იცოდნენ, რომ კარგი იყო, მაგრამ არა ამდენად კარგი

იცოდნენ, რომ კარგი იყო, მაგრამ არა ამდენად კარგი

The Guardian-მა რობერტ ლევანდოვსკის სტატია მიუძღვნა, "მალიორკასთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ, რომელიც "ბარსამ" პოლონელის დიდებული გოლის წყალობით მოიგო. მას შემდეგ რობერტს ჩავარდნა აქვს, სხვა ფეხბურთელთან მიმართებით ამ სიტყვას არ გამოვიყენებდით, მაგრამ, ლევანდოვსკიმ ისეთ სიმაღლეზე აწია თამასა რომ ორი უღიმღამო მატჩი მაინც გვაფიქრებს. ვფიქრობ საჭიროა გავიხსენოთ რომ ეს მხოლოდ ორი მატჩია, უფრო მნიშვნელოვანი ორი მატჩი კი წინ გველის, ამიტომ, გავუხსნათ გზა ამ სადიდებელ სტატიას და იმედი ვიქონიოთ რომ მომდევნო ორ მატჩში საუკეთესო ლევანდოვსკის ვიხილავთ. 

აღმოჩნდა, რომ კაცი, რომელსაც კარიერაში 618 გოლი აქვს შეგდებული და მთელი დეკადის განმავლობაში ყოველ წელს 25 გოლზე მეტი გააქვს, საკმაოდ კარგი ფეხბურთელია. სანაკრებო პაუზის შემდეგ ბევრი ტრავმირებული დაბრუნდა, ის კი ჯანმრთელია და კვლავ მშვენიერ ფორმაშია. პოლონელი იან რაში, და პოლონელი პიჩიჩი! და ვინ იცის, იქნებ უფრო მეტიც, ბოლოს და ბოლოს, მასთან ერთად "ბარსა" ისევ დიდი გუნდია. 

ლევანდოვსკის უნარებით ვეღარავის გავაკვირვებთ, უკვე ყველამ ყველაფერი იცის, ძალიან დიდი ხანია ამ ფეხბურთელს ვუყურებთ და იმედს არასოდეს გვიცრუებს. მატჩამდე ხავიერ აგირემ მას ქილერი უწოდა, მატჩის შემდეგ და სინანულით აღნიშნავდა, რომ მისი გუნდი უკეთესი იყო, მაგრამ დამარცხდა. "ბარსას" ბევრი მომენტი არ ჰქონია, თუმცა, ლევანდოვსკის ერთიც ეყო, თავად შექმნა და გაიტანა. ბრწყინვალე გოლი იყო, თან ისე გააკეთა თითქოს უმარტივესი ყოფილიყოს, ეს ახასიათებთ მეგავარსკვლავებს, ბოლოს "ბარსელონაში" ამის გაკეთება მხოლოდ მესის შეეძლო, მშვიდი სახით ქმნიდა შედევრებს. 

“Lewandowski, the Zahori,” - დაწერა AS-მა, რაც წყლის მპოვნელს ნიშნავს. მისტიკოსს, რომელიც ოაზისს პოულობს უდაბნოში, - "როცა წყურვილით კვდები და წყალს იპოვი, მერე ყველაფერს დაიჯერებ", - წერდა ლევანდოვსკიზე სანტი ხიმენესი. მხოლოდ ამ სათაურმა არ მიიქცია ყურადღება, შეგვხდა ასევე - "ლევის კანონი", კატალონიური გამოცემები ცდილობდნენ პოლონელის გვარისთვის იმაზე უკეთესი მნიშვნელობა შეეძინათ, ვიდრე ეს მიულერმა შეძლო, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ, ამოვიკითხეთ - "გოლანდოვსკი" და "ლეტალდოვსკი", მცდელობად ღირდა, მაგრამ მიულერის მომღიმარ სახესთან ერთად, მისი პირვანდელი ზედმეტსახელი ხელშეუხებელია. 

ლევანდოვსკიმ ლა ლიგის მეშვიდე მატჩში მეცხრედ შეაგდო და ბორხა იგლესიასი საგრძნობლად ჩამოიტოვა, ესპანეთის მასშტაბით ასეთი მაჩვენებელი პირველ შვიდ მატჩში მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონია, - კუბალას, დი სტეფანოსა და კრისტიან ვიერის. "ბარსას", "მადრიდისა" და "ატლეტიკოს" ლეგენდებს. (ვიერიმ მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა "ატლეტიკოში", მაგრამ, თუ ჩვენ ვეძახით "ფენომენოს" "ბარსას" ლეგენდას, ანალოგიურად, მათაც აქვთ უფლება, რომ ერთი სეზონის გამო, ვიერის "ატლეტიკოს" ლეგენდა უწოდონ, - ავტ.). ჩავი ამბობს, რომ ლევანდოვსკი გოლების გარანტიაა, მისი გარჯით კმაყოფილია. ხელმძღვანელებს ალბათ ანთებული თვალებით უყურებს და ეუბნება, - ხომ გეუბნებოდით! 

