საუკეთესოები მუნდიალზე - N:1 - მარადონა

საუკეთესოები მუნდიალზე - N:1 - მარადონა

ერთი დღეც და დავიწყებთ. პირველი ადგილი თავიდანვე განსაზღვრულია, როგორც კომენტარებში დაიწერა, "ნარკამანი მარადონას" საკუთრებაა. დიეგო რევოლუციონერი იყო, ძალიან დიდი მოვლენა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. მე პირადად მგონია, რომ სამი ფეხბურთელი ყველაზე მაღლა დგას, ისეთ სიმაღლეს მიაღწიეს, რომ იმის იქით არაფერია და ვერცერთს ვერცერთზე მაღლა ვერ დავაყენებდი, აგერ, იურგენ კლოპიც ასე ფიქრობს და მიხარია, რომ თანამოაზრე მყოლია, დიდი იოჰანიც ასე ფიქრობდა და თუ კრუიფი გეთანხმება, ესე იგი, რაღაც გონივრული მაინც არის ამ მოსაზრებაში.

პელე, მესი და მარადონა. ადრინდელ ბლოგებში მითქვამს, რომ ბრაზილიელი რონალდოც მათი დონის ტალანტად მიმაჩნდა, მაგრამ გასაგებ მიზეზთა გამო ამ სიმაღლეს ვერ უწია, უფრო სწორად, მხოლოდ ორი წლით შეძლო, ეგ კიდე ცოტაა, ძალიან ცოტა.

ხშირად ამბობენ, რომ პელე იმას ვერ შეძლებდა, რაც მარადონამ შეძლო 86-ში, ჯერ ერთი, პელეს ეს გამოწვევა არც ჰქონია, მისი პერიოდის ბრაზილია გატენილი იყო ვარსკვლავებით, მერე მეორე, გარინჩამ აიღო ლიდერობა და ძალიან დიდი წვლილით მოაგებინა გუნდს 1962 წლის მუნდიალი, მაგრამ იქაც იგივე სურათი გვაქვს, გუნდი სავსეა ვარსკვლავებით. ბრაზილიელი სხვანაირად ვერ იგებს, ეს მენტალური სხვაობაა, ბრაზილია სამბას ქვეყანაა, არგენტინაში კი მესიანური კულტი გვაქვს, სადაც ერთმა კაცმა უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი. მესისთან აღარ ახსენებენ 86 წელს, რადგან უკვე ნახეს, რომ ვერ შეძლო, მესის გზა სულ სხვა გზაა. ეს მსოფლიო ჩემპიონატი თუ მოგებით დაასრულა, რაღაც ძალიან განსაკუთრებულთან გვექნება საქმე, მარადონას შეგვიძლია დიონისური ხაზი ჩავაბაროთ, არათუ მისი კულტის წარმომადგენელი, არამედ თავად დიონისეა. მესი კი აპოლონური სამყაროს თავში მოექცევა, მთავარი შეცდომა სწორედ ეს იყო, აქამდე ცდილობდნენ, რომ ლეო მარადონას გზაზე ეტარებინათ, ამ პიროვნებისგან ითხოვდნენ იმას, რაც მას საერთოდ არ ახასიათებს, ახლა კი მესი ყველას აჩვენებს, რომ სულ სხვა გზა აქვს გასავლელი, თავისივე გზა, ლეო ზედმეტად დიდია იმისათვის, რომ სხვის გზაზე იაროს.

ერთხელ უკვე ვნახეთ ასეთი გამარჯვება, კოპა ამერიკაზე, მერამდენე მცდელობის მერე, სათვალავიც ამერია, წაგებული ფინალების, ნაკრებიდან წასვლისა და დაბრუნების, საოცარი გზაა გავლილი. მუნდიალის მოგება კიდევ უფრო დიდი სიმაღლის მიღწევა იქნება, გადახედავ მის განვლილ გზას, უნდობლობას პირველ მუნდიალზე, ორ სამყაროს შორის შინაგან კონფლიქტს მეორე მუნდიალზე, წაგებულ ფინალს მესამეზე, ყველაფრისგან დაღლილს და ფსიქოლოგიურად განადგურებულს მეოთხეზე, და ამ ყველაფრის მერე ხდება ის, რასაც ახლა ვადევნებთ თვალყურს, არგენტინა მზად არის.

