წლის შეჯამება - ისტორიული შავი თარიღი

წლის შეჯამება - ისტორიული შავი თარიღი

გახსოვთ ალბათ ერთი ვაჟკაცი ბიჭი, საახალწლოდ გამოისახა ჩვენს მონიტორებზე და დაიწყო, - „ორიათას (რომელიღაც) წელო, შენი დედა....

ასე მიჰყვა და არ გაჩერებულა. ამოუტრიალა სულ ყველაფერი და იმის მერე ჩვენს მზის სისტემას დალაგებული წელი არ ახსოვს. როგორც ჩანს, იმ „ჩუვაკმა“ ისე გაანაწყენა ცაგარელის ღმერთები, რომ სადღაც სამყაროს იქიდან პასუხიც დაგვიბრუნეს.

„ბარსას“ ფანებიც ასე უნდა აცილებდნენ 2021-ს, უნდა იდგნენ ფეხზე განრისხებულნი და სულ დაწყება-დამთავრებას აგინებდნენ იმ წელს, რომელშიც მესიმ დაგვტოვა. დაგვტოვა რა.. გავაგდეთ. ლიდერები, ვარსკვლავები და ლეგენდები ადრეც გაგვიგდია, მაგრამ, ახლა მესი გავაგდეთ. ვიღაც გაცილებით დიდი, ვიდრე უბრალოდ ლეგენდა. ის კაცი გავაგდეთ, რომელიც თავის სიდიდით კლუბის სიდიდეს გაუტოლდა, თან ძალიან დიდი კლუბის სიდიდეს.

აი, იმ მიღმიერიდან მოსული ძალის დამმორჩილებელი და პატრონია. ტალანტს ვეძახით ამას ადამიანურ ენაზე. როცა არ გვესმის ადამიანი როგორ სრულყოფს რაღაც ისეთს, რისი სრულყოფაც თითქოს ჩარჩოში უნდა ყოფილიყო მოქცეული, ვამბობთ, რომ ღვთისგან აქვს ნიჭი ნაბოძები, უფრო კი, ტალანტია ალბათ ეგ სიტყვა, თორემ, ნიჭიერი ბევრია, მათ შორის დღევანდელ ფეხბურთშიც.

ვატირეთ ეს პატარა-დიდი კაცი. წლები გავა, საუკუნეც გავა და ეს კადრები აქტუალობას არ დაკარგავს. ლეგენდა შეიკრა ადამიანურ ტრაგედიაზე, რომელიც ციფრულ მეხსიერებას აუცილებლად შემორჩება, თუ მეტეორი არ გვესროლეს ზემოდან, ან, რამე უფრო უარესი.

ასე რომ, კლუბისთვის ვერ იქნება ის წელი კარგი, რომელშიც მესი გაუშვა. ცუდი იყო. ერთმნიშვნელოვნად ცუდი. კარგია, რომ მთავრდება. ისიც კარგია, რომ უკეთესის იმედი გვაქვს და რაღაც გამოცოცხლება გვეტყობა კიდეც ამ სატრანსფერო ბაზარზე. ჰოდა, მოდი გავხედოთ წინა წლის იანვარს და გამოვყვეთ დღევანდელ დღემდე.

წაგებული ფინალი

ვიღაცებს ალბათ დაავიწყდათ კიდეც. იანვარში ფინალი წავაგეთ. ბასკებთან მოგვიწია ომი, ნახევარფინალში „სოსიედადთან“ და ფინალში „ბილბაოსთან“. ერთი თერთმეტმეტრიანებში მოვიგეთ, მეორე დამატებით დროში წავაგეთ. არადა, კარგია, როცა ახალი წელი ტიტულით იწყება. ეს გამოწვევა „ბარსას“ წინ ელის, ნახევარფინალისთვის ფერან ტორესიც მზად უნდა იყოს, ფატიც და პედრიც, მაგრამ.. ასე წინასწარ არაფრის თქმა აღარ შეიძლება. თან ეს კორონაც გვიტევს ახალ-ახალი სახეობებით.

