დიდი იმედები

დიდი იმედები

აი, ასე ვიწყებთ, დიკენსივით! 

როგორც იქნა, დაბრუნდა. უფრო სწორად, გზაშია. მოდის. იარა ოდისევსივით და სახლში ბრუნდება. ვერ ვიტყვი, რომ დიდი სამწვრთნელო გამოცდილება მიიღო, მაგრამ გეგმის დასახვა და განხორციელება ნამდვილად ისწავლა. აქამდე ორჯერ ჰქონდა უარი ნათქვამი. პირველად მწვრთნელობა მაშინ შესთავაზეს, როცა ერნესტო ვალვერდე გაათავისუფლეს, ჯერ გაუშვეს და მწვრთნელის ძებნა მერე დაიწყეს. ჩავის მაშინაც ისეთი მოთხოვნები ჰქონდა, როგორც ახლა, მაშინაც ისეთ სამწვრთნელო შტაბს ითხოვდა, როგორიც ახლა დაუმტკიცეს, (თუ პრესას ვენდობით), მაგრამ ბართომეუ რის ბართომეუა, რაიმე რომ არ აერია, ამიტომ, უარი უთხრა, შენი ძმა საერთოდ არ ვიცი ვინ არის და არც მაინტერესებსო, ჰოდა, დავრჩით ფერმერი კიკეს ამარა. თავიდანვე ჩანს, რომ ჩავიმ იცის საკუთარი თავის ფასი, მწვრთნელი, რომელიც ნებისმიერ შემოთავაზებას თანხმდება, მეეჭვება, რომ გრძელვადიანი და კარგად ნაფიქრი გეგმა ჰქონდეს, დიდი პროექტის განხორციელებას ყოველთვის მეტი კონტროლი სჭირდება, ჩავის კი ჰქონდა კარგი გეგმა, მაგრამ ბართომეუ დიდი პროექტისთვის მზად არ აღმოჩნდა, პრინციპში, არც არასდროს ყოფილა ამისთვის მზად.

მეორე შეთავაზება მას შემდეგ მიიღო, რაც სეტიენი გაათავისუფლეს და კვლავ ვერ მოხდა შეთანხმების მიღწევა, ბართომეუმ კი თავის ტროლები დაქოქა, უამრავი მიმი გამოჩნდა, რომელიც ჩავის ამასხარავებდა, იდეაში მთავარი გზავნილი ასეთი იყო, - ვერც კი მიხვდა, ისე ჩაიარა მისმა მატარებელმაო, ჰოდა, ვისმა მატარებელმა ჩაიარა, ვხედავთ.

აქამდე აღუნიშნავს, მესისთან ერთად ყველაფერი მარტივი იქნებაო. თუმცა, აღარ დახვდება. ლეოს კი უნდა "ბარსაში" ყოფნა, ძალიან უნდა, მაგრამ არ გამოდის. არადა, რამდენი ხანი ელოდა იმ მწვრთნელს, რომელიც "ბარსას" იდენტობას დააბრუნებდა!? რამდენი წელი ეწვალა ვალვერდეს, სეტიენსა და კუმანს.. ახლა, ალბათ, შორიდან იყურება და დედას იგინება.

მთავარი მოლოდინი

დიდი ხანია, არ გვყოლია მწვრთნელი, რომელსაც დიდი იმედებით ვხვდებით. გვარდიოლას მერე ასეთი არ გვყოლია. ტიტოს ეჭვის თვალით უყურებდნენ, საბოლოოდ, გაამართლა, მაგრამ სნეულებამ წაგვართვა. ტატას დანიშვნას დიდი ხმაური მოჰყვა, ყველაზე ცნობილი ამბავი კი კრუიფის გამოხმაურება იყო, - საერთოდ არ ვიცი, ვინ არისო. ჩაფლავებული სეზონის მერე კი დააყოლა, - იმაზე კარგად იმუშავა, ვიდრე ველოდიო. ანუ, ისეთი დაბალი დონის მწვრთნელი იყო, საერთოდ არაფრის მოლოდინი არ მქონიაო. 

