რას ველით ერიკ გარსიასგან - პიკეს პოზიტიური და ფაბრეგასის ნეგატიური გამოცდილება

რას ველით ერიკ გარსიასგან - პიკეს პოზიტიური და ფაბრეგასის ნეგატიური გამოცდილება

ერიკ გარსია "ბარსაში" დაბრუნდა, გულშემატკივარს მის მიმართ დიდი მოლოდინი აქვს. ხშირად ახსენებენ პიკეს, რადგან გარსია იმავე გზას გადის, "ბარსას" აკადემიიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში აღმოჩნდა, შემდეგ კი სახლში დაბრუნდა, გარსია 2008 წელს ჩაირიცხა "ბარსას" აკადემიაში, კარლეს პუიოლისა და ხავიერ მასკერანოს დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა, პროგრესი სწრაფად დაიწყო და 16 წლის ასაკში ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, როგორც იწერება, ძალიან კარგად იცნობს ანსუ ფატის და მასთან მეგობრობაც აკავშირებს. 

მისი სანაკრებო მონაპოვარიც შთამბეჭდავია, 17 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალს დასჯერდა. 19 წლამდელებში ასევე იზეიმა ევროპის ჩემპიონობა, ამჟამად ეროვნული ნაკრების წევრია და ლუის ენრიკეს შერჩეულ ფეხბურთელთა შორისაც მოხვდა, არ ვიცი მიეცემა თუ არა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი, მაგრამ 20 წლის ფეხბურთელს უკვე საკმარისი გამოცდილება აქვს. 

რომ არა ფინანსური პრობლემები, გარსიას ზამთარშივე შეეძლო "ბარსაში" გადასვლა, მაგრამ მოცდა მოუწია და ალბათ ასე სჯობდა, შუა სეზონიდან დაწყებას ყოველთვის თავიდან დაწყება სჯობს. 

სტილი

გარსია "მემარჯვენე" ცენტრალური მცველია, შესაბამისად ძირითადად მარჯვენა ცენტრალურ მცველად თამაშობს, ეს კი პირველი თავის ტკივილია, არის შემთხვევები, როცა მემარჯვენეები მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციასაც იკავებენ და რიგ შემთხვევებში წარმატებით ართმევენ თავს დავალებას, აი პირიქით, ცაციამ, რომ მარჯვენა ცენტრალურ მცველად ითამაშოს, ეს ძალიან იშვიათია, რადგან, როგორც წესი, ძალიან ცუდად სრულდება, ამის მაგალითი ჩვენც გვინახავს, როცა ლანგლე-უმტიტის დუეტს ერთად იყენებდნენ მწვრთნელები. პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მემარჯვენეები უფრო კარგად ხმარობენ სუსტ ფეხს, ვიდრე ცაციები. პოზიცია შეუცვლიათ პიკესა და არაუხოს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დამაჯერებლები იყვნენ, ერიკ გარსიაზე კი ვიცით, რომ ორივე პოზიციაზე შეუძლია თამაში. რამდენად დამაჯერებლად ამას მალე ვიხილავთ. ისე მოხდა, რომ პიკე, არაუხო და გარსია, სამივე მარჯვნივ უფრო ძლიერია, ხოლო მარცხენა ცენტრალურ მცველად უმტიტი-ლანგლეს იმედად ვართ, რაც კატასტროფის ტოლფასია. იყო შანსი, რომ დავიდ ალაბას ეს პრობლემა მოეხსნა, მაგრამ "რეალში" წავიდა. 

თუ კუმანი 4 მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდა, გარსიას ერთხელ მაინც მოსინჯავენ მარცხენა ცენტრალურ მცველად, თუ გაამართლა, ეს პოზიცია მისი იქნება, აი, ხუთი მცველის პირობებში, დიდი შანსია, რომ ისევ ლანგლეს ვუყუროთ.  