გონზე სწრაფად მოსვლა კი აუცილებელია, რადგან, ნახევარფინალში „კლასიკო“ გვაქვს, „რეალი“ დაგვხვდება თავის ბენზემა-ვინისიუშებით და ჩვენ უნდა შევებათ ფერანი-დემბელეთი. ჩავის პირველი „კლასიკო“ იქნება, ალბათ ისევ არაბეთში, ფორმატი ასეთია, ჩავი არაბეთს კარგად იცნობს, მასაც იცნობენ და მხარდაჭერის იმედიც ექნება. ესეც მცირე უპირატესობა.

წაგებული მერვედფინალი

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პსჟ გვერგო და თავიდანვე დავწერეთ, რომ შანსი ძალიან მცირე იყო. დაცვაში არ გვყავდა ფეხბურთელი, რომელიც მბაპეს გააჩერებდა, ინდივიდს რომ შევეშვათ, დაცვის ხაზიც მთლიანად არეული იყო. განმეორებითი მატჩისთვის გუნდი ფსიქოლოგიურად მზადყოფნაში იყო, რადგან ჟოან ლაპორტა დაბრუნდა პოსტზე. გახსოვთ ალბათ მისი სიტყვა, როგორ მიმართა ლიონელ მესის, რამხელა სიყვარული და პატივისცემა გამოავლინა, პირობაც დადო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი შეგიქმნათო და.. რაც მერე მოხდა, ყველას გაგაოცებთ.

ასეთი იყო თებერვალი-მარტი. ლაპორტას მოსვლა გაგვიხარდა და ჩემპიონთა ლიგას დავემშვიდობეთ. არ ვიცი, იქნებ სჯობდა კიდეც წინა წელსაც ჯგუფში ჩარჩენილიყო „ბარსა“ და ევროპა ლიგის მოგებისათვის ებრძოლა. რავიცი..

ამჟამად ბევრი რამ სხვაგვარად იქნება. ის რაც თებერვალში დაიწყება, თებერვალშივე ექნება ბოლო და ზუსტად გვეცოდინება გავაგრძელებთ თუ არა ნერვიულობას. „ნაპოლისთან“ პირველი მატჩი 17 თებერვალს არის ჩანიშნული, ხოლო მეორე, 24 თებერვალს. აი, ასე. ერთი კვირის თავზე ყველაფრის აზრზე ვიქნებით. „ნაპოლი“ კი საკმარისად კარგი გუნდია იმისათვის, რომ მათი დამარცხების შედეგად ახალი მუხტი მივიღოთ.

ბოლოს ერთმატჩიანი დაპირისპირება გვქონდა მერვედფინალში, ლეომ მცველები აფორთხიალა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო გოლიც შეაგდო. (ჩემი და კიდევ ბევრი გამოცემის ვერსიით).

მარტი-აპრილი

სანამ აპრილამდე და ტიტულამდე მივალთ, მანამდე ძალიან მაგარი ნახევარფინალი გვქონდა „სევილიასთან“. პირველი მატჩი 2:0 წავაგეთ, მაგრამ, ასეთ რთულ ვითარებაშიც კი არ დაგვიკარგავს გასვლის შანსი. როცა მესი გყავს ყველაფერი შესაძლებელია. ჰოდა, მოვატრიალეთ ეს მატჩი, თან, ძალიან დრამატულად. ერთი დემბელემ გაქვითა და ბოლო წუთებამდე მაგრად ვინერვიულეთ, ჟერარ პიკემ 2:0 გახადა ანგარიში და დამატებით დროში გადავინაცვლეთ, სადაც შთამბეჭდავმა მარტინ ბრეითუეიტმა მალევე საკონტროლო გასროლა განახორციელა, - 3:0, ფინალში ვართ!

