მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დამბოს შოუ, ლევანდოვსკის ჰეთთრიქი
ლიგა დაიწყო!
„პლზენი“ გათავდა. ისედაც ცოტა იყო.
პროგრამა შესრულდა, „ბარსას“ დიდი ანგარიშით უნდა მოეგო და მოიგო, ოთხბურთიანი სხვაობა კარგია, მშრალი კარი ბევრად კარგი იქნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. შეუთანხმებელ თამაშს „ბარსას“ კარში გოლი მოჰყვა, შეუთანხმებლობა კი მოულოდნელი არ ყოფილა, ასეთი დაცვის ხაზი ჯერ არ გვყოლია, - სერჟი რობერო, (კაპიტნის სამკლავურით) კრისტენსენი, კუნდე, ალბა.
მიეცათ ბიჭებს თამაშის საშუალება, კრისტენსენის ჩატარებული მატჩით ვნახეთ, რომ გარსია მართლაც სჯობნის, ეს ჩანს როგორც გარსიას, ისე კრისტენსენის თამაშის დროს. პენალტიც მივიღეთ, წითელი ბარათიც, მერე გაუქმდა, სამართლიანად, სანამ კრისტენსენი მეტოქეს წააქცევდა, მანამდე ხელი გაარტყეს სახეში, დაანოკაუტეს და სწორედ ამის გამო წააქცია თავდამსხმელი, თუმცა, გამეორებაზე გამოჩნდა, რომ პოზიცია მაინც დაკარგული ჰქონდა. რომ არა დარღვევა, წაქცევით არ წააქცევდა, სამაგიეროდ, დიდი ალბათობით გოლს მივიღებდით, ან შტეგენი შეგვახსენებდა თავს.
მოკლედ, დარჩა კრისტენსენი მეოთხე ვარიანტად და ასე თუ განაგრძო მეხუთეც გახდება. მეორე ტაიმში ჟერარ პიკე გამოვიდა მოედანზე, კაპიტნის სამკლავურიც გადაიბარა. ისიც და ალბაც ბევრს მოძრაობდნენ, ჯერ კიდევ სურთ დამტკიცება, რომ თამაში შეუძლიათ, „პლზენთან“ ნამდვილად შეუძლიათ.
ნახევარდაცვასაც მიეცა დასვენების საშუალება, კერძოდ, ბუსკეტსსა და გავის. მათ ნაცვლად ფრენკი დე იონგი და კესიე ვნახეთ საქმეში. ამ უკანასკნელმა ანგარიში გახსნა, თავური დარტყმით. პასი კუნდემ გააკეთა, ჯერ არ მოსულა და უკვე საუკეთესო მეპასეებს ეჭიდავება. ეს კაცი გოლსაც გაიტანს, სტანდარტულები „ბარსას“ შესრულებით ძალიან სახიფათო უნდა გახდეს, ერთდროულად არაუხო, კუნდე, ლევანდოვსკი, ძალიან დიდი უპირატესობაა.
რთული იყო ამ მატჩში ცუდი თამაში გქონოდა, „ბარსა“ მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდა მოედანს, მომენტებიც მრავლად იყო. ნახევარდაცვის ტრიოში ისევ პედრი გამოირჩა, ყველაზე კარგად კი შემტევმა სამეულმა ითამაშა, უფრო სამართლიანად რომ შევაფასოთ, ორეულმა, - ლევანდოვსკიმ და დემბელემ.
ასე რომ, ვისაც შანსი მიეცა, წარუშლელი კვალი ნამდვილად ვერ დატოვა. ვერც ფატიმ, ვერც ფრენკიმ, ვერც ალბამ, ვერც კრისტენსენმა. თუმცა, ის მაინც გამოჩნდა, რომ „ბარსას“ ძალიან დიდი რესურსი აქვს.
ლევანდოვსკიმ და დემბელემ შოუ დადგეს. დემბელე ხანდახან ლამბორგინივით არის, ისეთი სწრაფია გეგონება გაზონს საერთოდ არ ეხება, მიწაზე ფეხს არ დგამს, დაფრინავს, ხანდახან იმდენს დაფრინავს რომ დაშვება ავიწყდება, წონაში თუ მოიმატა ოდესმე ალბათ საჰაერო ბურთი გახდება.
