იოჰან კრუიფი სანდრო როსელის წინააღმდეგ - ბრძოლა ბარსელონასთვის

იოჰან კრუიფი სანდრო როსელის წინააღმდეგ - ბრძოლა ბარსელონასთვის

კლუბისთვის დიდი მნიშვნელობის გამო, 2010 წლის 26 მარტს ლეგენდარული იოჰან კრუიფი "ბარსელონას" საპატიო პრეზიდენტი გახდა.

"ბარსას" ხელმძღვანელობის მიხედვით, "მფრინავი ჰოლანდიელი" ამ თანამდებობის დასაკავებლად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. თუმცა, 3 თვის შემდეგ, სანდრო როსელის გაპრეზიდენტების გამო, მოულოდნელად, იოჰანმა პოსტი დატოვა, ვინაიდან, როსელმა განაცხადა, რომ გუნდში ეს თანამდებობა საერთოდ არ არსებობდა.

კრუიფს დიდი წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ვინ არის სანდრო როსელი? ალექსანდრე სანდრო როსელ ფელიუ 1964 წლის 6 მარტს, ბარსელონაში დაიბადა. ნახევრადპროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, რა დროის განმავლობაშიც ის "ოსპიტალეტში", "სანტ-ანდრეუში", "სანტსსა" და ანდროულ "პრინსიპატში" თამაშობდა, სანდრომ განათლება ბიზნესის დარგში მიიღო.

კატალონიელი, ბარსელონაში გამართული 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მარკეტიკულ განყოფილებასა და კომპანია ISL-ში მუშაობდა. ასევე, 2003 წლამდე, ესპანეთისა და სამხრეთ ამერიკის მასშტაბით, იგი Nike-ს დირექტორი იყო და ბრაზილიაში ცხოვრობდა. 2003 წელს როსელი ჟოან ლაპორტას გუნდის წევრი გახლდათ, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდა. მისი გამარჯვების შემდეგ, სანდრო გუნდის ვიცე-პრეზიდენტი გახდა;

2003 წლის ივლისში, ნაწილობრივ როსელთან კარგი ურთიერთობისა და, ამასთანავე, Nike-ის სპონსორობის შედეგად, ბრაზილიელი ვარსკვლავი, რონალდინიო გაუჩო "ბლაუგრანაში" გადმოვიდა, რომელმაც კლუბი მაღალ მწვერვალებზე დააბრუნა. სანდრომ დიდი როლი ითამაშა 1 წლის შემდეგ დეკუს შეძენაშიც, თუმცა ამ დროს მასა და პრეზიდენტ ლაპორტას შორის ურთიერთობა ოპტიმალური აღარ იყო. ვიცე-პრეზიდენტმა ჟოანი დაადანაშაულა, რომ მას კლუბის მართვაში ზედმეტი ავტორიტეტი ჰქონდა.

2003 წელს, არასასურველი შედეგების გამო, როსელს სურდა, სეზონის ბოლოს "ლურჯ-ბროწეულისფერებს" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ რაიკაარდი ბრაზილიელი ლუის ფელიპე სკოლარით ჩაენაცვლებინათ, თუმცა ლაპორტამ ნიდერლანდელი სპეციალისტი დაიცვა (რომელმაც, საბოლოოდ, "ბარსას" თავკაცად 2008 წლამდე იმუშავა).

2005 წლის ივნისში სანდრო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა და სამუშაოდ Nike-ში დაბრუნდა. 2007 წლის აპრილში მან გამოსცა წიგნი, სახელად - ‘Bienvenido al mundo real’, რომელშიც "ბარსელონაში" გატარებული დროის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს. 1 თვის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ 2010 წლის არჩევნებში, იგი "ბარსას" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა. საბოლოოდ, 2010 წლის 13 ივნისს, მან დამაჯერებლად გაიმარჯვა - ახალმა პრეზიდენტმა ხმების 61.35% მიიღო;

როცა როსელი "ბლაუგრანას" პრეზიდენტად წარადგინეს, კრუიფი მის ინაუგურაციას ეწვია. გაპრეზიდენტების შემდეგ სანდროს პირველი გადაწყვეტილება იყო, რომ ნიდერლანდელს საპატიო პრეზიდენტის ტიტულს თვითონ გაუუქმებდა, რადგან, კლუბის წესდების მიხედვით, იგი 100%-ით სწორი არ იყო... თუმცა, იოჰანმა ამ წოდებაზე უარი თავად თქვა. ამ გადაწყვეტილებამ როსელის პოპულარობაზე დადებითად არ იმოქმედა.

