საუკეთესო 10 პუნქტად

საუკეთესო 10 პუნქტად

ლეო "ბარსას" უდიდესი ნაწილია და პირიქით. ერთი მთლიანობაა, ამიტომ, სხვაგან წასულსაც კი ვერ დავივიწყებთ, მით უმეტეს, რომ გული ჩვენთან დატოვა. The Athletic-ის ერთ-ერთი საუკეთესო სტატია ლიონელ მესის შესახებ ჯერ კიდევ არ თარგმნილა, ჰოდა, ამ დანაკლისს ახლავე გამოვასწორებთ, თუმცა, სტატია ერთი წლის წინანდელია, ამიტომ, ჩემებურად ჩავუმატებ საჭირო ამბებს.

დეკადაზე მეტი გავიდა მას მერე, რაც ლიონელ მესიმ პირველი "ოქროს ბურთი“ მოიპოვა, დაიწყო სწრაფვა წარმოუდგენელი რეკორდებისკენ და იმხელა სახელი მოიხვეჭა, რომ უკვე მითოსურ პერსონად არის ქცეული. თუმცა, ის აღარ არის ის ფეხბურთელი, რომელიც კარიერის დასაწისში იყო, ფაქტობრივად ყოველ მეორე წელს განიცდიდა ტრანსფორმაციას და საფრანგეთში წასულიც კი გვთავაზობს რაღაც ახალს.

მესის ზრდას ორმა ფეხბურთელმა განსაკუთრებით შეუწყო ხელი, მათთან შეჯიბრი კარიერის მუდმივ თანმდევ ნაწილად ექცა და ყოველწლიური განვითარებისაკენ უბიძგებდა. პირველი არის კრიშტიანუ რონალდო, ღირსეული მეტოქე, რომელზეც ხანდახან ამბობენ, რომ შრომის პროდუქტია, (წითლებისა არ იყოს, - შრომამ შექმნა ადამიანი) თავის დროზე ეს ზლატანმა თქვა და აიტაცეს, იბრას აქვს ამის თქმის უფლება, მაგრამ რეალობისგან ეს ყველაფერი ძალიან შორს არის, ზლატანის სიტყვამ, რონალდოს ნიჭიერება დააკნინა და მესის შრომისმოყვარეობა.

მეორე ფეხბურთელი, რომლის დევნაშიც მესიმ კარიერის დიდი ნაწილი გაატარა, დიეგო მარადონაა, ყველაფერი მისი ჩრდილიდან გამოსვლით დაიწყო, მესი მალევე გახდა მესი და არა პატარა მარადონა, ან, მარადონას "პატენტი“, როგორიც არგენტინას ბევრი ჰყოლია. შემდეგ დაიწყო საშინელ წნეხთან ბრძოლა და როგორც იქნა, სანაკრებო ტიტულამდეც მივიდა. 

ლეოს ირგვლივ მუდმივად იცვლებოდნენ ფეხბურთელები და საოცარია, რომ ყველასთან შეთამაშებას ახერხებდა, ხოლო, მომდევნო წლებში სხვებს უწევდათ მასთან შეთამაშება, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ისევ მესი იღებდა მსხვერპლს და მათ სათამაშო სტილზე ადაპტირდებოდა.

ტრიო ეტო’ო-რონალდინიოსთან, ტრიო ეტო’ო-ანრისთან, დუეტი დანი ალვესთან, ტრიო ჩავი-ინიესტასთან, ტრიო ვილა-პედროსთან, დუეტი ფაბრეგასთან, ტრიო ნეიმარი-სუარესთან, დუეტი სუარესთან, დუეტი ალბასთან, - დაუვიწყარია. გადახედავ ამ ყველაფერს და მიხვდები, რომ პეპი მართალი იყო, ლეომ ყველა უკეთესი გახადა მის ირგვლივ. ახლა კი პარიზის ჯერია, სადაც მბაპეს სათამაშო სტლთან ადაპტირდება და როგორც ბოლო მატჩმა გვიჩვენა, ყველაფერი კარგად მიდის.

