მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ტრადიციული ფრე პირველ მატჩში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ტრადიციული ფრე პირველ მატჩში

ტრადიცია არ დაირღვა. ევროპა ლიგის პლეიოფში "ბარსამ" პირველი მატჩი ვერ მოიგო. საშიში არაფერია. უკვე მივეჩვიეთ, რომ პირველი მატჩი უფრო დაზვერვას ემსახურება, მეორეში კი ყველაფერი კარგად არის. 

ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა, ზუსტად ისეთი როგორიც მეოთხედფინალს შეეფერება. პირველ ტაიმში "აინტრახტმა" აჯობა კიდეც "ბარსას", მთავარი ხიფათი კონტრშეტევებიდან მოდიოდა და უნდა ითქვას, რომ ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებდნენ, ერთ მომენტში ვერც დავიჯერე, რომ გოლი არ გავიდა. დაგვინდო მეტოქემ. სოუმ ააცილა. 

რა იყო ის, რის ხარჯზეც "აინტრახტი" პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდა? პირველ რიგში აგრესია. ეს ჰქონდათ გერმანელებს და აკლდა "ბარსას", აკლდა იქამდე სანამ არაუხო არ გააბრაზეს, მერე ალბათ მთელი გუნდი მიხვდა, რომ რაღაცებზე პასუხიც უნდა გაგვეცა. 

შემადგენლობა

მოხდა ის, რაც ვივარაუდეთ, რთული გამოსაცნობი ნამდვილად არ ყოფილა, დაცვის ოთხეული ერიკ გარსიამ შეავსო, ნახევარდაცვაში გავიმ მიიღო სათამაშო დრო და შეტევაში დასვენებულმა ტრაორემ. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ამ სამიდან ყველაზე კარგი შთაბეჭდილება გარსიამ დატოვა. კი, შეცდომებიც ჰქონდა, მაგალითად ბურთის მოგერიების დროს, რასაც გოლი მოჰყვა, ვერ მოახერხა შორს მოგერიება, მცველებს ბავშვობიდან ასწავლიან, რომ ბურთი ფლანგისკენ მოიგერიონ და არა კარის წინ, გარსია როგორც ჩანს აცდენდა ხოლმე ვარჯიშებს. მერე თავად სცადა დაფარება და ვერ მოასწრო, იმ კაცსაც ესიენივით გაუვარდა, - 1:0.

სამაგიეროდ, გარსია ბურთის ამოტანის დროს საუკეთესო იყო. აი, გავისა და ტრაორეს არ გამოუვიდათ თამაში, განსაკუთრებით ტრაორეს. ვწერდით აქამდე რა დადებითად იმოქმედა დემბელეზე ნდობამ, ტრაორეზე კი პირიქით მოხდა, გრძნობს, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და როგორც ჩანს, მხოლოდ ევროპა ლიგა არ აკმაყოფილებს. ასე მოკლე დროში დაკარგა ფორმა. "ბარსაში" სხვაგვარად არ გამოვა, ძირითადისთვის ბრძოლა მოგიწევს, ან ლიონელ მესი უნდა იყო, ტრაორე კიდე მესი ვერ არის. 

ბევრად კარგი იყო ფრენკი დე იონგი გავისთან შედარებით. ამ დონის მატჩებისთვის მეტად გამოცდილია და თითქმის ყველაფერში აჯობა. ამიტომაც, უფრო მეტ დროს ჯერჯერობით ფრენკი იღებს და არა გავი. 

ცუდი ამბავი კი მალევე მოხდა, პიკემ მიიღო ტრავმა. გარსია მზად არის, თუმცა, ევროპა ლიგას მხოლოდ გარსია არ ეყოფა, ალვესის არყოფნაში არაუხო გვყავს ფლანგზე, ასე რომ, ლანგლე დაბრუნდა! რავიცი, არაფერი გაუფუჭებია, თუმცა, მისი ნდობა რომ არ შეიძლება, ეს პირველ რიგში მისგან ვიცით. 

ფლანგებზე რა ვთქვათ? ალბა ჩვეულად აქტიური იყო და კონტრშეტევებიც მეტწილად მისი ფლანგიდან მოდიოდა, ყველამ იცის, რომ შეტევაში უყვარს გართობა და ისეთი სწრაფიც აღარ არის, როგორც წლების წინ. ჰოდა, გამოიყენეს ეს ამბავი. 

არაუხო მხეცია. წერტილი. 

დაკარგული ტრიო და გარდამტეხი ცვლილებები

ვინმეს ობამეიანგი ხომ არ გინახავთ? წინა მატჩისა არ იყოს, აქაც დაიკარგა. ამას გულისხმობდა ჩავი, როცა ამბობდა, რომ მოკლე სივრცეში თამაში უჭირს. წინა შეხვედრაში ერთი კარგი მომენტი შეექმნა, დემბელეს პასის მერე, ასეა საქმე, დემბელე მისი მთავარი მომმარაგებელია, ტრაორემ კი ვერავინ მოამარაგა, მხოლოდ ერთხელ ჩააწოდა სახიფათოდ, ეგ იყო და ეგ. 