სხვათა შორის, დიდი მოლოდინი ლუის ენრიკეს მოსვლასაც არ მოჰყოლია, რადგან არავის ეგონა, რომ მაღალი დონის მწვრთნელი გამოდგებოდა, თანაც, ენრიკე არც კრუიფის ფილოსოფიის პროდუქტი იყო და არც გვარდიოლასი, "ლა მასიას" აღზრდილიც კი არ ყოფილა, "რეალიდან" გამოქცეული გაბრაზებული ესპანელი იყო, რომელსაც ყველაფრის მოგება სურდა. მერე კი ისე მოხდა, რომ მშვენიერი ფეხბურთი გვათამაშა, გუნდიც ძალიან მაგარი ჰყავდა, მაგრამ, საფეხბურთო ისტორიამ გვაჩვენა და დღემდე გვაჩვენებს, რომ კარგი მწვრთნელის გარეშე, რაც არ უნდა დიდი ვარსკვლავები გყავდეს, არაფერი გამოგივა. ენრიკეს გამოუვიდა. თან მაგრად გამოუვიდა. თუმცა, მადა ჭამაში მოდისო და პირველი სეზონის მერე უფრო და უფრო მეტს ვითხოვდით, მან კი ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვინ ჩივის, მომდევნო სეზონები მეოთხედფინალში დაასრულა. ჯერ კიდევ მაშინ ჩანდა, რომ ხელმძღვანელობა ეტაპობრივად ანგრევდა გუნდს და ლუის ენრიკე მოედნის ცენტრში ანდრე გომეშისა და დენის სუარესის ამარა დარჩა.

ვალვერდეს დანიშვნის მერე მეტწილად კრიტიკა ისმოდა. დიდი მოლოდინი ნამდვილად არ ყოფილა. გაჩნდა შიში, რომ "ბარსა" "ბილბაოს" დაემსგავსებოდა და ეს შიში გამართლდა, ბოლო წლების ყველაზე პრაგმატული "ბარსა" ვიხილეთ, პარადოქსია, რომ ამ უპრაგმატულესმა მწვრთნელმა ზედიზედ ორჯერ სამბურთიანი უპირატესობა გაფლანგა. კოშმარი. კატასტროფა. აი, ამას მართლა არავინ ელოდა.

სეტიენის დანიშვნა სასაცილო იყო. ჩავი ვერ დაითანხმეს, კუმანი ვერ დაითანხმეს, საერთოდ, ვერავინ დაითანხმეს და სეტიენი დაგვესხა თავს. რა მოლოდინზეა საუბარი?! გუნდი სასაცილოდ აიგდეს. მერე რაც მოხდა, გახსენებადაც აღარ ღირს.

კუმანის იმედი მცირე ჯგუფს ჰქონდა, რის საფუძველზე არ ვიცი, მაგრამ ჰქონდა. არასდროს ესპანეთში წარმატებული არ ყოფილა. სამწვრთნელო კარიერას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, არც მისი ლამაზი ფეხბურთი უნახავს ვინმეს, კუმანი ყოველთვის იყო მწვრთნელი, რომელიც მეხუთე-მეექვსე ადგილზე მოსახვედრად იბრძვის ძლიერ ლიგებში და როგორც წესი, კარგად გამოსდის ხოლმე. საჩემპიონო მწვრთნელი ნამდვილად არ არის.

და აი, მოვედით ჩავიმდე. მოლოდინი დიდია.

რას ველით

ზემოთ ჩამოთვლილთაგან არავის ჰყოლია ისეთი ცუდი გუნდი, როგორიც ჩავის დახვდა. ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები. ამიტომ, ფეხის დაცდენას აპატიებენ. სხვაგვარად არ გამოვა, სანამ ბავშვი სიარულს ისწავლის, ბევრჯერ უნდა დაეცეს და წამოდგომა ისწავლოს. "ბარსა" ამჟამად ბავშვების გუნდია, რომელთაც ბევრი აქვთ სასწავლი.

თუმცა, წნეხი იქნება. ზუსტად იმიტომ, რომ მისგან ყველაზე მეტს ვითხოვთ. მიუხედავად სუსტი გუნდისა. პირველ რიგში ვითხოვთ იდენტობის დაბრუნებას, დომინაციას, მოედნისა და ბურთის კონტროლს, პრესინგს მეტოქის ნახევარზე და სწრაფად დაბრუნებულ ბურთს. ხან გამოვა, ხან არა, მაგრამ მცდელობა ამისა უნდა იყოს.

ველით ორგანიზებულ შეტევებს, რომელიც ლუი ენრიკეს მერე აღარ გვინახავს. ენრიკეს მერე შეტევის სულის ჩამდგმელი მესი იყო და არა მწვრთნელები. ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახა, თუ მესის ანეიტრალებდნენ, გუნდი აგებდა. საკითხავია, შეტევის ორგანიზატორებად ვის მიიჩნევს, პეპის "ბარსაში" სამი ორგანიზატორი გვყავდა, ამჯერად ნახევრადორგანიზატორები გვყავს, ნაწილობრივ ართმევენ საქმეს თავს, დე იონგი.. პედრი.. იქნებ სულ სხვაგვარად აათამაშოს. ან, იქნებ სულ სხვა ხალხის ეიმედება?!

სანაკრებო პაუზის შემდეგ ყველაფერს ვნახავთ. ჩავისთვის მთავარი ტაქტიკა 4-3-3-ია, დღევანდელი მოცემულობით ძალიან გაჭირდება ამ სქემის გამოყენება, მაგრამ ალბათ მაინც ასე დაიწყებს.

