ობამეიანგი ბარსელონაში - ციდან მოვლენილი საჩუქარი

ობამეიანგი ბარსელონაში - ციდან მოვლენილი საჩუქარი

 The Athletic-მა პიერ-ემერიკ ობამეიანგს მორიგი სტატია მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

არც „ბარსასთვის“ იყო ობამეიანგი პირველი არჩევანი და არც ობამეიანგისთვის „ბარსელონა“, მაგრამ, ზამთარში მოვლენები ისე წარიმართა, რომ გაბონელი კატალონიაში აღმოჩნდა. ტრანსფერს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, განსაკუთრებით ობამეიანგის „არსენალური“ კარიერის ბოლო პერიოდის გამო, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, ობამეიანგს პრობლემები ჰქონდა, თუმცა, რაც მეტი დრო გადის, ფორვარდი ამტკიცებს, რომ მისი ტრანსფერი წარმატებულია.

ჯერჯერობით ზღაპრული პერიოდი აქვს, იყო ჰეთთრიქიც „ვალენსიას“ კარში, ბოლოს „ოსასუნასაც გაუტანა, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სტილში გააქვს გოლები, რაც მის უნარებზე დადებითად მეტყველებს. სხვათა შორის, ბოლო ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერიც „ბარსაში“ შედგა და პირველ ექვს ტურში ხუთი გოლი შაგდო ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო.

თავის დროზე მასში ეჭვი შეჰქონდა ჩავი ერნანდესსაც, მაგრამ, „ოსასუნასთან“ თამაშის მერე აღმოჩნდა, რომ მისი ეჭვები საბოლოოდ გაქარწყლდა. გახსოვთ ალბათ, ადრე ამბობდა ობამეიანგი „ბარსას“ ვერ მოერგებაო, ახლა კი პრესკონფერენციის შემდეგ ასეთი რამ უთქვამს, - „ის ციდან მოვლენილი საჩუქარია“.

ზამთარში მთავარი სამიზნე ალვარო მორატა იყო. ახსოვს ახლა ვინმეს მორატა? არა მგონია, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ძალიან სურდა ტრანსფერი, „იუვენტუსმა“ არ გამოუშვა, თუმცა, „ბარსამ“ ობამეიანგი მიიღო და ჩაშლილი ამბავი არც არავის გახსენებია. სანამ ობა მოწოდების სიმაღლეზეა, ასეთ ამბებს არ გაიხსენებენ. თითქოს ფერან ტორესის ტრანსფერით დაკმაყოფილებაც შეიძლებოდა, მაგრამ, თავად ფეხბურთელიც კი გარემარბად მიიჩნევს თავს, მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკეს უყვარს მისი ცენტრში დაყენება.

ფაქტია, რომ „ბარსას“ ძალიან კარგი სატრანსფერო კამპანია გამოუვიდა. საუკეთესო ზამთრის კამპანია ევროპის მასშტაბით. ეს კი შემთხვევითი არ არის, წლების განმავლობაში კლუბს ჰყავდა მმართელები, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ რას აკეთებდნენ, ამჟამად კი მმართველების აზრები ერთმანეთს ემთხვევა, ჟორდი კრუიფმა, მატეუ ალემანმა და ჩავი ერნანდესმა საერთო ენა გამონახეს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, ამ ხალხს დიდი საქმეების კეთება შეუძლია.

მათ პრემიერ ლიგაში გადაწყვიტეს ფეხბურთელების მოძიება, რადგან იქ უფრო მაღალ სისწრაფეებზე თამაშობენ, ვიდრე ლა ლიგაში, ფიზიკურადაც გაცილებით ძლიერები არიან, „ბარსას“ კი ამ კომპონენტებში ძალიან უჭირდა“, - ამბობს კლუბთან დაკავშირებული წყარო.

„ბარსამ“ იზრუნა იმაზე, რომ ადამას ტრანსფერი ჩაეშალათ ლონდონის „ტოტენჰემში“, როგორც წესი, კატალონიური გრანდი ხშირად უბრუნდება თავისივე აღზრდილ ფეხბურთელებს და მათ დაბრუნებას ცდილობს. ადამა არც პირველია და არც უკანასკნელი. აი, ობამეიანგს განიხილავდნენ როგორც შესაძლებლობას. მისი გადმობირება ერთგვარი ბონუსი იყო, ტრანსფერის ალბათობა კი ალბათ 50%. ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ ფეხბურთელს კონტრაქტის გაფორმების საშუალება მისცემოდა, როგორც ხედავთ, ყველაფერი გამოვიდა.