აპოლონური კულტის მწვერვალამდე სულ რაღაც შვიდი მატჩია დარჩენილი.

მანამდე კი ვნების წლები იყო, მარადონას წლები.

დიეგოსაც შეეძლო ხუთი მუნდიალის თამაში, ოღონდ, პელესგან განსხვავებით გამოაკლდა არა უკანასკნლეს, არამედ პირველს. პელეს ასაკში შეეძლო მასაც წასვლა, მაგრამ მენოტიმ არ წაიყვანა. არადა, პატარა მარადონა შეხვდა თავის არგენტინოს ხუნიორსით ბოკას და შავი დღე აყარა. არგენტინაში მისი მსგავსი ფეხბურთელი არ მოიძებნებოდა. მენოტიმ სხვაგვარად განსაჯა და მოიგო კიდეც, ძალიან საეჭვო ამბების მერე, მაგრამ მოიგო.

რა თქმა უნდა, სჯობდა არგენტინას მარადონა ჰყოლოდა, ნიდერლანდებს კრუიფი. არც ერთი იყო ფინალში, არც მეორე. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა.

თავის პირველ მუნდიალზე უკვე მთავარი კაცია, 1982 ერთგვარი სინთეზია 78 წლის მსოფლიო ჩემპიონებისა და 86 წლის მომავალი ჩემპიონების. ხორხე ვალდანოც კი იყო სკამზე, იყო რამონ დიასი, მარიო კემპესი, ბერტონი, პასარელა, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, არგენტინა არ ჰგავს ბრაზილიას, როცა საუკეთესო შემადგენლობა ჰყავთ მაშინ არაფერი გამოსდით, ხოლო, როცა ერთი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავთ, მაშინ მათი დრო დგება. სხვათა შორის, ეს დრო უდგას ახლა ლიონელ მესის.

82-ის მუნდიალი ორი ჯგუფური ეტაპის ტურნირია, პირველი ოთხგუნდიანი, მეორე სამგუნდიანი, პირველი შედარებით მარტივი, მეორე ძალიან რთული. მარადონა ცეკვავს მოედანზე, უნგრეთთან კი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, არგენტინამ 4:0 მოიგო, ლამაზი გუნდია, მენოტის გუნდია, სიამოვნებას იღებენ, იგებენ და ფავორიტებადაც ითვლებიან.

მეორე ჯგუფური ეტაპი ყველაზე რთული გამოდგა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. მარადონას არგენტინა 82 წლის ბრაზილიასთან და იტალიასთან მოხვდა. აქედან ერთი ის გუნდია, რომელთაც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევენ, მეორე კი მომავალი ჩემპიონია, როსის მეთაურობით.

პირველი იტალია იყო, აქ ვიხილეთ ყველაზე უხეში ინდივიდუალური დაპირისპირება ჩემპიონატის ისტორიაში, დავალება მარტივი იყო, მარადონა უნდა გაენეიტრალებინათ, ჯენტილე, მეტსახელად "ყასაბი", მიუჩინეს და იმდენი ურტყა, მოედნიდან აღარც წამომდგარა. ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, პირველი ტაიმი რომ მორჩა გასახდელშიც მომყვებოდაო.

არგენტინა დამარცხდა და გასვლის შანსები ძალიან შეიმცირა, ბრაზილიასთან კიდევ ერთი ომი იყო გადასატანი, იმ ბრაზილიას 70 წლის მსგავსი ფლანგები არ ჰყოლია, სამაგიეროდ ცენტრი ჰყავდა წარმოუდგენლად ძლიერი, მარადონა კვადრატში მოაქციეს, ფალკაო, ტონინიო, სოკრატესი, ზიკო, მერე ბატისტაც გამოვიდა, რომელმაც არგენტინელ ფეხბურთელზე იუხეშა, მარადონამ კი საპასუხოდ წიხლი ჩააზილა. აქ მორჩა ყველაფერი. ისიც აღსანიშნია, რომ დიეგოს 100% - იანი პენალტი არ დაუდეს, ნერვებზე ამანაც იმოქმედა ალბათ.

