მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სტაბილურად მძიმედ

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სტაბილურად მძიმედ

გუნდი კომაშია. ჯერ კიდევ სუნთქავს, მაგრამ გონზე არ არის. აი, ის რაღაც მწვანე ხაზი გულისცემას გვანიშნებს და არავინ იცის როდის გაჩერდება. ზამთარში უკეთესობისკენ შეიცვლებაო. ასე ამბობენ. მომჯობინდებაო, გონზე მოვაო, ახალი მედიკამენტებიც სახელდება, რომელმაც უნდა უშველოს საქმეს, ჰოდა, ყოველგვარი გადამეტებული ოპტიმიზმის გარეშე, მეც მგონია, რომ ზამთრის მერე ბევრი რამ შეიცვლება. მანამდე კი კომაში მყოფი გუნდის ყურება მოგვიწევს. 

მწვრთნელს ორი გზა აქვს, ან უკვე ჩამოყალიბებულია ტაქტიკაზე და ეტაპობრივად ცდილობს შერჩეულ ტაქტიკას ფეხბურთელები მოარგოს, ან, არსებული კონტიგენტის პირობებში ცდილობს შესაბამისი ტაქტიკით თამაშს. ჩავი ამჟამად მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, ზამთრის მერე, თუ მინიმალური სატრანსფერო სურვილები მაინც შეუსრულეს პირველ კატეგორიაში აღმოჩნდება და უფრო აზრიანი თამაში უნდა ვიხილოთ, რადგან, არსებული კონტიგენტი ვერანაერ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. არათუ ტრავმების პირობებში, საერთოდ, ძალიან მძიმე ვითარებაა. 

კლუბს ორი მთავარი ვარსკვლავი ჰყავს, ასაკისა და პერსპექტივის გათვალისწინებით, - შტეგენი და დე იონგი. გერმანელი პატარა ბიჭი აღარ არის, მაგრამ მეკარეების ამბავი ვიცით, 30 წელი მათთვის მხოლოდ დასაწყისია. მიმდინარე სეზონში კი რაღაც კატასტროფას ვადევნებთ თვალყურს, ვისი იმედიც ყველაზე მეტად გვქონდა, ზუსტად იმათ ჩააგდეს სეზონის პირველი ნახევარი. თუ ფრენკი დე იონგმა ასეთი თამაში აჩვენა, სხვას რაღა უნდა მოსთხოვო.. 

უმტიტი დაბრუნდა

გამოჩნდა ისევ ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება. მსოფლიო ჩემპიონი, ერთ დროს საუკეთესო ცენტრალური მცველი, ახლა ბურთი საზამთრო ჰგონია, საშინელი შეხება აქვს ბურთთან, არადა, თავის დროზე კარგი პირველი პასი ჰქონდა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ცუდი მატჩი ჰქონდა. არც ცუდი, არც კარგი. ნორმალურად ითამაშა. ლანგლეს ადგილი დაიკავა, რომელიც მთელი კვირა ახსნა-განმარტებებს აკეთებდა ლევანდოვსკის ანეგდოტებს არ ვუყვებოდი, ისე მოვიკითხეო, როგორც ჩანს, ჩავიმ არ დაუჯერა და არ ათამაშა, გუნდში განწყობის შეცვლა სურს და ლანგლე შეეწირა ამ ამბავს, დიდი ალბათობით ზამთარში ტრანსფერზეც დააყენებენ, თუმცა, უკვე ვიცით, რომ მისი გაყიდვა ძალიან რთულია, ისევე როგორც სამუელ უმტიტის. 

რომბი

ამსტერდამული რომბის მცდელობა იყო მოედნის ცენტრში, ბუსკეტსი-გავი-ნიკო-დე იონგის მონაწილეობით და რამდენჯერმე გამოვიდა კიდეც, თუმცა, დიდად "აიაქსური" ვერ იყო, რადგან რომბის გარე სივრცეების მიღმა, ეზალზული და დემბელე იყვნენ, რომელთაც ფლანგის კონტროლი ევალებოდათ. რასაც დემბელესგან ველოდით ის გვაჩვენა ეზალზულმა და ალბათ არავინ შემეწინააღმდეგება თუ ვიტყვი, რომ საუკეთესო იყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად აქტიურობდა და ამ აქტიურობას შედეგიც მოჰქონდა, აზრიანად ითამაშა, იცოდა რასაც აკეთებდა და კონკრეტულად ამ მატჩში ბევრი რამ გამოუვიდა კიდეც. გოლიც კარგი იყო, საერთოდ, შეტევა იყო კარგი, ამ სეზონში კარგად დასრულებული კონტრშეტევები ძალიან იშვიათია, ჰოდა, ერთი გოლით ამოავსეს ვაკუუმი. 

პატარა "ლა მასიელები" კი 85 მილიონიან ფეხბურთელს სჯობნიან. ვერა და ვერ დალაგდა ფრენკი დე იონგი. წინა სეზონი მისთვის საუკეთესო იყო და არა მგონია, რომ მიმდინარე სეზონის გადარჩენა შეძლოს. გამოვა, რომ სამი წლის მანძილზე ორ წელს ჩააგდებს, რაც ვერ არის კარგი ამბავი, უფრო მეტიც, ძალიან ცუდი ამბავია. ისეთ ჩავარდნას ვერ ვუწოდებთ, როგორც კოუტინიოსა და დემბელეს, მაგრამ თვალსა და ხელსშუა ქრება ვარსკვლავი, რომელიც დიდი ხანია აღარ კაშკაშებს. 