დემბელე

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსას" გაძლიერება მარჯვენა ფლანგიდან შეუძლია, უსმან დემბელეა. სხვა ასეთი არ გვყავს. დესტი, დემირი.. სასაცილოა. რომ გვცოდნოდა, ასეთი ამბავი ატყდებოდა და ზედ სეზონის წინ მესიც დაგვტოვებდა, ალბათ, ტრინკაუსაც არ გაუშვებდნენ, ახლა კი დავრჩით გარემარბის გარეშე. მარცხნივ ყველაფერი რიგზეა, მარჯვნივ კი სამარცხვინოდ გამოიყურება გუნდის შეტევა.

პაუზამ კარგ დროს მოგვისწრო, ნაკრებები ერთმანეთს გაეჯიბრებიან, მანამდე ჩავი რაღაცას დაფარგლავს და ახალი ერაც დაიწყება. თუმცა, დემბელე გამოჯანმრთელებას მაინც ვერ მოასწრებს. ამიტომ, ბევრი ფიქრი მოუწევს დირიჟორს.

4-3-3 კარგი გარემარბის გარეშე წარმოუდგენელია. ესეც პირველი თავსატეხი.

ველით კონტრაქტს, პირველ ინტერვიუს, სანაკრებო პაუზას და ახალი ერის დასაწყისს.

მოლოდინი დიდია!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 8 ნოემბერი 2021 15:38
    0
    ციტატა: Ioane Jibladze
    4-3-3 მოსეს ქვებზე ნაკვეთი არაა... სქემატური ფორმაცია თითქმის არაფერს ნიშნავს, მითუემტეს იმ ფეხბურთისთვის, რასაც გვარდიოლა ან ჩავი ათამაშებს გუნდს (არ ვამბობ, რომ მწერალი ამას ამტკიცებს, უბრალოდ ზოგადი ტენდენციაა ასეთი). აი, კუმანს მგონი მართლა ეგრე ეგონა: აი, ოთხი აქ, სამი აქ სამი აქ და იდექით და გაიტანეთ გოლი (საიდან, როგორ?!), მაგიტომაც ვხედავდით უაზრო ჩაწოდებებს საჯარიმოში (თუ ფეხბურთელები არ მოძრაობენ, არ ეძებენ სწორ ადგილებს, შეუძლებელია გარღვევა, მითუმეტეს დღევანდელ ფეხბურთში... ან, მაქსიმალურად ფიზიკური და ტექნიკური ინდივიდუალიზმის შედეგად უნდა მოხდეს. (რაც ბარსას თამაში არაა, მსგავსი ფეხბურთელების ნაკლებობაზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება და დიდი მიზნების მქონდე გუნდისთვისაც ვერაფერი სასახელოს საწინდარი იქნება მგონია)). მაქსიმალური დინამიზმია საჭირო.
    ამიტომ, სქემატური წყობა ასეთი მნიშვნელოვანი არაა. ვისაც ახსოვს, არც გვარდიოლა თამაშობდა 4-3-3 ყოველთვის. 3-1-4-2-ც გვახსოვს და ა.შ. ნებისმიერი განლაგება გვარდიოლა-ჩავის სტილისთვის აუცილებელია ქმნიდეს რიცხვობრივ უპირატესობას მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში, სადაც ბურთის კონტროლი ხდება. ჩავიც, მაგლითად, რასაც ვაკვირდები, ალ სადს ხშირად ათამაშებდა 3-4-1-2-ს, 4-2-3-1-ს ან ა.შ. მოწინააღმდეგის განლაგება, სათამაშო სტილი, პრესინგის სტილი და ა.შ. განსაზღვრავს ამას. (თუ, მაგალითად, მოწინააღმდეგე მაქსიმალურად შევიწროვებულად თამაშობს ცენტრისკენ, მოთამაშეებიც ცენტრისკენ უნდა დაემატნონ, რაც ამ მონაკვეთში უპირატესობას შექმნის და ამავდროულად ერთი მოთამაშე მაქსიმალურად ფლანგისკენ უნდა განთავსდეს, რაც მოწინააღმდეგეს აიძულებს გადაწყვიტოს - ცენტრისკენ შეიწევს, სადაც უპირატესობა გაქვს (ამ შემთხვევაში ფლანგის მოთამაშე თავისუფლდება) თუ ფლანგისკენ დაიწევს (ამ შემთხვევაში ცენტრში გადამწყვეტი უპირატესობ რჩება) და ა.შ.
    მთლიანობაში, ფორმაციის მხრივ ბევრი სხვადასხვანაირი გადაწყობა შეიძლება: 1. მგონი აღარავის ახსოვს, რომ პედრის ფლანგზეც შეუძლია თამაში. კი, ფლანგელისთვის საჭირო სიჩქარე აკლია და ამასთან ცენტრშიც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ ეს შესაძლებლობაც არსებობს. 2. თუმცა, პედრის გამოყენებით ზუსტად წინა სამეულის ის მონახაზი ჩანს ყველაზე რეალური, რომელსაც ალ სადში იყენებდა ჩავი: 2 თავდამსხმელი წინ და მათ უკან მოთამაშე კაზორლა. ამ როლის მორგება თავისუფლად შეუძლია პედრის და შეიძლება ყველაზე მეტადაც შეესაბამებოდეს. ამდენად, თუნდაც დემბელეს გარეშე ამ ფორმაციაში შესაძლებლობების გამონახვა ბევრი შეიძლება და ჩავის აშკარად ეტყობა სათანადო ტაქტიკური განსწავლულობა, რომ ამ სახის პრობლემებს გაუმკლავდეს. მთავარი გამოწვევა მე ფიზიკურობა მგონია. წლებია გუნდს ეტყობა, რომ ფიზიკური მომზადება აკლიათ და ამის გარეშე ძალიან გაჭირდება.

