მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სამი ქულა სანაკრებო პაუზამდე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სამი ქულა სანაკრებო პაუზამდე

პირველი პაუზის ჯერი მოვიდა. გარდა "ელჩესთან" მატჩისა მთელი განვლილი პერიოდის შეფასებაც მოგვიწევს. არც ისე დიდი გზაა განვლილი, თუმცა, პირველი შეფასების გასაკეთებლად საკმარისია. 

ხუთი მოგება. ერთი ფრე. "ბარსა" ბევრს იტანს და ცოტას უშვებს. ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ჩვენი მთავარი სადარდებელი ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" მარცხია, იმ "ბაიერნთან", რომელიც საშინელ ფორმაშია და ბუნდესლიგაში სამ ყაიმს ერთი მარცხიც მიამატა, თანაც ისე, რომ გოლი ვერ შეაგდო. გვადარდებს ეს ამბავი, რადგან ჯგუფი რთულია, სასწორზე კი ყველაფერი დევს. თუმცა, მგონია, რომ ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდება, ლევანდოვსკის გაფუჭებულ მომენტებს ვგულისხმობ, ეგეთი რამ პოლონელს ალბათ წელში ერთხელ ემართება და დასამართნი უკვე დაემართა, ახლა შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ. 

თვის ბოლომდე ნაკრებებს შევხედავთ, როგორც წესი, სანაკრებო პაუზიდან ბევრი ტრავმირებული ბრუნდება ხოლმე, დაბრუნებიდან მალევე "ინტერთან" მატჩია, იმედია, ყველა ჯანმრთელად იქნება. 

იოლი გამარჯვება 

ცვლილებებზე ვთქვათ. ბალდე დაბრუნდა ძირითადში. უფრო სწრაფი მომეჩვენა, ვიდრე წინა მატჩებში. ყოველთვის სწრაფი იყო, მაგრამ ახლა უფრო დიდი სიმძლავრე ეტყობა. ალბათ ზრდისა და ათლეტიზმის გაუმჯობესების ბრალია. პოტენციალი დიდია, საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე პასიც მიითვალა, ერთი მარჯვენა, მეორე კი მარცხენა ფეხით. კარგი იქნება თუ მის გამოყენებას ისწავლიან. მესიმ იცოდა, როგორ უნდა გამოეყენებინა ალბა, რონალდინიომ იცოდა, როგორ გამოეყენებინა ვან ბრონხჰოსტი, მერე აბიდალიც გამოჩნდა, ბალდესაც სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მის სისწრაფეს გამოიყენებს, ზუსტად მაშინ შენიშნავს, როცა მეტოქის მცველების ხაზს გაუსწორდება, უბრალოდ გადაუგდებს ბურთს და მერე ამის დამჭერი არავინ იქნება. 

დაცვაში მის გაკეთებულ საქმეს ვერ შევაფასებ, ვერც მის და ვერც მისი პარტნიორების. მით უმეტეს, შტეგენის. საქმე არ ჰქონიათ. ძირითადში დაბრუნდა გარსია, მხარი გაუმაგრა არაუხოს, დარჩა ამ მატჩში უსაქმოდ, აი, არაუხოს ჰქონდა გატანის შანსი და ლამაზადაც აკეთებდა ყველაფერს, მაგრამ არ გაუმართლა. კუნდემაც ჩვეულად ითამაშა, საიმედოდ დაცვაში და ზომიერად შეტევაში, ნაწნავებს მოუშვა და თმა აქვს ვალდერამასავით. მეორე ტაიმში გარსიას ნაცვლად ბელერინი შემოიყვანეს და კუნდეს ცენტრში გადასვლა ეღირსა. საინტერესოა კრისტენსენის მიმართ დამოკიდებულება, ჩავი თითქოს არ ენდობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ძირითადში დააყენა. როგორც ჩანს, მეტოქის შესწავლაც ინდივიდუალურ დონეზე მიდის და მერე იღებენ გადაწყვეტილებას. არჩევანი კი აქვს, იცოცხლე! ვინ ჰქონია ბოლოს "ბარსაში" ასეთი არჩევანი? ფრანგი ცენტრები, როგორც იქნა, წავიდნენ და მაგარი ხალხი მოვიდა. 

გავი და ბუსკეტსი სკამზე. ძირითადში ფრენკი და კესიე ვიხილეთ. ერთმა კარგად ითამაშა, მეორემ ვერა. ფრენკი კარგი იყო, ახლა ისევ დაიწყება საუბარი, რომ ეს მისი პოზიციაა, ზედგამოჭრილია ამ ადგილისთვის, მაგრამ სულ მალე შემოგთავაზებთ სტატიას დე იონგზე, სადაც დეტალური ანალიზი იქნება მოყვანილი, მისი გადაადგილების, ხედვის, პასების და ა.შ, ამიტომ, "ელჩეთი" დასკვნებს ნუ გამოიტანთ, ფრენკი მეტად რთული ფენომენია.