"ბაიერნი" უარზე იყო, ფასიც გაზარდა, "ბარსამ" კი პოლონელის ასაკის მიუხედავად უკან არ დაიხია. გერმანელებმა ვერ გაიგეს რატომ წავიდა ლევანდოვსკი. "ბაიერნს" ოქროს ხანა უდგას, ოქროს დეკადა, "ბარსა" კი კრიზისშია, მიუხედავად ამისა, ჩვენი დროის უდიდესი ფორვარდი "ბარსაში" მიდის და ამბობს, რომ ოქროს ბურთს "კამპ ნოუდან" უფრო შესწვდება. ასეა, გერმანიაში ასეთი ფეხბურთელისთვის მოსაწყენია, იქ "ბაიერნს" არ ჰყავს ისეთი მეტოქე, როგორიც მადრიდის "რეალია", ოქროს ბურთი კი ასეთ მატჩებში გამარჯვებულებს ხვდებათ. 

გადახედეთ ლევანდოვსკის ბოლო წლების გოლების მაჩვენებლებს, - 42, 43, 41, 40, 55, 48, 50... ეს კაცი მანქანაა. ცხრა წელი გავიდა მას მერე, რაც მადრიდს პოკერი შეუსრულა, ცხრა წელი გავიდა, რაც პირველად სცადეს თეთრებმა მისი შეძენა, ის კი ამ დროის განმავლობაში ყოველთვის იმაზე უკეთესი ხდებოდა, ვიდრე იყო.

"ის ნიანგებით სავსე აუზში ისე შევიდა, როგორც საკუთარ სახლში", - ამბობს ხორხე ვალდანო, - "მისთვის მხოლოდ ბომბარდირის წოდება რედუქციულია, ბომბარდირობამდე ის მოთამაშეა, რომელსაც შეგიძლია ბურთი ჩააბარო და არასდროს გაგიცრუებს იმედს". 

ინტელექტი, ელეგანტურობა, ხედვა, პირველი შეხება, აზროვნება, მრავალფეროვნება, ლევანდოვსკი იდეალური ფეხბურთელია, რომელიც მეფობს მოედანზე დროსა და სივრცეში. მისი პასის შემდეგ, ერიკ გარსიამ აღნიშნა, - "ეს პასის შესაძლებლობა ტრიბუნიდან ვერ დავინახე, ის კი მოედანზე ხედავს", ჩავი ამბობს, რომ "ლევის ესმის თამაში, იცის რა როდის უნდა გააკეთოს". 

აღსანიშნია მისი პიროვნულობაც, - "ის მშვიდი და ძლიერი მენტალობის მქონე ადამიანია, ახალგაზრდებს მუდმივად ესაუბრება და რჩევებს აძლევს, ხვდება იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აქ გადმოსვლით დაეკისრა და ამ როლისთვის აბსოლუტურად მზად არის. მშრომელი და თავმდაბალი ადამიანია, ლევანდოვსკი წარმატებას მოგვიტანს", - ასე დაახასიათა მთავარმა მწვრთნელმა. 

თქვენ არ შეგიძლიათ ფეხბურთელის კარგად შეფასება იქამდე, სანამ ის თქვენს გუნდში არ აღმოჩნდება, ყველამ იცოდა ვინ იყო ლევანდოვსკი, მაგრამ ასეთ დასაწყისს ბევრი არ ელოდა. ის ძალიან კარგია. 34 წლისას "ბაიერნმა" ერთწლიან კონტრაქტზე მეტი არ შესთავაზა, მან კი თავი შეურაცხყოფილად ჩათვალა, რადგან მიიჩნევს, რომ ბევრად დიდხანს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" მძიმე მდგომარეობა ბოლო წლებში თავადვე იხილა, მაინც შემოცურა ამ მდინარეში და ახლა მზად არის მთელი გუნდი ამოათრიოს. 

ასე სრულდება სტატია გარდიანზე. ავტორს ლევის მომდევნო ორი მატჩით აუცილებლად იმედი გაუცრუვდებოდა, მაგრამ, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ყველაფერი წინ არის. 

მომდევნო მატჩები - "ინტერთან" და მადრიდის "რეალთან".

აბა გვაჩვენე რა შეგიძლია! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 ოქტომბერი 2022 16:16
    4
    მომდევნო 2 მატჩში 4 ბურთი აქვს "შეკვეთილი".
    ფანი [?]
    #1 11 ოქტომბერი 2022 14:52
    9
    ვერაფერსაც ვერ შეძლებს თუ შემქნელმა არ იყოჩაღა, ხოდა ვინ გვყავს შემქნელი? დემბელე? რაფინია? ვერც პედრი ქმნის და ვერ გავი რადგან ჯერ კონცენტრაცია ფლენგებზე გადადის და მერე ჩაწოდებებზე ამიტო თუ ამ სულელურ ტაქტიკას არ შევცვლით გოლებსაც არ უნდა ველოდოთ