 ობამეიანგს სხვადასხვა შემოთავაზებები ჰქონდა, იტალიიდან და საფრანგეთიდან, მაგრამ, „ბარსაზე“ უარის თქმა ძალიან რთულია. ეს ისეთი ამბავია, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ ხდება, მადრიდის „რეალის“ მიმართ სიმპათიებსაც კი დაგავიწყებს. გაბონელმა ლონდონი დატოვა და ბარსელონაში ჩაფრინდა, დიდი ხმაური მოჰყვა ამ ყველაფერს, ობა ამბობდა სახლში ვიყავი ჩასულიო, საქმე ის არის, რომ მას მართლაც აქვს ქალაქთან ახლოს სახლი, მაგრამ, რეალურად, „ბარსასთან“ მოსალაპარაკებლად იყო ჩასული, ამიტომ, არც ტყუილი უთქვამს და არც სიმართლე. თავდაპირველად წერტილი ვერ დაისვა, ობამეიანგს დაბრუნება მოუწია ლონდონში, მერე კი ყველაფერი დალაგდა, შესაძლოა ყოფილმა „ბარსელონელმაც“ ითამაშა თავის როლი, მიკელ არტეტას ხელი არავისთვის შეუშლია და პირდაპირ თქვა, რომ ფეხბურთელი არ სჭირდებოდა.

„არსენალისგან“ გათავისუფლების ნებართვას ველოდით და ვადის ამოწურვამდე 2 წუთით ადრე მივიღეთ, გული ძალიან სწრაფად მიცემდა“, - უთხრა ობამ კატალონიურ სპორტს.

კლუბთან ახლოს მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ „ბარსელონას“ ტექნიკურმა ჯგუფმა ბრწყინვალედ იმუშავა, ძალიან შრომატევადი საქმე იქნა გაწეული, რომელიც კრეატიულობასაც მოითხოვდა. განსაკუთრებით რთული იყო კონტრაქტის დეტალების ისე განსაზღვრა, რომ სამართლიანი თამაშის წესები და ლა ლიგის განაწესი არ დარღვეულიყო. „ბარსამ“ ეს შეძლო, ობამეიანგი გაცილებით მცირე ხელფასს დათანხმდა იმასთან შედარებით, რასაც „არსენალში“ იღებდა, კონტრაქტი კი 2025 წლამდე გაფორმდა.

კონტრაქტი მოიცავს გადახედვის ვალდებულებას, 2023 წელს, ეს ჩანართი გულისხმობს ფინანსური საკითხის გაუმჯობესებას, თუ კლუბს ამის საშუალება გაუჩნდება, ის იღებს ვალდებულებას, რომ ობამეიანგს ხელფასი მოუმატოს.

„ბარსაში“ თამაში, რომ მარტივი არ არის ყველას კარგად მოეხსენება. ახლა ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც მალე 33 წლის გახდება, ჩვენ კი გვინახავს საუკეთესო ასაკში და ფორმაში მყოფი ფეხბურთელები, რომელთა გადასვლაც „ბარსელონაში“ დიდ მოვლენად იყო შერაცხული, მაგრამ ყველაფერი ისე ვერ წარიმართა როგორც ელოდნენ. შეგვიძლია გავიხსენოთ ფაბრეგასი, „არსენალის“ მთავარი ვარსკვლავი და ლიდერი, „ბარსას“ აღზრდილი და პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი. თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისათვის, რომ მორიგი ლეგენდა შექმნილიყო, მაგრამ, საბოლოოდ ყველაფერი გაფუჭდა. ასე იყო კოუტინიოსა და გრიზმანის შემთხვევაშიც. მათში იმდენი თანხა გადაყარეს, კლუბი ვალებში გადავარდა. ასე რომ, ობამეიანგის ტრანსფერს დიდი მოლოდინი არ გამოუწვევია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვირუსი გადაიტანა და გულის პრობლემების გამო ნაკრებშიც არ უთამაშია. თუმცა, ეს უფრო შიში იყო, ვიდრე რეალური პრობლემა, თორემ, გულის პრობლემები რასაც იწვევს, „ბარსას“ კარგად მოეხსენება. 

