საუკეთესოები მუნდიალზე - N:2 რონალდო

საუკეთესოები მუნდიალზე - N:2 რონალდო

ორი დღეც და ვიწყებთ, კატარი მზად არის, გუნდები მზად არიან, სანახაობას ველით და რა გამოვა, ვნახავთ. ჩვენი მეორეადგილოსანი კი რონალდოა, არჩევანი მაინცდამაინც რთული არ ყოფილა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მხოლოდ "ბარსას" მემკვიდრეობას თუ შევეხებით, მეორე ადგილი გარანტირებული ჰქონდა.

რა უნდა დავწეროთ ახლა ისეთი, რაც აქამდე არ დაგვიწერია, რონალდომ კარიერა ჯერ კიდევ გუშინ დაასრულა, შეიძლება ასეც ითქვას, თუ გუშინდელივით გახსოვს, ესე იგი, გუშინ იყო.

თემას დიდად არ გადავუხვევ და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატს შევეხოთ, მაგალითად, აქვს თუ არა ამ მხრივ რონალდოს უპირატესობა პელესთან? მე მგონია, რომ არ აქვს, თუმცა, ბრაზილიაში ყველა დროის ნომერი მეორე შეიძლება იყოს კიდეც, იქაც გარინჩასთან უწევს კონკურენცია.

რონალდოს - 1994

პელეს - 1958

ასაკი თანაბარია, თუმცა პელეს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, რონალდოს წამიც კი არ უთამაშია სადებიუტო მუნდიალზე, პელე კი აღმოჩენა გახდა, ფაქტობრივად ოფიციალური განაცხადი შეიტანა მეფობაზე. თუმცა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი დიდი იყო. ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი მატჩი სკამზე დატოვეს, მესამეში გამოვიდა და საგოლე პასი მიითვალა, პლეიოფში კი გაგიჟდა, მეოთხედფინალში უელსს გაუტანა, ნახევარფინალში ჰეთ თრიქი შეასრულა საფრანგეთთან, ფინალში კი დუბლი შეასრულა, ორიდან ერთი გოლი ფინალების ისტორიაში საუკეთესოა.

1:0 - პელეს სასარგებლოდ.

რონალდოს - 1998

პელეს - 1962

მოლოდინი თანაბარია, პელე უკვე მსოფლიოში საუკეთესოა, ისევე როგორც რონალდო, ყველა ელის, რომ მუნდიალს მოიგებენ, მაგრამ ცუდი ამბები ხდება, როგორც ერთის, ისე მეორის თავს, განსხვავება ის არის, რომ პელეს დასაწყისშივე შეექმნა პრობლემა, რონალდოს კი ბოლოს.

პელემ დაიწყო დიდებულად, მექსიკასთან 2:0 მოგებულ მატჩში, გოლს + საგოლე პასი მიითვალა. თან რა გოლი შეაგდო, ნანახიც გექნებათ, მცველებს არაფრად აგდებს, საერთოდ არ იმჩნევს, თითქოს არც იყონ მოედანზე. აქ ჩანს მისი წარმოუდგენელი სიმძლავრე, რომლის მსგავსიც არცერთ ფეხბურთელში არ მინახავს. მომდევნო მატჩში ტრავმას იღებს და მუნდიალს ნაადრევად ასრულებს. ლიდერობას თავის თავზე გარინჩა იღებს და სასწაულებს სჩადის, ბრწყინავდა ასევე ვავაც, მაგრამ გარინჩას წვლილი გაცილებით დიდი იყო. ბრაზილიამ მუნდიალი მოიგო, პელეს გარეშე, გარინჩას კი მარადონას შემდეგ საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსის ტიტული დღემდე ეკუთვნის. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა, რა თქმა უნდა.

რონალდოს თავს რა ხდება? მაგრად გააკრიტიკეს ჯგუფური ეტაპის მერე, მისგან ყველა მატჩში გოლს ელოდნენ, მას კი სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა, მაროკოს კარში. ვერ დაიწყო დიდად შედეგიანად, მაგრამ მაინც საუკეთესო იყო. პლეი ოფებიდან კი გვაჩვენა, რაც შეეძლო, მერვედფინალში ჩილესთან დუბლი გაიფორმა, მეოთხედფინალში დანიასთან ორ საგოლე გადაცემას დასჯერდა, ნახევარფინალში კი ნიდერლანდებს გაუტანა, გარდა ამისა, შავი დღე აყარა დე ბურსა და იაპ სტამს, მისი დრიბლინგი დამატებით დროში დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოა მუნდიალის ისტორიაში.

