დებიუტანტი მწვრთნელების ქრონოლოგია

დებიუტანტი მწვრთნელების ქრონოლოგია

ხვალ ჩავი ერნანდესის დებიუტი შედგება "ესპანიოლის" წინააღმდეგ და კარგი იქნება თუ მის წინამორბედებს გადავხედავთ. ვნახოთ ვინ როგორი სადებიუტო მატჩი ჩაატარა, ვინ მოიგო და ვინ ვერა, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კარგად დაწყებას და ა.შ. ათვლის წერტილზე ბევრი ვიფიქრე და ჯობია იქედან დავიწყოთ, საიდანაც "ბარსას" განახლებული ისტორია იწყება, - იოჰან კრუიფიდან. 

ლა ლიგის ოფიციალური გვერდიდან ვიდეოები საიტზე არ გამოჩნდება, თუმცა, იუთუბზე გადასვლის შემთხვევაში იხილავთ. 

იოჰან კრუიფი (1988-1996)

1988 წლის 3 სექტემბერს შედგა იოჰან კრუიფის დებიუტი მთავარი მწვრთნელის რანგში, "ესპანიოლის" წინააღმდეგ. "ბარსამ" 2:0 მოიგო. მატჩი "კამპ ნოუზე" შედგა, გოლები ბეგირისტაინმა და ფერნანდესმა გაიტანეს. ასე დაიწყო ძალიან დიდი ეპოქა, ასე დაიწყო კრუიფის "დრიმ თიმი". ვიდეომასალა სამწუხაროდ არ მოიპოვება.  

კარლეს რეშაკი (1991 - 1996 - დროებითი მწვრთნელი)

კარლესის პირველი დებიუტი. რამდენჯერმე მოგვიწევს ამ კაცის ხსენება. როცა გუნდს, ან მწვრთნელს პრობლემები ჰქონდა, მთავარი მწვრთნელის პოსტს ყოველთვის რეშაკი იკავებდა, ისე კი, იოჰანის ასისტენტი იყო. პირველად მთავარ გუნდს 1991 წლის მარტში გაუძღვა, მისი დებიუტი "ტენერიფესთან" შედგა და "ბარსამ" 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი სტოიჩკოვმა გაიტანა. რეშაკმა სულ 9 შეხვედრაში გაიყვანა გუნდი მოედანზე. შემდეგ კი იოჰანი დაუბრუნდა თავის ადგილს. 

მისი მეორე დებიუტი მთავარი მწვრთნელის რანგში 1996 წელს შედგა, იოჰან კრუიფმა პოსტი დატოვა და სეზონი გაჭირვების ტალკვესმა, კარლეს რეშაკმა ჩაამთავრა. ამჯერად "სელტას" მოუგო 3:2. 

ბობი რობსონი (1996-97)

კრუიფის შემდეგ "ბარსაში" ლეგენდარული სერ ბობი მოვიდა. ცოტა უცნაური კი იყო ასეთი ცვლილება, მაგრამ "ბარსას" ყოველთვის ჰქონდა კვეთა ინგლისურ საფეხბურთო კულტურასთან. რობსონის დებიუტი შედგა 1996 წლის 25 აგვისტოს, "ატლეტიკოსთან" სუპერ თასის ფინალში. მოგეხსენებათ ტურნირის ფორმატი რამდენიმე წელია უკვე შეიცვალა. ადრე სეზონის დასაწყისში იმართებოდა, ორმატჩიანი დაპირისპირება, ახლა ზამთარში იმართება. პირველი მატჩი "ბარსამ" 5:2 მოიგო. რობსონთან ერთად ასე პოზიტიურად დაიწყო ბრაზილიელმა რონალდომაც, "კიჭამ" დუბლი გაიფორმა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, სანამ ივან დე ლა პენიას გაატანინებდა თავის საფირმო ფინტით მოტეხა მცველი, ეს მოძრაობა ესპანეთში აქამდე ნანახი არ ჰქონიათ, "კიჭას" შემდეგ რონალდინიოსგანაც ნახავენ. ბობი რობსონმა გუნდი ერთი სეზონის შემდეგ დატოვა. 

ლუი ვან გაალი (1997-00)

ლუის პირველი სამწვრთნელო დებიუტი 1997 წლის 13 აგვისტოს შედგა. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც "ბარსა" "სკონტოს" დაუპირისპირდა და ბოლო წუთებზე შეძლო მოგება. რივალდო ჯერ განაცხადშიც არ ყოფილა, სტოიჩკოვი კი ჯერ კიდევ "ბარსაში" ირიცხებოდა, სწორედ მან შეძლო ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლის გატანა. მანამდე, ჯოვანიმ დუბლი შეასრულა. დიდი ვერაფერი დაწყებაა. ლუიმ სამი წლის შემდეგ დატოვა კლუბი. 

