საუკეთესოები მუნდიალზე - La Masia

საუკეთესოები მუნდიალზე - La Masia

მივედით მესამე ადგილამდე. სულ ცოტაც და ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერება, ჩვენ კი მესამე ადგილი ლა მასიას დავუთმეთ. სხვაგვარად არ გამოვიდოდა, ათეული ძალიან ცოტაა ამდენი მაგარი ფეხბურთელისთვის, 2010 წლის ჩემპიონატი ყველა "ბარსელონელმა" ისე ითამაშა, რომ მათი მიღმა დატოვება არ შეიძლებოდა, ყველა თუ არა, ხუთი მაინც აუცილებლად შესაყვანი იყო. არ არსებობს სხვა მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც ერთი აკადემიიდან, ამხელა შევსება მიეღო და მათი დახმარებით მუნდიალი მოეგო, თან როდის მოხდა ეს ყველაფერი? 2010 წელს, როცა კლუბები არა თავიანთ აღზრდილებს, არამედ ძვირად ნაყიდ ფეხბურთელებს ეყრდნობოდნენ. წარმოუდგენელი ამბავია. დაუჯერებელი. "ბარსელონას" აკადემიის უდიდესი წვლილით, ესპანეთმა პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, აბა, როგორ ჟღერს? 

ნიდერლანდებს ჰყავდა ექვსი "აიაქსელი" 74 წლის ფინალში, ისევე როგორც ესპანეთს ჰყავდა ექვსი "ბარსელონელი", განსხვავება ორ რამეშია, ესპანეთმა მეშვიდეც შემოიყვანა, რომელმაც საგოლე პასი მიითვალა, მეორე და მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ "ბარსელონელებმა" მოიგეს ეს ტურნირი, "აიაქსელებმა" ვერა. 

პიკე და პუიოლი დაცვაში, ბუსკეტსი საყრდენზე, მის წინ ჩავი და ინიესტა, მარჯვენა გარემარბად ფინალში ვიხილეთ პედრო, შეცვლაზე კი ფაბრეგასი შემოვიდა. ასე მოიხსნა რეკორდი, თან მხოლოდ მონაწილეობა ხომ არ არის, თითოეულმა უდიდესი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, ამიტომაც გაჭირდა რომელიმეს გამორჩევა, როგორ შეიძლებოდა, რომ კარლეს პუიოლი მიღმა დაგვეტოვებინა, ან ჩავი, ან ინიესტა, თუნდაც ბუსკეტსი და პიკე, პედრო, რომელმაც დასკვნით მატჩებში დაიმკვიდრა ადგილი ძირითადში და ფაბრეგასი, რომელმაც ინიესტას საგოლე პასი მისცა. ეს ერთი სკოლაა, ამათი განცალკევება არ შეიძლება. 

ისიც დაგვეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში, რომ სხვა მსოფლიო ჩემპიონატებზე არცერთისგან განსაკუთრებული არაფერი გვინახავს. 2002-ში ჩავი სათადარიგოს ფეხბურთელი იყო, პუიოლი მარჯვენა მცველი, ცუდი არ იყო ესპანეთი. გახსოვთ ალბათ, მსაჯმა გააგდო, სამი გოლი არ ჩაუთვალეს, კორეა ხომ მიაცილეს ნახევარფინალამდე. სხვათა შორის, ამ სამარცხვინო ამბის თანამონაწილე გახდა გუს ჰიდინკი, სამხრეთ კორეის ნაკრების მწვრთნელი, რომელიც "ჩელსი" "ბარსელონას" მერე მსაჯებზე ჩიოდა, იქ ორივე მხარეს იყო შეცდომები, უბრალოდ "ბარსას" სასარგებლოდ მეტი შეცდომა დაუშვეს, კორეაში კი შეცდომები არ ყოფილა, შეგნებულად სჯიდნენ იტალიასა და ესპანეთს, ნახევარფინალში გერმანიას არასდროს ამდენი ქომაგი არ ჰყოლია, აბსოლუტურად ყველას სურდა, რომ ეს სამარცხვინო ამბავი დაესრულებინა. 