წარმატებულად თამაშობს მაღალი დაცვის პირობებში, კუმანი არც ისე მაღალი დაცვით თამაშობს, როგორც პეპ გვარდიოლა და არც ისე უკან დახეულია, როგორც ვალვერდე. გარსიამ გვარდიოლას ხელში თამაში მოასწრო და მის ტაქტიკასთან მარტივად ადაპტირდა, ასევე აღნიშნავენ, რომ უმეტესად მოკლე პასებით თამაშობს და სიზუსტის ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, სხვაგვარად პეპის გუნდში, ასეთ ადრეულ ასაკში ვერ მოხვდებოდა. 

 მხოლოდ ორი დაბალი მაჩვენებელი აქვს - პასები მეტოქის საჯარიმოში და საგოლე პასები. მისი პოზიციიდან გამომდინარე ეს გასაკვირი არ არის. სხვა მხრივ კი ძალიან ზუსტია, ბურთის ამოტანისა და პრესინგის ქვეშ მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს მოკლე, საშუალო და გრძელი პასების სტატისტიკაში. 

რაც შეეხება დაცვით მხარეს, ერთი-ერთზე ძლიერი არ არის, არც ისეთი სუსტია როგორიც სერჟინიო დესტი, მაგრამ ცენტრალურ მცველს მეტი მოეთხოვება, კარგი დრიბლინგის მქონე ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში უჭირს, თითქოს ამ ყველაფერს აბალანსებს ვარდნებით, მაგრამ როგორც პაოლო მალდინი ამბობს: „თუ ვარდნას ვასრულებდი, ეს ნიშნავდა, რომ შეცდომა უკვე დავუშვი“, - უმეტესად, ფეხებში ვარდნა პოზიციური შეცდომის გამოსწორების დროს ხდება, ან მაშინ, როცა მეტოქე ერთი-ერთზე გაჯობებს, პოზიციას მოგიგებს, სისწრაფეში დაგჩაგრავს, ვარდნები კარგი სანახავია, ფეხბურთს ესეც ალამაზებს, განსაკუთრებით ძველი იტალიური სკოლის წარმომადგენლების შესრულებით, მაგრამ მალდინის თუ დავუჯერებთ, ეს უპირატესობად ვერ ჩაითვლება.

ინგლისიდან სახლში

ორი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, პიკე და ფაბრეგასი. აკადემიიიდან წასულები და პირველ გუნდში დაბრუნებულები, თუმცა, განსხვავება დიდი იყო, პიკე ჯერ „სარაგოსაში“ გაანათხოვრეს, მერე კი „მანჩესტერის“ სკამზე იჯდა, რადგან პრემიერ ლიგის საუკეთესო დუეტთან უწევდა კონკურენცია, ვიდიჩი-ფერდინანდის გადამკიდე პიკეს მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში უწევდა თამაში, მაგალითად, „რომასთან“ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და გოლიც გაიტანა, სეზონის ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, ოღონდ მისი წილი ნაკლებად იყო ამ ყველაფერში.

ალექს ფერგიუსონმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა პიკეს გაშვებით, მოგვიანებით თავადაც აღიარა, იაპ სტამისა და პიკეს გაშვება ჩემი კარიერის ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნიაო, არა ბექემისთვის ნასროლი ბუცი, არამედ პიკეს გაშვება! უკვე მომდევნო სეზონში ფერდინანდს და ვიდიჩს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, ორივე ხშირად ტრავმიანობდა და პიკე ისე საჭირო გახდა, როგორც არასდროს, მაგრამ აღარ იყო.