მენოტის რომანტიზმმა არ იმუშავა და ბილარდოს პრაგმატიზმის ეპოქა დადგა.

რა უნდა ითქვას 86 წლის არგენტინაზე? პასარელა ჰყავდათო, ვიღაცამ წამოიყვირა. კი, ჰყავდათ, სკამზე.

დაცვაში მთავარი კაცი იყო რუჯერი, არასდროს დიდი მცველი არ ყოფილა, მაგრამ ნამდვილი არგენტინელია, ნაჯახივით მცველია. მისი ინტელექტის იმედი დიდად არ უნდა გქონოდა, მაგრამ უჰ, როგორ იქნევდა თავის ნაჯახივით ფეხს..

ბრაუნი იყო დიდი მცველი? არასდროს. საუკეთესო მცველები რომ ჩამოვთვალოთ, რომელზე გავა ბრაუნი? ასეულში შევა?

86 წლის დაცვის ლიდერებზე გვაქვს საუბარი.

დიეგოს ორი კარგი ფეხბურთელი ჰაყვდა გუნდში, ერთი კრუიფის შემდეგ ყველაზე ინტელექტუალი, - ხორხე ვალდანო, და მეორე ძალიან გულიანი, - ბურუჩაგა. ოღონდ, ესენიც იმდენ მომენტს და ისეთებს აფუჭებდნენ, ვის უნდა შევადარო, არ ვიცი.

ის, რაც მცირე ხნის წინ ვიდეოს სახით გავაზიარეთ, კიდევ მონაგონია, ნახევარფინალში მარადონამ მცველები მიყარ-მოყარა, ცარიელ კარში უგორებს ხორხეს და ეეჰჰეეეეეე წავიდა ბურთი ტრიბუნაზე. თასი ძალიან ბევრ რამეს ცვლის, როცა იგებ ეს აცილებებიც აღარავის ახსოვს.

პირველი მატჩი მარტივად დაიწყეს, კორეასთან, დიეგომ სამი საგოლე პასი გააკეთა, არგენტინამ 3:1 მოიგო. მეტიც შეეძლოთ.

მეორე მატჩში მთავარ მეტოქეს დაუპირისპირდნენ და პენალტიც მოუგონეს, (მე ასე მგონია), აგებდნენ, მაგრამ დიეგომ გაათანაბრა. მესის აქვს ასეთი გატანილი "ბაზელის" კარში, ოღონდ დიეგომ უფრო მაღალ სისწრაფეზე შეასრულა.

მესამე მატჩში ბულგარეთი დაამარცხეს, დიეგომ საგოლე პასი მიითვალა, კარგი დრიბლინგის მერე დაასვა თავზე ვალდანოს.

დაიწყო პლეი ოფები და გაგიჟდა დიეგოც, ცალკე მთელი არგენტინა გაგიჟდა იმიტომ, რომ სასწაულ ბურთებს აფუჭებენ. მარადონას ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, (არ ვიცი, რატომ) მაგრამ მაინც მოიგეს, ბეწვის ხიდზე გაიარეს ამდენი აცილებებით.

დიეგო დაფრინავს!

მეოთხედფინალში ერთ დრიბლინგს ნახტომში ხელი წააშველა, ღმერთს რომ დააბრალა მერე, იმის ხელი იყო, ჩემი არ ყოფილაო, მეორე დრიბლინგს ის გოლი მიაყოლა, რომელიც დღემდე მუნდიალის საუკეთესოდ ითვლება.

მესამე დრიბლინგიც იყო, ე.წ ზიდანის ფინტით ინგლისელთა ხაზი გაჭრა, სასაცილო არ არის? მარადონა აკეთებდა და ზიდანის ფინტი ჰქვია, ალბათ იმიტომ, რომ ზიზუს შესრულებით უფრო ლამაზი იყო, ვიდრე პატარაფეხება მარადონას, ეგ მაღალი ფეხბურთელების ფინტი უფროა, ასე მგონია.

ნახევარფინალში ისევ დუბლს ასრულებს, დუბლის გარდა უამრავ მომენტს უქმნის თანაგუნდელებს, მაგრამ რად გინდა.. ვერ გააქვთ.  