2006-ში ესპანეთს უკვე ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავდა, თუმცა, დაულაგებელი იყო, ბირთვი არ იყო ჩამოყალიბებული, ჩავის დიდი ნდობა არ ჰქონია, ინიესტა სათადარიგო იყო, პუიოლი უკვე ცენტრალური მცველი, მისი ბოლო ჩართულობა ზიდანთან დაპირისპირება გახდა, ზიზუმ მაინც წამოიკიდა ფინტზე და გოლიც გაიტანა. ესპანეთი გავარდა. არაფერი განსაკუთრებული. 

აი, 2010-ში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები იყვნენ, ერთ-ერთი იმიტომ, რომ არგენტინას თვლიდნენ მთავარ ფავორიტად. ბოსკეც არ მალავდა, "ბარსელონას" სახით უკვე მაქვს ბირთვი მოცემული და ამას ხელი არ უნდა შევუშალოო. როგორც წესი, ნაკრებების პრობლემა შეუთამაშებლობაა, ვის აქვს ამდენი დრო, კლუბიდან ფეხბურთელი გამოიძახოს და მის ადაპტირებაზე იმუშაოს, აქ ყველაფერი რიგზე იყო, "ბარსას" თავის სათამაშო მოდელიც ჰქონდა, იდენტობაც, სტილიც და შეთამაშებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ეს საჩუქარი იყო დელ ბოსკესთვის.

ამდენი ჭკვიანი ფეხბურთელი ერთ ნაკრებში რთული გასახსენებელია, მე საფრანგეთის ნაკრები მახსენდება მხოლოდ, ზიზუს თაობა, უჭკვიანესი ფეხბურთელების გუნდი იყო, თუმცა, ესპანეთის მსგავსად შეთამაშებული არასდროს ყოფილა. ტრიუმფის მერე ისიც კი ითქვა, მსოფლიო ჩემპიონატი "ბარსელონამ" მოიგოო, რაც მოდი ვთქვათ, რომ უსამართლობაა, იკერ კასილიასი ესპანეთის მხსნელი იყო, სერხიო რამოსმა კი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო პერფორმანსი გვაჩვენა მარჯვენა მცველის პოზიციაზე, მე მსგავსი არაფერი მინახავს, სამეულში აუცილებლად შევიდოდა. არც ჩაბი ალონსო უნდა დაგვავიწყდეს, რეალურად, "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელის დამატება სჭირდებოდა და იდეალური კანდიდატები დაიმატეს, წინ კი დავიდ ვილია, რომელზეც უკვე დავწერეთ. იდეალური გუნდი იყო. 

ასეთი დომინანტი გუნდი, მთელი თამაში რომ ბურთი უჭირავს და არ უშვებს, მხოლოდ ერთი ახსოვს მსოფლიოს, ბრაზილიის ნაკრები იყო ასეთი, იმ შორეულ დროს, მერე ნიდერლანდებიც, მაგრამ მათ არ მოუგიათ, ესპანეთმა კი რაღაც ძალიან ძველი დააბრუნა ახლებური სახით. ასეთი რამ ალბათ აღარ განმეორდება. ჩავიმ მსოფლიო ჩემპიონობის მერე ისიც კი წამოიყვირა, ესპანეთს გაუმარჯოსო და სახლში დაბრუნებულს საყვედურიც უთხრეს, რა ესპანეთს, თავი ხომ არ მიგირტყამს რამეზეო. იყო მცირე დაძაბულობა, მაგრამ მალევე განიმუხტა. 

