მატჩისშემდგომი მიმოხილვა: უგოლოდ კადისთან

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: უგოლოდ კადისთან

თამაშამდე წნეხი გაიზარდა, მთელი ესპანური პრესა სავარაუდო მწვრთნელებზე საუბრობდა, რონალდ კუმანს ულტიმატუმი წაუყენეს და პირველივე ტურებში მოსრიალდა, ძალიან მაგრად დაეხეთქა და როგორც ჩანს თავიც ისე მიარტყა, რომ ადეკვატურობის გრძნობა დაკარგა, მატჩის მერე უთქვამს კარგად გამოვიყურებოდითო. ალბათ გარეგნობა იგულისხმა. 

ეს უკვე განაჩენია, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი დე იონგი უსამართლოდ გააძევეს მოედნიდან, "ბარსა" "კადისს" უნდა უგებდეს, მოგებას რომ თავი დავანებოთ, (ან რა ნამუსით უნდა დავანებოთ ასეთ დროს?!) ხარისხი მაინც უნდა იყოს მაღალი, რაც გათქმევინებს, რომ აი, არ გაგიმართლა, ხდება ხოლმე, ჩვენი დღე არ იყო, ან რამე მსგავსი, მიზეზებს რა გამოლევს, მაგრამ "კადისთან" ზუსტად ის ანგარიში დაფიქსირდა, როგორი თამაშიც იყო. მომენტები ორივე კართან გაფუჭდა, მეტოქემ იმიტომ ვერ გაიტანა, რომ კარში ტერ შტეგენი გვიდგას, "ბარსამ" იმიტომ ვერ შეაგდო, რომ დეპაიმ წიხლი თავში გაირტყა. ერთი მაინც უნდა შეეგდო. ვალდებული იყო. 

ისე გამოდის, რომ რონალდ კუმანს ჰოლანდიელებმა გამოუტანეს განაჩენი, ერთი ნაადრევად გააძევეს, მეორემ კი დააღალატა, არადა, დიდი ამაგი აქვს, ერთზეც და მეორეზეც. არც კუმანის დანიშვნის მომხრე ვყოფილვარ და არც ახლა ვარ მისი დარჩენის მსურველი, მაგრამ როგორც მინიმუმ, იმისთვის მაინც ეკუთვნის მადლობა, რომ ფრენკი დე იონგი აათამაშა, გარდა ამისა, კიდევ მოიძებნება პატარა მადლობები, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ახლა კარგი შეთავაზების დროა, ვინმე ადეკვატურ კაცთან, ასეთად კი ჩავი მეგულება, კუმანს კი შეუძლია წავიდეს. რაღაცნაირად მენანება, არ მემეტებოდა ამისთვის ჩვენი დიდი ლეგენდა და სწორედ ამიტომ არ მსურდა მისი დანიშვნა, ასეთი დიდი ამაგის ხალხი ნაწყენი, წესით და რიგით, არ უნდა რჩებოდეს, თუმცა, კუმანი კი არა, ყველა დროის საუკეთესოც ვატირეთ. 

წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც ცენტრალური მცველები იყვნენ ყველაზე ეფექტურები, არაუხო ნამდვილი მხეცია, ერთადერთი რაც ვერ გავიგე, რატომ არ გავარდა თავდასხმაში ბოლო ათი წუთის განმავლობაში, გასაგებია, რომ კაცნაკლულნი ვიყავით, მაგრამ მაინც.. წინა მატჩიდან გამომდინარე, ასე იკითხებოდა, ჩაწოდებასაც ექნებოდა აზრი, ახლა ისეთ რამეს ვწერ, რაც საერთოდ არ შეეფერება "ბარსას", მაგრამ ასეთი დრო დადგა, იმედი მაქვს მცირე ხნით. 

სამაგიეროდ, პიკე გავარდა ბეკენბაუერივით და ძალიან კარგი და დროული პასიც გააკეთა, მემფისმა კი ძალიან უცნაურად დაარტყა, არა იმიტომ, რომ ააცილა, უბრალოდ, უცნაური დარტყმა იყო, ეგრე პასს აკეთებენ როგორც წესი, თუმცა, პასი, რომ ყოფილიყო, მაინც უზუსტო იქნებოდა. მოკლედ, არ იყო დეპაის დღე. თითქოს უკვე ფეხბურთელებსაც უნდათ, რომ კუმანი წავიდეს, ყველა გრძნობს და ხვდება, რომ წინ გზა აღარ არის, კლუბი ვერ ვითარდება, მესის წასვლა კუმანისთვის ზედმეტად დიდი ტვირთი აღმოჩნდა. 

ცუდი ის არის, რომ ვეტერანები ჯერ კიდევ ახალგაზრდებზე უკეთ გამოიყურებიან, ყველა ტურში არა, მაგრამ მაინც, ის ვეტერანები, რომლებიც არათუ "ბარსადან" წავლენ სეზონის ბოლოს, არამედ, დიდი ალბათობით კარიერასაც დაასრულებენ, ისე გამოდის, რომ ძალიან გავბერეთ ახალბედების მოლოდინი, რადგან სათამაშო დრო მიიღეს ჩავთვალეთ, რომ ახალ ვარსკვლავებთან გვაქვს საქმე, რამდენიმე წელი გავა და ერთი-ორი, შესაძლოა სეგუნდა დივიზიონშიც კი ვიხილოთ. ან ცოტა ზევით, სადღაც ბოიანი, ტელიო, ჟეფრენის გზაზე.. 