ლორენცო სერა ფერერი (2000-01)

მახსოვს ულვაშა, კარგად მახსოვს, კეთილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, დაახლოებით კიკე სეტიენის დონის მწვრთნელი იყო, ნეტავ, ვინ გარისკა მისი "ბარსაში" მოყვანა, რივალდო მისთვის ღმერთივით იყო. თავის მხრივ, ბრაზილიელსაც ძალიან უყვარდა, რადგან თავის საყვარელ პოზიციაზე ათამაშებდა და ბოლომდე ენდობოდა. ლორენცოს დებიუტი 2000 წლის 9 სექტემბერს შედგა, "მალაგასთან". მატჩი "კამპ ნოუზე" ჩატარდა და "ბარსამ" 2:1 მოიგო. ორივე გოლი რივალდომ შეაგდო, ასე დაიწყო მათი მეგობრობის ამბავი. მატჩის ვიდეო არ მოიპოვება, თუმცა, რივალდოს დუბლი შეგვიძლია ვნახოთ. 

კარლეს რეშაკი (2000-01 - დროებითი მწვრთნელი) 

ისევ მას დაუძახეს. შენ გაიხარე ძია კარლეს, როგორ გიყვარს "ბარსა"! მერე ისევ შეგვახსენა თავი, მესის, რომ დაადგა თვალი და ბოლომდე ენდო პატარა უცხოპლანეტელს. დიდი კაცია კარლესი ჩვენთვის. ლორენცოს ჩაგდებული სეზონი კარლესმა ჩაამთავრა. 32-ე ტურში "სელტა" მიიღო და 1:1 გააგორა. გოლი გაბრიმ გაიტანა. ვიდეო არ მოიპოვება, თუმცა, დიდად სანახავი არაფერია. საინტერესო ის არის, რომ სეზონის ბოლო ტურში "ბარსამ" "ვალენსია" მიიღო და რივალდოს სასწაულით მოუგო. ლორენცოს ლოცვა რეშაკმა გააგრძელა. ზედ მოედანზევე გადაირია, რეშაკიც, გასპარიც და მთელი სტადიონიც. 

კარლეს რეშაკი (2001-2002) 

ეღირსა! მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა. სეზონი 2001 წლის 8 აგვისტოს დაიწყო, ასე ნაადრევად. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კრაკოვის "ვისლას" ესტუმრა და 4:3 დაამარცხა. ერთი გოლი პატრიკ კლუივერტმა შეაგდო, ხოლო რივალდომ ჰეთთრიქი შეასრულა. რივალდომ კარგად დაიწყო, მაგრამ ტრავმებმა სეზონი მოპარეს. ყველაზე დიდი დარტყმა კი "სელტასთან" მატჩში მიიღო, ტრავმის მიუხევადა მოედანი არ დატოვა, დაკოჭლებულმა გოლიც გაიტანა და ტრავმა გაიმიზეზა, რის გამოც "რეალთან" ლიგის ნახევარფინალი გამოტოვა. ვიგოში ის მატჩი, მისთვის ბოლო გამოდგა. ეს კი "ვისლასთან" მატჩის ვიდეოა. 

ლუი ვან გაალი (2002-03)

ლუი დაბრუნდა და რივალდო გაუშვა. მუნდიალის ოქროსმედალოსანი და გმირი გააგდო. მალადეც, ლუი! ყველაფერი აურ-დაურია და საშინელი სეზონი ჩაატარა. სეზონი კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე დაიწყო, ხო, ასეთი დრო იყო, პირდაპირ ჯგუფშიც ვერ ვხვდებოდით. "ლეგიას" შეხვდა და 3:0 დაამარცხა. გოლები ლუის ენრიკემ, დე ბურმა და რიკელმემ გაიტანეს. მატჩის მერე თქვა, რივალდო რაში მჭირდებოდა, აგერ, დე ბურიც ურტყამს ჯარიმებსო.. ვაჰ. რიკელმემაც კარგი გოლით დაიწყო, თუმცა, როგორც გააგრძელა კი ვიცით. 

