მატჩისშემდგომი მიმოხილვა: O Brother, Where Art Thou?

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: O Brother, Where Art Thou?

ტერ შტეგენმა ისევ გვიხსნა, "ბარსა" ჩემპიონატს კვლავ ლიდერობს, უმეტესად გერმანელის ხარჯზე. უკვე მერამდენე შემთხვევა იყო, როცა მთელი გუნდი მოიშალა და თამაშს მხოლოდ შტეგენი აგრძელებდა, მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება, თუმცა, მუდმივად არც არაუხოსა და კუნდეს გარეშე ვიქნებით, როგორმე მოგვარდება ეს პრობლემაც. 

დაიწყო კარგად, გაგრძელდა ცუდად. 

პირველი ტაიმი ნამდვილად კარგი იყო, გაგიკვირდებათ და საწყის წუთებში ფერან ტორესიც კი მომეწონა, მომეჩვენა, რომ უკეთეს ფორმაშია, ეტყობოდა ბურთის ფლობაზე, ჩართულობაზე, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაზე, მერე კი ჩვეული სახე დაუბრინდა, ისევ გაითიშა, ისევ წუნი ჰქონდა და არაფერი ღირებული არ შემოუთავაზებია. ყველაზე სახიფათო მომენტი შეიქმნა მაშინ, როცა მაესტრო სერხიო ბუსკეტსმა ერთი შეხებით მოძებნა, იდეალურ პოზიციაში, იდეალური პასით, ფერანმაც მოულოდნელად ზუსტად დაარტყა, მაგრამ მეკარემ აჯობა. არ ვიქნები წინააღმდეგი თუ ასე 20-20 წუთით გაუმჯობესდება, ახლა კი ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ რომ ფერანი "ინტერთან" უკანასკნელი ვარიანტი იქნება. 

ფერანი იქით იყოს, სკამზე, და სკამის იქით, მაგრამ... რობერტ, სად ხარ ძმაო?! გვეკონტაქტე რობერტ, გვითხარი რამე. ლევანდოვსკი იმისათვის მოვიყვანეთ, რომ გუნდი მენტალურად გაეძლიერებინა, ასეც დაიწყო ყველაფერი, ახლა დეპრესიაში ჩავარდნილ მოხუცს დაემსგავსა, რომელიც ახალგაზრდობას მისტირის. რა ხდება შენს თავს რობერტ?! 

ბოლო ორი მატჩია ტელეფონიც კი გამორთული აქვს. გახსოვთ როგორ კარნახობდა თამაშის დროს გავისა და პედრის? რაფინიას და დემბელეს? სად უნდა გახსნილიყვნენ და როგორ, ახლა ამის ნასახსაც ვერ ვხედავთ, გარდა იმისა, რომ ინერტული იყო, ხმაც კი არ გაუღია, ეგ კი არა, უბურთოდ საერთოდ არ მოძრაობდა, არადა, საუკეთესო იყო ამ კუთხით, რაღაც ხდება მის თავს. არ მინდა დავიჯერო, რომ ამ დიდმა კაცმა ყურები ჩამოყარა, უფრო იმის მინდა მჯეროდეს რომ, ასე მშვიდად "ინტერისთვის" და გადამწყვეტი მატჩებისთვის ემზადება. სახიფათო, გამაფრთხილებელი სიმშვიდე ქარიშხლის წინ. ასეა ვითომ? რავიცი.. 

ბარემ მესამე შემტევზეც ვთქვათ, რაფინიასაც არაფრით გამოუჩენია თავი. ერთი კარგი გასროლა დამამახსოვრდა შორი მანძილიდან, ზუსტიც, ძლიერიც, აქაც მეკარემ ივარგა. სხვა მხრივ არაფერი დასამახსოვრებელი არ ყოფილა. ეს კი დიდი პრობლემაა, მიუხედავად ამხელა არჩევანისა, "ბარსას" შეტევაში პრობლემები აქვს. ფერანი, ფატი, ლევანდოვსკი, რაფინია, დემბელე, ყველამ ითამაშა და ყველამ ცუდად. როგორ გინდა ასე შედეგიანი თამაში გამოგივიდეს? გოლი ვინ უნდა შეაგდოს? 

