მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოსაწყენი სამი ქულა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოსაწყენი სამი ქულა

არ მეგულება ადამიანი, რომელიც გუშინდელი მატჩით კმაყოფილი დარჩებოდა. ერთი დღით ადრე "რეალმა" ითამაშა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, თანაც, გაცილებით რთულ მეტოქესთან, სულ მალე "ელ კლასიკოა" მათი შემტევები კი დაფრინავენ. ჩვენთან რა ხდება? კუმანმა ისიც კი არ იცის ვის ათამაშებს. 

"დინამოსთან" მინგესა, ლანგლე და ლუკ დე იონგი გამოიყვანა, თუმცა, მეეჭვება, რომ "რეალთან" ეს ფეხბურთელები ვიხილოთ. იმასაც გააჩნია ჰოლანდიელს რა გეგმა აქვს, მაგრამ მაინც, ასეც არ გაგიჟდება, რომ "კლასიკო" ლუკ დე იონგს დააწყებინოს. 

მატჩი ნაადრევად დაიწყო, თუმცა, ეს ვერ გაამართლებს "კამო ნოუს" სიცარიელეს, მიზეზს რა გამოლევს პანდემიისას?! უცნაური სანახავი კი გამოდგა, თითქოს რამ უნდა გაგაკვირვოს, მთელი წელი ცარიელ "კამპ ნოუს" ვუყურეთ, მაგრამ უფლება გქონდეს მისვლის და არ მიდიოდე, - უცნაურია. ქართველი მაყურებელივით გვიან მისულებმა ნელ-ნელა შეავსეს "კამპ ნოუ", თუმცა, სანახევროდ. სახლში დარჩენილებს კი არაფერი უნანიათ, რადგან, მატჩი არც სანახაობრივი გამოდგა და არც შედეგიანი. ერთი კინკილა გოლით მოვიგეთ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში პირველი სამი ქულა მოგვიტანა. ბრძოლას ვაგრძელებთ, მაგრამ, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ აბჯარასხმულ მეტოქეებთან შედარებით, დანა-ჩანგლით შეიარაღებულები ვიბრძვით. 

ვან გაალის გზაზე

აბა, ექსპერიმენტების გარეშე როგორ იქნებოდა?! რონალდ კუმანს ძალიან უხდება თეთრი ფერი, განსაკუთრებით მოუხდება თეთრი ხალათი, ან ლაპორატორიის მუშაკს დაემსგავსება, ან, ჭკუიდან შემცდარ ადამიანს, პრინციპში, ერთთანაც ახლოს არის და მეორესთანაც. დავიწყეთ იმ ტაქტიკით, რომელიც "ვალენსიასთან" ვნახეთ, უბრალოდ, შემადგენლობა შეიცვალა და დაცვის დროს ნაკლებად ეწყობოდა გუნდი ხუთ მცველზე, არა იმიტომ, რომ კუმანს არ ჰქონია ასეთი დავალება, არამედ იმიტომ, რომ "დინამო" არასდროს გვიტევდა იმდენი ფეხბურთელით, რომ ამის საჭიროება გამხდარიყო, ამიტომ, სერჟინიო დესტს მეტი თავისუფლება მიეცა შეტევაში. სხვათა შორის, მაღალი შეფასება დაიმსახურა, დაუფასეს აქტიურობა! მაგრამ, ფეხბურთი ხომ მარტო აქტიურობა არ არის?! გარემარბის პოზიციაზე, რომ წვალობ, როგორც მინიმუმ კარში დარტყმა უნდა შეგეძლოს, სერჟინიოს კი მაგრად უჭირს ჩარჩოში ბურთის მორტყმა. ამასთანავე, გამოჩნდა, რომ ძალიან კომიკურია, როცა მაღალ ჩაწოდებებს უშვებენ მისი მისამართით, მიუხედავად ამისა, მეორე წუთზე უკვე შეეძლო თავით გატანა და უკვე აღვნიშნე, რომ ჩარჩოში გარტყმა ამ ბიჭის საქმე არ არის. 

