სამხრეთ ამერიკული კლასიკო და იტალია ფინალში

სამხრეთ ამერიკული კლასიკო და იტალია ფინალში

სანამ ნახევარფინალების სრულ შეჯამებაზე გადავიდოდეთ ორი სიტყვით უკვე ფინალისტებს შევეხოთ, იტალიას, ბრაზილიასა და არგენტინას. 

ჩვენი და მილიონობით ქომაგის სურვილი გამართლდა, ბრაზილიაში სანაკრებო კლასიკო შედგება, ადგილი ნაცნობია, არგენტინამ ყველაზე დიდი მარცხი სწორედ "მარაკანაზე" იწვნია, ამჯერადაც ეს არენა უმასპინძლებს ფინალს, თუმცა, ცარიელი იქნება. 

ნახევარფინალი ორივე გუნდისთვის რთული გამოდგა, ამ ეტაპზე მარტივად უკვე აღარაფერი ხდება, მაგრამ მაინც გამოჩნდა, რომ ბრაზილია უკეთესი გუნდია, ასე ჩანდა მთელი ჩემპიონატის მიმდინარეობისას და ასეა ახლაც, არგენტინა კი ყველამ იცის ვიზე და რაზე დგას, მთელმა გუნდმა უნდა დაიცვას კაპიტანი და კაპიტანი მოიტანს გამარჯვებას. 

რამდენად დაიცავენ ამას ფინალში ვიხილავთ, დასაცავი კი ნამდვილად იქნება, რადგან პირველივე წუთებიდან მაქსიმალურად ხისტად ეთამაშებიან, განსაკუთრებით კაზემირო, რომელიც დიდი ალბათობით პერსონალურად დაუდგება, როგორც მომხდარა კიდეც ბევრჯერ, ერთი-ორი კაციც დააზღვევს და დაკეტავენ - ასეთია გეგმა. სწორედ აქ უნდა გამოავლინონ არგენტინელებმა ხასიათი და თავად მიიტანონ დაწოლა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც მესის დაუწყებენ დევნას, ძალიან საინტერესო მატჩი გველის. 

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ნეიმარზე, რომლის გამჩერებელი მცველიც არგენტინას ნამდვილად არ ჰყავს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ლაუტაროსა და დი მარიაზე, მესი იმხელა ყურადღებას წაიღებს, რომ წესით სივრცეები უნდა გაეხსნათ. 

ბრაზილიელები გაფრთხილებულნი იქნებიან, რომ საჯარიმოს მისადგომებთან წესები არ დაარღვიონ, მაგრამ ისეთი თამაშია, რომ ასეთი გაფრთხილებები არ ჭრის, მით უმეტეს, მესის პირისპირ, ამიტომ სტანდარტები არგენტინის შანსი იქნება. 

კიდევ ერთხელ, ასე ახლოს სანაკრებო ტიტულთან, დიდ სანაკრებო ტიტულთან, თორემ ოლიმპიადა მოგებული აქვს ლეოს, მუნდიალის ფინალისტია და კოპას ნამდვილად იმსახურებს ამდენი წვალების მერე. ბრაზილიასთან თამაში კი არასდროს გამოდიოდა ისე, როგორც მაგალითად "რეალთან", ასე ხშირადაც არ თამაშობდნენ, მაგრამ მაინც, საშინელი სტატისტიკა აქვს, ოფიციალურ მატჩებში არც ერთი გოლი და არც ერთი საგოლე გადაცემა, აი, ამხანაგურ შეხვედრებში ხუთი გოლი მოუგროვდა, ხუთიდან სამი ერთ მატჩში გაიტანა, ეს მისი საუკეთესო სანაკრებო პერფორმანსი იყო, კიდევ ერთი და გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთებზე შეაგდო, მაშინ არგენტინამ 1:0 მოიგო და ბოლოს 2019 წელს გაუტანა, უკვე სკალონის ხელში, ასევე 1:0 დასრულდა მატჩი. ახლა კი ფინალია. 

მარადონა იმიტომ გახდა მარადონა, რომ მისი ნაკრები უფრო ძლიერ მეტოქეებს ამარცხებდა, დიეგოსთან ერთად ყველაფერი შესაძლებელი იყო. ბევრმა არ იცის, რომ 86 წელს ფავორიტად ინგლისს მიიჩნევდნენ, იმ დროისთვის გარი ლინეკერს უკვე ჰქონდა ხუთი გოლი შეგდებული და ინგლისიც შეუჩერებელი ჩანდა, დღევანდელი გადმოსახედიდან ცოტა კომიკურადაც ჟღერს შეუჩერებელი ინგლისი, მაგრამ მაშინ ასე იყო. ჩვენმა გარიმ მეექვსე არგენტინას შეუგდო და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, მაგრამ, მოხდა ის რაც მოხდა, ოთხი წუთის ინტერვალში მარადონამ ორი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი შეაგდო, დემონური და ღვთაებრივი - როგორც მატჩის შემდეგ უწოდეს, თუმცა, თავად იმ დემონურ გოლსაც ღმერთს მიაწერდა ხოლმე. 

