აგუერო და სხვები - წარმატებული და წარუმატებელი დაბრუნება ლა ლიგაში

აგუერო და სხვები - წარმატებული და წარუმატებელი დაბრუნება ლა ლიგაში

ლა ლიგაში ბევრი ვარსკვლავი დაბრუნებულა, ზოგი წარმატებით, ზოგი წარუმატებლად. მათ რიცხვში სულ მალე ჩაეწერება კუნ აგუერო, რომელიც, შესაძლოა დღეს გამოჩნდეს პირველად მოედანზე. აგუერომ დიდი სახელი დატოვა მადრიდის "ატლეტიკოში", მათ შორის გამოირჩეოდა "ბარსას" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში, აქამდეც გაგვიხსენებია ის ფორვარდები, რომელთაც ძალიან მაღალ დონეზე უთამაშიათ "ბარსას" წინააღმდეგ და ეტო'ოსთან ერთად, აგუეროც ვახსენეთ, რომელსაც განსაკუთღებით უყვარდა კარლეს პუიოლის გამწარება. 

მაშ ასე, გადავავლოთ თალი დაბრუნებულებს, დიეგო მარადონადან, იოჰან კრუიფამდე. 

დიეგო

უკვე "ბარსაში" ყველამ იცოდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მომდევნო წლებში აუცილებლად იმეფებდა, მაგრამ მუდმივად თან სდევდა პრობლემები, ჰეპატიტს მკურნალობდა, მერე კოჭი მოტეხეს და კინაღამ კარიერა დაასრულებინეს და ბოლოს ისიც აღიარა, პირველად კოკაინი ბარსელონაში ყოფნის დროს გავსინჯეო, მოკლედ, ვერ იყო იოლად შესანახი კაცი. "ბარსაში" ორი წელი დაჰყო, მოედანზე ყოფნის დროს ჯადოქრობდა და ბევრი დასამახსოვრებელი მატჩიც ჩაატარა, მერე კი "ნაპოლიში" გადაინაცვლა, სადაც ღმერთი გახდა და იქამდე გამოიყენეს, სანამ ფეხზე დგომა შეეძლო. მერე იყო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია და დაბრუნება ლა ლიგაში, - "სევილიას" შემადგენლობაში. დიეგოს სისწრაფე დაკარგული ჰქონდა და აღარც ისეთი მოტივირებული იყო, მისი გონება სადღაც სხვაგან დაქროდა, დიეგო ძალიან დაიღალა ყველაფრით და მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს შეეძლო მისი გონზე მოყვანა. 

დაბრუნებისშემდგომი რეიტინგი 10/5 

რონალდო

ნუნიესის კიდევ ერთი დიდი ცოდვა, ბრაზილიელი ჯადოქარი! საერთოდ, ქართულ ენაში ისე მოხდა, რომ ნიჭიერსა და ტალანტს სულ სხვა დატვირთვა მიენიჭა, მაგალითად, უცხოეთში ამბობენ ტალანტს და გულისხმობენ ნიჭიერს, ჩვენთან კი სულ სხვაგვარად არის საქმე. მსოფლიოს უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყოლია და ჰყავს, მაგრამ დიდი ტალანტი მხოლოდ ოთხი ჰყავდა, ამ ოთხეულს უნდა მივუმატოთ ბრაზილიელი ჯადოქრები, რომელთაც ყველაზე მეტად ჰქონდათ პუბლიკის შეგრძნება, (გარინჩა, რონალდინიო, რომარიო), მაგრამ ის ოთხეული სულ სხვა სიმაღლეზე იდგა, რადგან, 16-17 წლის ასაკში, რომ შეხედავდი, უკვე მიხვდებოდი, რომ მსოფლიოს შეძრავდნენ! 