დე იონგის პასი, ლევანდოვსკის ინსტინქტი! როგორც კი შენიშნა სივრცე, მაშინვე აჩქარდა და დე იონგმაც გადასარევად შეაყოლა ბურთი, ალბათ პატარა შეხება იქნებოდა, მერე გოლი, მაგრამ არ გამოვიდა, ლევანა შებოჭეს და დააგდეს ტატამიზე! არ არის ვაზარი? არა ძმაო, არ არის, წითელია ეგ, და დისკვალიფიკაცია. 

"ელჩე" რომ ხარ, "ბარსას" ეჯგიმები, თანაც "კამპ ნოუზე" და 10 კაცით რჩები, ესე იგი, ვერ გაქვს საქმე კარგად. ამის მერე "ელჩეს" ფეხბურთელებს მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდათ, - როდის დამთავრდება? 

მაინც იდგნენ ნახევარი საათი. იბრძოლეს, იფაფხურეს, მერე კი ის კაცი გამოჩნდა, რომელსაც ბალდეს სისწრაფის გამოყენების დიდი პოტენციალი აღმოაჩნდა, ვინ უნდა ყოფილიყო ეს კაცი, თუ არა პედრი? ჩაირბინა ბალდემ, შეაყოლა პედრიმ ისე, როგორც ჩავი შეაყოლებდა ხოლმე თავქუდმოგლეჯილ ალვესს, მერე ტყვიასავით დაბალი პასი და გოლი! 

ლევანდოვსკი ასეთ მომენტს გრძნობს კი არა, სუნთქავს! 

მეორე გოლს კი ცალკე ამბავი მივუძღვენით. დეპაის საფირმო ფინტად იქცა ეს მოძრაობა, ლამაზი გოლი იყო, პასი აქაც ბალდესია, დეპაიზე ვწერდით რომ დროს იმსახურებდა, იმაზე მეტს, ვიდრე ფატი და ფერანი. ესე იგი, მესამე ვარიანტი გამოდის, დემბელესა და რაფინიას შემდეგ. ამ მატჩშიც ასე იყო, ფატი ნერვიულობის საბაბს იძლევა, საქმე იმაში არ არის, რომ ფიზიკურად ვერ მოძლიერდა, საქმე დამოკიდებულებაშია, ერთი თვეც და მუნდიალი აიღებს სტარტს, ფატიმ ევრო უკვე გამოტოვა, ახლა კი მუნდიალის გამოტოვება ემუქრება. ენრიკემ ნაკრებში არ დაუძახა, თავად ხელსაყრელი მომენტი გააფუჭა და სახიდან ზერელე სიცილი არ მოსცილებია, თითქოს დიდი მნიშვნელობა არც ჰქონია, გოლის წყურვილი არ აქვს, არადა, ადრე ჰქონდა. 

იგივე შემიძლია ვთქვა ფერანზე, წინა ევროზე ენრიკესთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო, ახლა რას აპირებს? არაფერს არ ჰგავს. ვერცერთი ვერ ავლენს იმ აზარტს, რომელიც დეპაის აქვს, არ იბრძვიან ძირითადისთვის, დეპაი კი იბრძვის, ყოველი წუთი მისთვის შანსია, ბოლომდე გრძნობს ამას, ესპანელი შემტევები კი უგუნურად იქცევიან. 

ვნახოთ, პაუზა რას მოიტანს, ეჭვიც არ მეპარება, დეპაი ისევ გამოიჩენს თავს. 

დემბელე მამა გახდა, ღამე არ უძინია, პირველ ჩაწოდებაზეც ეტყობოდა, ტრადიციულად ტრიბუნაზე გაარტყა გულშემატკივარს, უკვე ეჭვი მაქვს, რომ ვიღაც ამოიჩემა და სულ თავში უმიზნებს. სიყვარულს გამოხატავს ასე, სანამ თავს არ გაუხეთქავს, არ მოისვენებს, - ნუ გეშინია, გეთამაშება! 

ტაიმის ბოლოს იყო მომენტი, "ბაიერნთან" გაფუჭებულს ჰგავდა, ლევანგოლსკიმ დაუშვებელ ბურთს ისევ ვერაფერი მოუხერხა, სხვათა შორის, ლუის სუარესი ამ კომპონენტში მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო იყო, ვერავინ ვერასდროს ისე ვერ ურტყამდა ჰაერიდან შეყოვნებულ ბურთს, როგორც ბატონი ლუისი. 

მეორე ტაიმის დასაწყისში გამოსწორდა ეს ამბავი, დემბელე-დეპაი, ბურთი გამოვარდა და გოლსკიმ "ელჩეს" კარი გახვრიტა. საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 

ასე გათავდა ამბავი "ელჩესი". 