დიეგოს არგენტინამ მოუგო გერმანიის ნაკრებს, რომელიც ასევე უფრო ძლიერი იყო, მოუგო იტალიის ნაკრებს, რომელიც შეუდარებლად ძლიერი იყო და რაც მთავარია, მოუგო ბრაზილიის ნაკრებს, რომელიც 90 წელს ბევრად აღემატებოდა არგენტინას, იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე ახლა. თამაშითაც აჯობეს, სამჯერ ბურთი ძელს მოხვდა, საპასუხოდ კი არგენტინა ვერაფერს ქმნიდა, მაგრამ იმ ზღაპრულ მომენტში ტრავმირებულმა დიეგომ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლინგი შემოგვთავაზა, ბრაზილიელები მიყარ-მოყარა და კანიჯას გაატანინა, 1:0 - მორჩა. ასე იქცა დიეგო მარადონად. დაამარცხო შენზე ძლიერი - ეს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია საუკეთესოს გამოსავლენად. 

ყველაფერი წინ არის, შესაძლოა მესის უკანასკნელი შანსია, რომ ბოლო სანაკრებო ტიტული მოიგოს. 

ევრო

ლუის ენრიკეს გუნდმა მოლოდინს გადააჭარბა, ნახევარფინალამდე მივიდა და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა, სადაც მწვრთნელის როლი უმცირესია, კი ბატონო, ის არჩევს მთავარ ხუთეულს, მაგრამ სად გინახავთ ხუთეულში ფორვარდს არ არტყმევინებდნენ პენალტს?! არსად, ფორვარდმა აუცილებლად უნდა დაარტყას და თუ ვერ გაიტანა, მწვრთნელს ამაში ვერ გაამტყუვნებ. 

ესპანეთმა ეტაპობრივად მოუმატა და ბოლოს ძალიან მაგარი ფეხბურთიც ითამაშა, არ ვიცი, შესაძლოა სუბიექტურიც ვიყო, მაგრამ გუშინაც ესპანეთი უფრო მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმაციის იტალიის ნაკრებს ძალიან ვაფასებ. ესპანეთი მხოლოდ შექებას იმსახურებს და გაცუდებული პენალტის ავტორსაც არ უნდა გადავუაროთ, მსგავსი ტრაგედია ყველას შეიძლება დაემართოს. 

პედრი შეუდარებელი იყო, ძალიან უცნაური მომენტია, უდიდესი გამოცდილება შეიძინა ამ ჩემპიონატზე, მაგრამ მაინც ყოველთვის ისე თამაშობდა, თითქოს ვეტარანია და ყველაფერი აქვს ნანახიო, ასეთი მოაზროვნე ფეხბურთელი ძალიან იშვიათია, მაგრამ ისევ უნდა აღვნიშნოთ, რომ სიფრთხილეა საჭირო, გიჟური სეზონის მერე, ნახევარფინალამდე მიდის, დამატებით ტაიმებს თამაშობს და ახლა კიდე ოლიმპიადა უნდა დაამატონ თავზე, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ძალით თუ არ აატკიებენ კარგი იქნება. 

ბოლო ფინალისტის მოლოდინში

წესით დღესაც ძალიან მაგარი მატჩი უნდა ვნახოთ, ერთი მხრივ ინგლისი გვყავს, რომელიც 1966 წლის შემდეგ დიდი ტურნირის ფინალში არ ყოფილა და მას შემდეგ მღერიან Football's coming home-ს, მაგრამ ვერა და ვერ დაბრუნდა, ალან შირერს უთქვამს, ინგლისს ასეთი კარგი შანსი კიდევ მრავალი წელი არ ექნებაო, მათ შანსებს კი "უემბლი" ზრდის, ამ ჩემპიონატზე ისე მოხდა, რომ ინგლისელებმა ერთი მატჩის გარდა ყველა სახლში ჩაატარეს, მოტივირებულნი არიან, კარგად ორგანიზებულნი და რაც მთავარია, ჯერ გოლიც კი არ გაუშვიათ. 

