ტოპ 10 დერბი

ტოპ 10 დერბი

შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი დერბი გველის, დერბი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ მოლოდინს ჩავის დებიუტი ზრდის. ბოლო დროს ხშირად გვიწევდა ახალი მწვრთნელების ლოდინი, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან, იდენტობასთან დაბრუნებას ველით. რა თქმა უნდა, პირველივე შეხვედრაში ყველაფერი ვერ დალაგდება, მაგრამ რაღაცები მაინც უნდა გამოიკვეთოს. 

მანამდე კი 10 საუკეთესო დერბი გავიხსენოთ. მივყვეთ ასე ქრონოლოგიურად, წლების მიხედვით. 

10. ლატეკის ბომბი! 

რთული თამაში იყო, ანგარიშს შეხედავ და გაგეცინება, "ბარსამ" 4:0 მოიგო, მაგრამ ისეთი მატჩი იყო, როგორიც დერბი გამოდის ხოლმე, ბევრი ბრძოლით, სიხისტით და ამბებით. 66-ე წუთზე ნავსი გატყდა და მიაყარეს ლატეკის ბიჭებმა! პირველი ალან სიმონსენმა გაიტანა, "ბარსას" ლეგენდამ, რომელზეც ბევრი არასდროს გვისაუბრია და ალბათ კარგი იქნება თუ ერთ სტატიას მივუძღვნით, ალანი ოქროს ბურთის ლაურეატია, ოღონდ, ეს პატივი "ბარსაში" ჩატარებული სეზონის გამო არ რგებია. თბილისის "დინამოს" ფანებს ძალიან სურდათ მასთან გაჯიბრება 82 წლის ფინალში, მაგრამ მოგეხსენებათ თბილისელებმა ნახევარფინალში "სტანდარტთან" წააგეს და "დინამო" - "ბარსა" ვერ შედგა. არადა, საოცნებო ფინალი იქნებოდა. იმ სეზონში ბომბარდირის ტიტული სიმონსენმა და რამაზ შენგელიამ გაიყვეს. 

ქუინიმ დუბლი შეასრულა და ბერნდ შუსტერმა წერტილი დასვა. 

 

9. მამა ალონსო

მარკოს ალონსოს ყველანი ვიცნობთ, "ბარსას" რამდენჯერმე სურდა მისი შეძენა, ბოლო დროს კვლავ დაიწყეს საუბარი, ჩავის სურს ალბას შემცვლელად მოიყვანოსო, ალონსო "ჩელსიში" ხან თამაშობს, ხან - არა. თუმცა, ვის აქვს მაგის ფული.. ჰოდა, მარკოსის მამაც ფეხბურთელი იყო და ბაბუაც, საინტერესოა, რომ ბაბუა "თეთრი ბალეტის" წევრი იყო, იმ დიდი "რეალის" წევრი, რომელმაც ხუთჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა თასი, მისი შვილი კი "რეალის" მოსისხლე მტერში, "ბარსაში" და "ატლეტიკოში" გამოდიოდა, სწორედ "მამა ალონსომ" გაიგდო "ესპანიოლი" 84-ში, როცა გუნდს ლეგენდარული მენოტი წვრთნიდა, მოედანზე კი დიეგო მარადონა დარბოდა, ალონსომ პოკერი შეასრულა, ერთიც კარასკომ გაიტანა დიეგოს პასის შემდეგ. "ბარსა" პირველ ტაიმში უკვე 5:0-ს იგებდა, მეორეში ორი გაუშვა და მატჩი 5:2 დასრულდა. ალონსოს მიღწევას მომავალში ლიონელ მესი გაიმეორებს. 

 8. კრუიფის დრიმ დიმი

არის პერიოდები, როცა "ბარსა" "ესპანიოლს" განსაკუთრებით ჩაგრავს, ბევრ გოლს უტანს, აპამპულავებს და ქალაქის დასაცინად გაიხდის ხოლმე, კრუიფის მწვრთნელობისას, სწორედ ასეთი დრო იდგა. გამოყარა თავის ვარსკვლავები და დიდი სანახაობაც დაატრიალეს. ანგარიში კვლავ 5:2! "ბარსას" ჯერ ჩემპიონთა თასიც არ მოუგია, გვარდიოლას ძირითადში ადგილი არ დაუმკვიდრებია, ბრაზილიელი ჯადოქარიც კი არ მოსულა, მაგრამ "ესპანიოლს" ლაუდრუპი და ბაკეროც ეყო, ორივემ დუბლი შეასრულა, ხოლო კიდევ ერთი სალინასმა შეაგდო. 