ვისვენებთ პირველ ოქტომბრამდე. მერე გასვლაზე "მალიორკა" დაგველოდება და "ინტერის" ჯერიც მოვა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 სექტემბერი 2022 22:11
    0
    მეზიზღება ეს სანაკრებო პაუზა.
    ახალბედა [?]
    #5 18 სექტემბერი 2022 14:18
    3
    ბაიერნთან როგორ მწყდება გული ანგარიშის გამო თორე თამაშით ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო.მთავარია ბაიერნთან ნაჩვენები თამაში მოჩვენებითი არ იყოს.ინტერთან და რეალთან გამოჩნდება რეალურად შურისძიების ამბავი იყო ბაიერნთან ნაჩვენები თამაში თუ გვქონდეს იმედი ამ ბავშვების რომ სეზონის ბოლოს მოიგებენ რაიმეს.მე მაინც ვფიქრობ არ იყო მოჩვენებითი და შეგვწევს იმის ძალა ამ შემადგენლობით ლა ლიგა და კოპა მოვიგოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 სექტემბერი 2022 13:23
    0
    როგორც ვივარაუდე 3-0 და ფეხბურთელებისთვის ძალების დაზოგვა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 სექტემბერი 2022 11:06
    4
    გარსია ჩამშლელად უნდა ცადოს 1-2 თამაში მგონია გამოვა რაღაც
    --------------------
    5:0
    Messi 600
    #20 Cule from 2002
    Culé [?]
    #2 18 სექტემბერი 2022 10:28
    0
    მე არ მიურებია გუშინდელი თამაშისთვის და დე იონგი კარგი იყოო, თუმცა ელჩესთან კარგობის მე არ მჯერა. მომკალით და ვერ ჩაჯდება მგონია დე იონგი ბარსას სტილში საყრდენზე. ყოველშემთხვევაში უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს უფრო ძლიერ გუნდებთან თუ კი გვაქვს ამის რისკის უფლება. მომავალ წელს ბუსი ყველავარიანტში მიდის. კესიეს და ნიკოს საყრდენობის სიმართლე გინდათ მე არ მჯერა. ნიკოსი მინიმუმ ერთი სამი წელი მაინც. არ ვიცი ვალენსიაში რა პოზიციაზე ათამაშებენ, თუ საყრდენზე არა მაშინ მითუმეტეს. ბაზარზე მეტნაკლებად შესაბამისი ფეხბურთელი საყრდენზე ბარსასთვის მისაღებ ფასში ჩემი აზრით ზუბიმენდია. ყოველ შემთხვევაში აქ ვინ ყავდათ ჩამოთვლილი მე პირადად ყველას მირჩევნია. თუ ფრენკის იმედზე უნდა დავრჩეთ ვისურვებდი რომ გვეყიდა ზუბიმენდი. ფეოლა შენ რა აზრის ხარ, გეტყობა რომ ფრენკი ჩემი არ იყოს არც შენ გეიმედება მაინცდამაინც. და სხვებმაც დაწერეთ რას იტყვით ზუბიმენდის ვარიანტზე ან ვინ შეიძლება ვიყიდოთ ისეთი ვისშიც ბარსას კოლოსალური თანხის გადახდა არ მოუწევს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 18 სექტემბერი 2022 04:53
    5
    კარგი იქნება თუ ხავი ერთ სტაბილურ სასტავს ჩამოაყალიბებს და დასაწყისში მოითავებს შეთამაშების ამბავს. დღესაც რამდენჯერმე გამოჩნდა რო ვიღაცები ვერ უგებენ ერთმანეთს, თავად ჩავიმაც აღნიშნა რომ პირველ ტაიმში ბურთი ბევრჯერ დაიკარგაო და ნეტა რატო?!
    სანამ დროა, ბანძ გუნდებთანვე ჯობია მაგის მოგვარება, თორე ესე შეიძლება მთელი სეზონი გაიწელოს, მართალია კალენდარი დიდია და ხალხმა უნდა დაისვენოს, მარა ისე მაინც რო მიუდგნენ რო პირველი ტაიმი ათამაშონ სტაბილურ შემადგენლობას და მეორე დანარჩენებს, უკეთესი იქნება, ანუ მთლად სწორი არ მგონია ის მიდგომა რო ვარჯიშზე ვინც თავს მომაწონებს იმას ავირჩევ, ვარჯიში ვარჯიშია, მარა ეგრე ფერანიც რო დააყენა ძირითადში და თქვა რო ვარჯიშზე კაი იყოო ზატო თამაშში რა ქნა?
    კაია ეს დამსახურების ამბავი, მოტივაციასაც მატებს ადამიანს და კონკურენცია ზოგადად გამართლებულია, მარა უფრო გამართელბულია მაშინ როცა ხალხს ადაპტაციის პერიოდი გავლილი აქვს და ერთ ეტაპზე არიან.
    მე პირადად შემადგელობას ასე დავაყენებდი:
    -----------------------შტეგენი----------------------
    ბელერინი----არაუხო------კუნდე-------ბალდე
    ----------------------დე იონგი----------------------
    -------------გავი-----------------პედრი------------
    დემბელე-----------ლევანა------------რაფინია