ის ნანატრი და საოცნებო გოლი კი იმან შეაგდო, ვისაც ყველაზე მეტად ეკუთვნოდა, ანდრეს ინიესტა გახდა ეს რჩეული. მას მერე, მთელი სეზონის განმავლობაში ესპანეთის ყველა სტადიონზე ტაშით ხვდებოდნენ. აფასებდნენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, არამედ იმიტომ, რომ დიდსულოვანი ადამიანია. ფინალს უყურებდა მთელი ესპანეთი, თავის მეფიან-ფერმერიანად, უყურებდნენ ფეხბურთზე გაგიჟებული ქომაგები და უბრალო ადამიანები, მათ შორის ისინიც, ვინც ძალიან დიდ ტკივილსა და სევდას ატარებდნენ, რადგან შვილი ჰყავდათ დაღუპული, ახალგაზრდა კაცი, ჯანსაღი და ძლიერი, ერთ დღესაც გულის შეტევით გარდაიცვალა, უყურებდნენ თავიანთი ქვეყნისა და გარდაცვლილი შვილის საყვარელ თამაშს, სადაც ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორმა, გაგიჟებული რომ აღნიშნავდა გატანილ გოლს, ფორმა გაიხადა და შიდა მაისურზე მათი შვილის გვარი ეწერა, - Dani Jarque, Siempre con nosotros. (დანი ხარკე, ყოველთვის ჩვენთან ერთად). 

სამი რამ დანამდვილებით ვიცით,

  • ინიესტას, ფინალის წინ, და ვინ იცის, იქნებ მთელი ჩემპიონატის მიმდინარეობისას, გარდაცვლილ მეგობარზე ფიქრი არ ტოვებდა. 
  • წინასწარ ფიქრობდა გატანილ გოლზე, რათა ხარკესთვის მიეძღვნა. 
  • ანდრეს ინიესტა ძალიან დიდი პიროვნებაა. 

რამდენიმე "ბარსელონელმა" მომდევნო წლებშიც ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი, მათგან ერთი, სერხიო ბუსკეტსი ახლაც ითამაშებს. არც 2014 წლის ყოფილა რამით გამორჩეული, არც 2018-ის. ჯერ ჯგუფში ჩარჩნენ, მერე კი რუსეთთან დამარცხდნენ მერვედფინალში. ესპანელთათვის მხოლოდ 2010-ში შედგა განსაკუთრებულად მაგარი ტურნირი, რადგან ზუსტად ამ დროს იდგა "ბარსელონას" ზეობის ხანა. 

მე-10 ადგილი - ხრისტო სტოიჩკოვი

მე-9 ადგილი - გარი ლინეკერი

მე-8 ადგილი - დავიდ ვილია

მე-7 ადგილი - იოჰან კრუიფი

მე-6 ადგილი - ლიონელ მესი

მე-5 ადგილი - რომარიო

მე-4 ადგილი - რივალდო


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 ნოემბერი 2022 16:30
    1
    ეხლა წარმოიდგინეთ ესპანეთის პასპორტის მქონე მესის რო ეთამაშა ამ ნაკრებში, რა საყურებელი გუნდი იქნებოდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ნოემბერი 2022 13:55
    1
    2002-ში მართლა გამწარებული ვგულშემატკივრობდი 1/2 ფინალში გერმანიას;
    აღარ შემეძლო ასეთი მარაზმის ყურება;
    ეგ მუნდიალი შავი ლაქაა ფეხბურთის ისტორიაში, უსამარცხვინოესი შემთხვევა;
    მე თუ მკითხავთ მუნდიალის რეიტინგზე და რეპუტაციაზე მაგან იმუშავა ძალიან უარყოფითად;
    სტატია შესანიშნავია
    მადლობა ფეოლა
    ფანი [?]
    #1 17 ნოემბერი 2022 12:57
    1
    კარგი აზრი იყო ამათი გაერთიანება, მართლა რა გუნდი ყავდა მნაშინ ესპანეთს, სიამოვნება იყო ამათი ყურება და ბარსელონას გულკშემატკივრისთვის კი ორმაგად სასიამოვნო