7. მდევარი

2004 წელი, საშინლად დაწყებული სეზონის შემდეგ "ბარსამ" გაილაღა და მადრიდის "რეალს" წამოეწია, არადა, ამას დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა, "ბარსა" "ესპანიოლს" დაუხვდა, "რეალი" კი "დეპორტივოს" ესტუმრა, ამ მატჩის მერე მეორე ადგილზე ავინაცვლეთ და "გალაქტიკო" უკან მოვიტოვეთ. მატჩი კი ცუდად დაიწყო, იმ ჩვენთვის საძულველმა კაცმა, რაულ ტამუდომ გახსნა ანგარიში, თუმცა, უკვე ისეთი შემადგენლობა გვყავდა, რომ აუცილებლად მოვიგებდით. სხვათა შორის, ანდრეს ინიესტა ვიხილეთ მარჯვენა გარემარბად, მარცნივ რონალდინიო მოქმედებდა, ფორვარდის პოზიციაზე სავიოლა, ხოლო მათ უკან ჩავი და ედგარ დავიდსი. ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა, იყო სანახაობა და დიდი ჟრიამული, "ბარსამ" 4:1 მოიგო. 

რონალდინიომ ინიესტას პასის შემდეგ გაათანაბრა, მერე სავიოლამ რონის ზღაპრული პასი შეირგო, შემდეგ მესამეზე პასი ვიხილეთ, რონი-ჩავი-ვან ბრონხოსტი, (სხვათა შორის, იმავე კომბინაციით გავიდა გოლი "კლასიკოშიც", ოღონდ მაშინ ჩავის ადგილი დეკუმ დაიკავა, შეტევა კი კვლავ ჰოლანდიელმა დაასრულა.) წერტილი კვლავ სავიოლამ დასვა.  

კარგად მახსოვს ერთი-ერთზე გასული მაქსი როდრიგესი, დიახ, ის მაქსი, არგენტინელი. საერთოდ არავინ უშლიდა ხელს, ამიტომ თავდაცვა "კამპ ნოუმ" ითავა, ერთიანად ისე იღრიალეს, ისეთ ხმაზე, რომ მაქსის ფეხები აუკანკალდა და სადღაც ბუენოს აირესში დაარტყა! დარტყმის მერე, რა თქმა უნდა, მთელმა სტადიონმა დასცინა. ეს "კამპ ნოუა", მომენატრა მსგავსი ატმოსფერო. 

6. დრამა! 

უნდა ვახსენოთ, უნდა გავიხსენოთ, სხვაგვარად არ გამოვა. ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩია, თუ არა ყველაზე დრამატული. "რეალი" სარაგოსაში ჩავიდა და განათხოვრებულმა პიკემ პირობა დადო შანსი არ არის, არ მოვაგებინებთო, აგერ მე და აგერ ძმები მილიტოებიო. "რეალის" ფეხის დაცდენა კი "ბარსას" ჩემპიონობას ნიშნავდა, ბოლო ტურში უმარტივესი თამაშებიღა რჩებოდა. 

მატჩი დაიწყო და იმ ზემოთნახსენებმა კაცმა გაგვიტანა, მაგის ფორმა რომ დავხიე! გახსნა ანგარიში და მცირე ინფარქტის ნიშნებიც გაჩნდა, არადა, სარაგოსაში დიდი ომია, მილიტო და ნისტერლოი თავით ასკდებიან ერთმანეთს. ტაიმის ბოლოს მესიმ ხელით გაიტანა, ეს რაღაც მესიანური ნიშანი იყო, ამავე სეზონში "ხეტაფეს" გაუტანა დიეგოს მსგავსი გოლი და მერე საჩემპიონო მატჩში მის მსგავსად ხელითაც მიაყოლა, კარგის ნიშანი იყო, ოქროს ნიშანი იყო, მეორე ტაიმში კიდევ შეაგდო და თითქოს ეგ იყო, მოგვარდა, "ბარსა" "კამპ ნოუზე" იგებდა, "რეალი" სარაგოსაში აგებდა, მშვიდად მივდიოდით დასასრულამდე, ეტო'ოზე 100%-იანი პენალტი არ დადეს, მაგრამ მსაჯს როგორ ეტყოდი რამეს, ხელით გატანილი გოლი ჩათვალა, ბოლო წუთებისკენ წავედით და.. ტამუდომ ისევ გაიტანა, რაღაც უსიამოვნო ჟრუანტელის ამბავი იყო, საშველად ტაბლოს ახედეს, "რეალის" მარცხი ბევრს არაფერს შეცვლიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ დროს, ნისტერლოიმ ანგარიში გაათანაბრა და "რეალი" ისევ ჩვენზე წინ აღმოჩნდა, სისხლი გაგეყონებოდა ადამიანს. 

5. ბარსელონელი ბუდა

გვარდიოლას სადებიუტო სეზონი, 24-ე ტური, "ბარსა" ისე არის დაქოქილი გზად ყველაფერს ანადგურებს, ანდრეს ინიესტა გამოგვაკლდა, ეგ იყო და ეგ, სხვა ყველა ჯანმრთელად იყო და წესით "ესპანიოლისთვის" უნდა გადაგვეარა, მაგრამ.. მეთვრამეტე წუთზე აბიდალმა ტრავმა მიიღო, დიდი არაფერი, მის ნაცვლად პუიოლი შემოვიდა. შემდეგ, ინიესტას ადგილზე მოთამაშე სეიდუ კეიტა პირველ ტაიმშივე გააძევეს. თითქოს არც ეს უნდა ყოფილიყო პრობლემა, "ბარსა" ძალიან ძლიერი იყო, პეპ გვარდიოლამ პირველი ტაიმის შემდეგ ანრი გაიყვანა და ბუსკეტსი შემოიყვანა, აი, აქ დაუშვა ალბათ შეცდომა. 

ივან დე ლა პენიამ უმაღლესი კლასი შემოგვთავაზა, ჩვენივე აღზრდილმა და ქალაქის მეორე მხარეს გადასულმა. "ბუდას" "ბარსას" მაისურითაც უჩვენებია კლასი, მაგრამ იშვიათად, ეს კი მისი საუკეთესო მატჩი გამოდგა კარიერაში, ერთგვარი შურისძიება, დაგვამარცხა იმის გამო, რომ ვერ დავაფასეთ და მაშინ, ალბათ არც იყო დასაფასებელი. 

"ბუდამ" დუბლი შეასრულა, მეორე გოლი განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა და ტაშიც დაუკრეს ძველი სიყვარულის გამო. ვალდესმა კი მეორე გოლის დროს ის გააკეთა, რასაც ძალიან ხშირად აკეთებდა ხოლმე. 

1:2, ჩვენი მხრიდან ია იამ შეაგდო. 

4. პეპის პიკი!

ვისთვის როგორ, 2010/11 წლების სეზონი გვარდიოლას პიკად მიმაჩნია, არა მხოლოდ "ბარსელონაში", მას მერე მსგავსი რამ არ უჩვენებია. რა თქმა უნდა, გუნდმაც უნდა შეგიწყოს ხელი, ყველა მიმართულებით იდეალური კლუბი იყო და გასვლაზე გადაუარეს "ესპანიოლს", არ არის ეს მარტივი საქმე, საკუთარ კედლებში გვიწამებია კიდეც ეს გუნდი, მაგრამ გასვლაზე მაინც იშვიათი ამბავი იყო, ჰოდა, 5:1 შესთავაზეს თავაზიანად. 

შემადგენლობა არავინ აკლდა, ყველაფერი იდეალური იყო. მხოლოდ ერთი უცნაურობა ვიხილეთ, მესის გოლი არ გაუტანია, თუმცა, გავიხსენებთ ამავე სეზონის "კლასიკოს" და იგივე სურათი დაგვიდგება თვალწინ, "ბარსამ" ხუთი შეაგდო, მაგრამ მესის არ შეუგდია. ლეო თამაშს ქსოვდა, აბლაბუდებით, გოლი მასზე მეტად არავის უყვარს, მაგრამ გოლის გარეშეც საუკეთესო იყო. მეგოლეები კი თითქმის "კლასიკოს" მსგავსი გამოვიდა, ვილამ დუბლი, ჩავიმ ერთი შეაგდო და პედრომაც დუბლი მიაყოლა, შედარებისთვის, "კლასიკოში" პედრომ ერთი შეაგდო და ერთიც ჟეფრენმა გაიტანა. 

"ესპანიოლმა" მაღალი პრესინგით ითამაშა პეპის "ბარსელონასთან", ეს თვითმკვლელობის ტოლფასია. 