ასე გახდა რონალდო 1998 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. ფინალამდე ხდება გამაოგნებელი ამბავი, რონალდო კრუნჩხვებში ვარდება, ექიმებს ეპილეპსიური შეტევა ჰგონიათ და გადაჰყავთ საავადმყოფოში, სადაც დიდი დოზით გარდენალს უშვებენ მის ორგანიზმში, ზაგალო ფეხბურთელებს მიმართავს, რომ 1962 წელს მუნდიალი პელეს გარეშე მოიგეს, ახლა რონალდოს გარეშე მოვიგებთო, მაგრამ რონალდო ბრუნდება და კატეგორიულად ითხოვს ძირითადში დაყენებას. გადის სათამაშოდ და ფეხზე ძლივს დგას, რამდენიმე კვირის შემდეგ ირკვევა, რომ ეს ეპილეპსია არ ყოფილა, ინფარქტი იყო.

აქ უპირატესობა, რა თქმა უნდა, რონალდოს აქვს, პელეს ერთი კარგი მატჩი ვერ შეედრება კიჭას ფინალამდე განვლილ გზას.

1:1

პელეს - 1966

რონალდოს - 2002

კარგია, რომ თანაბარ ასაკში გვიწევს მათი შედარება. იდენტურ ასაკში ატარებდნენ მსოფლიო ჩემპიონატს. პელეს თავს პრობლემები გრძელდება, ბრაზილია ორჯერ ზედიზედ იყო მსოფლიო ჩემპიონი, დიდიმ და გარინჩამ კუთვნილი ჯილდოები ჩაიბარეს, ისინი იყვნენ ლიდერები, ახლა კი პელეს ჯერი იყო, დაწყება ისევ ბრწყინვალე, ბულგარეთს 2:0 მოუგეს, პელე საუკეთესო იყო და ძალიან მაგარი ჯარიმაც შეაგდო, რობერტო კარლოსის სტილში, დაბალი ძლიერი დარტყმით. მეორე ჯარიმა გარინჩამ შეაგდო, ვაღიაროთ, ბევრად ლამაზი იყო.

პელემ ისევ ტრავმა მიიღო, უიღბლობა გაგრძელდა. ძალიან მაგარი ათლეტი იყო, მაგრამ იმდენს ურტყამდნენ, რომ სულ ტრავმა ჰქონდა, მისი ტრავმების უმრავლესობა მიღებული დარტყმების შედეგად ფიქსირდება.

პელე ისვენებს და ბრაზილია აგებს უნგრეთთან, - 1:3. ჩნდება საფრთხე, რომ ჩემპიონები ჯგუფში ჩარჩნენ. პელე ტრავმის მიუხედავად გადის სათამაშოთ ეუსებიოს პორტუგალიასთან. ისევ ტრავმას იღებს ძლიერი დარტყმის შემდეგ, კოჭლობით გადის მოედნიდან და მაინც ბრუნდება.

ბრაზილიას ტრავმირებული პელე ვერ შველის, - 1:3. ჩემპიონები ჯგუფში რჩებიან. პელე ყველაზე უიღბლო ფეხბურთელია მსოფლიოში, საუკეთესო ასაკში ჩასატარებელი ორი მსოფლიო ჩემპიონატი ტრავმის გამო ჩააგდო.

რონალდოსთან რა ხდება? 1998 წლის ფინალის მოვლენების შემდეგ ბრუნდება "ინტერში" და ტანჯავს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ტრავმები. მთელი სეზონის მანძილზე ქრონიკულად იღებს ტრავმებს, გამოდის მოედანზე, საუკეთესოა, მერე ისევ ტრავმა. სეზონი ჩავარდა. მომდევნო სეზონში "ლეჩესთან" იღებს მუხლის უმძიმეს ტრავმას და ექვსი თვით ეთიშება ფეხბურთს, დიდი პაუზის შემდეგ ბრუნდება "ლაციოსთან" მატჩში, მის წამოდგომას და სარბენ ბილიკზე გახურებას ტაშით ეგებება მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგიც, რონალდო გამოდის და შვიდ წუთში იღებს ისეთ საშინელ ტრავმას, რომლის მერეც ფეხბურთს აღარ თამაშობენ, უბრალოდ ზრუნავენ, რომ სიარული ისევ შეძლონ. რონალდო მუხლზე ხელჩავლებული ღრიალებს, ლიპის ხელები თავში აქვს წაშენილი და ხვდება, რომ ყველაფერი დასრულდა.