ობამეიანგმა ნელ-ნელა მოუმატა, თავდაპირველად შეცვლებზე გამოდიოდა და დანარჩენი გუნდისგან მოწყვეტილი იყო, მაშინ, როცა ლუკ დე იონგი მასზე კარგად გამოიყურებოდა, შემდეგ კი ობამ თავის თამაში იპოვა და ახლა მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს. ყველაფერი ნდობით დაიწყო, ობამეიანგი ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებოდა, ეტყობოდა ის მოტივაცია, რომელიც ახალ კლუბში თავის დასამკვიდრებლად აუცილებელია, ჩავი ერნანდესი მას ენდო და დიდი დრო არც იყო გასული, „ვალენსიასთან“ რომ გაიბრწყინა. ორი ძალიან კარგი გოლი გაიტანა, უკვე ავტობუსში იყო, როცა გაიგო, რომ პედრის დარტყმულის შემდეგ გასული გოლიც მას ჩაუთვალეს, - „ავტობუსში მითხრეს, რომ უნდა დავბრუნებულიყავი და ბურთი წამომეღო. თურმე ჰეთთრიქი შევასრულე“, - თქვა მოგვიანებით.

 ჩავი ამბობდა ობა მოკლე სივრეცში ვერ ითამაშებს, მას მხოლოდ ღია სივრცე სჭირდებაო, მაგრამ, ეს დიდი ხნის წინ იყო. მას შემდეგ ობამეიანგიც შეიცვალა და „ბარსელონაც“, ხოლო ჩავი იმაზე ბევრად პრაგმატული მწვრთნელი გამოდგა, ვიდრე მანამდე ვარაუდობდნენ. ობამეიანგი დიდ როლს თამაშობს პრესინგის დროს, „ბარსამ“ ამ კუთხით ძალიან მოუმატა და შედეგიც სახეზეა. „ნაპოლისთან“ პრესინგის მასტერკლასი აჩვენეს, ობამეიანგმა კი მორიგი კარგი გოლი გაიტანა.

შემდეგ იყო გოლი „ბილბაოსთან“ და ბოლოს „ოსასუნასაც“ შეუგდო. ბრწყინვალე დასაწყისია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „არსენალში“ მხოლოდ შვიდი გოლი ჰქონდა გატანილი მიმდინარე სეზონში. გამოდის, რომ მოტივაციის დიდი პრობლემა ჰქონია, რომელიც ამჟამად მოგვარებულია. ხანდახან აუცილებელიც კია გარემოს გამოცვლა.

ის პოზიტიური მოთამაშეა, რომელიც შემადგენლობას კარგად შეეწყო, გუნდის წესებთან სწრაფად ადაპტირდა, (ჩავის ათი „მცნება“) ქმნის მომენტებს, გააქვს გოლები და ბევრს მუშაობს პრესინგზე, მისი მწვრთნელობა პრივილეგიაა“, - თქვა ჩავი ერნანდესმა.

მართლაც უცნაურია როგორ ჰქონდა ამ ადამიანს ამდენი პრობლემა ლონდონის „არსენალში“, ფაქტია, რომ მიკელ არტეტამ მასთან მუშაობას თავი ვერ გაართვა. ისიც ფაქტია, რომ ობამეიანგი სულ ღიმილით თამაშობს, თავადაც იღებს სიამოვნებას თამაშისგან და სხვასაც აძლევს ამის საშუალებას. მისთვის ოჯახი უპირველესი ფასეულობაა, ამიტომ, ვარაუდობენ, რომ საქმე გაფუჭდა მაშინ, როცა ავადმყოფი დედის მოსანახულებლად არ გაუშვეს.

სახლი, რომელმაც ყურადღება მიიქცია და ბარსელონას სიახლოვეს მდებარეობს, ობამეიანგის მამას ეკუთვნის, დედა ესპანელი ჰყავს, ელ ბარაკოდან არის წარმოშობით, რომელიც ქალაქ ავილასთან ახლოს მდებარეობს, მადრიდიდან 90 წუთის სავალზე. ობა საფრანგეთში იზრდებოდა, პროფესიონალი ფეხბურთელის ოჯახში, მამამისი ფრანგულ კლუბებში თამაშობდა. ზაფხულში ესპანეთში ჩადიოდა, უყვარს ეს ქვეყანა და აქ თამაშზეც ყოველთვის ოცნებობდა.

ესპანურ ენას კარგად ფლობს, ფეხბურთელებს მარტივად უგებს და ინტერვიუებიც ჩამოარიგა, ყველას აჩვენა, რომ ლა ლიგას კარგად იცნობს. ბევრს საუბრობდნენ მის სიყვარულზე მადრიდის „რეალის“ მიმართ, ამან მცირე უხერხულობაც გამოიწვია, მაგრამ, ობა პროფესიონალია, ახლა სხვა მიზნები აქვს და სულ მცირე ხანში, „რეალთან“ დაპირისპირებაც მოუწევს.

„სანამ ის გარდიცვლებოდა დავპირდი, რომ ერთ დღეს მადრიდის „რეალში“ ვითამაშებდი“, - ჰყვებოდა ობამეიანგი ბაბუის შესახებ, 2016 წლის ინტერვიუში, - „რეალში“ თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო“, - თქვა მომდევნო სექტემბერს. თურმე, მისი ცნობილი სალტო გოლის შემდეგ, უგო სანჩესის საპატივცემულოდ სრულდება, „რეალის“ ლეგენდის, რომელიც ობას ბაბუის საყვარელი ფეხბურთელი ყოფილა.

„ბერნაბეუზე" გაუტანია, „დორტმუნდის“ შემადგენლობაშო. გარკვეული ინტერესიც იყო მის მიმართ, მაგრამ, მაშინ „რეალში“ ბენზემასთან და ბეილთან ერთად რონალდუც თამაშობდა, ამიტომ, ტრანსფერი არ შედგა.

ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ სულ სხვაგვარად ყოფილა ყველაფერი, - „სიმართლე ის არის, რომ ბაბუაჩემი „ატლეტიკოს“ ფანი იყო, მის გასაბრაზებლად ვამბობდი, რომ „რეალში“ ვითამაშებდი“, - თქვა ობამეიანგმა, - „ესპანეთის ნაკრებში თამაშზეც მიფიქრია, მაგრამ მამის გზას გავყევი, ახლა ლა ლიგაში ვთამაშობ, შეიძლება ითქვას, რომ ოცნება ავიხდინე“.

ობას ახალ კლუბთან ადაპტირება არასდროს უჭირდა, არც გერმანიაში, არც ინგლისში, დაწყებით ყოველთვის მაგრად იწყებდა. „ბარსას“ ბევრი თავდამსხმელი ჰყავს, ზამთარში მოყვანილი ტრაორე და ფერანი, ერთმანეთის კონკურენტებად ქცეული ბრეითუეიტი და ლუკ დე იონგი, ტრავმირებული ანსუ ფატი, რომელიც კლუბის მომავალია, ტრავმამოშუშებული მემფის დეპაი, რა თქმა უნდა, კლუბს რამდენიმე მათგანი დატოვებს, მაგრამ შევსებაც იქნება, ლაპორტას უპირველესი სამიზნე ერლინგ ჰოლანდია. ჯერ არავინ იცის ობამეიანგი რა მნიშვნელობის ფეხბურთელი გახდება „ბარსელონასთვის“.

„მხოლოდ ის ვიცი, რომ ბევრი მუშაობა მომიწევს, ყველაფერი გავიღე იმისათვის, რომ აქ ვყოფილიყავი“, - თქვა ობამ ინტერვიუში.

ჯერჯერობით, ობა ბევრს მუშაობს და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 16 მარტი 2022 14:21
    1
    ციტატა: nika 54
    პსჟ ნეიმარს გვთავაზობს, საინტერესოა რამდენი უნდათ. თუ 100მლნ, მაშინ უნდა დაფიქრდნენ რო მაგდენს ჩვენ ვერავის გადავუხდით. მოგვცენ იჯარით და ვნახოთ რა მოხდება.

    მართლა კარგი იქნება ნეი ბარსაში, უფრო მოტივირებული იქნება და მე მგონია,რომ ათამაშდება.
    რაც შეეხება ობას,ძაან მაგარია და 4-5 წლით პატარა,რომ იყოს ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 მარტი 2022 13:57
    1
    პსჟ ნეიმარს გვთავაზობს, საინტერესოა რამდენი უნდათ. თუ 100მლნ, მაშინ უნდა დაფიქრდნენ რო მაგდენს ჩვენ ვერავის გადავუხდით. მოგვცენ იჯარით და ვნახოთ რა მოხდება.
    ფანი [?]
    #1 16 მარტი 2022 10:58
    9
    ეუფ ეს გვყაავდეს ერთი 26 წლის რას დაგვხატავდა