ფინალის ამოცანა ნათელია, მარადონა უნდა დაიჭირონ, მათეუსი მიამაგრეს თავის დამზღვევებით, მაქსიმალურად შეამჭიდროვეს ზონები და ოთხი გოლიდან ოთხივე სტანდარტულიდან გავიდა, არგენტინამ გაიტანა პირველი ორი სტანდარტული მდგომარეობით, გერმანიამ გაათანაბრა ასევე სტანდარტული მდგომარეობიდან.

ბევრად უკეთესი გუნდი ჰყავდათ, ბევრად.

გარდა ლოთარ დიდისა, ჰყავდათ გოლის ავტორი ფიოლერი, ორი ოქროს ბურთის მფლობელი რუმინიგე, ჰყავდათ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი ბრემე, და ლიტბარსკიც კი ჰყავდათ სკამზე. მწვრთნელი ბეკენბაუერი.

მაგრამ წააგეს.

თუ რამე გახსნიდა ამ თამაშს, თუ რაღაცით მაინც შესაძლებელი იქნებოდა, რომ ღია თამაშიდან გასულიყო გოლი, მარადონას პასი იყო. ერთი წამითაც არ ფიქრობს, გერმანელებისგან გარშემორტყმული, ბურთი რომ მიიღოს, იქვე ჩააკლავენ, ამიტომ არ იჩერებს, ერთი დატრიალდა და ბურუჩაგა ერთი-ერთზეა, თითქოს ძალიან შორს გაიგდო ბურთი, მაგრამ გაიტანა.

86 წლის მაარდონაზე არავინ არ დაობს. ბავშვების, ან უცოდინრების გარდა, პრინციპში, ეგ უცოდინრობაც მცირე ასაკის გამო აქვთ.

90-ში საშინელი გუნდი ჰყავდა და არგენტინა კიდევ უფრო პრაგმატულია, უსახური, მარადონა ტრავმირებული. სისწრაფეს ვერ იყენებს, ფეხზე ისე მყარად ვეღარ დგას, დარტყმას ძალას ვერ ატანს, მხოლოდ სახელიღაა დარჩენილი, ავტორიტეტს ჩამოკიდებული კაპიტნის სამკლავურით.

იუგოსლავია უფრო ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ გაიარეს.

ბრაზილია ბევრად ძლიერი იყო, მაგრამ დიეგომ აი ის ცნობილი დრიბლინგი დახატა და კანიჯამ შეაგდო.

იტალია თან ბევრად ძლიერი იყო, თან სახლში თამაშობდნენ, მაგრამ ეგ უფრო მარადონას სახლი იყო. პაოლო მალდინი დღემდე ამბობს, თამაში რომ ჩრდილოეთში ყოფილიყო, უპრობლემოდ გავიდოდითო, ეგრეა. დიეგომ მატჩის წინ ისეთი მოწოდება გააკეთა, კინაღამ სამოქალაქო ომი დაიწყო, კაპადიას ფილმში ჩანს, რომ ნეაპოლელთა ნაწილი მარადონას და არგენტინას გულშემატკივრობს, მეორე უფრო დიდი ნაწილი ბანერით გამოვიდა, - "ყველაზე მეტად გვიყვარხარ, მაგრამ ჩვენ იტალიელები ვართ", მესამე მცირე ნაწილი კი მაგრად უსტვენდა.

აქაც გავიდნენ. ისევ ჩხუბით, ისევ უსახურად, ისევ კანიჯას გოლით, ფინალში კი კანიჯაც აღარ ჰყავდათ და დიეგომ ისიც აღარ იცოდა, ვისთვის მიეცა პასი.

იყო პენალტი? არ ვიცი, სადაო ამბავია. ფინალში დადებული პენალტი მათეუსმა არ დაარტყა. ბრემემ შეაგდო. 90-ში უკვე ყველამ იცოდა, რომ დიეგო ტრავმებს ნარკოტიკით ებრძოდა, ტკივილს ასე იყუჩებდა და ორგანიზმი მთლიანად გაინადგურა. რა თქმა უნდა, არ დაუშვებდნენ, რომ კიდევ ერთხელ მოეგო მუნდიალი. ვერ დაუშვებდნენ, რომ პელესთან მიახლოვებულიყო თასებით, პელე სპორტსმენის ეტალონი იყო, მარადონა კი ქუჩის რევოლუციონერი, რომელიც სისტემას უპირისპირდება, სისტემას კი ფიფა წარმოადგენს, აველანჟით სათავეში.