დამატებით დროში „სევილიას“ ფორვარდმა ძალიან შეაყვარა თავი რონალდ კუმანს. ლუკ დე იონგმა წითელი ბარათი მიიღო და „ბარსას“ პრობლემები აღარ ჰქონია. კუმანმა მადლიერების ნიშნად დე იონგს „ბარსელონაში“ დაუძახა.

ბრაო რონალდ!

უდავოდ, ეს რონალდ კუმანის საუკეთესო ორმატჩიანი დაპირისპირება იყო. რაღაც მაინც ექნება გასახსენებელი.

აპრილი კი ფინალის თვე იყო, „ბილბაოსთან“. შური გვქონდა საძიებელი სუპერ თასზე განცდილი მარცხის გამო და პირნათლად შესრულდა დავალება. ლეომ „ბარსასთან“ ერთად ბოლო ტიტული მოიგო. მაშინ ეს ჯერ კიდევ არ ვიცოდით, არც ჩვენ, არც მან, და არც არავინ.

მაისი

ბოლო თვეში ჩემპიონობას გამოვეთიშეთ. კი იყო წარმატების შანსი, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა, არადა, დაძაბული ბრძოლა მიდიოდა მადრიდულ კლუბებსა და „ბარსას“ შორის. საბოლოოდ „ატლეტიკო“ გაჩემპიონდა და რონალდ კუმანმა მოკითხვა მიიღო ლუის სუარესისგან. ძალიან მძიმე ასატანი იქნებოდა. რონალდი კლუბში მოვიდა, ამოქმედებული ნაღმი დახვდა და იმ არჩევნის წინაშე დადგა, რომელიც კინოში ბევრჯერ გვინახავს, ან წითელი უნდა გადაეჭრა, ან ლურჯი, არჩევანი კიდე ძალიან რთულია, როცა წითელიც შენი გუნდის ფერია და ლურჯიც, მაგრამ, დრო როცა გადის, ვალდებული ხარ, რომ რომელიმე გადაჭრა, ჰოდა, კუმანმა სუარესი გადაჭრა, სეზონის ბოლოს ხელებიც შემოირტყა თავში და ალბათ დააყოლა, - „ჩემი დედა ....... გრიზმანი უნდა გადამეჭრაო“.

ზაფხული

ზაფხული იყო გადასარევი, ისეთი როგორიც აქამდე არ გვინახავს. „ბარსას“ ფანები კოპაზე გადაერთვნენ, თან ძალიან მაგარი ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, იქ მესი იხევდა ყველაფერს, ევროზე ვეტერანები და სულ პატარები, მოკლედ კარგი საყურებელი გამოდგა და ლეომ პირველი დიდი სანაკრებო ტიტული მოიგო! ისე კი მეორე იყო, ოლიმპიადას თუ ჩავთვლით. ასე გაუთანაბრდა კარიერის მთავარ კონკურენტს, კრიშტიანუსაც ერთი დიდი სანაკრებო ტიტული აქვს და ერთიც მეორეხარისხოვანი.

ლეომ გააკეთა ის, რაც პელესა და მარადონას არასდროს გაუკეთებიათ. პელეს იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი კოპა აქვს ნათამაშები. ძალიან მაგრად ითამაშა, ყველა შოკში ჩააგდო ჯერ კიდევ თინეიჯერმა, მაგრამ ვერ მოიგო.

ხოლო დიეგო წავიდა თუ არა ნაკრებიდან ბატისტუტამ ორი კოპა მიაწყო. გააგიჟეს კაცი.

მუნდიალი დარჩა. 2022 წელი, ექსპერიმენტული მსოფლიო ჩემპიონატის წელია. არგენტინის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტი იქნება თუ მესი ჯანმრთელი და ფორმაში მყოფი შეხვდა მუნდიალს. განსაკუთრებული შემადგენლობა ნამდვილად არ ჰყავთ, მაგრამ გუნდი ერთსულოვანი და მებრძოლია, ფსიქოლოგიურად ასეთ კარგ მდგომარეობაში მესის არგენტინა ალბათ არასდროს ყოფილა.