ცოტა არ იყოს გართულდა ძირითადი შემადგენლობის გამოცნობაც, რომელ სამეულზე უნდა გაკეთდეს აქცენტი? კი ვთქვი ფერანი უკანასკნელი ვარიანტი იქნება-მეთქი, მაგრამ ამათ შემხედვარე არაფერი გამაკვირვებს. ამათ შემხედვარე ტრიბუნაზე მყოფი მემფის დეპაი, ალბათ ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელად გრძნობს თავს. 

მეკარით დავიწყეთ, შემტევებზე გადავედით, ახლა ისევ დაცვას დავუბრუნდეთ, არ ვიცი რა ჰქვია ასეთ მიმოხილვას, პინ-პონგს წააგავს რაღაცით, მეც ჩავი ერნანდესის მსგავსად ექსპერიმენტებს მივმართავ, - სამი ცაცია ოთხმცველიან ტაქტიკაში. როცა ამას შევხედე მივხვდი, რომ დაცვაში დაშვებული შეცდომები გარდაუვალი იქნებოდა, თუმცა, იმაზე ნაკლები იყო ვიდრე ველოდი, შეცდნენ ალბა და ალონსო პასების დროს, რასაც სახიფათო კონტრშეტევები მოჰყვა, ბალდემ კი ერთ მომენტში ტერ შტეგენისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, ეს რაღაც ახალი იყო, აქამდე უნახავი. 

საერთოდ, არც ისეთი ცუდი იყო, როგორი შეფასებაც მიიღო. ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც მარჯვენა ფლანგზე რობერტოს რამით ჩამორჩება, უბრალოდ უნდა ვთქვათ რა შემთხვევაში იქნება მისი მარჯვნოვ თამაში გამართლებული, ამჯერად გაუმართლებელი იყო, და აი რატომ, - ბალდე მატჩის მიმდინარეობისას მარჯვენა ნახევარსფეროში შემოდიოდა ხოლმე, დაახლოებით ისე, როგორც გვარდიოლას განაპირა მცველები, ცენტრში შემოწეულს მეტი არეალი აქვს, ერთხელ დაარტყა კიდეც კარისკენ, ეს უპირატესობა აქვს ცაციას მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ, თუ ბალდე შემოდის ნახევარსფეროში, მაშინ, რაფინიამ უნდა გადაიწიოს აუტის ხაზამდე, რაც მისთვის ცუდი ამბავია, რადგან თავადაც ცაციაა, ცენტრში შემოსვლა და კარში დარტყმა კი მისი მთავარი უპირატესობაა, აი, პასუხიც, ორი იდენტური მოდელის ფეხბურთელი ვიხილეთ ერთ ფლანგზე, ეს არც ეფექტურია, არც ეფექტიანი, ბალდეს მარჯვენა ფლანგზე თამაშს მხოლოდ მაშინ შეიძლება აზრი ჰქონდეს, როცა დემბელე იქნება მის ფლანგზე. 

ვის ამზადებს ჩავი ინტერისთვის არ ვიცი, ვერ ვხვდები ღმერთმანი, მაგრამ თუ მაინც ბალდეს გადაწყვეტს, (ნაკლებსავარაუდოა), აუცილებლად დემბელე უნდა ვნახოთ მარჯვენა ფლანგზე, სხვა შემთხვევაში ჩავის სწორ გათვლებში საფუძვლიან და გონივრულ ეჭვს შევიტან. 

საუკეთესოები მოედნის ცენტრში ვნახეთ, თქვე ძალიან მაგრებო! 

მაესტრო უკვე ვახსენე, იმ ორმა მაიმუნმა ბავშვმა სამი ქულა მოგვიტანა, პედრი ვინც არის და რაც არის კარგად მოგვეხსენება, ამჯერადაც ვნახეთ მისგან შოუს ელემენტები, და აბსოლუტურად მივესალმები იმ ამბავს რომ ნაადრევად გაიყვანეს. მართალია ამის გამო ჩვენი თამაში გაფუჭდა, სამაგიეროდ, ჯანმრთელია და "ინტერისთვის" კარგად მოემზადება. ეს უფრო მნიშვნელოვანია. 