The Athletic-მა Statsbomb-ზე დაყრდნობით გამოყო ათი სათამაშო ელემენტი, რომელსაც ლიონელ მესი იდეალურად იყენებდა "ბარსელონაში“. ეს ყველაფერი მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის და ადამიანს აფიქრებინებს, რომ მსგავსი რამ უბრალოდ ვეღარ განმეორდება. სევდიანია, მაგრამ რეალურად ჟღერს.

"მესი ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებს, თუ სურს დრიბლინგი, მიდის დრიბლინგზე, თუ სურს პასი გააკეთოს, საუკეთესო პასს მოგცემს, თუ ჯარიმას ურტყამს, - გოლია! თუ უნდა, რომ ბურთი ჩამოგართვას, მოირბენს და გამოგართმევს, თუ ნახევარდაცვაში დააყენებთ.. დიახ, ის მაინც საუკეთესო იქნება“, - ამბობს ჩავი ერნანდესი, 2018 წელს.

დრიბლინგის პიკი

გულის სიღრმეში მესი ყოველთვის დრიბლიორად დარჩება. ეს მისი პირველი თვისება იყო, რაც ადამიანს თვალში მოხვდებოდა. მოგვიანებით დახვეწა პასი, დარტყმა, გაიუმჯობესა მოედნის ხედვა, მაგრამ დირბლინგში ყოველთვის საუკეთესო იყო. ყველას უნახავს ვიდეოები იუთუბზე, სადაც ყველაზე პატარა მესის ბურთი ფეხზე აქვს მიწეპებული და დაათრევს აქეთ-იქით მცველებს შორის, ეს უფრო არგენტინული ამბავია, ვიდრე ბარსელონური.

ბარსელონაში ჩასვლის შემდეგ მწვრთნელები თხოვდნენ, რომ ერთი-ორი შეხებით ეთამაშა, მაგრამ, მამა ურჩევდა, რომ ეთამაშა ისე, როგორც შეეძლო.

"მოიგდებდა ბურთს ფეხებში და ყველას ატყუებდა, ასე განაგრძო მომდევნო სეზონებში, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო მეტოქე, მსგავსი არაფერი გვინახავს, იმიტომ, რომ ძირითადად პასებზე ვვარჯიშობდით, მან კი გვანახა რაღაც ისეთი, რისი გაკეთებაც აქამდე შეუძლებელი გვეგონა“, - იხსენებს ვიქტორ ვასკესი, მესის თანაგუნდელი "ლა მასიაში“.

ძირითად გუნდში გამოჩენის შემდეგ მისი დრიბლინგი ძირითადად ორი სახის იყო, ერთი სისწრაფის ხარჯზე, როცა უმოკლეს მონაკვეთში ბურთთან ძალიან ბევრ შეხებას აკეთებდა და მცველებს თითოეულ შეხებაზე უწევდათ მოძრაობა გაეკეთებინათ, რითიც ძალიან მარტივად სარგებლობდა, მეორე კი იყო მისი ცნობილი ფინტი, ტანის მარტივი მოძრაობა და ჩამოტოვებული მეტოქე. მოგვიანებით, სისწრაფის დაკარგავსთან ერთად, პირველი დრიბლინგი მისი თამაშიდან გაქრა, აი, მეორეს რაც შეეხება, დღემდე ახასიათებს.

"მუდმივად სივრცეებს ვეძებ, სადაც გაქცევა შემიძლია და ვცდილობ, მცველებს წონასწორობა დავაკარგვინო, როცა ვხედავ, რომ მცველი წონასწორობას კარგავს, ვიცი, რომ გაქცევის დროა“, - თქვა ლეომ ძველ ინტერვიუში.

 

მესის დრიბლინგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007/08 წლის სეზონში ჰქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ რაიკაარდის გუნდი აბსოლუტურად აირია და მესი ერთპიროვნულად ცდილობდა გუნდისთვის წარმატების მოტანას. მომდევნო სეზონში გვარდიოლამ მისი გამოწვრთნა დაიწყო და რაციონალური თამაში ასწავლა, რაც თამაშზეც აისახა, მესი დრიბლინგს აკეთებდა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, მომდევნო სეზონებში კი კარიერის საუკეთესო ფორმაში შევიდა, ამიტომ, დრიბლინგებიც ბევრი იყო.

