ბარსა VS რეალი - ვიდეოანალიზი

ბარსა VS რეალი - ვიდეოანალიზი

"ბარსამ" მორიგი მატჩი წააგო "რეალთან". რა უნდა იყოს იმაზე ცუდი დასაწერი, რომ "რეალთან" მარცხი მორიგია და რუტინად იქცა, თან "კამპ ნოუზე", ზედიზედ მეორე შეხვედრაში. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ წაგება არ დაგვიმსახურებია. ასეთ დღეში ვართ, თუმცა, იმედს არ ვკარგავთ. 

ბუსკეტსის პრესინგი

"ბარსამ" კუმანის ექსპერიმენტული ტაქტიკით ითამაშა, სადაც სერჟინიო დესტს თავდასხმის დროს გარემარბის როლი ჰქონდა, ხოლო დაცვის დროს მარჯვენა მცველის, ასე თამაში ძალიან რთულია და ეს კონკრეტულ მომენტებშიც გამოჩნდა. "რეალს" კონტრშეტევები ძალიან კარგად გამოსდიოდა, განსაკუთრებით ვინისიუსის სისწრაფის ხარჯზე, ბენზემაც კარგად ანაწილებდა ბურთს და ნახევარმცველებს რომ სწრაფად ბურთის ამოტანა არ ეშლებათ, ეს ძველი ამბავია. ყურადღებას გავამახვილებ სერჟიო ბუსკეტსზე, პრესინგის დროს ერთადერთი იყო, ვინც სახიფათო შეტევებს შლიდა და ბურთს გვიბრუნებდა, ვერც დე იონგმა და ვერც გავიმ მხარი ვერ აუბეს.

"ბარსას" ორგანიზებული შეტევები

მეორე ვიდეოში "ბარსას" შეტევები განვიხილოთ, რომელიც ბევრი ნამდვილად არ ყოფილა. პირველ ეპიზოდს თუ დააკვირდებით, გარდა იმისა, რომ ბუსკეტსის ძალიან კარგ გადაცემას ნახავთ, ასევე, გამოჩნდება ალბას ძალიან ჭკვიანური თამაში, პასის მერე რომ ეგრევე გაიხსნას მოდრიჩი გაყვება და შეტევა მარტივად ჩაიშლება, ალბა იქამდე არ ინძრევა ადგილიდან, სანამ მოდრიჩი ყურადღებას არ მოადუნებს, შემდეგ კი სწრაფად იწყებს აჩქარებას. დეტალია, მაგრამ კარგი სანახავი გამოდგა. ფატის კი გოლამდე ცოტა დააკლდა. 

ყველაზე კარგი შეტევა, რომელიც გოლით უნდა დასრულებულიყო, ტერ შტეგენმა დაიწყო, იდეალური პირველი პასით, დეპაიმ და ფატიმ ჯვარედინი მოძრაობით გაცვალეს სივრცეები და იდეალური დასასრული იქნებოდა დესტს რომ კარში მოერტყა, მაგრამ ვერ მოარტყა. ამ მომენტმა ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტა.

მესამე ეპიზოდი გოლია და ბევრი არც არაფერია გამოსარჩევი, ძალიან მარტივი შეტევით გავიდა, ალბათ, იმიტომ, რომ "რეალი" უკვე მოდუნებული იყო.

რეალის კონტრშეტევები

დაცვაში, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე. დესტმა საერთოდ ვერ გაიგო სად უნდა ეთამაშა და როგორ, მინგესას დაყენება კი ვერ გამოდგა წარმატებული. შესაძლოა, ვერც რობერტოს გაემართლებინა, მაგრამ, ფაქტია, რომ კუმანის გეგმა ჩავარდა. პირველი ეპიზოდის დროს კარგად ჩანს, რომ პრობლემას არა მხოლოდ ვინისიუსი, არამედ პოზიციური შეცდომებიც ქმნიდა. 

მეორე ეპიზოდი ასევე მარჯვენა ფლანგზე ხდება, "რეალი" კურტუას დაწყებული შეტევის შემდეგ სწრაფად გადადის შეტევაზე და რაღაც მომენტში სამი-ორზეც კი უტევენ, შესაბამისად, ვინი და ბენზემა ორი-ერთზე იჭერენ მცველს და თავისუფალ ზონაშიც აკეთებენ გადაცემას, მაგრამ გოლი არ გავიდა. 

მესამე ეპიზოდს რაც შეეხება, მოდრიჩის მასტერკლასია, როგორ აკვირდება მეტოქის ფეხბურთელებს და დაეძებს ცარიელ სივრცეებს, მეტოქის ნაბიჯისთანავე იწყებს მოძრაობს, ამ ეპიზოდში ორჯერ გათავისუფლდა, ჯერ მოკლე მონაკვეთზე, როცა პასი არ მიუღია და შემდეგ საჯარიმოში, სადაც ძალიან კარგ გადაცემას ასრულებს.

 

გაშვებული გოლები

პირველ გოლშიც ხედავთ, რომ მინგესას ვინისიუსი ბავშვივით ატყუებს, ერთი მოძრაობით, არადა, ნელ-ნელა უკან უნდა დაეხია და შეტევის ტემპი დაეგდო. იქვე დესტიც არის, რომელმაც ვერ გადაწყვიტა, მიიღოს თუ არა თავდაცვაში მონაწილეობა, ისევ სწრაფი კონტრშეტევა მოდის და დავიდ ალაბამ მემფის დეპაი შუაზე გააპო! ჯერ ბურთი წაართვა, მერე შეტევა დაიწყო და წინ გაიჭრა, დეპაიმ დიდხანს სდია და ბოლოს ხელი ჩაიქნია, რატომ? არ ვიცი. საბოლოოდ, ალაბამ შეტევა ბრწყინვალე დარტყმით დაასრულა. ისევ მარჯვენა ფლანგი. 

მეორე გოლზე ჯერ რობერტოს წვალებას ვუყურებთ, როგორც იქნა ბურთი სწორი მიმართულებით გაუშვა და შეტევის ორგანიზება პიკემ ითავა, მემფის დარტყმაც შეეძლო, მაგრამ პასს აკეთებს ცენტრში და ჩვენი ორი ფეხბურთელი ერთმანეთს ასკდება, პიკე და კოუ. საინტერესო მომენტია, კოუტინიო ისე მოძრაობს, რომ თითქოს მას უფრო უნდა დაერტყა, უფრო კომფორტული უნდა იყოს, მაგრამ შენელებულზე ჩანს, რომ ბურთი უკან არის, მარცხენა ფეხით კი კარგად ვერ დაარტყამდა, სამაგიეროდ, პიკეს შეეძლო ზუსტი დარტყმის შესრულება, მაგრამ კოუტინიომ თავადაც შეუშალა ხელი და მისი ვიზავიც იქვე გაჩნდა, ასე რომ, ბოლო შანსი ვერ გამოვიყენეთ და კიდევ ერთი კონტრშეტევა მივიღეთ, რომელიც გოლით დასრულდა. შეტევა ამჯერად სამი-სამზე იყო, მაგრამ ერიკ გარსიას ჩამოეძინა. მეტრანახევრიანი მანძილი გაფლანგა და ბურთზე დაასწრეს. მესმის, რომ ამ დროს შემტევს უფრო აქვს უპირატესობა, მაგრამ მაინც.. არ ეპატიება ასეთი შეცდომა.

ასეთი მატჩი იყო. ვერც ტაქტიკურად იყო "ბარსა" კარგი, ვერც ინდივიდუალურად, განწყობა კი იყო თითქოს საბრძოლო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 ოქტომბერი 2021 20:43
    0
    ციტატა: rivaldo80
    ბუსი რომ არ იყოს უარესად ცუდ დღეში იქნებოდა ბარსა და კუმანი ხომ საერთოდ აქ ბავშვებს ბუსი რახან ნელია გასაგდები გონიათ მაგრამ ნაკრებში რაც ითამაშა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რა დონის ფეხბურთელია.წავა ბუსიი და მერე მიხვდება ხალხი რამხელა ძალაა.

    ბუსიც და პიკეც.
    Culé [?]
    #2 27 ოქტომბერი 2021 01:59
    3
    ამასწინათ ვუყურე ჩავი ხსნიდა ალ სადს როგორ ათამაშებდა.პრესინგი,პრესინგიდან გამოსვლა,სივრცეების შექმნა და ა.შ.ისე ახსნა,რო რავი უყუროს იმ კუმანმა იქნება რამე ისწავლოს.მარტო მაგ ვიდეოთი ჩანს რამხელა პოტენციალი აქვს ჩავის,როგორც მწვრთნელს და სად უნდა გამოიყენოს ეს პოტენციალი თუ არა ბარსაში.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 27 ოქტომბერი 2021 01:33
    4
    ბუსი რომ არ იყოს უარესად ცუდ დღეში იქნებოდა ბარსა და კუმანი ხომ საერთოდ აქ ბავშვებს ბუსი რახან ნელია გასაგდები გონიათ მაგრამ ნაკრებში რაც ითამაშა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რა დონის ფეხბურთელია.წავა ბუსიი და მერე მიხვდება ხალხი რამხელა ძალაა.