მისი მოგვარე არც გამახსენოთ. ეს რა უბედურებაა. ჩვენი მრისხანე მარტინ ბრეითუეიტის ბუცის თასმადაც არ ღირს ლუკ დე იონგი. აი, უკვე ბრეითუეიტსაც მივსტირი. 

გადავახვიოთ წლებით უკან

გავიხსენოთ 2003/04 წლების სეზონი. რონალდინიოს სადებიუტო სეზონი, უხეში პარალელი იქნება, რადგან შემადგენლობა გაცილებით ძლიერი იყო, მაგრამ რაიკაარდს გუნდის დასალაგებლად ნახევარი სეზონი დასჭირდა, გაცილებით ძლიერი გუნდის! სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ გუნდი მეცხრე ადგილზე იყო. ზამთრის სატრანსფერო ბაზრის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, მიზეზი მხოლოდ ედგარ დავიდსი არ არის, მიზეზი რაიკაარდის ჩანაფიქრია, რომელმაც არჩეულ ტაქტიკას საჭირო ფეხბურთელები მოარგო. მანამდე "ბარსა" 4-5-1-ით თამაშობდა, რონალდინიო ათიანის პოზიციას იკავებდა და ჰქონდა ძალიან მაგარი თამაშები, მაგრამ გუნდი ორგანიზებული და ჰარმონიული არ ყოფილა. დავიდსის მოსვლის მერე "ბარსა" 4-3-3-ზე გადაეწყო, რონალდინიო კი უმეტესად მარცხენა გარემარბის პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა, ძალიან დიდი თავისუფლება ჰქონდა. სწორედ აქედან იწყება დიდი გამოცოცხლება. იმის მერე დაიწყო და დაიწყო. 

ახლა მსგავსი არაფერი ხდება. რონალდინიოს კი არა, დავიდსის დონის ფეხბურთელსაც ვერ ვიშოვით, მაგრამ, ზამთრის შესვენებაზე გააზრებულ ტრანსფერებს და გუნდის დალაგებას ნამდვილად ველი. ეს არის და ეს. მანამდე "ბოკასთან" დანი ალვესსაც ვნახავთ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 დეკემბერი 2021 21:58
    0
    თუ არ მოუმატეს ევროპა ლიგის საგზურიც სანატრელი გაგვიხდება. ერთადერთი შანსი ჩემპიონთა ლიგის საგზური დაითრიო, ეს სწორედ ევროპა ლიგის მოგებაა, თუმცა ესეც ზღაპარია. მაგრამ იმედი მაქვს დაჭრილები გამოლაგდებიან ლაზარეთიდან და მოუმატებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 დეკემბერი 2021 20:14
    0
    სხვა რა გზაა, კარგი ის მაინცაა, რო კუმანი გავაგდეთ. ხავი კი საქმეს მაინც აკეთებს და ეტყობა გულსა და სულს რო დებს საქმეში.
    ფანი [?]
    #4 13 დეკემბერი 2021 19:37
    0
    დღევანდელი ბარსას შედეგებიდან გამომდინარე, ვეცადოთ ამ სეზონის ბოლომდე ფსიქოლოგიურად შევეგუოთ. მე პირადად და თქვენც კულეებო დარწმუნებულები ვართ და ვიცით, რომ ეს სეზონი არაფრის მომტანი არ არის!!
    ერთის მხრივ კარგიც არის, რომ ჩვენმა ახალბედებმა ევროპის ლიგის გემო გაიგონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 დეკემბერი 2021 11:53
    1
    იმედია ლა ლიგის ოთხეულში ვიქნებით სეზონის ბოლოს. ევროპალიგაზეც უნდა ვინრძოლოთ მოსაგებად. ტიტულია ბოლოსდაბოლოს და ბაზრობათა თასებს რომ არ გვითვლიან მორჩება მაგაზეც საუბარი ბარსას ევროპალიგა არ მოუგიაო რომ ამბობენ. კოპაზეც იმედია შორს წავალთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 დეკემბერი 2021 10:32
    1
    ციტატა: Norman Bates
    გუნდის ხელახალი შენების პროცესი დაწყებულია. გამოჩნდნენ გავი, პედრი, ნიკო, ფატი, არაუხო, აბდე, ბალდე. ეს თაობა აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს. კლოპს წლები დასჭირდა ლივერპულის ასაშენებლად. დაველოდოთ და ყველაფერი ლოგიკურ შედეგამდე მივა

    +1
    ფანი [?]
    #1 13 დეკემბერი 2021 04:36
    8
    გუნდის ხელახალი შენების პროცესი დაწყებულია. გამოჩნდნენ გავი, პედრი, ნიკო, ფატი, არაუხო, აბდე, ბალდე. ეს თაობა აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს. კლოპს წლები დასჭირდა ლივერპულის ასაშენებლად. დაველოდოთ და ყველაფერი ლოგიკურ შედეგამდე მივა