შეგვიძლია, დავაიგნოროთ 2004/05 წლის სეზონი, სადაც საერთო ჯამში მხოლოდ 92 წუთი ითამაშა.

საილუსტრაციოდ გამოდგება "ბერნაბეუზე“ წაგებული მატჩი, რაიკაარდის ბოლო სეზონში, "ბარსა“ აბსოლუტურად მოშლილი იყო, "რეალი“ კი მესის ვერ აჩერებდა, ატყუებდა ყველას და ყველაფერს, თუმცა, მაშინ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც მომდევნო წლებში გახდა, ამიტომ, დრიბლინგებს გოლი არ მოჰყოლია.

იოჰან კრუიფი ამბობდა, დრიბლინგის გაკეთება და კაცის მოტყუება ყველაზე მარტივად ცენტრიდან შეიძლებაო. არ ვიცი.. შესაძლოა, მისთვის ასე იყო, ვიღაცისთვის შეიძლება პირიქით იყოს, აი, მესისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, ფლანგზე, ცენტრში, კუთხურის ალამთან, საჯარიმოში, მოედნის მიღმა, მსოფლიო დონის მცველი, ვინმე ყასაბი, ყველაზე სწრაფი, ყველაზე ძლიერი, მსაჯი, ატყუებდა ყველას, ყველა მონაკვეთში, თუმცა, კარიერის განმავლობაში განსაკუთრებული დრო აქვს კონკრეტულ მონაკვეთებში გატარებული და სწორედ ეს არის აღბეჭდილი ფოტოზე. რა თქმა უნდა, იწყება ფლანგიდან, მომდევნო წლები ცენტრი, მერე ისევ ფლანგი, მერე ისევ ცენტრი.

აქვეა შედეგიანი დრიბლინგის სტატისტიკაც, მაგალითად, 2007/08 წლის სეზონში, ატყუებდა ბევრს და ატყუებდა ხშირად, მაგრამ ამ ყველაფერს ყოველთვის არ მოჰქონდა შედეგი, ხოლო შედეგიანი დრიბლინგის თვალსაზრისით მესის საუკეთესო სეზონები 2011/12 და 2012/13 იყო.

ამ სეზონებში, მესის შედეგიანი დრიბლინგები რვა წამს არასდროს აღემატებოდა. უსწრაფესად აკეთებდა ყველაფერს და შეტევას ასრულებდა. მოედნის ცენტრიდან წაღებული ბურთი და დარტყმა შვიდი წამის განმავლობაში ხდება, ხოლო საჯარიმოს სიახლოვეს ყველაფერი წამნახევარში ხდებოდა.

მარჯვენა გარემარბის პიკი

კრუიფის მეცადინეობით დანერგილმა 4-3-3-მა რეალური გახადა ორი გამთამაშებელი გყოლოდა ერთ გუნდში და წარმატებისთვის მიგეღწია, მაგალითად, 80-იანებში მესი და რონალდინიო ერთად ვერ ითამაშებდნენ და მომდევნო პერიოდებშიც, იყვნენ მწვრთნელები, (დღემდე არიან) რომლებიც ამას არაფრის დიდებით არ დაუშვებდნენ. მესი იზრდებოდა არგენტინაში, მარადონას ქვეყანაში, მისი კუმირი აიმარი იყო, რა თქმა უნდა, ათიანის პოზიციაზე სურდა თამაში, თუმცა, მარჯვენა ფლანგზე დრიბლინგი მის სავიზიტო ბარათად იქცა.

ასევე, ფეხბურთი განვითარდა ისე, რომ მემარჯვენე გარემარბები მარცხნივ აღმოჩნდნენ და პირიქით. ვან გაალის "ბარსაში“ ცაცია რივალდო მარცხნივ თამაშობდა, მემარჯვენე ფიგუ კი მარჯვნივ, რაიკაარდის "ბარსაში“ პირიქით იქნებოდა და უფრო მეტ გოლსაც შეაგდებდნენ, რადგან უფრო ხშირად ექნებოდათ კარში დარტყმის საშუალება და არა ჩაწოდების.

