ქართველები "ბარსას" წინააღმდეგ

ქართველები "ბარსას" წინააღმდეგ

 ველით მამარდას "ვალენსიას" კარში. გაორებული გრძნობით მოგვიწევს მატჩის ყურება. 

„ბარსას“ წინააღმდეგ ბევრ ქართელს ნამდვილად არ უთამაშია, გასაგებ მიზეზთა გამო, როცა ქართული ფეხბურთი ძალიან მაღალ დონეზე იყო, მაშინ ქართველები მხოლოდ საბჭოთა კავშირში თამაშობდნენ, „ბარსას“ და თბილისის „დინამოს“ გზები კი არ გადაკვეთილა. იყო შანსი 1981 წლის ტრიუმფის შემდეგ, 1982 წლის ფინალში შევხვედროდით „ბარსას“ სადაც ალან სიმონსენი ბრწყინავდა, მაგრამ „დინამომ“ ბელგიურ „სტანდარტთან“ ნახევარფინალში წააგო. ძალიან დასანანი მარცხი იყო, ძველი თაობა დასასრულის დასაწყისად, სწორედ ამ მატჩს მიიჩნევს. არადა, ფინალი „ბარსელონასთან“, თან, ტიტულის დაცვის მოტივით მართლაც გადასარევი იქნებოდა.

მას მერე კი ქართული ფეხბურთის საქმე კარგად ნამდვილად არ წასულა, იმ დონეს ვეღარ შევწვდით, რომ ქართველები სისტემატურად თამაშობდნენ მსგავსი გუნდების წინააღმდეგ. ადრე დაგვიწერია ვინ იყო ძალიან ახლოს „ბარსაში“ თამაშთან, ახლა კი იმათ შესახებ დავწეროთ ვის უთამაშია მათ წინააღმდეგ.

თემურ ქეცბაია (1997)

ქეცბა „ნიუკასლის“ ლეგენდაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო არასდროს ეძლეოდა, მაინც მოახერხა და კლუბის ისტორიაში შევიდა, ოღონდ არა იმიტომ, რომ ერთ-ერთი გოლი შეშლილივით აღნიშნა, რომელსაც პრემიერ ლიგის არხებზე ყოველწლიურად ატრიალებენ, არამედ, იმიტომ, რომ ქეცბაია გახდა ფეხბურთელი, რომელმაც „ნიუკასლი“ არსებობის ისტორიაში პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაზე.

სწორედ ამ ჩემპიონთა ლიგას მოჰყვა „ბარსასთან“ დაპირისპირება, სადაც თემურმაც მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ „ნიუკასლიც“ ჯგუფში ჩარჩა და „ბარსელონაც“. ალბათ გახსოვთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს „ბარსასთვის“ ჰეთთრიქი შესრულებული, ამ სამიდან ერთი ასპრილაა, „ნიუკასლის“ ყოფილი ფორვარდი, რომელმაც „კაჭკაჭებთან“ სტუმრობის დროს გადაგვიარა. თემურმა ამ შეხვედრაში 9 წუთი დაჰყო მოედანზე, მატჩის მიწურულს იონ დალ ტომასონი შეცვალა, არ იყო მარტივი ტომასონთან და ასპრილასთან კონკურენცია. მით უმეტეს, შირერთან და ჟინოლასთან.

განმეორებით მატჩში „ბარსამ“ იმარჯვა, მაგრამ, ბოლო ადგილს ვერ ასცდა. ქეცბაია „კამპ ნოუზე“ 90 წუთით ვიხილეთ. ვიხილეთ რა.. წავიკითხეთ, აბა, მაშინ შუქი სად იყო?!

 გიორგი დემეტრაძე (2001)

ვერ გამოდგა დემეტრაძის კარიერა „რეალ სოსიედადში“ წარმატებული. საერთოდ, აღმავალი ვერ გამოდგა დემეს კარიერა, თორემ, ჰოლანდიაშიც ჰქონდა შანსი და ესპანეთშიც, თავის დროზე კი „ბარსას“ კარში კიდევ ერთი ჰეთთრიქის ავტორის, შევჩენკოს შემცვლელად მიიყვანეს კიევის „დინამოში“, „ბაიერნი“ და „რეალი“ კი გაიფინა, მაგრამ მაღლა მაინც ვერ იარა.

„ბარსასთან“ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, „ანოეტაზე“ გავიდა და 90 წუთი ითამაშა, ერთი-ორი მომენტიც ჰქონდა, თუმცა, ვერ გაიტანა. „ბარსამ“ 2:0 მოიგო, კლუივერტისა და ჩავის გოლებით.

 კახა კალაძე (2004-2006)

2004/2005 წლების სეზონში, ლაპორტას გაცოცხლებული „ბარსა“ და ზეობის ხანაში მყოფი „მილანი“ შეხვდნენ ერთმანეთს. „სან სიროზე“ „მილანმა“ მოიგო, თუმცა, „ბარსამაც“ მაგრად ითამაშა, გოლი არა და არ გავიდა, ორი ხარიხა და ერთი ძელი იყო ჩვენი მხრიდან. აი, „კამპ ნოუზე“ „ბარსამ“ 2:1 იმარჯვა, კალაძე 90 წუთი იყო მოედანზე და უნდა ითქვას, რომ ლუდოვიკ ჟიული მაგრად დაჩაგრა, შეჭამა ბურთიანად. სამაგიეროდ, ჩავის პასის მერე ეტო’ომ შეაგდო და ბოლოს რონალდინიომ იჯადოქრა, ეს მისი პირველი ჯადო გოლი იყო ჩემპიონთა ლიგაზე.

შემდეგ იყო ნახევარფინალები, უკვე მომდევნო სეზონში, ძალიან მაღალი დონის ორი მატჩი, სადაც კალაძემაც ძალიან მაგრად ითამაშა. ერთმა გოლმა გადაწყვიტა ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი, ჟიულიმ შეაგდო „სან სიოროზე“, რონის პასის მერე, ეს რონალდინიოს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამოდგა.

გოლის დროს რონალდინიოს პირისპირ გატუზო შეცდა, ზედმეტად აქტიურად ითამაშა და მოტყუებული დარჩა, ნესტამ პოზიცია დაკარგა, კახიმ სწრაფად ვერ დააზღვია და დიდამ ახლო კუთხეში გაუშვა, თითქოს, ყველა შეცდა, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს გოლი ორი ფეხბურთელის დიდოსტატობამ უფრო განაპირობა, ვიდრე მეტოქის შეცდომებმა.

„კამპ ნოუზე“ „მილანს“ გოლი არ გაუშვია, რაც ძალიან დიდი მიღწევა იყო. დაცვამ თავის საქმე ზუსტად შეასრულა. რომ არა მესის ტრავმა მერვედფინალში, მესი-კალაძის დუელსაც ვიხილავდით.

ჯანო ანანიძე (2012)

ჯანო ამ დროს უკვე „სპარტაკის“ ლიდერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სკამზე დაბერდა. „ბარსასთან“ მაინც ითამაშა, 27 წუთით, ეს ის შეხვედრაა ანდრეს ინიესტამ, რომ მთელი „სპარტაკი“ წამოიკიდა და წინ და უკან გიჟებივით არბენინა. ამ დროს ალბათ ჯანოც მიხვდებოდა რა არის ნამდვილი ფეხბურთი.

„ბარსამ“ 3:0 მოიგო, ალვესის გოლით და მესის დუბლით.

 ლაშა სალუქვაძე (2009-2010)

აბსოლუტურად გენიალური შემთხვევა! ლაშა სალუქვაძე ოთხჯერ ჰქონდა გვარდიოლას ლეგენდარულ „ბარსასთან“ თამაშის შანსი, თუმცა, სამჯერ მოუწია, რადგან, ერთხელ სკამზე დასვეს. ამ სამიდან ორი ფრედ დაასრულა და ერთი მოიგო, თანაც „კამპ ნოუზე“. მიღწევაც ასეთი უნდა, მესის, იბრაჰიმოვიჩის, ვილას და სხვების წინააღმდეგ თავის დაცვას ნუ ეხუმრებით. დასვეს სკამზე ლაშა და „რუბინმა“ როგორც იქნა წააგო „ბარსასთან“. სალუქვაძე ყოფილი მესის ტკივილი!

არის ასეთი ლეგენდა, რევაზ ძოძუაშვილმა ჯორჯ ბესტი დაიჭირაო! ის დარბოდა და ჩვენიანიც დასდევდა. გოლი არ გაატანინა, მაგრად დაუდგაო, - ასე ამბობენ. ჰოდა, „რუბინის“ გმირობის მერე, (2009 და 2010 წლებში ზედიზედ), შოთა არველაძემ თქვა სალუქვაძემ მესი დაიჭირაო! მიდი და შეეწინააღმდეგე.

სალუქვაძემ სამივე წარმატებულ მატჩში 90 წუთი დაჰყო მინდორზე და ერთადერთი ქართველია, რომელმაც „კამპ ნოუზე“ მოიგო.

 ლაშა დვალი (2020)

2020 წელს, ლაშამ ერთი მატჩი ჩაატარა „ბარსას“ წინააღმდეგ. 90 წუთი გაატარა მინდორზე და 3:0 დამარცხდა. გასაკვირი არ არის, „ფერენცვაროში“ „რუბინი“ ხომ არ არის?! მათი მწვრთნელი არ ლოცულობდა, „რუბინის“ მწვრთნელს კი კრიალოსანი არ გაუგდია ხელიდან მთელი მატჩის განმავლობაში.

 ეს იყო და ეს, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ვიღაც გამომრჩა, მაგრამ ღმერთი მაპატიებს, თუ რამე მსგავსი ჩავიდინე. ახლა კი მამარდაშვილს ველით. უცნაური გრძნობაა, თან ქართელისკენ ხარ, თან გოლის გატანა გინდა. გაძლებას გისურვებთ ყველას!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 20 თებერვალი 2022 22:08
    0
    ქოჩორაშვილმა ითამაშა 3-4 წუთი
    გულშემატკივარი [?]
    #4 20 თებერვალი 2022 22:04
    0
    Fantomas danelia,
    კუში რა არის??
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 თებერვალი 2022 19:20
    0
    99 255 მაყურებელი დაესწრო ბარსა - მილანის თამაშს. კარლიტოს ფინალი ავახიეთ მილანში.
    ქართველისკენ ვარ, მაგრამ მაინც წაგებას ვუსურვებ, ისე, რომ გაშვებული გოლი თუ გოლები მისი ბრალი არ იყოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 თებერვალი 2022 18:50
    0
    ველით მამარდას "ვალენსიას" კარში. გაორებული გრძნობით მოგვიწევს მატჩის ყურება.
    ნეტა მოვიგოთ და მამარდას არაფერი დააკლდება, ბოლო ბოლო ბარსასთან წააგებენ ლევანტესთან ხო არა.
    Culé [?]
    #1 20 თებერვალი 2022 18:23
    0
    ბოლო აბზაცი ყველაზე მაგარი გამოვიდა.