ხესუს ანტონიო დე ლა კრუზი (2003 - დროებითი მწვრთნელი)

ვან გაალი გაათავისუფლეს. სანამ "ბარსა" ახალ მწვრთნელს იპოვიდა, სკამი დე ლა კრუზს ჩააბარეს. იყო ერთი ასეთი კაცი. მხოლოდ ერთ მატჩში გაუძღვა კლუბს, "ატლეტიკოს" ესტუმრა და 3:0 წააგო. კარგად მახსოვს ეს მატჩი. პირველად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც გაუგებრობას ვქომაგობდი. უჰ, კარგია, რომ უკან მოვიტოვეთ ის დრო. ჩვენი დარბევა 18 წლის ფერნანდო ტორესმა დაიწყო, მესამე კი ლუის გარსიამ გაგვიტანა, რომელიც მომდევნო სეზონში გადმოვიბირეთ. 

რადომირ ანტიჩი (2003)

ვეძებეთ, ვეძებეთ და ანტიჩი ვიპოვეთ. მაგრად გვიძებნია. ანტიჩს ჰქონდა პერსპექტივა, რომ "ბარსაში" მომდევნო სეზონშიც დარჩენილიყო, მაგრამ ვერაფერი ისეთი ვერ ანახა ვერავის, რომ მისთვის გრძელვადიანი კონტრაქტი შეეთავაზებინათ. სხვათა შორის, არსებობს მითი, რომ ვან გაალი "იუვენტუსთან" მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს, არა, არ ყოფილა ასე, ლუი მას შემდეგ გაუშვეს, რაც "ბარსა" მე-15 პოზიციაზე დაეშვა, "იუვესთან" უკვე ანტიჩი იყო მწვრთნელი. სატურნირო მდგომარეობა გამოკეთდა, მაგრამ ლიგიდან გავარდა და "ბარსა" ისევ საცოდავად გამოიყურებოდა. მისი დებიუტი 21-ე ტურში შედგა, "ბილბაოსთან". მატჩი 2:2 დასრულდა. ოვერმარსისა და სავიოლას გოლებით 2:0-ს ვიგებდით, მაგრამ, უპირატესობა გაიფლანგა. აქვე აღვნიშნავ, ოვერმარსი არასდროს ყოფილა ისეთი კარგი, როგორიც ანტიჩის ხელში იყო. 

ფრანკ რაიკაარდი (2003-2008)

ლაპორტა მოვიდა და დიდი საქმეები დაიწყო. აი, გადახედავთ წარსულს და ნახავთ რა სიგიჟიდან ამოგვიყვანა ჟოან ლაპორტამ. კრუიფის რჩევით ფრანკ რაიკაარდი მოიყვანა, რონალდინიო როგორ ჩავიგდეთ ხელში ამაზე ბევრჯერ დაგვიწერია, სადებიუტო მატჩი "ბილბაოსთან" ჩაატარა და 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი ფილიპ კოკუმ გაიტანა. 

პეპ გვარდიოლა (2008-12)

პეპის დებიუტი 13 აგვისტოს შედგა. "ვისლასთან", ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ბარსამ" 4:0 იმარჯვა, ოლიმპიადის გამო მესი განაცხადში არ ყოფილა, თუმცა, ანრიმ და ეტო'ომ უპრობლემოდ გადაუარეს "ვისლას". ტიტიმ ერთი შეაგდო, ეტო'ომ დუბლი შეასრულა და ერთიც ჩავიმ გაიტანა. მერე რა და როგორ იყო, არ ვიკადრებ და არ შეგახსენებთ. 

ტიტო ვილანოვა (2012-13)

ტიტოს დებიუტი 19 აგვისტოს შედგა. "ბარსამ" "სოსიედადი" მიიღო და 5:1 დაამარცხა. კაცი იფიქრებდა, რომ არაფერი შეცვლილა, პეპის შემდეგ ყველაფერი ჩვეულ სტილში გრძელდებოდა. მერე კი ტიტოს ჯანმრთელობამ ყველაფერი გააფუჭა, ჯერ მცირე ხნით გამოგვაკლდა, ბოლოს კი სამუდამოდ. ტიტო "ბარსას" ლეგენდარულ მწვრთნელებში ჩაეწერებოდა, ორი აზრი არ არის, ბევრ ტიტულს მოიტანდა. 

ჟორდი როურა (2012-13 - დროებითი მწვრთნელი)

ჩვენი ფიზკულტურის მასწავლებელი! მაგარი კაცი! ტაქტიკურად ურევდა, მაგრამ მაგარი შემოძახება იცოდა. მისი დებიუტი ლა ლიგის 21-ე ტურში შედგა. ტიტო კლუბში აღარ იყო, მერე კი დაბრუნდა ისევ, მაგრამ დიდახნს ვერ გაჩერდა. "ბარსამ" "ოსასუნას" გადაუარა. 5:1. მესიმ პოკერი შეასრულა. 

ტატა მარტინო (2013-14) 

ტატამ აგვისტოში დაიწყო და გადასარევი დებიუტი ჰქონდა. სილამაზით, შედეგით, ყველაფრით კარგი იყო, მაგრამ მერე აურია. პირველ ტურში "ლევანტეს" 7:0 მოუგო. ვისაც არ დაეზარა ყველამ გაიტანა. ტატა ერთი წლის შემდეგ სახლში გაუშვეს. არ მოსვლა რა იყო.. ან წასვლა. 

ლუის ენრიკე (2014-17)

მოვიდა ენრიკე და პირველი მატჩი მოიგო, მაგრამ პირველი წრე ვერ ჰწონდა დიდად დალაგებული. თან, სუარესს დისკვალიფიკაცია ჰქონდა კიელინის დაკბენისთვის და ზედ "კლასიკოს" წინ გამოჩნდა, სანამ ადაპტირება გაიარა ქულებიც დაიკარგა, მაგრამ ტრიპლეტით დასრულდა ყველაფერი. სადებიუტო მატჩი "ელჩესთან" მოიგო, 3:0.

ერნესტო ვალვერდე (2017-20)

რაღაც ცუდი დაიწყო, ოღონდ ნელ-ნელა და შეპარვით. ისე დაიწყო, რომ ბევრი ვერაფერი გაგვეგო. თან კარგი იყო და თან ცუდი. ერნესტოს დებიუტი სუპერ თასის ფინალში შედგა. "რეალთან". 3:1 წააგო. არ ყოფილა კარგ მდგომარეობაში. ნეიმარი წავიდა, დემბელეს ამბავი ჯერ გარკვეულიც არ ყოფილა და ბოლომდე ვერ გაერკვა რა სურდა, თუმცა, ლა ლიგა მაგრად დაიწყო და შეეძლო წაუგებლადაც ჩაემთავრებინა. თუმცა.. 

"რეალთან" მატჩის ვიდეო ვერ ვიპოვე. 

კიკე სეტიენი (2020)

ფერმერი კაცი დიდი გაუგებრობით მოვიდა და და დიდი გაუგებრობით წავიდა. ტატა მარტინო მასთან შედარებით ბეკენბაუერია. ლორენცო სერა ფერერი კი კეთილი მოხუცი. ეს კაცი ვინ იყო კაციშვილმა ვერ გაიგო. 

სადებიუტო მატჩი "გრანადასთან" ჩაატარა. დატანჯა გუნდი. ბოლოს, როგორც იქნა გოლი შევარდა. 1:0. 

რონალდ კუმანი (2020-21)

აჰა, მოვედით ბოლოში. რონალდის დებიუტი "ვილიარეალთან" შედგა. "ბარსამ" 4:0 იმარჯვა. კარგი დასაწყისი იყო. ეგ იყო და ეგ. სხვა ბევრი არაფერი ყოფილა, თუმცა, ერთი ტიტული დაგვიტოვა. 

ასე გასრულდა ამბავი ესე მწვრთნელთა. ხვალ ჩავი ერნანდესი დაიწყებს! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ნოემბერი 2021 16:30
    0
    აჰა, მოვედით ბოლოში. რონალდის დებიუტი "ვილიარეალთან" შედგა. "ბარსამ" 4:0 იმარჯვა. კარგი დასაწყისი იყო. ეგ იყო და ეგ. სხვა ბევრი არაფერი ყოფილა, თუმცა, ერთი ტიტული დაგვიტოვა.
    ისე მე მგონი მეორეც მოიგი სელტასთან 3-0.
    მაგრამ საქმე ამაში არ არის, ეს კაცი მთელ იმ პერიოდში ვიდრე ბარსაში იყო თავს გვაყვედრიდა და მუდამ იმეორებდა, რომ ამ გუნდით მეტს ვერავინ მიაღწევდა და თან გვახსენებდა, რომ აქ ტიტულებისთვის არ მოსულა, იმიტომ რო არავის დაუვალებია!!??
    ფანი [?]
    #2 19 ნოემბერი 2021 13:20
    3
    ჩავის მწვრთნელობის ხანა იმედია ძალიან დიდი ხანი იქნება და ასევე წარმატებული, იმედია ყველაზე წარმატებული
    --------------------
    CULE FOREVER
    ახალბედა [?]
    #1 19 ნოემბერი 2021 12:23
    3
    ჩავი თუ ტიტულების მოსაგებად მოვიდა ანსუს გარეშე უნდა მოვუგოთ ესპანიოლსაც და ბენფიკასაც.