შოკი

ზაფხულის ბოლო თვეს ყველა გაგვწირეს. პირველ რიგში კი მესი. თითქოს უნდა მოგვარებულიყო ეს ამბები, მაგრამ, ვერ მოგვარდა. უკვე დალაგებული ჰქონდა გეგმები და კარი დაუხურეს. ამის პატიება რთულია, მესის ლაპორტასთვის ჯერ არ უპატიებია და ალბათ არც პიკესთვის, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პიკეს დიდი პროტესტი არ გამოუთქვამს მესის გაშვებასთან დაკავშირებით, თურმე, უთქვამს ბევრი არაფერი შეიცვლებაო.

ლეო კი გაბრაზდა. რთული ხასიათი აქვს. ყოველთვის ასე იყო. ჩუმად და დაფარულად ხდებოდა ყველაფერი, მაგრამ სირთულეც ყოველთვის თან ახლდა. კერ კიდევ 18 წლის ასაკში. როცა „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ტრავმიდან ახალ დაბრუნებული მესი რაიკაარდმა განაცხადში არ შეიყვანა. მესის გუნდთან ერთად არ უზეიმია. მისი წყენა პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგებამაც კი ვერ გადაფარა.

ასეთი კაცია. ახლა კი წარმოიდგინეთ გაასმაგებული წყენა და იმედგაცრუება, რომელიც ლაპორტას, პიკესა და კიდევ რამდენიმე ადამიანისკენ არის მიმართული.

ძალიან ცუდი იყო ის, რომ პსჟ-ში მოუწია გადასვლა და არა „სიტიში“. აბსოლუტურად განსხვავებული ფილოსოფიის მქონე გუნდები არიან, ერთი მესის ერგება, მეორე საერთოდ არაფერს არ ერგება. თითქოს გვარდიოლამაც დააღალატა. მარცხენა გარემარბად ნაყიდი გრილიში გვყავს და მესი უკვე გვიანიაო.

ათი ნომერიც უკვე მივეცითო.. თითქოს ლეოს სხვა ნომრით არ შეეძლოს თამაში, ან, გრილიში ვერ დათმობდა ცოცხალ ლეგენდასთან, მოკლედ, პეპმაც მაგრად აწყენინა.

ახალი სეზონი

რა მოლოდინიც იყო ის მივიღეთ. მესის წასვლის მერე გამოწვეულ ნგრევაზე გუნდს რამდენიმე წლით ადრე უნდა ეფიქრა, მაგრამ, იმის მაგივრად, რომ „ბარსა“ წლიდან წლამდე გაძლიერებულიყო, პირიქით, წლიდან წლამდე დასუსტდა. როცა ასეთ დროს მესი მიდის, თან, მოულოდნელად, წარუმატებლობა გარდაუვალია.

კუმანმა წააგო კიდევე ერთი კლასიკო. ძალიან სუსტად დაიწყო ჩემპიონთა ლიგა, რამაც საბოლოოდ გუნდის ჩარჩენა გამოიწვია, და თამაშის ხარისხზე საუბარი ზედმეტია. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ რონალდი დიდხანს ვერ გაძლებდა.

გუნდის ლიდერობა დეპაიმ იტვირთა, რომელიც არ არის იმ დონის ლიდერი, „ბარსას“ რომ გაუძღვეს. კარგი იყო ფატის დაბრუნება, მაგრამ მალევე გაქრა და პედრის ის დაემართა რაც მოსალოდნელი იყო. მთელი წელი გიჟივით არბენინეს და მერე ერთიანად დაასვენეს, რაც დაუშვებელია. უბრალოდ დატვირთვა უნდა შეემცირებინათ, თამაშისგან დაესვენებინათ, სხვაგვარად ორგანიზმი ითიშება და განახლებისთანავე ის მოხდებოდა, რაც მოხდა.