კრუიფი როსელს ფულის მიმართ მისი სიხარბის გამოც აკრიტიკებდა. მან მაისურის სპონსორად Qatar Sports აირჩია. მომავალში ასე გაგრძელდა მათი ბრძოლა, რომელსაც მედია დიდი მონდომებით აშუქებდა. კითხვაზე, უნდოდა თუ არა, რომ "ბლაუგრანას" შიდა სამზარეულოში ისე ჩარეულიყო, როგორც ლაპორტას ეპოქაში, ნიდერლანდელი პასუხობდა: "ახლა "ბარსელონას" არა - ჩემი ცოდნა, არამედ ჩემი სახელი სჭირდება. ადამიანს, რომელიც ასე იქცევა, ჩემი გამოყენების უფლებას არ მივცემ";

ამ დაპირისპირების გამო, რომელიც თითქმის 4 წელი გაგრძელდა, იოჰანმა "კამპ ნოუზე" ვიზიტიც შეწყვიტა, თუმცა ოჯახთან ერთად კვლავ ბარსელონაში ცხოვრობდა. ამის შემდეგ იგი თავის მშობლიურ კლუბ "აიაქსზე" და ამსტერდამელთა რესტრუქტურიზაციაზე გადაერთო, რადგან მის მეორე გუნდს აღარ სჭირდებოდა.

2013 წლის სექტემბერში, "ბარსელონასა" და "აიაქსის" მესვეურების სადილზე კრუიფი მიიწვიეს, თუმცა ეს უკანასკნელი სახლში დარჩა და სტადიონზე გამოცხადებასაც კვლავ არ აპირებდა. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსასა" და "აიაქსის" შეხვედრისას ნიდერლანდელის არყოფნის გამო, როსელი იძულებული გახდა, პრესასთან ამის შესახებ ესაუბრა. პრეზიდენტმა განმარტა, რომ მას კრუიფთან 10 წელია, დაძაბული ურთიერთობა აქვს და ეს კონფლიქტი მცირე პერიოდში არ წარმოშობილა. ამიტომაც, მოვლენების ასე განვითარება მხოლოდ საპატიო პრეზიდენტისა და მაისურის სპონსორის საკითხს არ ეხებოდა;

კრუიფის თქმით, სანდრო თავისი ფონდის მიმართ კონტრაქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს არ ასრულებდა, რაც კონფლიქტის ჩამოყალიბების მიზეზი გახდა. როსელი იოჰანის ფონდს გადასახადებს 3 წლის განმავლობაში არ უხდიდა.

"მირჩევნია, მისგან თავი რაც შეიძლება შორს დავიჭირო. როცა როსელი "ბარსელონაში" მოვიდა, არაფერს წარმოადგენდა, თუმცა სამი წლის განმავლობაში იგი მასხრად მიგდებდა. როდესაც სანდრომ დამირეკა, მასთან საუბარზე უარი ვთქვი. რომ მდომოდა, შემეძლო, ფონდის საქმე სასამართლოსთვის გადამეცა, თუმცა მსგავსი არაფერი გამიკეთებია. "ბარსა" კარგ რეპუტაციას კარგავს", - აცხადებდა "მფრინავი ჰოლანიდელი" Catalunya Radio-სთან ინტერვიუში.

იოჰანი ამბობდა, რომ მზად ჰქონდათ ყველა დოკუმენტი, რომელსაც მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა აკლდა, თუმცა ეს უკანასკნელი უარს აცხადებდა. როსელი კი Cadena SER-თან ამტკიცებდა, რომ მან ფონდს ფული გადაუხადა: "გადასახადი გადახდილია. ზოგჯერ უმჯობესია, კრუიფთან არ ისაუბრო, მაგრამ, თუ, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს აუცილებელია, მზად ვარ, ნიდერლანდელს ველაპარაკო".

საბოლოოდ, პრეზიდენტმა Cat Radio-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღიარა, რომ მოიტყუა, თუმცა დასძინა, რომ როგორც კი ფონდი სააშკარაოზე გამოიტანდა, თუ რაში ხარჯავდა ფულს, ეს თანხა მაშინვე გადაირიცხებოდა.