„პლზენის“ მცველებს განკითხვის დღე მოუწყო, მის ფლანგზე აღმოჩენილ ყველა მცველს ერთხელ მაინც დაარტყა წრე, პირველ ტაიმშიც, მეორეშიც, ლამბორგინივით დაძვრებოდა მცველებს შორის, აი, ტაიმის მიწურულს რაც ვნახეთ ამას დამბოსგან არ ველოდი, ბურთი დაიკარგა, მცველი მშვიდად აპირებდა შეტევის დაწყებას, დემბელე კი „სასიკვდილო ფეხბურთის“ ვარსკვლავივით გაექანა და ვარდნაში ბურთი დაითრია, დროც ჰქონდა, სივრცეც და იდეალური სიზუსტის პასი გააკეთა, ლევანდოვსკიმ ლამაზ ნახტომში შეაგდო.
ესეც ასე, ვალი დაბრუნებულია. ლა ლიგის ბოლო ტურში ჩადენილი უნამუსობა ასე გამოისყიდა, მეორე ტაიმში კი მეტოქეს სხვა რამე შესთავაზა, რაღაც უფრო უკეთესი, 25 მეტრიანი პასი.
ე.წ „პარაშუტი“ გადაკიდა და ფერან ტორესმაც იდეალური დარტყმით შეაგდო, სუარესის სტილში, უალამაზესი გამოვიდა. „ბარსას“ ისტორიულად გააქვს ასეთი გოლები და ძალიან მალე ვიდეო კოლაჟსაც შემოგთავაზებთ, იმიტომ, რომ ერთდროულად რამდენიმე გოლი ამოტივტივდა გონებაში, ჰოდა, ვნახოთ რომელი სჯობია.
ეს იყო „დამბოს“ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი „ბარსაში“.
ლევანდოვსკიმ კი ჰეთთრიქი გაიფორმა. დაიწყო და აღარ ჩერდება. მადა აქვს, იცოცხლე! რა გააჩერებს..
ეს რა დარტყმები ვნახეთ, ტყუპები, შორეულ დაბალ კუთხეში, აბა, მესი როგორ არ გაგვახსენდეს, ის მარცხენათი აგდებდა ასე ბილიარდის ბურთივით, ლევანდოვსკი მარჯვენათი ატრიალებს, ერთი, მეორე, მესამე, ნამდვილი ცხრიანია, შეგვაყვარა თავი, მალე იმაზეც დაგვაფიქრებს, ნეტავ ცოტა ადრე მოსულიყოო, თუმვა, ვინ იცის, კიდევ რამდენს ითამაშებს.
გარდა ამ გოლებისა, გამოსაყოფია მისი პასი, ქუსლით, პედრიზე, უკვე მათი ტრადიციული კომბინაციის შესრულებისას. ცოტა დააკლდათ გოლამდე, კიდევ ერთი შედევრი იქნებოდა.
გავიმ პედრი შეცვალა, პაბლო ტორეც ვიხილეთ, ჩავის მოსწონს ეს ბიჭი, რიკი პუჩს ათი თავით ურჩევნია. პიანიჩი წავიდა, პაბლოსთვის კი სათამაშო დრო კიდევ გამოჩნდება.
დეპაის შემოსვლა კი ბოლოსკენ მოვიტოვე, ალბათ იმიტომ, რომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მიუხევადა იმისა, რომ გოლი არ შეუგდია, ფერანზე და ფატიზე კარგ ფიზიკურ ფორმაში მომეჩვენა, მისი საფირმო ფინტიც შემოგვთავაზა, რონალდინიოს სტილში. არ ვიცი ჯდება თუ არა ჩავის გემოვნებაში, მაგრამ, წესით, რაფინია-დემბელეს შემდეგ პირველი კანდიდატი უნდა იყოს. ფატი და ფერანი ფორმაში შესვლას აგვიანებენ.
კარგი მატჩი იყო. გოლებიც ლამაზი.
„ბაიერნმა“ „ინტერი“ დაამარცხა. გასვლაზე.
ვერ ვიტყვით, რომ მოულოდნელია.
წინ რა გველის? ჯერ „კადისი“ გასვლაზე, შემდეგ კი „ბაიერნი“, ასევე გასვლაზე.
აბა, ვის სცალია მოსაწყენად?!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]