კუნ აგუერომ „კლასიკოში“ გაიტანა და გულის პრობლემებიც გამო დაასრულა კარიერა. ესეც მძიმე დარტყმა გამოდგა. აგუერო ერთადერთი გამტანი ფეხბურთელი იყო „ბარსას“ არსენალში. ამჟამად გამტანი ფორვარდი საერთოდ არ გვყავს. საუბარი იყო კავანიზე, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომ „მანჩესტერი“ არ შეელევა. ან, ძალიან რთულად თუ შეელევა.

ამიტომ, ასე გაჭირდება. ძალიან გაჭირდება.

ჩავი

როგორც იქნა ჩავი მოვიდა და გუნდის დალაგებას შეუდგა. პროცესი რთულად მიდის, მაგრამ სწორად. პირველი ფინალი დათმო, არ წაუგია, თუმცა, ყაიმიც წაგების ტოლფასი იყო. „ბენფიკასთან“ ვერ გაიმარჯვა და ევროპა ლიგაზე ვისკუპეთ. ცენტრალური მატჩები მალევე ექნება, ჯერ „რეალთან“, მერე „ნაპოლისთან“, ჰოდა, ვნახოთ რა ბიჭია. სეზონის ბოლოს მაგასაც შევაფასებთ.

აქვე უნდა აღინიშნოს გავის წარმოუდგენელი პროგრესი უმცირეს დროში და სხვა ახალგაზრდების კარგი თამაში, სწორედ ეს არის ის, რაც ჯერ კიდევ იმედს გვაძლევს.

ეს იყო მთელი წელი. ცუდი წელი. რატომღაც მგონია, რომ წინ უკეთესი ამბები გველის. შენების პროცესის ყურება ყოველთვის სასიამოვნოა, უკვე დიდი ხანია, მხოლოდ ნგრევას ვუყურებდით.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 დეკემბერი 2021 12:48
    1
    ასე რომ, კლუბისთვის ვერ იქნება ის წელი კარგი, რომელშიც მესი გაუშვა. ცუდი იყო. ერთმნიშვნელოვნად ცუდი.
    სამაგიეროდ, ლაპორტასთვის იყო კარგი, რაც მთავარია ლეო ძალიან გამოადგა პრეზიდენტის არჩევნებში და მერე ვიღას ახსოვდა, როცა პიკესაც კი დაავიწყდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 28 დეკემბერი 2021 22:05
    5
    ბარსას ისტორიაში უდიდესი სირცხვილია მესის გაგდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #4 28 დეკემბერი 2021 20:58
    4
    ვერ ვაპატიებ ვერავის ვერასდროს მესის გაშვებას დღემდე ჩემი გულისტკივილია. იმედია დააბრუნებენ მესის უკან
    Culé [?]
    #3 28 დეკემბერი 2021 20:16
    1
    მართლაც რომ სწორი ტრაექტორია გვაქვს განვითარებისთვის, იმედია წარსულში მოვიტოვებთ ცუდ მოგონებებს და აწ ნათელი გამოჩნდება visca barca❤💙
    --------------------
    CULE FOREVER
    წევრი [?]
    #2 28 დეკემბერი 2021 19:39
    1
    ძალიაან ნათელი მომავალი გვაქვს 😎❤
    Culé [?]
    #1 28 დეკემბერი 2021 19:19
    2
    ფეოლა❤❤ აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში. საშინელი წელი იყო. ჩემთვის ორმაგად. მეორე კურსზე ვარ და უნივერსიტეტი თვალით არ მინახავს ჯერ. ჩემი გუნდი ჩემ თვალწინ თავდაღმართში მიექანება... მაგრამ მომავალ წელს სპორტული კუთხით იმედიანად ვუყურებ. ჯერ ახალგაზრდების გამო და მეორეც იმედია ჩავი ამ პაუზას გამოიყენებს და ბიჭებს თავის ხელს კიდევ უფრო დაატყობს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.