მეორე მხრივ გვყავს დანია, რომელიც ერთხელ უკვე გაჩემპიონდა მოულოდნელად, 1992 წელს საერთოდ ვერ მოხვდნენ ფინალურ ეტაპზე, მაგრამ იუგოსლავიაში ომი ატყდა და მათ ნაცვლად დანიას დაუძახეს. როცა მიქაელ ლაუდრუპს უთხრეს ევროზე მივდივართო მიქაელმა რაღაც ამოსძახა დანიურად, ალბათ "მაიცა რაო", მოკლედ, არ წავიდა. სხვის ნაცვლად მე არ ვითამაშებ, ეგ რა წესიაო და დარჩა სახლში, ჰოდა, დანია გაჩემპიონდა, თან ჯგუფურ ეტაპზე მიშელ პლატინის გაწვრთნილი საფრანგეთი დაამარცხეს, რომელიც პაპენი-კანტონას დუეტით უტევდა, მერე ევროპის ჩემპიონს და აბსოლუტურად ზღაპრულ ჰოლანდიას მოუღეს ბოლო, ნახევარფინალში, თავის ვან ბასტენი-გულიტი-რაიკაარდით, რომელთაც რონალდ კუმანი უმაგრებდა ზურგს, პატარა ფრანკ დე ბურთან ერთად და შეტევაში ვან ბასტენთან ერთად, ამომავალი სუპერვარსკვლავი დენის ბერგკამპი გამოჩნდა, აი, ასეთი გუნდი დაიფრინეს ფინალამდე, ამ ხალხს  ინგლისი როგორ შეაშინებს?! ფინალში კი მსოფლიო ჩემპიონებს მოუგეს, გერმანიის ნაკრებს, რომელთაც საყრდენ ზონაში ორი მხეცი ჰყავდა, შტეფან ეფენბერგისა და მატიას ზამერის სახით, 2:0 - ულაპარაკოდ მოუგეს. 

გაიხსენეთ როგორ დაიწყო ევრო, ერიკსენი უგონოდ ეცემა და არავინ ვიცით გადარჩება თუ არა, თვალცრემლიანი დანიელები ზურგშექცეულები იფარავენ თავიანთ ლიდერს და იცავენ მის ღირსებას, არავინ უნდა ნახოს ასეთ მდგომარეობაში, პირველ რიგში კი მისმა ოჯახმა, შოკირებულები გადიან და UEFA უკან აბრუნებს, ფაქტობრივად ძალით ათამაშეს და წააგებინეს პირველი მატჩი, ამის მერე კი იღვიძებს მათში რაღაც ვიკინგური, ასე ახლოს სიკვდილთან მყოფებს ვეღარაფერი შეაშინებთ, ამ ხალხისთვის მარცხი ტრაგედია არ იქნება, მთავარი ტრაგედია უკვე მოიტოვეს და თანაც სიკვდილთან გაიმარჯვეს, ერიკსენი ცოცხალია! სიკვდილთან ბრძოლაში გამარჯვებული ხალხი კი ძალიან ძალიან საშიშია. 

თანაც, მეფეთა შორის მეფე! მარტინ ბრეითუეიტი "ბარსელონას" ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ევროს შემორჩა. აბა შენ იცი მარტინ! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 7 ივლისი 2021 15:52
    1
    ციტატა: La Pulga10
    Norman Bates,
    მეც ვერ ვხდები რითი ჯობია ბრაზილია არგენტინას ისე,რომ გამოკვეთილი ფავორიტი იყოს.შემართებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს,არგენტინას და მესის არ აკლია.კაზემიროს აყვანილი მესი გვინახავს კლასიკოებში,რომ აფორთხიალა მითუმეტეს ესეთი მონდომებული მესი სულ 11 კაცი,რომ დაუყენო რაღაცას იზამს,ჯარიმას გაიტანს მგონია smile

    laughing რწყილი რისი რწყილია თუ არ გაძვრა სადმე laughing უნდა მოიგოს ფინალი!!! heart_eyes heart_eyes heart_eyes
    თან ყველაზე სწრაფი რწყილი გვყავს.. laughing
    ფანი [?]
    #4 7 ივლისი 2021 13:53
    5
    Norman Bates,
    მეც ვერ ვხდები რითი ჯობია ბრაზილია არგენტინას ისე,რომ გამოკვეთილი ფავორიტი იყოს.შემართებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს,არგენტინას და მესის არ აკლია.კაზემიროს აყვანილი მესი გვინახავს კლასიკოებში,რომ აფორთხიალა მითუმეტეს ესეთი მონდომებული მესი სულ 11 კაცი,რომ დაუყენო რაღაცას იზამს,ჯარიმას გაიტანს მგონია smile
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #3 7 ივლისი 2021 13:06
    4
    ფეოლა, მინდა რაღაც განსაკუთრებული დავწერო, მაგრამ ამ წუთში ვერაფერს ვიხსენებ!
    უმაგრესი ხარ... heart_eyes blush blush heart_eyes
    გულშემატკივარი [?]
    #2 7 ივლისი 2021 12:45
    7
    ბრაზილია არგენტინაზე უკეთესი გუნდი არ არის. საერთოდ არაფერი გუნდი არაა ბრაზილია. ბოლო თამაშები ძლივს მოიგეს ისედაც დაულაგებელი გუნდია. არგენტინა ბევრად მეტ მომენტს ქმნის თამაშის დროს ვიდრე ბრაზილია, ლაუტარომაც დაიწყო გატანა, ბოლო თამაშში არ გაუმართლათ უბრალოდ თორემ 3 გოლი მინიმუმ უნდა გაეტანათ. 2 წელია გუნდს არ წაუგია არავისთან.
    Culé [?]
    #1 7 ივლისი 2021 12:08
    8
    საუკეთესო მწერალი ხარ საიტზე. 💙♥️