სანამ მესის შესაბამის ადგილს მოუძებნიდნენ, ცენტრშიც უწევდა შესვლა და მარჯვენა ფლანგზეც კი უთამაშია, მაგალითად, "სევილიასთან“, დანი ალვესის წინააღმდეგ. ეს კი მისი პირველი გოლია, როცა მოედნის ცენტრშია და დეკუ-რონალდინიოს დახმარებით გააქვს გოლი.

მიუხედავად იმისა, რომ მესიმ თავის პირველ სრულფასოვან სეზონში ბარძაყის ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა, რიბერისა და რონალდუს შემდეგ ყველაზე მეტი ხმა აიღო მარჯვენა გარემარბის პოზიციისთვის. (რიბერიმ 2006 წლის მუნდიალზე ითამაშა მარჯვნივ). ასე რომ, 18 წლის მესი უკვე შემაძრწუნებლად გამოიყურებოდა.

ნელ-ნელა ტრავმები დაძლია და მერე გვარდიოლაც მოვიდა, მარჯვენა გარემარბის პიკი, ალბათ იქამდე ჰქონდა, სანამ ზვიგენი სისხლის გემოს გაიგებდა, ანუ, "ბერნაბეუს“ 2:6-მდე. მესი იდეალურად თამაშობდა მარჯვნივ, მერე პეპმა ცრუ ცხრიანზე მოსინჯა და.. სულ სხვა ამბავი დაიწყო.

ცრუ ცხრიანის პიკი

"ის დღე არასოდეს დამავიწყდება, მოტოქეებს ყოველთვის მე ვაანალიზებდი, განსაკუთრებით კი მადრიდის "რეალს“, პეპი მოვიდა და მკითხა, - როგორ იცავენ თავს? ვიცოდი, რომ ყველაფერი ზუსტად იცოდა, მაგრამ მაინც მკითხა და მეც ვუთხარი, რომ ცენტრალური მცველები ცხრა ნომერს სიღრმეში არ მოყვებოდნენ, მერე მან გააკეთა ის, რაც გააკეთა“, - იხსენებს დომენიკ ტორენტი.

"ყველაფერი ძალიან მარტივად გამოვიდა, თუ მესის ამოყვებოდნენ სიღრმეში, ფლანგებიდან ცენტრში შემოიწევდნენ ანრი და ეტო’ო, ხოლო, თუ არ ამოყვებოდნენ ცენტრში რომბს მივიღებდით მათი სამეულის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მესიმ ჩავისა და ინიესტას უსიტყვოდ გაუგო“. 

დაიწყო "ბერნაბეუზე“, შემდეგ სეზონში იჭიდავა პოზიციისთვის იბრაჰიმოვიჩთან, ხოლო 2010/11 წლის სეზონებში ცრუ ცხრიანის პოზიციაზე პიკს მიაღწია, რადგან კითხვაც აღარ იყო, ამ პოზიციაზე აღარც იბრა შეეცილებოდა, აღარც ეტო’ო და აღარც დავიდ ვილია, რომელიც მყარად დამკვიდრდა მარცხენა ფლანგზე.

გატანის პიკი

დიდი ანალიზი არ სჭირდება, ჩახედავთ სტატისტიკას და ნახავთ, რომ 2011/12 წლების სეზონში ლა ლიგის ეგიდით 50 გოლი გაიტანა. აქამდე ამაზე ოცნებაც კი არავის შეეძლო, მესიმ კი რეალობად აქცია, მაგრამ, საუკეთესო გამტანის სეზონად მაინც 2012/13 წლების სეზონს მივიჩნევთ, სადაც 46 გოლი გაიტანა. რატომ? პენალტების გამო. თამაშიდან უფრო მეტი შეაგდო.