ფერანი ტრიოდან საუკეთესო იყო, ცვლილებებამდეც და ცვლილებების შემდეგაც. ყველაზე მეტს აქტიურობდა, ყველაზე მეტ მომენტს ქმნიდა და ძალიან მნიშვნელოვანი გოლიც შეაგდო. საწყის წუთებში ისეთი გაისროლა წესით სეზონის გოლი უნდა გამოსულიყო, მაგრამ, მეკარემ როგორღაც გამოაძრო. 

მერე, ჩვეულად ტრიბუნაზე ურტყა და ბოლოს შეასრულა. 

უნდა ითქვას, რომ ცვლილებებმა მთავარი გარდატეხა შეიტანეს თამაშში. ფრენკიმ და დემბელემ მატჩის მიმდინარეობა და ტემპი შეცვალეს. გოლი კი მშვენება გამოვიდა, არ გაგახსენდათ არაფერი? "ბარსელონა" - "მანჩესტერი", "კამპ ნოუ", კოული-იორკის ბრწყინვალე კომბინაცია, ყოველთვის მსურდა რაღაც მსგავსი "ბარსასაც" გოლად ექცია და აგერ, გამოვიდა, შეასრულეს! 

ბოლოს კი ცოტა უკმაყოფილო დავრჩი. მეტოქის კაცი გაუძევეს, დრო დიდი იყო, მაგრამ ვერ ვნახე ის ზეწოლა რასაც ველოდი, "აინტრახტი" მაგრად დადგა. გერმანელებთან ხუმრობა არ შეიძლება, ვერ ვიტყვი, რომ "ნაპოლიზე" ძლიერი კლუბია, მაგრამ, გერმანელებს მატჩის ორგანიზება საუკეთესოდ შეუძლიათ, ჰოდა, არ იქნება მარტივი, მაგრამ "ბარსას" წარმატებაში ეჭვი არ მეპარება. 

შემდეგი მატჩი "ლევანტესთან" გასვლაზე და მერე "აინტრახტიც" გვესტუმრება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 9 აპრილი 2022 04:33
    0
    იცით რატომ დამთავრდა ფრე ?
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 აპრილი 2022 15:04
    0
    მიმოხილვა კარგი იყო, ფაქტი ერთია. თუ არ დავრბივართ თამაში არ მიდის. ტექნიკა რაც არ უნდა უმაღლესი გქონდეს, ადგილზე დგომით არაფერი გამოვა. ეს ლეოს შეეძლო სეირნობით შესულიყო საჯარიმოში და გოლიც გაეტანა ჩვენ ახალგაზრდებს კი ჯერ ამდენი არ შეუძლიათ, თუმცა რატომ მარტო ახალგაზრდებს არც ძველგაზრდებს არ გამოსდით. აი ჩვენი გოლი ნამდვილი საფირმო ბარსელონური იყო და კარგი კომბინაციის სწრაფ ტემპში გაკეთებით მოხერხდა.
    [?]
    #2 8 აპრილი 2022 09:45
    1
    10 ნი გვიტევდნენ და ფრეზე ითამაშა ბოლოს ჩავიმ. ფანებმა დიდი მუხტი მისცეს. კამპ ნოუზე აბაროტი უნდა ავუღოთ. სწრაფი გოლით 4-ს გავუტანთ. თუ გოლი დავაგვიანეთ გაჭირდება. გავი ცუდი არ იყო, ბევრჯერ ჯარიმა არ დაუდეს. ფიზიკურად ჩაგრავდნენ. ეს ტანმორჩილი კაცი სულ შედის ფიზიკურ ორთაბრძოლებში ჯაჯგურობს. ლა ლიგაში ხშირად გამოდის მარა გერმანელებმა დაჩაგრეს. ჯერ პატარაა ისწავლის როდის წავიდეს დრიბლინგზე. ობა ყოველთვის მომენყის კაცი იყო. ბოლო 2 თამაში არც მომენტები იყო ბევრი და არც სივრცე. მარა იმედია გააგრძელებს გატანას. იმედია არ ჩაქრა. თუ არადა ფატი სულზე მოგვიაწრებს. ადამაზე კიდე ვერ ვიტყვი რო ფორმა დაკარგა. დარბის ცდება მცველებს. უბრალოდ მერე რა ქნას არ იცის. ეგაა მაგისი მაქსიმუმი. თუ დე იონგი არაა ცენტრში აწვდის უაზროდ. სიმწვავე 0 აქვს მაგის პასებს. აი 70 წუთზე რო გამოდის მერე უფრო აახიფათო უნდა იყოს ხოლმე. რაღაცას გვმატებს ჯამში მარა რაცაა ეგაა. ევ ფლანგი გაააძლიერებელია. და დაცვის ცენტრში გვინდა ერთი კაი კაცი. თორე პიკეს ტრავმამ ყველა შეგვაშინა ლენგლე რო გამოვიდა. იმედია კრისტიანსენი მოაგვარებს მაგას. არც ეგ არაა ტოპ მცველი მარა ლენგლეს უნდა აჯობოს. შემდეგ ხუთდაბათს გავავსოთ კამპი და გავაყრუოთ სტვენაში
    Culé [?]
    #1 8 აპრილი 2022 07:13
    4
    ძალები დაზოგეს და თან აინტრახტიც ძლიერი კლუბია, ეგ არაფერი,კამპ ნოუზე მოიგებენ