2010 წელს ჟოან ლაპორტას მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული თანხა წელიწადში 100.00 ევროს შეადგენდა. შესაბამისად, როსელსა და კლუბს ფონდის ვალი ჰქონდათ.

ცნობისთვის, კრუიფის ფონდი ღარიბ უბნებში მცხოვრებ ბავშვებს ეხმარება, რომლებსაც ფეხბურთის თამაში არ შეუძლიათ;

მალე, პრეზიდენტისა და კრუიფის დაპირისპირება დასრულდა, ვინაიდან, 2013 წელს ნეიმარის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" ტრანსფერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რამაც საბოლოოდ, 2014 წლის იანვარში, სანდროს გადადგომა გამოიწვია.

ბრაზილიელი ვარსკვლავი "ბლაუგრანას" 2013/14 წლების სეზონის წინ შეუერთდა - გარიგების საფასური 57.1 მილიონ ევროს შეადგენდა, საიდანაც "სანტოსმა" მხოლოდ 17.1 მილიონი მიიღო, დანარჩენი თანხა კი კომპანია N&N-ს გადაეცა, რომელიც ნეიმარისა და მამამისის საკუთრებაა.

მოგვიანებით, ჟუნიორის მამამ საჯაროდ აღიარა, რომ 2011 წელს 10 მილიონი ევრო წინასწარ მიიღო, თავისი ფონდისთვის კი 30 მილიონი ევროც ერგო. თუმცა, მან უარყო, რომ ნეიმ "ბარსასთან" წინასწარი კონტაქტი გააფორმა, რადგან ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან არსებული ხელშეკრულება 6 თვეში ეწურება.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 57 მილიონი ევროა, საიდანაც 17 მილიონი "სანტოსმა" მიიღო. მაგრამ, როგორც ჩანს, ბრაზილიელის შეძენა გაცილებით ძვირი დაჯდა, რამაც როსელის გადადგომა დააჩქარა;

2016 წელს, "ბარსელონას" ყოფილი 8 პრეზიდენტიდან, როსელი ერთ-ერთი იყო, რომელმაც "ელ კლაისკოს" წინ, "კამპ ნოუზე", ახლადგარდაცვლილი კრუიფის ხსოვნას მის მემორიალზე პატივი მიაგო. იოჰანი 2016 წლის 24 მარტს თავის საყვარელ ბარსელონაში, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რაც შეეხება როსელს, იგი 2017 წლის მაისში დააკავეს და ციხეში 20 თვე გაატარა. ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ფულის გათეთრებაში ედებოდა. ეს თანხა მან ბრაზილიის ნაკრების 24 მატჩის ტრანსლაციიდან მიღებული წილითა (საქმეში ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის იმჟამინდელი პრეზიდენტი, რიკარდო ტეიშეირა ფიგურირებდა) და Nike-სთან სპონსორული კონტრაქტით მიითვისა.

2019 წლის თებერვალში იგი პირობითი შეთანხმებით გაათავისუფლეს, 2 თვის შემდეგ კი გაამართლეს - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ, რომელიც როსელისთვის თავისუფლების 6 წლით აღკვეთას ითხოვდა, ბრალდებები ვერ დაამტკიცა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 ივნისი 2021 19:33
    0
    როსელი მარტო ბართოს დატოვებისათვის არის მოსაკლავი.
    ფანი [?]
    #5 25 ივნისი 2021 13:38
    1
    ამან ნეიმარი მაინც მოიყვანა და იმ აჩკარიკამ რა ქნა ? 222 მილიონი აიღო ტიპმაა და იმის მაგივრად რომ მბაპე ეჩალიჩაა მძრობელეები და კოუტინიოები მოათრია 🤡🤡🤡🤡🤡🤡
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 ივნისი 2021 02:54
    3
    ორივე ნაგავი უნდა გადაასკოჩო ერთმანეთს, მიაბა დიდი ქვა და ზღვაში ჩაუშვა ღუზასავით.
    ფანი [?]
    #3 25 ივნისი 2021 00:59
    2
    აჩკებამ ისეთი ქნა როსელმა ჩემი დედაც სირთო ყოფლია რაც ყოფილაო.🙃
    ფანი [?]
    #2 25 ივნისი 2021 00:01
    3
    ყოჩაღ ციცის, გემრიელად საკითხავი სტატია იყო +1
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 ივნისი 2021 22:27
    7
    როსელის მოსწავლე კი რომელმაც მისი გზა გააგრძელა "ჩვენი" ბართომეუ იყო