბა, პუშკაშსა და დი სტეფანოს როგორ უნდა ეთამაშათ ესპანური დროშის ქვეშ?!
მერე დიდი რევოლუცია მოხდა, მადრიდისა და ესპანეთის საყვარელი ლეგენდები ჩააჩოჩეს, ჯერ ფერნანდო იერო, შემდეგ რაულ გონსალესი და წამოვიდა "ბარსას" ოქროს თაობა, ნელ-ნელა მოიკიდეს ფეხი, დაცვაში, ნახევარდაცვასა და შეტევაში, ყველგან "ბარსელონელები" იყვნენ და სწორედ ამ დროს განისაზღვრა ესპანური ფეხბურთის იდენტობაც, - ესეც ყველაზე დიდი პარადოქსი, ესპანურ ფეხბურთს, "ბარსელონური" იდენტობა აქვს.
სამი დიდი ტურნირი მოიგეს ზედიზედ, ევრო, მუნდიალი, მერე ისევ ევრო, თან მოიგეს საოცარი ფეხბურთით, მოიგეს ძალიან ლამაზად და დამაჯერებლად. ყველა ზღაპარს აქვს დასასრული და ესეც დასრულდა. სცადეს ლოპეტეგი, რომელიც ჩემპიონატის წინ მადრიდში გაიქცა, სცადეს დროებით იერო, მაგრამ არაფერი გამოვიდა, სამაგიეროდ, მანამდე კიდევ ერთ მადრიდელს, ვისენტე დელ ბოსკეს გამოუვიდა, რადგან ყველაზე კარგად ხვდებოდა "ბარსელონელების" მნიშვნელობას, მისი ქება-დიდებაც ხშირად მოგვისმენია, მაგალითად ბუსკეტსის მიმართ.
ესენი კიდე ვერ ხვდებოდნენ..
წავიდა ჩავი, წავიდა ინიესტა, ესპანეთი მოიშალა. ჰქონდათ ბევრი მცდელობა, რომ სხვადასხვა ფეხბურთელებით ჩაენაცვლებინათ, მაგრამ ისევ ისე მოეცარათ ხელი, როგორც მწვრთნელის ჩანაცვლების დროს. მერე კი წავიდნენ იმავე გზაზე და ლუის ენრიკე დანიშნეს. მადრიდიდან გაგდებული ბარსელონელი.
ენრიკეს რა გუნდი ჰყავდა, კარგად გვახსოვს. თავად როგორი იყო მოედანზე, ესეც გვახსოვს. ემზადებოდა ევრო 2020-ისთვის და ცუდი ამბავი დატრიალდა მის თავს. ნაკრები დროებით დატოვა, მომაკვდავ შვილთან ერთად ისურვა ყოფნა. მისი ადგილი ნაკრებში მორენომ დაიკავა. ისიც იფიქრეს, ენრიკე დაბრუნებას ვეღარ შეძლებსო, აბა, როგორია, მცირეწლოვან შვილს რომ საშინელი დაავადება წაგართმევს? მაგრამ ენრიკე დაბრუნდა, თანაც დაბრუნდა იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე მანამდე იყო.
კიდევ ერთი დარტყმა ელოდა წინ. მორენომ უთხრა, წადი სახლში დაისვენე, ნაკრებს ევროზე მე წავიყვანო, ფედერაციასაც საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა, ენრიკემ ეს ქმედება ღალატად ჩათვალა და ძალიან გემრიელი წიხლით გაუშვა მორენო გუნდიდან. ამის მერე, მის გუნდში მხოლოდ ის თამაშობს, ვისაც ბოლომდე ენდობა. ხშირად აკრიტიკებენ ვარსკვლავების დაწუნების გამო, მაგალითად სერხიო რამოსის, დავიდ დე ხეას.. ენრიკეს არ აინტერესებს. როგორც ჩანს, საკმარისად არ ენდობა, არც მათი შეცვლა ჰგონია შეუძლებელი. ზუსტად იცის, რასაც აკეთებს და ყოველ ჯერზე ჩანს, რომ ძალიან მაგრად აკეთებს.
ევროზე ბრწყინვალედ მოამზადა გუნდი. მხოლოდ თერთმეტმეტრიანებში დამარცხდა, იტალიასთან. ფინალამდე ერთი ნაბიჯი იყო, შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონატის მოგებამდეც ერთი ნაბიჯი იყო.
ახლა მსოფლიო დაიწყო და მისი გუნდი კიდევ უკეთესია. მისი ნდობით აღჭურვილი პირები კი დაფრინავენ, - ბუსკეტსი, გავი, პედრი, ალბა, ფერანი, - ბალდეც კი შემოფრინდა მოედანზე.
ყოველთვის ისმოდა კითხვა, იყენებს თუ არა "ბარსა" ისე სწორად თავის ფეხბურთელებს, როგორც ენრიკე იყენებს ნაკრებში? არ ვიცი რა ვთქვა. ფაქტია, რომ ენრიკეს ხელში ძალიან მაგრად თამაშობენ.
ჰოდა, ისე გამოდის, რომ ესპანეთის ნაკრები "ბარსელონური" ფილოსოფიით საზრდოობს. თუ ოდესმე წარმატებისათვის მიუღწევიათ, თუ ოდესმე ძლიერი გუნდი ყოფილა, მხოლოდ "ბარსელონელების" თამადობით.
ცოტა პარადოქსულად კი ჟღერს, მაგრამ ასეა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]