მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სევილიელი დალაქის თავი

It's a bird.. It's a plane.. It's Superman!
არც ჩიტი, არც თვითმფრინავი, ეს ბერლინის კედელია!
ხელში ბურთი, თავში ნოიერი. ამჯერად მაინც უნდა აჯობოს, გააჩუმოს ისე, რომ მატჩის შემდეგ ცივ მზერაში დამცინავი ღიმილი არ ამოიკითხოს. ასეთი დამაჯერებელი ტერ შტეგენი დიდი ხანია არ მინახავს, ალბათ მას მერე, რაც "კამპ ნოუზე" "სევილიასთან" ორჯერ ზედიზედ, ორმაგი სეივი შემოგვთავაზა, მაშინ ვიფიქრე, რომ ამ კაცს ინდუსი ღმერთივით რვა ხელი ჰქონდა, თავის ჭკუაზე გამოაჩენდა ხოლმე.
ისევ "სევილია", ამჯერად "სანჩეს პისხუანი", კედელი ადგილზეა. ბზარიც არ გასჩენია. თამაშის შემდეგ ბავშვები მიირბენენ და რამეს წააწერენ, - "აქ განისვენებს სევილიელთა ოცნებები".
შენების პროცესი კი ჩვენთვის უხილავია, მწვერვალზე ასვლა ყოველთვის რთულია, იქ ადგილის შენარჩუნება გაცილებით რთული, აი დაგორებული, რომ ისევ მოახერხებ ძალის მოკრებას და მაღლა სვლას, ეს უკვე დიდი საქმეა, ყოველგვარი ლოდისა და მითების გარეშე, ეს სულ სხვა მთაა, ჯადოსნური მთაა, სადაც მანუ ნოიერი ზემოდან იყურება, ტერ შტეგენი კი მთელი კარიერაა ქვემოდან უყურებს, ახლა უნდა ავიდეს და ის კაცი გადმოაგდოს, მწვერვალზე მხოლოდ ერთი ადგილია, მუნდიალი კი კარს არის მომდგარი.
იმ ერთი პროცენტისთვისაც ასი პროცენტი უნდა გაიღოს, მთავარი მეკარის ადგილისთვის რომ მიაკუთვნეს. გაიღო და მერე როგორ, იღებს და იღებს..
ის, რაც პატარებს სჩვევიათ
გული მწყდება "სევილიაზე", ერთ დროს კარგი მეოთხე ნომერი და ევროპა ლიგის მშთანთქმელი საშინელ დღეშია, მიყვარს ეს კლუბი, ყოველთვის გემრიელად გვამარაგებდა, სულ ნარჩევი ფეხბურთელებით, მიყვარს იმიტომ, რომ მათ სტადიონზე სულ გულიანად მღერიან და ესპანური ამბებიც მაგრად იხატება. ლეო მესის ვერ გავეჯიბრები მათ სიყვარულში, თუმცა, მაქვს რაღაც სენტიმენტები. ახლა კი პატარა გუნდი გამხდარა, გადაქცეულა წყალწაღებულად, გადაქცეულა კი არადა, დაქცეულა.
რა ახასიათებთ პატარა გუნდებს? პირველი 20 წუთი მხეცებივით არიან, მერე პირველ გამაყუჩებელს დაარჭობენ და ეგ არის, დამთავრებულია. აღარც ძალა, აღარც ენერგია, აღარც სურვილი. პირველი 20 წუთი სულ კედელს ურტყეს ბურთი, მერე რაფინიამ დაარჭო, მერე ლევანდოვსკიმ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ერიკ გარსიამაც ისროლა სადებიუტო გამაყუჩებელი.
ჰოდა, გაყუჩდნენ, მაგრად გაყუჩდნენ, მხოლოდ ორი ცალი ქომაგი იხეოდა კივილით, უფრო სასოწარკვეთილი ბღავილი იყო, მოგიკლავდა გულს ადამიანს, მათი საუკეთესო ფეხბურთელი კი ახლა ჩვენიანია, კი არ დაინდო შინაურები?! სულ პირიქით, საგოლე პასები ჩამოარიგა და ერთი უეჭველად უნდა გაეტანა, მაგრამ, ქარს გაატანა, არადა, ქარი არ იყო.
კონკურენცია ყველა რგოლში ზრდის საწინდარია, "სევილია" რამდენად გამოდგება რამის შესაფასებლად არ ვიცი, ფეხბურთელებს კი უხარიათ თამაში. ბევრი მომენტი შეიქმნა, ლევანგოლსკის კიდევ ორი უეჭველად უნდა გაეტანა, მესამეც შეიძლებოდა, დემბელეს რომ ნამუსი ჰქონოდა. დამბობ ისე ითამაშა, როგორც მესის უნდა ეთამაშა წლების წინ, სულ პირიქით მოხდა ყველაფერი, მაშინ მესიმ პასი გადაწყვიტა და ორ წამში თავშიც წაიშინა ხელები, აბსოლუტურად ყველაფრის გადაწყვეტა შეეძლო, ჰეთთრიქს გაიფორმებდა, ისეთი ფორით ჩავიდოდა "ენფილდზე", რომ ალბათ გაძვრებოდა კიდეც ფინალში, ახლა ერთი თასით მეტი ექნებოდა, კი არ წამოაძახებდნენ ვიღაც-ვიღაცებს შენზე მეტი აქვთო.. ასეა, მესი ნამუსინი კაცია და პასი გვაკადრა.
დემბელემ კიდე არაო. მაშინაც არაო და ახლაც ვერაო. იქ ჩვენ დაგვცინა, კი გვეგონა, რომ ჩვენ დავცინოდით, მაგრამ მერწმუნეთ, რეალურად, თავად დაგვცინა. ახლა ლევანდოვსკის გამასხარავება სცადა, შეამჩნევდით პოლონელის მომღიმარ სახეს, საოცარი გამომეტყველებით, აბსოლუტურად ყველა პლონური სიტყვა ყველასთვის გასაგებად ეწერა სახეზე.
ჯერ სად ხარ ლევან..
დამბოს წლების წინ დავუსვით დიაგნოზი, გახსოვთ ხომ? აზროვნება არ ისწავლება. ან გაქვს, ან - არა. იქვე, მაგალითიც მოვიყვანეთ, რომელსაც ყოველ ჯერზე ვიხსენებ ხოლმე, მენოტის უთქვამს რიკელმეზე, - ყველაზე ნელია, მაგრამ ყველაზე სწრაფად აზროვნებსო, დემბელე კი ამოტრიალებული ვარიანტია, ყველაზე სწრაფია და ყველაზე ნელა აზროვნებს. ყოველთვის ფეხი ასწრებს გონებას.
არა, ეგეთი ცუდიც არ იყო. პირველი გოლის დროს დროული და კარგი პასი გააკეთა, ორჯერ სევილიელ დალაქს გაარტყა ბურთი გასიებულ თავში.
კარს ვერა, ამჯერად ვერა.
ფერან ტორეეს სჯობია თუ არა? ასეთ ფორმაში მყოფს ორჯერ სჯობია, აქედანაც და იქიდანაც,
ფატის? ფატი დეპრესიაშია. ნახეთ თავით როგორ დაარტყა? ეგრე მხოლოდ ის ურტყამს ვინც დეპრესიაშია.
და საერთოდ, დამბო გარემარბებს შორის პირველი არჩევანია. რაფინიაზე მაღლაც აყენებენ. თავში ვერ აქვს რიგზე ყველაფერი, სამაგიეროდ, ვერცხლის ფეხები აქვს, ათჯერ დალაქს გაამწარებს, ერთხელ ჩვენ გაგვახარებს. ეგ ერთი კიდე, ჯერჯერობით გვყოფნის. ასეთი კაცია, უცნაური ვინმეა, იმედია ოდესმე ავტობიოგრაფიას დაწერს.
კუნდე ყოფილა პიროვნება! ალბა დაღვრემილია, წინ კი ჩემპიონთა ლიგაა!
იწყება, იწყება.. პირველი მეტოქე "პლზენია", ანუ, ის გუნდი, რომელთანაც 1000%-ით უნდა მოვიგოთ, თან დამაჯერებლად, რაც შეიძლება მეტი ბურთით, სად დაგვჭირდება კაცმა არ იცის.
ცალი თვალით კი კონკურენტებს შევათვალიერებთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]