გავის მასშტაბები კი ნელ-ნელა იზრდება, თეთრი ედგარ დავიდსია! თან საშინლად ხისტი, თან საოცრად ჭკვიანი და ტექნიკური. მართლაც იშვიათია ასეთი თანხვედრა, გოლი კი თავიდან ბოლომდე მისი დამსახურებაა, იდეალური "მესამეზე პასი" გაკეთდა, აქ კი გავის ჰქონდა მთავარი როლი, რადგან პასის მერე მან იპოვა თავისუფალი სივრცე, პასიც დროულად მიიღო "მესამე კაცისგან" და ყველაფერი პედრის გოლით დასრულდა. ზრდასთან ერთად, ამ მომენტების სიმრავლეც გაიზრდება, სხვაგვარად შეუძლებელია მოხდეს. 

შეგვიძლია წარმატებულ რეპეტიციად ჩავთვალოთ ეს ყველაფერი? არა, მეორე ტაიმი კატასტროფული გამოდგა. ვერ ვიტყვი, რომ "ინტერთან" მატჩის წინ დიდი თვითრწმენა შეიძინა ვინმემ, მით უმეტეს, ლევანგოლსკის ასეთ მდგომარეობაში ხილვით, მაგრამ მაინც იმედიანად ვარ, თუნდაც მხოლოდ გავი და პედრი გვაძლევდნენ ამის საფუძველს. 

უჰ, წინ რა მატჩებია.. ჯერ "ინტერი" მერე "რეალი". ჯერ "კამპ ნოუ", მერე "ბერნაბეუ". 

სეზონის პირველი ნახევრის კულმინაციას ვუახლოვდებით და ლევანდოვსკის გამოღვიძების იმედი გვაქვს. 