რას მოგვცემს კუმანის წასვლა? 

წასვლა არც არაფერს. გააჩნია ვინ მოვა. კუმანი იმდენს არ აშავებს, რამდენსაც სეტიენი აშავებდა, პირიქით, ცდილობს რაღაც ააშენოს ახალბედების მეშვეობით, მაგრამ ისე ნელა მუშაობს, რომ სახლი ალბათ ოც წელში აშენდება, ამდენი დრო კი თანამედროვე ფეხბურთს არ აქვს, ოცი კი არა, ხუთი წელიც არ აქვს. დრო ფულია, ფული გაიზარდა, დრო შემცირდა, ასეთი ეპოქაა, რონალდ კუმანი ზედმეტად ძველმოდურად გამოიყურება დღევანდელი სტანდარტებისთვის, სადმე "ფეინოორდში", შესაძლოა საკმარისი დრო მისცენ, "ბარსაში" ეს გამორიცხულია. 

ახლა ფსონები იმაზე დაიდება კუმანი გაძლებს თუ ვერა მომდევნო ტურამდე, რომც გაძლოს, სათადარიგოთა სკამზე მაინც ვერ იქნება, წითელი აუფრიალეს და ტრიბუნაზე მოუწევს ყოფნა, ან.. თვითფრინავში. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 სექტემბერი 2021 14:10
    0
    ..." არაუხო ნამდვილი მხეცია, ერთადერთი რაც ვერ გავიგე, რატომ არ გავარდა თავდასხმაში ბოლო ათი წუთის განმავლობაში, გასაგებია, რომ კაცნაკლულნი ვიყავით, მაგრამ მაინც.. წინა მატჩიდან გამომდინარე, ასე იკითხებოდა"...
    ალბათ იმიტომ, რომ დე იონგის გაგდების შემდეგ კუმანმა ცხადად ანახა გუნდს რო 4-4-1 ზე გადასულიყვნენ და ეს ისე მკაცრად გააკეთა, რო მარტო პიკემ გაბედა წინ წასვლა, არაუხომ კი შეფის ბრძანება ზუსტად შეასრულა,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 სექტემბერი 2021 13:33
    0
    ლაპორტამ არა, მაგრამ მსაჯმა კი გააგდო.
    ისე გაწითლდა ჩაიდანი, რომ დაგედგა 2 წუთში ადუღდებოდა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ გააგდონ ალბათ ვულკანი ამოიფრქვევა და ეს ზორბა კაცი დადნება კარაქივით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 სექტემბერი 2021 12:54
    1
    არანაირი არაფერი, კუმანმა ბარგი უნდა ჩაალაგოს!
    მწერალი [?]
    #4 24 სექტემბერი 2021 11:19
    0
    Barca1980,
    ტოპ ფეხბურთელი მოვიდა და პირველი სეზონი ჩააგდო. კუმანის დამსახურებაა, რომ ათამაშდა. ყველაფერს არ უნდა გადავუსვათ ხაზი.

    Norman Bates, კაი რა პოზიტივი 😃 შალვა ხო არ ვარ რამიშვილი
    Culé [?]
    #3 24 სექტემბერი 2021 10:18
    6
    ფრენკის ათამაშება კუმანის დამსახურება რანაირად არის , აიაქსიდან ჩამოყალიბებული ტოპ ფეხბუღთელი მოვიდა . უბრალოდ დასაყრდენი და სანდო ხალხი ჭირდებოდა გუნდში და მაგიტომაც გადაავსო ჰოლანდიელებით . ეს უკვე მეტყველებს ბევრ რამეზე , რომ ამ ადამიანს ფეხბურთელებთან ურთიერთობა არ შეუძლია და საკუთარი გუნდი უნდა ყავდეს , ეს ხსნის სწორედ ამოჩემების მიზეზებსაც - ათამაშებ სულ მიუხედავად სათამაშო ფორმისა , გამოდის შენი ბანაკის წევრია . სწორედ ეს მიდგომა ანგრევს გუნდს და წარმოშობს დაპირისპირებას ფეხბურთელებს შორის , არა ჯანსაღი გარემო , რაც შეუიარაღებელი თვალითაც კი ეტყობა გუნდს . უნდა წავიდეს და ნამდვილად ადამიანურად შესაცოდია , თუმცა იცოდა რამხელა პასუხისმგებლობას იღებდა და ამისათვისაც მზად უნდა ყოფილიყო .
    ფანი [?]
    #2 24 სექტემბერი 2021 07:50
    1
    მეტი პოზიტივი ფეოლა
    ფანი [?]
    #1 24 სექტემბერი 2021 07:39
    10
    კუმანი უნდა წავიდეს, არაა მისი საქმე აქ, ახალგაზრდებს რაც შეეხება, აი დემირი რატო იღებს ამხელა დროს როცა საერთოდ არაფერია? რატო დაიჩაგრა კოლიადო რომელიც ჰაერში დატოვეს, კუმანს შეუძლია მხოლოდ ამოიჩემოს და ძირითადში დააყენს, მაგრამ განვითარებაში და გაზრდაში ვერ ეხმარება.