"ბარსას" შეტევების უმრავლესობა აბსოლუტურად უფანტაზიოდ ვითარდებოდა, შეტევის ბოლოს ბურთი მიდიოდა ალბამდე, რომელიც ხან მაღალ, ხან კი დაბალ გადაცემებს ასრულებდა. ალბათ, მაგრად უჭირს, რომ საჯარიმოში მესის ვეღარ ხედავს. ერთი ასეთი გადაცემის მერე, ფრენკი დე იონგმა ძალიან გონივრულად ითამაშა და დესტს მისცა საჭირო დროც და სივრცეც, ამანაც, როგორც იქნა მოარტყა ბურთი ჩარჩოში! პირდაპირ მეკარეს დაუმიზნა სახეში! იმანაც უბრალოდ ხელები აიფარა, ცვირი, რომ არ გაეტეხა. მოკლედ, გაანიავა ეს მომენტიც. კარგია, რომ ყოველთვის სწორ ადგილზე იყო, მაგრამ ძალიან დაბალი დონის "ფინიშერია", რაც გასაკვირი არ არის, მისი პოზიციიდან გამომდინარე. 

გოლი როგორ გავიდა? თავიდანვე ჩანდა, რომ ან, ალბას ჩაწოდებები შედეგს მოიტანდა, ან, ამ მატჩში გოლს ვერ შევაგდებდით, რადგან, ჩაწოდებების მეტი არც არაფერი გამოდიოდა. მართლა მეორე ფორმაციის ვან გაალის გუნდს დაემსგავსა, მაშინაც სულ ჩაწოდებები იყო, მაგრამ მაშინ უფრო გონივრული ჩანდა, საჯარიმოში პატრიკ კლუივერტი ეგულებოდათ, ახლა კი ლუკ დე იონგს აწვდიან, რომელიც მხოლოდ ერთ ბურთს შეწვდა. სერჟინიო დესტის იმედად დავრჩით, არადა, მეტრაა ნახტომში. 

ალბას ჩაწოდება და პიკეს გოლი! თან გაგიხარდებოდა ადამიანს, თან ცრემლიც მოგადგებოდა. ჩვენმა ვეტერანებმა მოგვაგებინეს. ბევრისთვის უკვე წყალწაღებულებმა. როგორც ბოლო დროს გამოჩნდა, ისევ ახალგაზრდებზე უკეთესად გამოიყურებიან. მანამდე ლუკ დე იონგსაც ჰქონდა შანსი, ლუკი იმაზე ცუდად ურტყამს თავით, ვიდრე შეტევაში წასული პიკე. ბრწყინვალე შენაძენია რონალდ! 

აქტივში შეგვიძლია ერთი კარგი დარტყმა ჩავუწეროთ, სხვათა შორის, კარში წავიდა. ცალი ფეხით კოჭლი და ოდნავ ბრმა მეკარე, რომ მდგარიყო, მერწმუნეთ გოლის შანსები გაიზრდებოდა. ეს დროც მოვა ლუკ, ყველა მეკარე ჯანმრთელი ხომ არ იქნება?! მადრიდიდან ხმა მოდის, კურტუა ჯანმრთელიაო, ასე რომ, ჯობია დარჩე სკამზე, ჩვენო მრისხანე ფორვარდო. 

შეცვლები

მეორე ტაიმი შეცვლებით დაიწყო, კოუტინიო და ფატი გამოვიდნენ მოედანზე, თითქოს უფრო მრავალფეროვანი შეტევა უნდა გვენახა ამის მერე, თუმცა, ბევრი არაფერი შეცვლილა. ყველაზე კარგი მომენტი მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეიქმნა, ანსუ ფატი იმაზე სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე მეტოქის მეკარის ეგონა და სანამ ბურთს ამოიტანდა უკვე ფეხებში ჰყავდა ჩავარდნილი, მერე მემფის დეპაიმ როგორღაც მოახერხა და ბურთი მოედანზე დატოვა, ისეთი შეტევა იყო, რომ წესით გოლი უნდა გვეხილა, მაგრამ ფატიმ ზურგითმყოფმა გადაწყვიტა დარტყმა, მაშინ, როცა ორი ფეხბურთელი ეხსნებოდა, განარისხა ბუსკეტსი მოედანზე და კუმანი მოედნის მიღმა. თუ რონალდინიო არ ხარ, ასეთი მდგომარეობიდან დარტყმა არ უნდა იკადრო, ფატი კი ჯერჯერობით ვერ არის რონალდინიო, ამიტომ, სამართლიანი საყვედურებიც მიიღო. 