ოთხეული იწყება პელეთი, გრძელდება მარადონათი, იმედს გვიცრუებს ბრაზილიელი რონალდოთი, (გასაგებ მიზეზთა გამო) და მთავრდება ლიონელ მესით, ჯერჯერობით მესი ბოლო დიდი ტალანტია. მაგალითად, კრიშტიანუ უნიჭიერესი ფეხბურთელია, რასაც ხელს მოკიდებს ყველაფერი სრულყოფილებამდე მიჰყავს, ამას მხოლოდ შრომით ვერ მიაღწევ, ასე რომ იყოს ბევრი გვეყოლებოდა მისი მსგავსი, მაგრამ მხოლოდ ერთი გვყავს, კრიშტიანუ შრომისა და ნიჭის იდეალური სინთეზია, მაგრამ არ აქვს ის, რაც ლეოს, ეს არის ტალანტი, რომელიც ღვთაებრივ ბუნებას განსაზღვრავს და როგორც უკვე ვახსენე, ტალანტების მწვერვალზე მხოლოდ ოთხი ფეხბურთელია თავმოყრილი. ნამდვილად, ღვთაებრივი ბუნების ხალხი. 

"კიჭას" მწვერვალი ორი სეზონი გაგრძელდა, ერთი წელი "ბარსაში", ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი შედეგიანობით და ყველა დროის ყველაზე სანახაობრივი სეზონი თამაშის თვალსაზრისით. (მხოლოდ რონალდინიოს სანახაობა თუ გაუწევდა კონკურენციას). მერე იყო პირველი სეზონი "ინტერში" და ასევე წარმოუდგენლად მაღალი დონე რისთვისაც "ოქროს ბურთი" დაიმსახურა. მერე კი დაიწყო ცუდი ამბები, როგორც მისი ექიმი ამბობს, რონალდოს მუნდიალის ფინალის წინ ეპილეპსიის შეტევა კი არა, გულის შეტევა ჰქონდაო. მიუხედავად ამისა, მოედანზე მაინც გავიდა და რა თქმა უნდა, არაფერს არ ჰგავდა. მომდევნო სეზონი "ინტერში" ასევე ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ უმცირესი რეგრესი მაინც ეტყობოდა, "ინტერის" ცხრანომრიანი რონალდო ვერ შეედრებოდა წინა სეზონის ათნომრიან რონალდოს. მერე იყო უმძიმესი ტრავმა მუხლზე, შემდეგ კი დაბრუნებიდან პირველივე მატჩში უმძიმესი ტრავმა მეორე მუხლზე, ფსიქოლოგიური პრობლემები, ალკოჰოლიზმი, წონაში საგრძნობლად მატება და დიდი დაბრუნება! ზუსტად ღვთაებრივი ბუნება იყო ის, რამაც რონალდოს დაბრუნება შეაძლებინა. "ბარსა" აქტიურობდა, მაგრამ "რეალმა" იმარჯვა. თუმცა, რონალდო აღარასდროს ყოფილა ისეთი, როგორიც ტრავმებამდე იყო. 

დაბრუნებისშემდგომი რეიტინგი - 10/7

რომარიო 

პატარა ჯადოქარი და საოცრად უჟმური კაცი. მისი მოტივირება მხოლოდ იოჰან კრუიფს შეეძლო და მასთანაც კი კონფლიქტი ჰქონდა, რომარიოს ატანა ალბათ შეუძლებელი იყო. მარადონასი არ იყოს, მხოლოდ ორი წელი გვყავდა გუნდში, სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური ჰქონდა, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა, მუნდიალი მოიგო და როგორც ბრაზილიელებს სჩვევიათ, ზეიმი აღარ შეუწყვიტავს. სწრაფად დავკარგეთ, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი ტრაგედია, რომარიომ კარიერა დაკარგა. 

ლა ლიგას "ვალენსიას" შემადგენლობაში დაუბრუნდა, მაგრამ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, კონფლიქტი ჰქონდა არაგონესთან, რანიერისთან, ვალდანოსთან, მოკლედ, რომარიო ვერც დაჭკვიანდა და ვერც დაბრძენდა, მარადონას მსგავსად, დარჩა ისიც დიდი ბავშვის როლში. 