აბა, ვნახოთ რა იქნება.. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 ოქტომბერი 2022 17:33
    0
    ტერ შტეგენმა ისევ გვიხსნა, "ბარსა" ჩემპიონატს კვლავ ლიდერობს, უმეტესად გერმანელის ხარჯზე.
    გუშინ ისეთ გოლებს გადაურჩა ბარსა რო მაგას ტერ შტეგენიც ვერ უშველიდა, უფრო ღმერთის ხელს გავდა რო გუშინ თამაშის ბოლოს გოლს სასწაულით გადავურჩით.
    Culé [?]
    #4 10 ოქტომბერი 2022 11:13
    6
    გავიმ ორი ისეთი ვარდნა გაკეთა და წამში ბურთით გარბოდა ამას 17 წლის დიდი ფეხბურთში როგორ აკეთებს გაუგებარი მოვლენაა😂 ზედმეტად პანიკა გაქვთ ხალხნო გუნდს 1 ბურთი აქვს გაშვებული და ცხრილში პირველ ადგილზე ვართ ამ ნედლი გუბდით ამდენი ტრავმებით ეს დიდი მიღწევა.ვისაც არ მოგწონთ წადით სიტის უქომაგეთ რა ეგრე გადახია ბურთი რეალს მაგრამ გაურჭო აქეთ.კალენდარს ჩახედეთ ხანდახან რა თამაშები უწევს გუნდს.
    ფანი [?]
    #3 10 ოქტომბერი 2022 11:00
    10
    ცხოვრებაში ისედაც მომთბენი ადამიანი ვარ და ეს წლებიც მითბინებით გავატარე. მესმის, რომ კლუბს პრობლემები აქს და მჯერა, რომ ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ უნდა გამოვტყდე, დავიტანჯე ამდენი -უნდა გვექნა და ვერ ვქენით; - უნდა გაგვეტანა და ვერ გავიტანეთ; - გავაანალიზეთ და შეცდომებს გავასეორებთ, მაგრამ ვერ ვასწორებთ; კიდევვ მოვითბენ, გუნდი ყალიბდება და ვაცალოთ, მაგრამ ერთი დამანახა, რომ ანალიზებს შედეგი მოყვა. გვიხარია პირველ ადგილზე რომ გავედით... ჩვენ კი არ გავედით, რეალმა გაგვიშვა... გამაზა პენალტი ბენზემამ და ეგ იყო. გამაზა მლიორკას და სელტას მოთამაშეებმა რეალური მომენტები და ამიტომ ვართ პირველ ადგილზე. კიდეც უნდა დავრჩეთ, მაგრამ ყოველთვის არ გამაზავს მეტოქე. ანეგდოტი ამახსენდა: -მამა მომეცი 500$, წავალ დავისვენებო. -კი შვილო, 1000 მოგცემ ოღონდ გამაგებინე რისგან დაიღალეო.... აქაც ეგრე, გადაღლილები არიანო... რამ დაღალათ ნეტა? სეზინი ეხლა დაიწყო და ახალგაზრდები არიან. ინტერთან ვთამაშეთ 4 ოქტომბერს, სელტასთან 9-ში, რით ვერ დაისვენეს? ლევანდივსკის ვკვრდებოდი, ბევრჯერ პედრი უფრო ღრმად იყო საჯარიმოში ვიდრე ლევა. გამარჯვების ჟინი არ გააჩნიათ, არ არიან მგლები, რომ დაგლიჯონ, აბა რითი აიხსნება, რომ გუნდი, რომელიც ლა ლიგის მოგებას აპირებს, გოლს იტანს 17 წუთზე, და დანარჩენი დრო თამაშობს ან ანგარიშის შენარჩუნებაზე.... მუდამ არ გაგვიმართლებს... მაგრამ ერთსაც ავღნიშნავ, როგორც იქნა ვეღირსეთ და ვნახეთ შორიდან კარებში დარტყმა, რაც იშვიათობაა დღევანდელ ბარსაში.... მაინც იმედი მაქვს, რომ ანალიზს შედეგი მოყვება და მოთბინებთ ველი.....
    ფანი [?]
    #2 10 ოქტომბერი 2022 10:35
    5
    სიმართლე ითქვას არ მესმის, ჩავის გადაწყვეტილების როდესაც რაფინია მარცხენა შემტევია და მარჯვნივ იყენებს ხშირად არადა ლიდსში მარცხნივ დაფრინავდა, ასევე შეცვლაზე როდესაც ფერიანი შემოყავს მარცხნივ აყენებს როდესაც მარჯვენა შემტევია ფერანი და ნაკრებშიც და სიტიშიც, ტრამვამდე დაფრინავდა. ბალდეს მარჯვნივ დაყენება და პროგრესის უკუსვლა ვფიქრობ ერთი იქნება. ალონსოს დაყენებას ისევ ალბა ჯობია გამოჩნდა რომ ჯერ ვერ შეეწყო ალონსო გუნდს თუნდაც ბოლო თამაშში როდესაც კონტრშეტევაზე წამოსულ ბურთიან კაცს გამოყვა პიკე სადღაც მოედნის ცენტრში დარჩა ალონსო და არ დააზღვია და ლამის გოლი ვყლაპეთ. რაც შეეხება ცენტრს დროა ბუსკეცი სკამზე დაჯდეს, ფაქტია რომ მისი კლასის მიუხედავად ვეღარ ასწრებს მაღალ ტემპში თამაშს და გავი და პედრი ენაგადმოგდებულებიღა დარბიან, დე იონგის შემოსვლის მერე ძირითადად სულ დეიონგი ანაწილებს ბურთს და ტემპს ასე რომ ან დეიონგი ან კესიე საყრდენზე.
    Culé [?]
    #1 10 ოქტომბერი 2022 10:32
    6
    heart_eyes იმ ორმა მაიმუნმა ბავშვმა სამი ქულა მოგვიტანა,..
    ==============
    blush smile
    კიდევ სამი პატარა მაიმუნის 100%-იან მზადყოფნას ველოდებით: არაუხო-კუნდე-ფატის, ოღონდ დიდი იმედით "ძველ" ფატის!!!