დანი დაბრუნდა!

დანი დაბრუნდა!

 დაბრუნდა ეს ცანცარა კაცი!

არ ბერდება, ისევ ბავშვივით არის. რა გასაკვირია, ხასიათი აქვს ასეთი. დანის გაშვება „ბარსას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, მართალია თავად წავიდა, მაგრამ მთელი სეზონი იხვეწებოდა ახალ კონტრაქტს და ხელფასის შემცირების გარეშე არ თანხმდებოდნენ, ბოლოს კი შესთავაზეს, მაგრამ გვიანი იყო. უფასოდ წავიდა და დატოვა ბართომეუ პირდაღებული.

ადრე პატარა სტატიც მივუძღვენით და თვალის გადავლების მსურველებს აქ შეგიძლიათ მიაკლიკოთ.

მახსოვს, ლუის ენრიკეც გაოცებული იყო, არ მეგონა თუ წავიდოდაო, ისე გამოვიდა, რომ დანიმ ყველა გადააგდო, რადგან, არ იმსახურებდა ისეთ დამოკიდებულებას როგორიც მიიღო. ამაყია, თუმცა, ამპარტავანს ვერ ვუწოდებთ.

მას მერე რა ამბებიც დაიწყო ბევრს ალბათ გახსენებაც აღარ უნდა. ვინ არ მოვიყვანეთ მარჯვენა მცველად, რა აღარ ვცადეთ, მაგრამ წლების განმავლობაში რჩებოდა ეს პოზიცია „ბარსას“ აქილევსის ქუსლად, მეტოქეები კი ისტორიას წერდნენ ჩვენს მარჯვენა ფლანგზე, ის ამბები, რაც, ხან რობერტოს, ხან სემედუს, ხან ალეიშ ვიდალისა და უკვე დესტი-მინგესას გადამკიდე დაგვატყდა, სამუდამოდ არის შესული ჩვენი მეტოქეები ისტორიაში.

არადა, დრო იყო დანი დაქროდა ამ ფლანგზე. ისიც აღგვინიშნავს, რომ არავის ისეთ დონეზე არ უთამაშია კრიშტიანუს წინააღმდეგ, როგორც დანიმ ითამაშა. მართალია მხოლოდ ორი წელი და მერე დაცვაში მაგრად მოუკლო, მაგრამ მაინც, კლუბის ისტორიაში უდავოდ საუკეთესო მარჯვენა მცველია და ბევრის აზრით მსოფლიოშიც ნომერ პირველია. France Football-ი სულ სხვაგვარად თვლის, მაგრამ, არ არის ეს პირველი შემთხვევა, როცა მათი და საფეხბურთო მსოფლიოს აზრი იყოფა. აქვე, ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო შეგვიძლია გავიხსენოთ. 

იარა, ბევრი იარა და დაბრუნდა. ამ დროის განმავლობაში ყოველთვის სურდა დაბრუნება, ალბათ, ნეიმარზე მეტადაც, მაგრამ ბართომეუ წინააღმდეგი იყო, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი შეცდომა გაეაზრებინა, ალვესზე გაბრაზდა უფასოდ წასვლის გამო. ამიტომ, ბართომეუს ხელში დაბრუნება ვერ შედგა, სამაგიეროდ, ახლა დაბრუნდა, ჩავისა და ლაპორტას მმართველობის პირობებში.

მოაკლდა სისწრაფე, მოემატა გამოცდილება. დანის გამოყენება რამდენიმე პოზიციაზეა შესაძლებელი, მათ შორის ნახევარდაცვაშიც, სადაც ბრაზილიაში მშვენივრად ითამაშა და არ გამოვრიცხავ, რომ გარემარბადაც ვიხილოთ. ის რასაც ვერავინ წაართმევს საფეხბურთო აზროვნება და ტექნიკაა, ყოველთვის იდეალურად გრძნობდა მომენტს, ჩავის ბურთის მიღება და მისი ჩარბენა ერთი იყო. ძალიან დროულად, ძალიან ზუსტად, რამდენი ასეთი კომბინაცია გვახსოვს?! მერე, ზოგს გოლი მოჰყვებოდა, ზოგს სანახაობა რეზულტატის გარეშე.

დანი შეიცვალა, როგორც ფეხბურთელი. არა მგონია შეცვლილიყო, როგორც ადამიანი. ვერ წარმოვიდგენ დაბრძენებულს და დაღვინებულს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი როლი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. ერთგვარი მასწავლებლის როლი ექნება, განსაკუთრებით სერჟინიო დესტისთვის, სერჟი რობერტო საერთოდ არ არის მარჯვენა მცველი, მინგესა კი უფრო ცენტრალური მცველის უნარებით გამოირჩევა, ამიტომ, თუ ვინმესგან შეიძლება რამე გამოვიდეს, პირველ რიგში დესტია, რომელიც დაცვაში ძალიან სუსტია და შეტევაში კარში ბურთი ვერ დაურტყამს.