ამის მერე კლუბიდან კლუბში დადიოდა, ნაკრებიდან წავიდა, დისკვალიფიკაციები ჰქონდა, არგენტინამ 90-დან 94-მდე ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა, იქ უკვე ბატისტუტა ბრწყინავს, მაგრამ ისე საშინლად ატარებენ შესარჩევს, რომ პლეი ოფში ხვდებიან. ფანებს კიდე მაგრად ეშინიათ და დიეგოს უხმობენ, დაბრუნდი ნაკრებში! დაბრუნდი ნაკრებში!

დიეგო კიდე უკვე პონჩიკივით არის და იწყებს თავდაუზოგავ ვარჯიშს იმისათვის, რომ არგენტინას კიდევ ერთხელ დაეხმაროს. საბოლოოდ, ისეთ ფორმაში შედის რომ 90 წლის მარადონაზე ბევრად მაგარი ვერსია მივიღეთ, მისი საგოლე პასით არგენტინა პლეი ოფიდან გადის, თან მარტო პასი ხომ არ არის, დიეგო დაბრუნდა ნაკრებში, ოფიციალურად გაღმერთებული კაცი.

მიდიან მუნდიალზე და იქაც იწყებენ თამაშს შტორმივით, აბსოლუტურად ყველა ხაზში დამინანტი ფეხბურთელი ჰყავთ, წინ ბატისტუტა დაფრინავს, კანიჯაც იქვეა, მათ უკან მარადონა, ბურთი რედონდოს ამოაქვს ზღაპრულად, ჩაშლით სიმეონე შლის, რაც ყველაზე მაგრად გამოსდის და დაცვაში ისევ ის ნაჯახი კაცი დგას.

აბა, როგორ დაუშვებდნენ, რომ მარადონას კიდევ ერთი მუნდიალი მოეგო?

ფიფასგან დასჯილს, ჩამოწერილს, თითქოს რომ იფიქრეს, თავიდან მოვიცილეთო, ისევ დაბრუნდა, ისევ ჩემპიონობისკენ იწევდა. ჰოდა, დასაჯეს.

მარადონა იყენებდა ეფედრინს. ნამდვილად ასეა. ტკივილის გასაყუჩებლად. ეფედრინი კი შეერთებულ შტატებში 2004 წელს აიკრძალა. მარადონა 10 წლით ადრე დასაჯეს.

არ ვიცი, მოიგებდნენ თუ ვერა, მაგრამ დაუვიწყარ მატჩებს კი გვაჩუქებდნენ, გადაიკვეთებოდნენ იტალიასთან, ან ბრაზილიასთან. მუნდიალიც ხომ ამიტომ გვიყვარს? დიდი ფეხბურთელების ჯახის გამო. წაგვართვეს ეგ ამბავი, მოგვპარეს.

ახლა სულ სხვა ათეული შევადგინოთ და დავიშალოთ, - ინდივიდუალური პერფორმანსების ათეული:

  1. დიეგო - 1986
  2. გარინჩა - 1962
  3. პელე და ჟაირზინიო - 1970
  4. ზიდანი - 2006
  5. გერდ მიულერი - 1970
  6. რონალდო და რივალდო - 2002
  7. კრუიფი - 1974
  8. რომარიო და ბაჯო - 1994
  9. როსი - 1982
  10. რონალდო - 1998