ფენომენის პაუზა გამოტოვებული ექვსი თვის შემდეგ, კიდევ წელიწადნახევარს გაგრძელდა. უკვე ყველამ იცოდა, რომ ეს ფეხბურთელი იგივე დონეზე ვერ დაბრუნდებოდა. ჰქონდა დეპრესია და გახდა ალკოჰოლზე დამოკიდებული, მაგრამ რაღაცამ მისცა ძალა, რომ მოედანზე დაბრუნებულიყო, ამ ტრავმებისა და საშინელი პერიოდის შემდეგ მომდევნო მუნდიალი მოახლოვდა, სწორედ ამან მისცა ძალა რონალდოს, ბრაზილიელებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი და ნაკრების ფორმა აბსოლუტურად ყველაფერზე მაღლა დგას.

კიჭა დაბრუნდა მძიმედ. მუნდიალის წინა სეზონი კარგი ნამდვილად არ ჰქონია, ისევ იღებდა დაზიანებებს, მაგრამ სეზონის მიწურულს თავის შანსს ჩაეჭიდა და ფორმაში შევიდა, ზედიზედ შეყარა გოლები, ჩემპიონობისთვისაც იბრძოლა და ბრაზილიის განაცხადში მოხვდა. ამის გამო სკოლარის აკრიტიკებდნენ, ამდენი ხნის უთამაშებელი რონალდო როგორ შეიყვანე განაცხადში, მაგის დიდი ფეხბურთი უკვე დამთავრებულიაო.

ჰოდა, ვიცით რაც მოხდა. ინგლისის გარდა ყველას გაუტანა. კოსტა რიკას და გერმანიას ფინალში გაუტანა ორჯერ. გარდა ამისა, იმდენი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა, მოსაყოლად არ გვეყოფა. ფინალის წინ, პანიკა ჰქონდა, შიშობდა, რომ ისევ იგივე დაემართებოდა, ამჯერად დიდა იყო მასთან ერთად ოთახში, რომელიც ძალიან რელიგიური და მშვიდი კაცია, რონალდოც დაამშვიდა, ნუ გეშინია, მაქსიმუმ მოკვდე, სხვა რა უნდა მოგივიდესო.

რონალდო ფინალს იწყებს გამოუყენებელი მომენტებით, და აგრძელებს დუბლით. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ამაზე დიდი ქამბექი არ არსებობს! 98-დან დაიწყო ისეთი ჯოჯოხეთი, რომლის ატანაც და დაძლევაც არაადამიანურ ძალისხმევას მოითხოვს, ოთხი წლის თავზე კი მსოფლიო ჩემპიონი ხდება. ღვთაებრივი ოთხი წელია, კაცთა და ღმერთთა დიალოგის წლები, რაღაცით იობის ამბავს რომ მოგაგონებს.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ოლივერ კანი გახდა. რონალდომ ბომბარდირის ტიტული დაისაკუთრა.

2:1 - რონალდოს სასარგებლოდ.

პელეს - 1970

რონალდოს - 2006

უჰ, ბრაზილიური რენესანსია. ვარსკვლავთცვენა ორივე ნაკრებში, უბრალოდ ერთი რეალიზდა, მეორე ვერა. პელე გაასმაგებული მოტივაციით თამაშობს, ვინ იცის, იქნებ ბოლოჯერ აქვს შანსი საუკეთესო იყოს მუნდიალზე, რონალდოს მოტივაცია კი გარდა ჩემპიონობისა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის ტიტულია. მაშინ რეკორდის მფლობელი გერდ მიულერი იყო, - 14 გატანილი გოლით. რონალდოს 12 ჰქონდა შეგდებული, ამ რაოდენობით პელეს გაუთანაბრდა,  და კიდევ სამი სჭირდებოდა რეკორდისთვის.

ფიქრობდა ალბათ პელე, ტრავმები არ მიმეღო და გაჩვენებდით ვის რამდენი ექნებოდაო..

1970 წლის პელე სულ სხვა ფეხბურთელია. კიდევ უფრო უკან დაწეული, როგორც მესიმ დაიწია დროთა განმავლობაში, ნამდვილი ათიანია, დირიჟორი, ხან ცხრიანია, ხან ათიანი, ყველაფერია ბრაზილიითვის, ნამდვილი ლიდერი და დიდი ხელოვანი, მართლაც რომ მეფე!