დაბრუნებისშემდგომი რეიტინგი 10/2 

იოჰან კრუიფი

გადავიდა "ბარსაში" და დაიწყო რევოლუციური ცვლილებები, დატოვა ძალიან დიდი სახელი და გავლენის მიხედვით მოწინავეა ისტორიაში, თუმცა, არც კრუიფს ჰქონია დიდად კარგი ხასიათი, ამიტომ, კონფლიქტის გამო გუნდი დატოვა და დიდი ხნის მერე, "ლევანტეში" ჩაირიცხა, გასახდელში სიგარეტს ეწეოდა და ჟურნალებს კითხულობდა, მწვრთნელებს მითითებებს აძლევდა და მუდმივად კამათობდა, მოკლედ, ერთობოდა მფრინავი ჰოლანდიელი. გართობა სამ თვეს გაგრძელდა და გუნდი დატოვა. 

დაბრუნებისშემდგომი რეიტინგი 10/3

ჟერარ პიკე

"ბარსამ" "სარაგოსაში" გაანათხოვრა, შემდეგ კი ფერგიუსონმა ჩაავლო ხელი და თავისთან წაიყვანა. სერ ალექსი თავის წიგნში წერს, რომ ფეხბურთელების გაშვების მხრივ ორი დიდი შეცდომა დაუშვა, - იაპ სტამი და ჟერარ პიკე. მართალია პიკეს ბევრი თამაში არ უწევდა, მაგრამ, როცა გუნდიდან წავიდა, ზუსტად იმ სეზონში დაიწყო ვიდიჩისა და ფერდინანდის ქრონიკული ტრავმები, ძალიან იშვიათად, რომ ორივე სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო, სწორედ აქ უნდა დაწყებულიყო პიკეს აღმასვლა, მაგრამ პეპ გვარდიოლამ პიკე დააბრუნა, თან დააბრუნა იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე წასვლამდე იყო. არ არის დასავიწყებელი ამბავი, რომ პიკემ "იუნაიტედში" ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 

ჟერარი კლუბის ლეგენდაა, არა მხოლოდ კლუბის, ესპანური ფეხბურთის დიდი ლეგენდაა, ოქროს თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რომელსაც ყველაფერი მოგებული აქვს, რისი მოგებაც შეიძლება. 

დაბრუნებისშემდგომი რეიტინგი - 10/10 

შეიძლება ჩაბი ალონსოსა და ფერნანდო ტორესის ხსენებაც, მაგრამ "ბარსასთან" გადაკვეთა არ ჰქონიათ. დღეს კი კუნ აგუეროს შევავლებთ თვალს, რომელიც აუცილებლად ჩაეწერება თავში ნახსენებ ფეხბურთელთა შორის, რადგან, იმაზე უკეთესი ვეღარ იქნება, როგორიც "ატლეტიკოში" იყო. ჩამოთვლილთაგან, მხოლოდ პიკე აღმოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც უფრო ძლიერი დაბრუნდა. ამაში, რა თქმა უნდა, ასაკმაც შეუწყო ხელი, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად. 

აგუერომ თუ ამავე რეიტინგით, ექვსიანზე შეძლო დაბრუნება, მისი ტრანსფერი წარმატებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. აი, შვიდი, უკვე ძალიან მაგარი შედეგი იქნება. 



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 ოქტომბერი 2021 19:51
    0
    ნეტა 10/5 და საკმარისი იქნება უფასო ფეხბურთელისთვის.
    გულშემატკივარი [?]
    #3 17 ოქტომბერი 2021 19:37
    0
    ისე კრუიფი ყველგან და ყოველთვის ეწეოდა.
    მწერალი [?]
    #2 17 ოქტომბერი 2021 17:22
    1
    me da barca,
    ხო, ლოგიკურად ეგეთი მოლოდინია. 4 ან 5.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ოქტომბერი 2021 17:12
    0
    10/4. ჩემი აზრით