სხვა მხრივ ახალი არაფერი გვინახავს. გავი ისევ არაფერს არ ჰგავს კუმანის ხელში და საშინელი სანახავია, როცა ამ ბიჭის პოტენციალი ასე ცდება. კოუტინიო ისევ ცდილობდა და არაფერი გამოვიდა, არც საიმედოდ თამაში და არც მომენტის რეალიზება. ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი, როგორც ყოველთვის, სხვებზე უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა, არა იმდენად, რომ შესაქებად იყოს საქმე. კუნ აგუეროს კი სათამაშო დრო გაეზარდა, მაგრამ "რეალთან" ძირითადის შანსი არ აქვს. დიდი ალბათობით, ისევ ფატი-დეპაი-დესტის ტრიოს ვიხილავთ, როგორც "ვალენსიასთან" მოხდა. თითოეულმა საკუთარ თავს უნდა აჯობოს რომ მისაღებ შედეგს მივაღწიოთ. სხვაგვარად, ძალიან გაჭირდება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 ოქტომბერი 2021 17:31
    0
    ციტატა: me da barca
    კუმანი მწვრთნელი არ არის, კუმანი არის შლანგი.

    შლანგია, მაგრამ კარგი შლანგი. სწორი შლანგი. არ იღუნება.
    გულშემატკივარი [?]
    #5 21 ოქტომბერი 2021 15:22
    2
    2.55 აქვს რეალის მოგებას კუში.უფასო ფულია ფაქტობრივად,მაგდენიც იმიტომ აქვს რომ მაინც ელ კლასიკოა და ასეა მიჩნეული,რომ რომელიმე გუნდი მეორე დივიზიონშიც რომ იყოს გავარდნილი მაინც არაფერია გადაწყვეტილი მატჩის დაწყებამდე,მაგრამ...... ამ გუნს არც მოგების ჟინი აქვს და არც გულშემატკივრებისადმი პატივისცემა შერჩათ..ყველაფერი ენრიკეს დროს დაიწყო სხვათა შორის,იუვენტუსმა 3-0 მოგვიგო და სახლში გოლიც ვერ გავუტანეთ მეორე თამაშში.მერე ვალვერდემ გააგრძელა რომთან სამარცხვინო მარცხით,მერე იყო ლივერპული,ბაიერნი,მერე პსჟ,ახლა ისევ ბაიერნი და მაინც ჩვენდა გასაკვირად ბენფიკა.საერთოდ არ იბრძოლეს,პიკემ კინაღამ თავი გაიგდო 35-ე წუთზე,არადა ბენფიკას დონის გუნდს ბოლოს როდის გაუტოლეს ჩვენი საყვარელი გუნდი,არ მახსოვს...ახლა კი ის ესმის გულშემატკივარს,რომ თურმე კიევთან 1-0ის მერე რესტორანში აღნიშნეს "ბიჭებმა".გუშინ ცოცხალს ვუყურებდი და ბავარიას გოლი რომ გააუქმეს რა სახით გარბოდა მიულერი თამაში რო განახლდა გოლის გასატანად,ალბათ მთელი დღე უნდა დასვა ეს უთავმოყვარეოები და აყურებინო იმათ,იმენა თავი შემაძულეს რა.რეალთან თავს შეირცხვენენ,მომიშლიან კიდევ ერთხელ ნერვებს.მოკლედ აღარ მინდა თამაშის ყურება ამათი შემხედვარე რა
    ფანი [?]
    #4 21 ოქტომბერი 2021 11:41
    0
    დესტი ლუკი ფრენკი ამათზე აღარ გავჩერდები, აი ყველაზე ცუდი გუშინ ის იყო რო მეშინია ფატის თავში არ აუვარდეს, დააჯინონ და მესის ვიდეოები აყურებინონ.. დესტის დაყენება კლასიკოში მინუს ერთ კაცს უდრის, რა აზრი აქვს ფაფხურს რიცა პას ვერ აკეთებს, სწორად ვერ აწოდებს და კარში ვერ ურტყავს? დეპაი ფატი აგუერო ესე უნდა იყოს
    Culé [?]
    #3 21 ოქტომბერი 2021 11:13
    2
    ფეოლა რა გაბრაზებულია. ნეტავ რატო ნეტავ რატო? joy
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ოქტომბერი 2021 09:54
    2
    ციტატა: me da barca
    კუმანი მწვრთნელი არ არის, კუმანი არის შლანგი.

    შლანგექსაა ტიპი,სეზონის ბოლომდე ტოვებენ როჟები.იმედი ტენ ჰააგს შეუთანხმდა ლაპორტა ზაფხულში მოგიყვანო,ან ბოლო-ბოლო ჩავი მოჰყავს,თუ არადა ჭკუიდან გადავალ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ოქტომბერი 2021 07:08
    10
    კუმანი მწვრთნელი არ არის, კუმანი არის შლანგი.