    კარგად წერ, რაც მთავარია სწორს ამბობ. ფიზიკა, ისევ ფიზიკა... ყველა მესის აბრალებდა სიზარმაცეს მაგრამ გამოჩნდა რო მთელი გუნდია ასეთი და სადღაც "ჩამოეძინებათ" ხოლმე.
    წევრი [?]
    #8 5 ნოემბერი 2021 20:16
    1
    არ მჯერა ხავის კაი მწვრთნელობა : (
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 ნოემბერი 2021 16:58
    3
    ციტატა: Davita
    ბართომეუს იმაზე მეტს ასხავ რასაც იმსახურებს, ცუდთან ერთად კარგი შედეგებიც ქონდა მაგ კაცს, მესიც შეგვინარჩუნა თუმცა ლაპორტამ მოახერხა და გააგდო,სხვათაშორის ეს ღლეპორტა ჯერჯერობით არაფრით უკეთესია ბართუშაზე ლაპარაკს თუარ ჩავთვლით, ჩავის კიდე წარმატებები, მჯერა გაამართლებს

    ლაპორტაზე არაფერს ვიტყვი ჯერ, მაგრამ ბართოს ზედმეტად ასხავს კი არა, ბართო ვირის აბანოში უნდა იჯდეს.
    რაც დღეს გუნდს სჭირს ეს ლომის წილი მაგ სატანას ბრალია.
    ფანი [?]
    #6 5 ნოემბერი 2021 16:54
    0
    მაესტრო დაბრუნდა და მე მისი მჯერა , მჯერა რომ ბარსას ძველ დიდებას დაუბრუნებს და კამპ ნოუზე ლამაზ ფეხბურთთან ერთად გულშემატკივრებსაც დააბრუნებს💙❤
    --------------------
    CULE FOREVER
    გულშემატკივარი [?]
    #5 5 ნოემბერი 2021 16:42
    2
    დაე აღსდგეს თავიდან დიდებული ბარსა
    Culé [?]
    #4 5 ნოემბერი 2021 16:27
    0
    ლა მასიელებზე აიღებს აქცენტს, ასე მგონია რატომღაც
    მწერალი [?]
    #3 5 ნოემბერი 2021 16:27
    5
    Davita,
    რას ლაპარაკობ : ))) ეტაპობრივად ჩამოშალა ეპოქალური გუნდი. ყველა ტიტული ძველი ინერციის და მესის დამსახურება იყო. მესი შეგვინარჩუნა კი არა გაშვებას დაპირდა ისეთ დღეში ჩააგდო და მერე გადააგდო. გუნდი კიდე ისეთ ფინანსურ კოლაფსამდე მიიყვანა რომ ხელფასებს ვეღარ ვიხდიდით.

    რას არ გაიგებ კაცი..
    გულშემატკივარი [?]
    #2 5 ნოემბერი 2021 16:25
    1
    ბართომეუს იმაზე მეტს ასხავ რასაც იმსახურებს, ცუდთან ერთად კარგი შედეგებიც ქონდა მაგ კაცს, მესიც შეგვინარჩუნა თუმცა ლაპორტამ მოახერხა და გააგდო,სხვათაშორის ეს ღლეპორტა ჯერჯერობით არაფრით უკეთესია ბართუშაზე ლაპარაკს თუარ ჩავთვლით, ჩავის კიდე წარმატებები, მჯერა გაამართლებს
    Culé [?]
    #1 5 ნოემბერი 2021 16:23
    4
    El maestro de marionetas დაბრუნდა.ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩავის და მჯერა,რომ წარმატებას მიაღწევს,რატომღაც მგონია,რომ პეპსაც აჯობებს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid