სპორტული აგენტების სამყაროს მთავარი ვარსკვლავი
თითქმის ყველა ცნობილმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინო რაიოლა გარდაიცვალა. დიდი სახელი, დიდი ფიგურა თანამედროვე ფეხბურთში, ეს სიდიდე უმეტესად უარყოფით კონტექსტს იტევდა, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, ეს იყო კაცი, რომელიც თავის კლიენტების ინტერესების დასაცავად მხეცივით იბრძოდა. პრობლემაც ხომ ეს იყო რეალურად? მაშინაც იცავდა, როცა არ იყვნენ მართლები, იცავდა მაშინაც, როცა ყველა ხვდებოდა მათ დანაშაულს, ალბათ ყველა სპორტსმენს სურს, რომ ასეთი კაცი ჰყავდეს გვერდით.
სხვა რისთვის იყო აგენტი საჭირო? პირველ რიგში ფეხბურთელების ინტერესებს იცავდა, კლუბები კი დიდად არ ადარდებდა, ამიტომ, მისი ფეხბურთელების ფასი, როგორც წესი ძალიან მაღალია, ხელფასის ჩათვლით კიდევ უფრო მაღალი, მინო პირველი იყო, ვინც თავის კლიენტს ეტყოდა, რომ მეტს იმსახურებს, ასეთი დამოკიდებულებით კი იმდენს მიაღწია, რომ მისი ფეხბურთელები ხანდახან იმაზე მეტსაც კი შოულობდნენ, ვიდრე იმსახურებდნენ.
ასე მოხდა, რომ მისი სამსახური ყველას დასჭირდა, მინოსთან სუპერვარსკვლავების რიგი დადგა. მშიერი კაცი იყო, დაგეშილი ფულზე და წარმატებაზე, რაც მიზნად დაისახა მიაღწია კიდეც, შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის წესები შეცვალა, უარყოფითი კონტექსტიც აქ ჩნდება, მწვრთნელებს დაუჩივლიათ ახლა ფეხბურთელებს იმაზე მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ, ამიტომ მათთან მუშაობა ძალიან გაჭირდა, წლობით მათი კონტროლი შეუძლებელი იქნება და ვეღარ მივიღებთ ახალ ფერგიუსონს, ან ვენგერს, რადგან, აგენტებისა და ფეხბურთელების ძალაუფლების ზრდასთან ერთად, სამწვრთნელო დინასტიებიც წარსულს ჩაბარდაო, - შესაძლოა, ცოტა გადამეტებულიც იყოს, მაგრამ ასე ითქვა და მინოც ის კაცი იყო, რომლის გამოც ეს დღის წესრიგი დადგა.
დარჩა უპატრონოდ პოლ პოგბა, რომელიც თავისუფალი აგენტი ხდება, ერლინგ ჰოლანდი, რომელიც აუცილებლად დატოვებს „დორტმუნდს“ და მინოს კარგი მეგობარი, - ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ზლატანს პატრონი დიდად აღარ სჭირდება, სამაგიეროდ, მეგობარი ყოველთვის საჭიროა, ალბათ ფიქრობდა, რომ მინოს ყველასგან და ყველაფრისგან დაიცავდა, მაგრამ ცხოვრება ასეთია, არსებობს რაღაცები, რისგანაც ვერავინ დაგიცავს. მინომ იავადმყოფა და დაიწერა, რომ ფატალური შედეგი დადგა.
მის კლიენტებს შორის კიდევ არიან მატიას დე ლიხტი, მარკო ვერატი, ჯიჯი დონარუმა, ჰენრიკ მხითარიანი და ა.შ. რა ჩამოთვლის...
შეიძლება ითქვას, რომ სპორტული აგენტების სამყარომ მთავარი ვარსკვლავი დაკარგა. მის კლიენტებთან ზარები უკვე შევიდოდა, არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი, ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს. დაესევიან ფეხბურთელებს და სულ სხვა ხალხი ჩაიგდებს ხელში, მათი სხვა გუნდში გადაყვანა კი ფინანსური თვალსაზრისით გამარტივდება, რადგან მინოს ჩართულობა ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, ვინც არ უნდა დაიკავოს მისი ადგილი, მეეჭვება რომელიმე ტრანსფერში 5 მილიონ ევროზე მეტი მოითხოვოს.
თუმცა, „ბარსელონას“ კონტექსტში ახლა ამის განხილვა არც ეთიკურია, და არც გონივრული. ვიცით, რომ რაიოლა ლაპორტასთან მეგობრობდა, თუ ახლობლობდა, ან უბრალოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ან ეგ სიმპათიაც ბიზნესის ნაწილი იყო, არ ვიცი.
მინო იტალიელი იყო, მაგრამ ნიდერლანდებში გაიზარდა, მისი პირველი ბიზნესი იტალიელებისათვის შესაფერისი გამოდგა, მშობლების რესტორანი ჩაიბარა სამართავად და კარგადაც გამოსდიოდა საქმე, სულ მცირე ხანში ქსელი საგრძნობლად გააფართოვა.
ფეხბურთელი ვერ გამოვიდა, სამაგიეროდ, 19 წლის ასაკში ჰაარლემის სპორტულ დირექტორად დაინიშნა, როგორც წესი, ამ დროს ადამიანმა საერთოდ არ იცის ცხოვრებაში რა უნდა აკეთოს, მინომ კი კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა.
შემდეგი ეტაპი სპორტული სააგენტო Sports Promotions-ი იყო, სადაც ნიდერლანდელ ფეხბურთელებს ეხმარებოდა იტალიურ ბაზარზე დამკვიდრებაში, სხვათა შორის, დენის ბერგკამპის „ინტერში“ გადასვლაც მის სახელს უკავშირდება. მისი პირველი დამოუკიდებელი ტრანსფერი კი პაველ ნედვედის „სპარტადან“ „ლაციოში“ გადაყვანა იყო. მინო ნედვედის ინტერესებს წლების განმავლობაში იცავდა.
რაიოლა საუბრობდა შვიდ ენაზე და არ ერიდებოდა ხმაურიან განცხადებებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე მის კლიენტს ეხებოდა, განსაკუთრებით ხშირად უწევდა პოლ პოგბას დაცვა, „მანჩესტერის“ ლეგენდების თავდასხმებისგან, გვარდიოლასთან კი საშინელი ურთიერთობა ჰქონდა, ამის მიზეზი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა მათ შორის რა მოხდა, მინო ყოველთვის თავისიანს იცავდა.
აი ასე, ბევრს არ უყვარდა, ალბათ კლიენტებისა და ოჯახის წევრების გარდა არავის უყვარდა, თუმცა, პატარა ეპოქა შექმნა სპორტული აგენტების სამყაროში.
მშვიდად გან...
P.S: როგორც ფაბრიციომ გვაუწყა, ჯერ კიდევ სუნთქავს.
შენდობას ვთხოვ ნაადრევად გათხრილი საფლავისთვის და ისღა დაგვრჩენია ფეხზე დადგომა ვუსურვოთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]