მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ძალების დაზოგვით, დიდი სიფრთხილით

დავბრუნდით!
წინა მიმოხილვაში გამოვთქვით სურვილი, სანაკრებო პაუზას ტრავმების გარეშე ჩაევლო, - არ გამოვიდა. დიდი დანაკლისი გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩების წინ ჩვენი მთავარი იმედი, გუნდის ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელი, რონალდ არაუხო დავკარგეთ. ეგ კი არა, ვარაოუდობენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოტოვებს. ასეა საქმე, ასეთ რეჟიმში, ხანგრძლივი ფრენის შემდეგ პირდაპირ მოედანზე რომ გაგაქანებენ, ორგანიზმი დასვენებას ვერ ასწრებს და შედეგიც სახეზეა. თან იმ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. ასეთ რამეს რომ გაუძლო, როგორც მინიმუმ ლიონელ მესის მსგავსად პირადი თვითმფრინავი უნდა გემსახურებოდეს და მის მსგავსად შეგეძლოს რაციონალურად თამაში.
სეზონის პირველი კულმინაცია გვიახლოვდება და ჩვენი მხეცი დავკარგეთ, არადა, საჭირო იქნება კაცი, რომელიც კლასიკოში რუდიგერს ადგილს მიუჩენს. მოსამზადებელ ეტაპზე ხომ ვნახეთ რეპეტიცია.
ტრავმით დაბრუნდა კუნდე. თავზარდამცემი ამბავია. დაცვაში ვისაც ვეყრდნობით, ყველამ ტრავმა მიიღო, თითქოს არაუხოზე მარტივად გამოძვრა, მაგრამ სად შეძლებს გუნდის დახმარებას, კაცმა არ იცის. რისკზე თავად ფეხბურთელიც არ წავა, სულ ცოტაც და მუნდიალი აიღებს სტარტს, ვის უნდა ახლა გარისკვა? კუნდეს მნიშვნელობა არაუხოს ტრავმის შემდეგ ორმაგად გაიზარდა. აქ უკვე მივხვდით, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ბელერინის იმედად დავრჩით, შემდეგ კი გავიგეთ, რომ ბელერინმაც ტრავმა მიიღო. აი, თავსატეხი.
არის ალბათ ამაში რაღაც ფსიქოლოგიურიც, ბელერინმა გააცნობიერა, რომ უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ მის იქით გზა არ არის, მან უნდა ითამაშოს, თანაც აუცილებლად! დავარქვათ ზეწოლა ამ ყველაფერს, ცოტათი მოუმზადებლობის შიშიც და.. ტრავმა. ბელერინი დიდი ხანია, ტრავმებისკენ მიდრეკილია, ამ მიდრეკილების საწყისი კი ყოველთვის ფსიქოლოგიიდან მომდინარეობს.
დაგვრჩა ვინ? - სერჟი რობერტო!
ისევ იმ წერტილს დავუბრუნდით, ისევ იქ ვართ, სადაც გული გვისკდება ხოლმე.
ჩავიმ "მალიორკასთან" მცირე ექსპერიმენტს მიმართა, ბალდე ვნახეთ მარჯვენა ფლანგზე და ალბა მარცხნივ. კარგია, რომ ესეც მოსინჯა, არაფერია გამორიცხული. "ინტერთან" რა და როგორ წავა, კაცმა არ იცის. ვერ ვიტყვით, რომ ბალდემ მარჯვენა ფლანგზე გაამართლა, მთლიანად გუნდს ჰქონდა ცუდი თამაში, შესაბამისად, ვერც ბალდე გამოჩნდა კარგად. ჰქონდა პოზიციური შეცდომები და შეტევაშიც ვერ იყო ისეთი, როგორიც მარცხნიდან.
ალბას კარგი სანაკრებო პაუზა ჰქონდა, შესაბამისად, დროც მიიღო, მარჯვნივ პრობლემებია, მარცხნივ არა. აქ არჩევანი ნამდვილად გვაქვს, "ინტერთან" სავარაუდოდ ის დაიწყებს, ვისაც "მალიორკასთან" არ უთამაშია. ალბათ მაინც ალონსოზე გაკეთდება აქცენტი, აქვე აღვნიშნოთ, რომ სამი მცველით თამაშიც გამოსავალია, მაგრამ, ჩავი რომ ამას აპირებდეს, აუცილებლად დატესტავდა "მალიორკასთან", ეს ვერ ვნახეთ, ძალიან შემცირდა იმის შანსი, რომ "ბარსა" მომდევნო მატჩს სამი მცველით ჩაატარებს.
მოედნის ცენტრში ვიხილეთ პიკე-კრისტენსენის დუეტი. იყო ორი მომენტი, როცა დაცვა ჩავარდა, ტერ შტეგენმა გვიხსნა, ამ სეზონისთვის ტრადიციულად. პიკე ძალიან დამძიმებულია, რაც გასაკვირი საერთოდ არ არის, დიდი ალბათობით, კრისტენსენი-გარსიას დუეტი უნდა ვნახოთ "ინტერთან", თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამ სამ ცენტრალურ მცველს შორის, მარჯვენა მხარეს ყველაზე უკეთ პიკე თამაშობს. ასე რომ, "ინტერთან", მთლიანად მოედნის მარჯვენა მხარე ნერვიულობის საბაბს არ მოგვაკლებს.
რობერტო-კრისტენსენი-გარსია-ალონსო, - ასე ვვარაუდობ, ჰოდა, ნამდვილად არ ჰგავს გაუვალ დაცვას.
"მალიორკასთან" მატჩი მოსაწყენი გამოდგა. ზუსტად ისეთი, როგორიც სანაკრებო პაუზის შემდეგ გამოდის ხოლმე. ნახევარი ძალით, დიდი სიფრთხილით, კიდევ ვინმეს რომ არ მიეღო დაზიანება. აღსანიშნია, რომ ვერც ცვლილებებმა მოიტანა ტემპში სხვაობა, როგორც წესი, ამას ნიდერლანდელები ახერხებენ ხოლმე, ჩვენ კი ორივე ტრავმის გამო გამოგვაკლდა, - ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადის წევრად არცერთი მოიაზრება, მაინც ორივე დიდი ძალაა, თუ ვინმეს სკამიდან სხვაობა შემოაქვს, სწორედ ეს ორი ფეხბურთელია.
ასე რომ, დანაკლისი ძალიან დიდია.
საქმეში ვნახეთ კესიე, არაფერი განსაკუთრებული. მისი ნდობა ჯერჯერობით არ შეიძლება.
შანსი მიიღო ფატიმ, საგოლე პასიც მიითვალა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ოდნავ მაინც იმაზე უკეთეს ფორმაშია, ვიდრე პაუზამდე იყო.
არ ჰქონია კარგი მატჩი დემბელეს, მაგრამ მაგას ვინ ჩივის, მთავარია, რომ პირველი კულმინაციის დროს მწყობრშია, ჯანმრთელია და "ინტერს" შეუტევს.
შეცვლაზე შემოვიდა ფერან ტორესი და ტრდიციულად პირველივე დარტყმა ტრიბუნაზე გაუშვა.
ვერაფერი დამაიმედებელი ვერ ვნახეთ. სამწუხაროდ.
საუკეთესოებს რაც შეეხებათ, ორი იყო ასეთი, ბუსკეტსი და ლევანდოვსკი. ინტელექტის ორი დეფინიცია.
გოლსკიმ არაფრიდან გაიტანა, უკვე მივეჩვიეთ მის მასტერკლასებს, როგორ თავისუფლდება მეურვისგან, ყოველ ჯერზე გაოგნებული ვუყურებ, ეს რაღაც სხვა სიმაღლეა. ფატის პასის შემდეგ ბურთი შეიგდო, ვიცოდი, რომ კარზე იქნებოდა ორიენტირებული, მაგრამ ვერ გავიგე, როგორ უნდა მოეხერხებინა ეს, ბურთი მარცხენა ფეხზე ჰქონდა, იქიდან დარტყმა რთულია, თანაც სუსტი ფეხით, მერე კი დახატა. ერთი კარგი მოძრაობა ცენტრისკენ, მცველი გავუშვით სანაპიროზე, დარტყმა კი იდეალური გამოვიდა. ესეც მთავარი იმედი "ინტერთან" მატჩში. ერთი ცენტრალური შეხვედრა ჩააგდო, ახლა გამოსწორების შანსი ექნება.
ასეთ მატჩებს, როგორც წესი, ჩემპიონები იგებენ ხოლმე. ცალი ფეხით, ძალების დაზოგვით დაგროვებული ქულებით. ეს მაინც გვაძლევს კმაყოფილების საბაბს.
მომავალ მატჩში, ნახევარდაცვასა და შეტევაში არა მგონია, რაიმე შეიცვალოს, - ბუსკეტსი-გავი-პედრი.
რაფინია-გოლსკი-დემბელე.
ასე ჩანს, რავიცი.
ორ დღეში, "სან სიროზე" შევხვდებით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]