გაქცეული ბრილიანტი - ფორვარდი უცნაური სახელით

Goal.com-მა "ლა მასიას" აღზრდილ ფეხბურთელს მცირე სტატია მიუძღვნა, რომელსაც მცირედი ცვლილებით გთავაზობთ.
"ლა მასია" ვარსკვლავების სამჭედლოა, ყოველწლიურად ჩნდებიან ფეხბურთელები რომლებზეც ძალიან დიდი ავანსია გაცემული, თუმცა, ყველა ვერ ამართლებს. "ბარსას" ერთი ოქროს თაობა უკვე ვნახეთ, - ლიონელ მესი, ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი, პიკე, პედრი, ალბა, ბუსკეტსი, პუიოლი, ალკანტარა, - ამ ფეხბურთელებს ერთ პერიოდში მოუწიათ თამაში და ბევრი რეკორდიც მოუხსნიათ, მათ შორის გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომლებზეც ასევე დიდი იმედები მყარდებოდა, მაგრამ ვერ გაამართლეს, პირველ რიგში უნდა ითქვას ბოიან კრკიჩზე, შემდეგ ჯოვანი დოს სანტოსი და ბელერინიც გაახსენდება ადამიანს. უკან მობრუნებულებიც გვინახავს, რომელთა კარიერაც განსხვავებულად წარიმართა, პიკე კლუბის ლეგენდად იქცა, ფაბრეგასს კი ვერ წაუვიდა საქმე კარგად. მოკლედ, "ლა მასიელების" გზა მრავალფეროვნად ვითარდება, ამ აკადემიას ჩავარდნა ფაქტობრივად არ ჰქონია.
ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ მეორე ოქროს თაობას ვადევნებთ თვალს, რომელიც ჯერჯერობით ოქროს თაობად არ უნდა იწოდებოდეს, რადგან მათი ერთობლივი ძალით "ბარსას" ჯერ ოქრო არ მოუგია. ყველაფერი წინ არის. "ბარსას" საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტები ჰყავს, რომლებიც უკვე იქცნენ ვარსკვლავებად. Goal.com-ი კი ყურადღებას ამახვილებს ფეხბურთელზე, რომელმაც კლუბი დატოვა, 16 წლის ასაკში კონტრაქტზე ვერ შეთანხმდა და სულ სხვა გზით წავიდა. წერენ, რომ ეს კლუბის შეცდომა იყო. დრო გვიჩვენებს ნამდვილად ასეა თუ არა, უკან დაბრუნება კი ყოველთვის შეიძლება.
ჯერჯერობით მხოლოდ ხუმრობა ისმის მის შესახებ, საქმე ის არის, რომ ამ ფეხბურთელის სახელი და გვარია - იკერ ბრავო. იკერ კასილიასის სახელი აქვს და კლაუდიო ბრავოს გვარი, არადა, ფორვარდია. ასე რომ, უკვე წნეხშია, უკვე ბევრს ხუმრობენ მასზე, საკმარისია ერთი მომენტიც ვერ გამოიყენოს და იმ წამსვე დაიწერება, რომ ასეთი სახელისა და გვარის მქონე ფეხბურთელი ვერასდროს შეძლებს ფორვარდად ქცევას. "ჯობდა კარში ჩაეყენებინათ" და ა.შ. ხუმრობაა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელზე მაინც მოქმედებს.
გოლებს იტანს, თუმცა, ვერ ვიტყვით რომ შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს.
5 წლიდან "ბარსას" ფორმა ეცვა, მაგრამ წასვლა მოუწია. სულ რაღაც 17 წლისამ მოასწრო ბუნდესლიგაში თამაში, ერთხელ განაცხადში მოხვდა და ერთხელ 11 წუთი დაუთმეს. ერთი მატჩი ჩაატარა გერმანიის თასზეც. ამით "ბარსას" ხელმძღვანელების მოხიბლვა რთულია, თუ პედრის, გავისა და ფატის გავიხსენებთ, მაგრამ, მაინც აღსანიშნავია, რომ პატარა იკერმა ბუნდესლიგისკენ გზა გაიკვალა, დაუფასეს ახალგაზრდულ გუნდში 17 შეხვედრაში გატანილი 10 გოლი.
"ამ სეზონში არ გეგმავდა ბუნდესლიგაში დებიუტს, მაგრამ კარგი თამაშით თავი გამოიჩინა და დროც მიიღო. ამჟამად ძირითად გუნდთან ერთად გაივლის შეკრებას, მისგან ბევრს ველით", - უთხრა Goal.com-ს "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა.
"კარგი ფინიშერია, "ბარსელონას" სკოლამ დამატებითი უნარები შესძინა, გარდა მომენტის დასრულებისა, სიღრმიდან თამაშიც გამოსდის და კარგი პასის კულტურა აქვს. არ ვღელავთ იმის გამო, რომ გოლების სიმრავლით არ გამოირჩევა, ამ ეტაპზე ხასიათს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ის ლიდერია, თუ რამე კარგად არ მიდის ყოველთვის ბურთს ითხოვს და თავად ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას".
"გვესმის რომ გარემოს შეცვლა რთულია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, იკერი ყველაფერს კარგად უმკლავდება და მგონია, რომ ამ დროის მანძილზე უკეთესი ფეხბურთელი გახდა".
თავი ნაკრებშიც გამოიჩინა, 17-წლამდელთა შემადგენლობაში თურქეთთან ულამაზესი გოლი გაიტანა.
"მრავალმხრივი ფეხბურთელია და გუნდისთვის ბევრის მოცემა შეუძლია, კარგად აკონტროლებს ზონებს და სწრაფი აზროვნებით გამოირჩევა", - ამბობს ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ჟულენ გერერო.
"ბარსამ" იცოდა მისი ნიჭისა და უნარების შესახებ, მაგრამ დარჩენაში ვერ დაარწმუნეს.
ასრულებს სტატიას Goal.com-ი.
ჩვენ კი აღვნიშნოთ ის, რაც "ლა მასიას" დაფანტულ ვარსკვლავებზე ადრეც გვითქვამს. 17-წლამდელებში თამაშით ვერავის მოხიბლავ, როცა პედრი და გავი ეროვნული ნაკრების შეუცვლელ ფიგურებად ყალიბდებიან, წარმოუდგენლად დიდ კონკურენციაში. "ბარსაში" დარჩენას და რიკი პუჩივით სკანზე ჯდომას ნამდვილად სჯობდა ბუნდესლიგაში დებიუტი.
თუ თავს გამოიჩენს, მისი მოძებნა არ გაჭირდება. "ლა მასიელებისთვის" კარი ყოველთვის ღიაა.
ცალი თვალით დავაკვირდეთ, რა იცი რა ხდება..
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]