სურათზე ხედავთ საუკეთესო სეზონებს პენალტების გარეშე გატანილი გოლების მიხევდით. გამოდის, რომ საუკეთესო 2012/13 წლების სეზონი ყოფილა.

2011/12 წლების სეზონში ლა ლიგაში გატანილი 50 გოლიდან, ათი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. ხოლო, მომდევნო სეზონში 42 გოლი შეაგდო პენალტების გარეშე. გატარებული წუთებისა და გატანილი გოლების მაჩვენებლით, მასთან ყველაზე ახლოს მოჰამედ სალაჰის სადებიუტო სეზონი იქნება, მომ 31 გოლი გაიტანა პენალტების გარეშე.

ამ პოზიციებიდან გაჰქონდა მესის გოლები აღნიშნულ სეზონში:

რთული სეზონი იყო, ტიტოს გამო, მესის ტრავმის გამო, "ბაიერნთან“ მარცხის გამო, მესის სამოტივაციოდ მხოლოდ ბომბარდირობა დარჩა და რაც გააკეთა, ხედავთ.

ასისტენტის პიკი

მესის ადრეული ასაკიდანვე ეტყობოდა, რომ დრიბლინგებისა და გოლების გატანის უნარის გარდა, ძალიან მაგარი პასის კულტურაც ჰქონდა. წარმოუდგენლად ბევრ გოლს იტანდა, მაგრამ, ამავე დროს უამრავ საგოლე გადაცემასაც ასრულებდა. 2019/20 წლების სეზონში კი პიკს მიაღწია, ლა ლიგაში 21 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესო მაჩვენებელია, თავის დროზე, ტიერი ანრიმ გააკეთა 20 ასისტი პრემიერ ლიგაში. მესიმ კი 21 შეასრულა.

ბევრი არ დაკლებია 2010/11 წლების სეზონში,  - ბოიანს სამი გაატანინა, პიკეს ერთი, პედროს ოთხი, ტიაგოს ორი, ხოლო დავიდ ვილიას რვა გოლი გაატანინა და საბოლოო ჯამში 18 ასისტს მოუყარა თავი.

ერთ სეზონში ყველაზე მეტი პასი (8) გაუკეთა ვილას 2010/11 წლების სეზონში, ნეიმარს 2014/15 წლების სეზონში და სუარესს 2015/16 წლების სეზონში.

საერთო ჯამში, სამუელ ეტო’ოსთვის და ნეიმარისთვის თანაბარი რაოდენობის საგოლე პასები აქვს გაკეთებული, ხოლო ყველაზე მეტი ასისტის ცხრილი ასე გამოიყურება:

ორსვლიანი კომბინაციის პიკი

მესი ყოველთვის დერეფნებში თამაშობდა, მაგრამ ყველაზე მარტივად ეს კომბინაცია მაშინ გამოდიოდა, როცა გვერდზე ჩავი და ინიესტა ჰყავდა, ბუსკეტსი კი რომბის ყველაზე უკანა წერტილი იყო. ასე მარტივად მესის არასდროს შეუქმნია საფრთხე მეტოქის კართან.

 

 

 

ყველაზე ხშირად ამ კომბინაციას 2010/11 წლების სეზონში იყენებდა, წარმოდგენის შესაქმნელად ფინალის გახსენებაც საკმარისია.

სქემაზე ასახულია, რომელ სეზონში რა ზონებში იყენებდა ამ კომბინაციას, ბუნებრივია, რომ ცენტრიდან გათამაშებული კედელი პირდაპირი გზა იყო მეტოქის კარამდე.

სქემაზე ასახულია, ვისთან ითამაშებდა მესი კედელს და როგორ გრძელდებოდა და სრულდებოდა შეტევები. ასახულია სეზონში სამი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის პარტნიორი კონკრეტული კომბინაციის დროს.