3. პეპის ბოლო "კამპ ნოუზე" 

ბოლო მატჩი იყო "ბარსას" თავკაცის რანგში, რომელიც შინ ჩაატარა, იმის მერე ბევრჯერ გვინატრია, რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. პირველად ვინატრეთ, როცა კარგად დაისვენა და სანამ ისვენებდა ტიტო დავკარგეთ, ვიფიქრეთ იქნებ ტრაგედიას მაინც დაებრუნებინა, "ბარსაში" მძიმე ეპოქა იწყებოდა და თითქოს იდეალური დრო იყო დასაბრუნებლად, მაგრამ პეპი იმ მმართველობის პირობებში არასდროს დაბრუნდებოდა. მეორედ ვინატრეთ, როცა "ბაიერნიდან" მიდიოდა, იქნებ დაბრუნებულიყო.. მაგრამ არა, არც ეგ ამბავი გამოვიდა, არადა, MSN პეპის ხელში რაღაც წარმოუდგენელი სანახავი იქნებოდა. მესამედ ვინატრეთ, როცა "სიტიში" ოთხი წელი გალია და გავიხსენეთ, რომ დიდხანს არსად რჩებოდა, თუმცა, თურმე რჩება ხოლმე იქ, სადაც კარგად გრძნობს თავს. მგონი, უნდა მოვრჩეთ ამის ნატვრას, იქნებ ჩავიმ სულ დაგვავიწყოს. 

იმ მატჩში კი მესიმ კარგი საჩუქარი გაუკეთა, პოკერი შეასრულა და მხოლოდ მეოთხე გოლის შემდეგ მიირბინა მასთან, ანუ, მესამე გოლის მერე იცოდა, რომ კიდევ გაიტანდა. არანორმალურია. 

2. MSN 

დაგლიჯეს "ესპანიოლი" და არა მხოლოდ "ესპანიოლი", საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შემტევი ტრიო იყო. უდავოდ. არც ასე სანახაობრივად უთამაშია არავის და არც ასე შედეგიანად. უიშვიათესი მოვლენაა, რომ სამი ასეთი ვარსკვლავი იდეალურ ასაკში შეჰყარო ერთმანეთს, მაგალითად, პსჟ-ის ტრიო ვერც შეედრება, რადგან, მესი მბაპეს ტემპში ვეღარ თამაშობს, ნეიმარი იმის ნახევარი აღარ არის, რაც "ბარსაში" იყო და ამ სამეულიდან არცერთი არ არის ცენტრფორვარდი, ეს კი პრობლემაა. "ბარსაში" ყველაფერი იდეალურად იყო, ცხრიანი, ათიანი და გარემარბი. ყველანაერი უნარით, ნიჭით და მაიმუნობით. 

5:0! 

1. ვალვერდეს სანახაობა

მაგარი იყო ბესიკა! ხარანაულს ჩამოჰგავდა ჩვენი ვალვერდე, დიდი პოეტურობა არ ეტყობოდა, მაგრამ იმზირებოდა ხოლმე ასე, ჭკვიანი კაცივით, ის ორი შოკისმომგვრელი საჩუქარი, რომ არ გაეკეთებინა ჩვენთვის, იქნებ უფრო დიდხანს აგვეტანა, მაგრამ იმ ორი უბედურების პატიება არ გამოვიდოდა. ისე კი, ბევრი კარგი მატჩი ჰქონია, დერბიც და "კლასიკოებიც", ერთ-ერთი აგერ, 5:0 მოიგო, იქნებ ვინმემ მესის მიაწეროს, მაგრამ, მესი ხომ სეტიენსაც ჰყავდა, კუმანსაც, თურმე, მხოლოდ ეგ არ არის საქმე, თურმე მაგარი ყოფილა ტო.. 

თქვეკაიხალხო.. 

არ გივიწყებთ ერნესტო, არც ცუდს და არც კარგს. ამჯერად კარგის ჯერია. კარგი მოგონებაა.  


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ნოემბერი 2021 22:05
    0
    იმედია ეს ყველაზე შთამბეჭდავი იქნება.
    ფანი [?]
    #1 18 ნოემბერი 2021 10:45
    1
    იმედია ეს დერბიც ისტორიაში შევა, ოღონდ რათქმაუნდა როგორც წარმატება და ახალი ერის დასაწყისი
    --------------------
    CULE FOREVER