ჰოდა, დააკვირდი და ისწავლე, შვილო.

ვეტერანების წასვლის დროაო ბევრჯერ დაწერილა და აგერ, კიდევ ერთი ვეტერანი დაგვემატა. თუმცა, საქმე ალვესს ეხება და ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს კაცი არასდროს დაიღლება თამაშით, ტიტულების მოგების დაუოკებელი წყურვილით და გამარჯვებისკენ სწრაფვით. გარდა სათამაშო უპირატესობებისა, „ბარსამ“ ძალიან მოისაკლისა მისი მენტალობა, საოცარი ბრძოლისუნარიანობა და ყველაფრის ხარჯზე გამარჯვება! ამას ხანდახან გავუბრაზებივართ და გავუღიზიანებივართ კიდეც, განსაკუთრებით მაშინ, როცა „სევილიაში“ თამაშობდა „ბარსას“ წინააღმდეგ. უნდა ითქვას, რომ დანის წინააღმდეგ თამაში საშინელებაა, თუ მოახერხე და როგორმე აჯობე, არც უხეშობას მოერიდება, არც სიმულაციის და არც პროვოცირების. არ აქვს მნიშვნელობა როგორ, მისთვის მთავარია, რომ გამარჯვებული გამოვიდეს, და თუ რომელიმე მხარეს უნდა იყოს მოედანზე ასეთი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ჩვენიანი იყოს.

„იუვენტუსში“ ძალიან კარგად ითამაშა და ფინალამდეც მივიდა. პლეი-ოფებში, როგორც ყოველთვის საუკეთესო იყო. მერე იყო პსჟ და იქაც გამოირჩა კარგი თამაშით, რამდენიმე ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო. მერე იყო ბრაზილია, კაკას ათი ნომერი და ნაკრებში კონკურენცია, დღემდე მოსვენებას არ აძლევს კონკურენტებს, ჰოდა, რატომ უნდა მისვცეს, როცა იცის, რომ მათზე უკეთესია?! კაცი, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში მოსახვედრად იბრძვის მსოფლიო ჩემპიონატზე, იმას არც „ბარსას“ ძირითადში მოხვედრა გაუჭირდება.

თუმცა, ლოდინი მოუწევს. ცოტა გული დაგწყდება ისეთი ამბავია. იანვრამდე არ გამოვა ეს ამბავი. ბევრი არ დარჩა, მაგრამ მაინც.. თამაშის გარეშე ყოფნა ასეთი ხასიათის მქონე ფეხბურთელისთვის აუტანელი უნდა იყოს.

განწყობა იქნება ამაღლებული.

ხასიათი ყველას გამოუსწორდება.

შემადგენლობა სანაკრებო შესვენებაზე გავიდა, შესვენების შემდეგ კი სულ სხვა გუნდი დახვდებათ. ჩავის „ათი მცნებით“, განახლებული სამწვრთნელო შტაბით, განსხვავებული ვარჯიშებით და ცანცარა ბრაზილიელით.

ასეთი მოლოდინი მომდევნო მატჩისა, აღარც მახსოვს ბოლოს როდის იყო.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 14 ნოემბერი 2021 20:57
    0
    "რეზულტატი" არაა ქართული სიტყვა!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 ნოემბერი 2021 19:52
    0
    ციტატა: basa7
    რონალდუს წურბელა joy

    ერთხელ კლასიკოზე, შეტევაში ბურთი დავკარგეთ და რონალდუმ ბურთი მოიგდო და ის იყო სიჩქარე უნდა აეკრიფა რო ეს ცანცარა პირდაპირ შეუხტა ბურთიანს ზურგით. იმანაც არ დააყოვნა იმ ნაგავმა და კისერში იდაყვი ჩაარტყა. ისე მაგრად რო ეს 5 წუთი გონზე მოდიოდა. ამან კი დაარღვია საფეხბურთო წესი მაგრამ იმან კინაღამ მოკლა და ყვითელი მარტო ამას აჩვენა მსაჯმა.
    წევრი [?]
    #5 13 ნოემბერი 2021 14:41
    2
    დანიიიიიიიი <3 დესტის ფაფხურს კი აჯობებს
    Culé [?]
    #4 13 ნოემბერი 2021 11:56
    6
    რონალდუს წურბელა joy
    წევრი [?]
    #3 13 ნოემბერი 2021 10:48
    12
    რონალდუს კოშმარი იყო ტიპი satisfied
    Culé [?]
    #2 13 ნოემბერი 2021 10:23
    13
    ბარემ სტოიჩკოვიც და კლიუვერტიც დავიბრუნოთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ნოემბერი 2021 08:25
    8
    ის ნარცისი ყველა შეტაკებაში რო ბალახზე კოტრიალობს. ყველა ბურთის დაკარგვაზე პენალტს ითხოვდა და დღესაც ასე აგრძელებს კარიერას.