აი, ამაზე უკვე შეიძლება დავა. პირველი ორის გარდა, რა თქმა უნდა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #6 20 ნოემბერი 2022 22:20
    1
    1986 წელს რომ მარადონამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონობაში ამაზე არავინ დაობს მაგრამ 1990 წელს მარტო მარადონას რომ აწერენ წარმატებას, გუნდი ფინალში გაათრიაო ასეთი ბევრი ადამიანი შემხვედრია და მუდამ მიჩნდება კითხვა-კი მაგრამ იუგოსლავიასთან და იტალიასთან პენალტებით რომ მოიგეს, ის პენალტები გოიკოეჩეამ მოიგერია მარადონამ ხომ არა?! მინიმუმ ასე უნდა ითქვას რომ მადადონამ და გოიკოეჩეამ გაათრიეს ფინალში არგენტინაო თუ მაინცდამაინც ვინმეს გათრევაზე იყო გუნდი დამოკიდებული. აღარაფერს ვამბობ თამაშს ბრაზილიასთან, სადაც მარადონამ კარგი პასი გააკეთა საგოლე მაგრამ მანდ მარადონა-კანიჯაზე მეტად იღბალმა გაიყვანა არგენტინა, რომლის კარის ძელსაც(ხარიხასაც) 4-ჯერ მოარტყეს ბურთი ბრაზილიელებმა.
    მწერალი [?]
    #5 19 ნოემბერი 2022 18:37
    1
    MARI=BARCA-fan,
    გააჩნია როგორ მოიგებს.

    მესი უკვე არის იმ დონეზე, რომ მასზე მაღლა არავინ დავაყენო, ისე როგორც დიეგოზე მაღლა არ ვაყენებ არავის.
    თუ ლიდერობით მოიგებს, თავისი თამაშით, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაშიც გაუთანაბრდება. ორივეს ერთი ფინალი ექნება წაგებული, ორივეს ერთი ფინალი ექნება მოგებული. განსხვავებული გზებით, მაგრამ დიდი წვლილით.

    nika 54,
    კემპესი იყო უდაოდ, მაგრამ ისეთიც არ ყოფილა, რომ ამ ათეულში შემეყვანა. ჩემი აზრით, რავი..
    Culé [?]
    #4 19 ნოემბერი 2022 18:22
    0
    მარადონა მუნდიალზე კიარა ისტორიაშიც N1-ია, ნუ მესია ვინც შეიძლება დაუყენოთ კონკურენტად, დიეგო იყო საოცრება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ნოემბერი 2022 17:52
    0
    1.დიეგო - 1986
    2.გარინჩა - 1962
    3.პელე და ჟაირზინიო - 1970
    4.ზიდანი - 2006
    5.გერდ მიულერი - 1970
    6.რონალდო და რივალდო - 2002
    7.კრუიფი - 1974
    8.რომარიო და ბაჯო - 1994
    9.როსი - 1982
    10.რონალდო - 1998
    აქ რაღაც ვერ გავიგე, 1978-ში ვინ იყო საუკეთესო. ჩემი აზრით კემპესი.
    Culé [?]
    #2 19 ნოემბერი 2022 17:34
    3
    მოგესალმებით ფეოლა!
    ყოველთვის შესანიშნავი გარჩევები გაქვთ, მაგრამ ამჯერად კითხვა მაქვს:
    - ეხლა რომ მესიმ მსოფლიო მოიგოს, თუ შეცვლიდით თქვენს სიას? და როგორ შეცვლიდით? ბოლოს და ბოლოს აღირსებდით თუ არა მას დიეგოზე წინ დაყენებას, ადამიანს, რომელსაც მაგ "ნარკამანზე" 3-ჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი ნაკრებში, თანაც დღევანდელ ფეხბურთში??? მარადონას ჰყავდა მაგარი თანაგუნდელები, მესის არა, და მაინც სამჯერ მეტი გოლი აქვს!
    ეხლა ჰყავს მესის მაგრად მოხოდილი ბიჭები და მოიგო კიდეც კოპა, თანაც როგორ მოიგეს, გიჟურად! ვნახოთ იგივე სასტავი რას იზავს მსოფლიოზე, ურთულეს გუნდებთან!!!! დიდი იმედით ვარ!!!!
    ნუ, კლუბის დონეზე ისედაც ვიცი, რომ მარადონა მესისთან სიახლოვესაც ვერ მოვა ვერასოდეს ვერცერთ ასპექტში..
    პ.ს. wink რას ვიზავთ, ყველას თავისი აზრი აქვს და აბსოლუტურად ყველას პატივს ვცემ!!!
    Culé [?]
    #1 19 ნოემბერი 2022 14:20
    0
    კრაიფფფ 1974>ზიდან 2006