გახსნითი მატჩი ყოველთვის კარგი ჰქონდა, გოლს + პასი მიითალა. მეორე მატჩი ინგლისთან მისი პასით გატანილი გოლი ერთადერთი იყო. მესამე მატჩში რუმინეთთან დუბლი შეასრულა. ასე მორჩა ჯგუფური ეტაპი. ტრავმა არ ჩანს, ყველაფერი რიგზეა, პელეს და ბრაზილიის გამჩერებელი კაციშვილი არ არის.

მეოთხედფინალში პერუს გადაუარეს, პელემ საგოლე პასი მიითვალა. ნახევარფინალში ურუგვაის გადაუარეს, პელემ ისევ საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ უნდა ნახოთ, რაებს აკეთებს ამ თამაშში, არავინ მის მსგავსად არ თამაშობს, არადა, 30 წლის კაცია, იმ დროს 30 წლის ხალხი თამაშს ანებებდა თავს.

ფინალში იტალიას გადაუარეს, პელემ ერთი შეაგდო და ორი საგოლე პასი მიითვალა. მისი ყველა შეხების ხილვა ერთი სიამოვნება იყო.

რონალდომ და ბრაზილიამ რა ქნეს? აქ ლიდერი რონალდო წესით აღარ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვისაც ახსოვს ჩემპიონატი, ისიც ემახსოვრება, რომ მაინც კიჭა იყო ლიდერი, არც კაკა, არც რონი. საფრანგეთთანაც რონალდომ ითამაშა ყველაზე კარგად. გაიტანა ის სამი გოლი, მოხსნა რეკორდი, მოიხადა ვალი და წავიდა სახლში. ეს უკვე ბოლო იყო, კარგი სუმოისტივით ჩამრგვალებული რონალდოსთვის.

პელეს კი შეეძლო 1974-ში თამაში, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო თქვა უარი. მეხუთე შეეძლო და უარი თქვა.

2:2 - ყაიმი გვაქვს.

დანარჩენი თავად განსაჯეთ. რონალდო ჩვენი ღირსეული მეორე ნომერია.

მე-3 ადგილი - La Masia


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #6 18 ნოემბერი 2022 19:50
    1
    [quote=jack slater]... რატო გვტენით მარადონას ესე გამწარებული ვერ გავიგე...
    ვაფშე ვერაფრით ჯობია რონალდოს! რონალდოს მარტო 2002 წლის მსოფლიო ჯობია მთლიან მარადონას კარიერას![/quote]


    გეტყობა შენ ფეხბურთის აზრზე საერთოდ არ ხარ.[/quote]

    🤯 კაი ჩემო ძმაო 😂
    წევრი [?]
    #5 18 ნოემბერი 2022 18:37
    2
    2002 წლის მსოფლიო მახსოვს, რონალდო მართლა მაგარი იყო, არანაკლები იყო რივალდოც, იმ მსოფლიოზე რომ ჰყავდა ეგეთი ნაკრები აღარ ჰყოლია ბრაზილიას, აგერ 20 წელი გავიდა და არამგონია ან ამ მსოფლიოზე ჰყავდეს იმ დონის გუნდი.
    გულშემატკივარი [?]
    #4 18 ნოემბერი 2022 16:40
    0
    ფეოლა,
    😂😂😂😂😂
    მწერალი [?]
    #3 18 ნოემბერი 2022 16:10
    0
    Lashach1,
    😂😂😂❤️
    გულშემატკივარი [?]
    #2 18 ნოემბერი 2022 15:58
    3
    ფეოლა ისევ თავისას აწვება, პირველ კაცად იმ ნარკომანის დაყენება უნდა და კარგი რა... რატო გვტენით მარადონას ესე გამწარებული ვერ გავიგე...
    ვაფშე ვერაფრით ჯობია რონალდოს! რონალდოს მარტო 2002 წლის მსოფლიო ჯობია მთლიან მარადონას კარიერას!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ნოემბერი 2022 14:31
    1
    პელეს კი შეეძლო 1974-ში თამაში, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო თქვა უარი. მეხუთე შეეძლო და უარი თქვა. სწორედ მოიქცა, მაშინდელი პელე ის აღარ იყო რაც 70-ში, კრუიფის და სხვათა ფონზე ნამდვილად დამარცხდებოდა. ეს ის ფეხბურთი აღარ იყო რასაც პელე თამაშობდა.