გამჭოლი პასი - პიკი

ყველაფერთან ერთად ეს უნარიც აღმოაჩნდა, როგორც კონტრშეტევებზე, ისე ჩაკეტილი თამაშის დროს, მესის ყოველთვის შეეძლო მცველების ხაზის გაჭრა და გადამწყვეტი პასის გაკეთება, მაგრამ ამ მხრივ პიკი 2015/16 წლების სეზონში ჰქონდა, მისთვის საუკეთესო მეწყვილეებთან ერთად, - ნეიმართან და სუარესთან.

სქემაზე ასახულია როგორც გოლით, ისე კარში დარტყმით ასახული მომენტები. 

პიკი - ათიანი

ლეომ კლასიკური ათიანის პოზიციაზე ითამაშა 2010 წლის მუნდიალზე, ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე, მაგრამ გოლის გარეშე. თუ გადახედავთ გოლებს, ნახავთ, რომ თითქმის ყველა გოლი ლიონელ მესის შექმნილია, არადა, ტურნირის ბოლოს გამოლანძღეს.

საკლუბო დონეზე კი ერნესტო ვალვერდეს დროს დაბრუნდა ათიანზე. მართალია, ხშირად ისევ ცრუ ცხრიანზე იწევდა, მაგრამ სუარესის ფაქტორიდან გამომდინარე, მაინც ათიანის როლი ჰქონდა და ბრწყინვალედ ასრულებდა თავის მოვალეობას.

ეს იყო პერიოდი, როცა "ბარსა“ მთლიანად გახდა მესიზე დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, მსოფლიოს საუკეთესო იყო ამ პოზიციაზეც. ვალვერდესთან ცუდი მოგონებების აკავშირებს, მაგრამ, საუკეთესო ათიანად მის ხელში იქცა.

ყველაზე დიდი დრო მოედანზე

მესის შეცვლა არ შეიძლება. ეს ყველამ იცის. პოჩეტინოს არ სცოდნია და ახლა უკვე მანაც იცის. იმედია, შეცდომას აღარ გაიმეორებს, თორემ დარჩება უმუშევარი. მესის პიკი ამ მხრივ 2014/15 წლების სეზონში იყო, მართლაც ძალიან მაგარი სეზონი გამოვიდა და ტრიპლეტით დაასრულა.

ეს ყველაფერი კი გვარდიოლას დამსახურებაა, სწორედ მის ხელში ისწავლა მესიმ ძალების დაზოგვით თამაში, ამის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა მსგავსი სტატისტიკის დადება.

ჯარიმების პიკი

არც რონალდინიოს დაუწყია კარგად, პირველი ჯარიმის გასატანად 32 მცდელობა დასჭირდა. შემდეგ ბევრად გამოასწორა დარტყმები და 65 დარტყმიდან რვა გაიტანა. შემდეგ დაიბრუნა ის სახელი, რაც 18 წლის ასაკში ჰქონდა, - ჯარიმების სპეციალისტი.

მესის არავინ უწინასწარმეტყველებდა, რომ ისიც სპეციალისტად ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩამოყალიბდა და დღეს მასზე მაგარი დამრტყმელი მსოფლიოს არ ჰყავს.

ყველაზე მცირე მცდელობიდან გატანილი ჯარიმების რაოდენობით საუკეთესო 2010/11 წლების სეზონი გამოდის. ამაზე მეტიც გაუტანია, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტი მცდელობიდან.

სეზონის მიხედვით გატანილი ჯარიმების პოზიციები კი ასე აისახა სქემაზე:

ასეთი ამბავია. ახალი არაფერი. მესიზეა საუბარი. ჩვენზე უკეთ ვინ იცნობს, აბა? არც არავინ. აღარ არის "ბარსაში", თან "კლასიკო" ახლოვდება, მაგრამ მაინც, მესი აქტუალობას არასდროს დაკარგავს. 

გამოყენებულია The Athletic-ის მასალა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 23 ოქტომბერი 2021 12:53
    1
    ტკივილი
    წევრი [?]
    #2 23 ოქტომბერი 2021 12:48
    1
    მეტირება.
    სიტყვებით აღუწერელი ადამიანი და ფეხბურთელი.
    Culé [?]
    #1 23 ოქტომბერი 2021 12:43
    1
    ყველა დროის საუკეთესო
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid