მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დანი დაბრუნდა!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დანი დაბრუნდა!

მოსალოდნელი იყო. ალბათ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა. ეს ის მატჩია, სადაც მეტოქის ფეხბურთელი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ატარებს. იმ დღიდან მოყოლებული, რაც გაიგო, რომ "ბარსასთან" უწევს თამაში, კონკრეტული მიზანი ამოძრავებს და კონკრეტული დავალებით ემზადება. ასეთ მატჩს მსგავსი ფეხბურთელების ბედის განსაზღვრა შეუძლია. თუ თავს გამოიჩენს ზედა დივიზიონის კლუბების ყურადღებას მიიპყრობს და ეგ არის! ოცნება ასრულებულია. ამიტომ, "ლინარესის" ფეხბურთელებს, რომ ბუცები არ ჰქონოდათ, ჩუსტებით ირბენდნენ. "ბარსა" კი საპირისპირო მდგომარეობაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ "ლა მასიელებს" ბევრი აქვთ დასამტკიცებელი, განწყობა მაინც ძალიან რთულია მაშინ, როცა უკვე "რეალზე" გეფიქრება. აქ შემოდის მწვრთნელის როლი, რომელმაც გუნდის მოტივირება უნდა აიღოს თავზე, დაგეშოს და გადაუაროს თუნდაც ქვედა დივიზიონის საწყალ კლუბს. ფაქტია, რომ ვერ მოხდა ასე. ისიც ფაქტია, რომ ამ ეტაპზე, ასეთ გუნდებთან, როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე. 

ტრაგედია ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, რომ "ბარსა" შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება ნეტუმ დატოვა. არ ვიცი ვინ დამეთანხმება და ვინ არა, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მეკარეს კარში ეძინა. ლამაზი სივრცე ჰქონდა ერთი ძელიდან მეორემდე და აბსოლუტურად ყველაფერი სიზმარს ჩააბარა მოსავლელად. ჩათვლილი, არჩათვლილი, ბეწვზე გადარჩენილი.. ბევრი მომენტი იყო და ყველაფერს თვალი გააყოლა. იმედია მხედველობა მაინც უვარგა. თავის დროზე თასზე მეორე მეკარის თამაშის კულტურა გვარდიოლამ დაამკვიდრა. მერე ჟოზეც აჰყვა, მაგრამ არა ბოლომდე. პეპი ფინალსაც ანდობდა პინტოს. ამბობდა, რომ რადგან მთელი ტურნირი ითამაშა სკამზე ვეღარ დავსვამ, ეს მისი შეურაცხყოფა იქნებაო. ჰოდა, ჟოზემ მიაყენა ეს შეურაცხყოფა თავის სათადარიგო მეკარეს და როგორც გახსოვს თასის ფინალში კასილიასი ვნახეთ. 

ორი ფილოსოფია. განსხვავებული პიროვნებები. ეს სხვა ამბავია. ახლა სხვა აქცენტი გვჭირდება. პინტოსა და ვალდესს შორის დიდი სხვაობა ნამდვილად არ იყო. ვალდესი უკეთესი იყო, მაგრამ დიდი სხვაობა ნამდვილად არ ყოფილა. შეგვიძლია მეორე შემთხვევა გავიხსენოთ, უკვე ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, არა მხოლოდ "ბარსამ" განაგრძო ეს ტრადიცია, არამედ, ევროპულმა გრანდებმაც აითვისეს. როგორც გახსოვთ, შტეგენი თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე იდგა კარში, ბრავო კი ლა ლიგის მატჩებში. ბრავოს კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, შტეგენი კი ვარსკვლავურ კარიერას იწყებდა, (რომელიც ვერ გამოდგა დიდად ვარსკვლავური, რადგან "ბარსას" საშინელ პერიოდს დაემთხვა). რომელი იყო უკეთესი? რთული სათქმელია კონკრეტულ მომენტში ვინ სჯობდა, ხან ბრავო იყო უკეთესი, ხან შტეგენი. მახსოვს "ბრავოს" ბრწყინვალე მატჩი "ბერნაბეუზე" და შტეგენის ჩაგდებული მატჩი "კამპ ნოუზე" "ლევერკუზენთან", სადაც გაშვებულ გოლში სუარესი დაადანაშაულა და იმის მერე არც მასთან და არც მესისთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. 

საპირისპიროც შეგვიძლია გავიხსენოთ. მოკლედ, მათ შორის, მეტწილად, თანაფარდობა იყო. 

ახლა რა ხდება? ერთი მატჩის გამო ნუ გავწირავთ. ცოტა დავინდოთ, მაგრამ საშინელ ფორმაში მყოფი შტეგენიც კი განუზომლად აღემატება ნეტუს. მისი თამაშის არსს მხოლოდ ტრადიციის შენარჩუნების, ან, შტეგენის დასვენების მიზნით ვერ ვხედავ. ეს არ ნიშნავს, რომ თასის შემდეგ ეტაპზე შტეგენი დააყენონ, ეს ნიშნავს იმას, რომ, როგორც კი ძლიერ მეტოქესთან გადავიკვეთებით კარში შტეგენი უნდა დაბრუნდეს. 

ასე მგონია მე. კი, შორიდან პროფესორობა მარტივი და სახალისოა. 

დანის გამოვარჩევ. ყველამ გამოარჩია ეს ბებერი და მეც გამოვარჩევ. გამოცდილება, კლასი, ხალისი, ყველაფერი ეტყობა, ჩაწოდებაც უსწავლია ამასობაში. დამძიმებული და შენელებულია, მაგრამ ისეთი თავდაჯერება ეტყობა, რომელსაც სერჟინიო დესტი ალბათ კარიერის ბოლომდე ვერ მიაღწევს.

"ბარსას" ეს სჭირდება. 

გაშვებული გოლის გახსენება მიმძიმს, ვარჯიშზე გატანილს ჰგავდა. გახსოვთ რა მანძილზე იდგა ჟორდი ალბა, ან რიკი პუჩი ფეხბურთელთან, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა? პასის ავტორი აუტის ხაზთან იყო, ჟორდი ალბა კი პაკისტანში! იქიდან ცდილობდა პასის ჩაჭრას. ან, არ ცდილობდა, არ ვიცი. გოლის ავტორს კი არავინ იყვანდა, უბრალოდ იქვე იდგნენ ჯიგრები, მიაცილეს ბურთამდე. საშინელება იყო. კრისტანვალი-აბელარდოს დუეტი გამახსენდა. 

ჩვენი გატანილი კი მშვენიერი გამოდგა. ერთიც და მეორეც. დემბელე კარგად შემოვიდა, მაგრამ მასზე წერას აზრი არ აქვს, იქამდე, სანამ რამეს არ გადაწყვეტს, ან თავად, ან კლუბი. საშინელი კაცია. გაიხსენეთ რა ამბები ატეხა გერმანიაში, როცა "ბარსას" ინტერესის შესახებ გაიგო. ყველაზე არაპროფესიონალი სპორტსმენივით მოიქცა, გერმანიაში ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, რომ მისგან ვარსკვლავი არ დადგებოდა. ახლა იმავე ხდება "ბარსაშიც". ჯერ მოლაპარაკებები გაწელა, მერე წარმოუდგენელი თანხები მოითხოვა და მტრის ჯინაზე ფორმაშიც შევიდა! კარგი გოლი შეაგდო. ნებისმიერი თავმოყვარე მეკარე აიღებდა, მაგრამ ბურთი ბადეში ლამაზად გაეხვა. არ იყო ცუდი. არც მისი დრიბლინგი იყო ცუდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან გამიხარდება თუ წავა. 

ჟუტგლას გოლი ძალიან მომეწონა, რადგან ბურთთან უკანასკნელ შეხებასა და კარში დარტყმას შორის უმცირესი დრო იყო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან კარგად კოორდინირებული ფეხბურთელია. დარტყმაც სცოდნია. ხანდახან. 

შემდეგი მატჩი "გრანადასთან" და მერე... კლასიკო! 

მანამდე ტრანსფერებს შევჭამთ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 იანვარი 2022 14:26
    0
    ყველაფერი კარგი იყო, განსაკუთრებით ბოლო. ერთი ბურთი გაიტანა ვიღაც მესამე ლიგელთან და ახლა ვარსკვლავად იქცა. იმ გოლის შემდეგ უამრავი მომენტი გაანიავა და უაზროდ კარგა ბურთი, რაც უკვე ძალიან ნერვებმომშლელია. გაუშვით რა მუქთად წავიდეს. მაგას ბარსას ზოგი გუშინდელი ლა მასიელი უკვე ჯობია. ისე რომ მეც ბედნიერი ვიქნები თუ დემბელეს სხვა გუნდის ფორმაში ვნახავ.
    Culé [?]
    #3 6 იანვარი 2022 13:39
    1
    ყველაფერში გეთანხმები მაგრამ ჩემი აზრით თასის თამაშებში პენიასაც უნდა მიეცეს შანსი, ახალგაზრდაა აკადემიიდან და მონდომებული იქნება, ნეტოს წესით აჯობებს, ნამდვილად აჯობებს, თან ,,ტრადიცია" არ დაირღვევა
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #2 6 იანვარი 2022 12:38
    0
    ჩათვლილი, არჩათვლილი, ბეწვზე გადარჩენილი.. ბევრი მომენტი იყო და ყველაფერს თვალი გააყოლა. იმედია მხედველობა მაინც უვარგა

    ჰაჰაჰჰაჰა საღოლ, იმენა მეხუთე მსაჯი იყო მთელი თამაში როჟა..

    სტატიას როგოროც ყოველთვის ჩემგან +1
    წევრი [?]
    #1 6 იანვარი 2022 11:34
    0
    ბუსკეტსის კაპიტნობა არ გაიშვას, დაუთმოს სამკლაული დანის. ყველას ჯობია, რობერტოს, სემედუს, დესტს ერთად აღებულს 38 წლის ასაკში. ყველა დროის საუკეთესო თუარა 3 ეულში მაინც შევა თავის პოზიციაზე