დიდი გამოცდილება მიიღო, ფერგიუსონის ხელში სხვაგვარად ვერც იქნებოდა, ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა, ერთხელ გასახდელში ტელეფონმა დაურეკა და როი კინმა ეშვები გამოაჩინა, ახლა ვისაც ტელეფონს ვუპოვი პირდაპირ ლაზარეთში გავუშვებო, ამ დროს პიკეს უთქვამს ძაან საწყლად - „მისტერ“, (ასე მიმართავენ ინგლისში ღლაპები კაპიტნებს) „ტელეფონი ჩემიაო“, - ამასაც ხომ უნდა გამბედაობა?! როიმ კი ახალბედა დაინდო და ზომიერი ზიზღი შესთავაზა, არადამაჯერებელი ღიმილით. ასეთ ხალხთან მართლა ბევრს სწავლობ, თამაშისთვის სულ სხვა მოტივაციით ემზადები, ამიტომ, დაბრუნებულმა პიკემ, დიდებული სადებიუტო სეზონი ჩაატარა, მარკესთან და პუიოლთან კონკურენციაში ბევრი სათამაშო დრო მიიღო და თავიც არ შეურცხვენია. პოზიციურად, ერთი-ერთზე, მაღალ ბურთზე - იდეალური იყო, მაგრამ გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ პირველი პასით რაფა მარკესს არ ჩამოუვარდებოდა, ხანდახან სჯობდა კიდეც, თექნიკით კი ყველა ცენტრალურ მცველზე მაღლა იდგა. ვიხსნებ მაშინდელ პიკეს და, გაცილებით მეტი შეეძლო, ბევრად მეტი!

გარსიასგან იგვე დონეს არც მე ველი და ალბათ არც არავინ, მაგრამ როგორც ანალიტიკოსები წერენ, ტექნიკის თვალსაზრისით ახალგაზრდა პიკეს არ ჩამოუვარდება, პეპის და ლუის ენრიკეს ხელში ვარჯიშიც უწევდა და ჩვენი დაცვის ფონზე, ნამდვილად კარგი შენაძენია.

რაც შეეხება მეორე დაბრუნებულს, ფაბრეგასს სულ სხვა ისტორია აქვს, 16 წლისა უკვე დიდი არსენალის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, ვიეირასთან, კემბელთან, კოულთან, პირესთან, ლუგბერგთან, ბერგკამპთან და რა თქმა უნდა, ტიერი ანრისთან ერთად. 16 წლის ბავშვი, ბურთის უზადო კონტროლით და პასის ჩავისებური სიზუსტით. წარმოუდგენელი ამბავი იყო, მაშინ უკვე დაიწყო ფიქრი მის დაბრუნებაზე, რადგან დიდ შეცდომად მიიჩნიეს სესკის გაშვება ისე, რომ კონტრაქტში არანაერი პუნქტი არ ჩაუდიათ.

რეკორდებს რეკორდზე ხსნიდა და კულმინაცია ალბათ 2005/06 წლების სეზონი იყო, აქეთ მესი გამოჩნდა არანორმალური მონაცემებით და იქით სესკი ბრწყინავდა პრემიერ ლიგაში, თითქოს ფინალში უნდა გადაყრილიყვნენ ძველი მეგობრები, მაგრამ მესიმ მძიმე ტრავმა მიიღო, სესკი კი ვარსკვლავად „ბერნაბეუზე“ მოინათლა, ჯერ კიდევ ბავშვმა „რეალის“ ვარსკვლავებს ბურთი დაუმალა. მერე იყო პროგრესი, მხოლოდ პროგრესი, იმდენი ქნა, რომ ლიდერადაც ჩამოყალიბდა, არადა ამით არასდროს გამოირჩეოდა, „ტოტენჰემთან“ იდეალურად ავლენდა ლიდერის თვისებებს და თუ გახსოვთ ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში „მილანს“ „სან სიროზე“ ისეთი გოლი გაუტანა, როგორიც მხოლოდ დიდ ფეხბურთელებს გააქვთ, მაგრამ, რამდენჯერაც „ბარსას“ გადაეყარა, იმდენჯერ დამარცხდა. უშანსოდ. ინიესტამ გააქრო, დაკარგა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ინიმ მისი პასით გაიტანა, მერე კი ზეიმის დროს „ბარსას“ ფორმა ჩამოამხეს თავზე, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, ალბათ პიკე იქნებოდა. ასე ძალით გამოვგლიჯეთ „არსენალს“, ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა, სესკმა ვერ ითამაშა ისე, როგორც ველოდით, მაგრად დაიწყო და მერე.. აირია. ალბათ პეპის ექსპერიმენტების ბრალიც იყო, თუმცა, ექსპერიმენტებს სწორედ იმიტომ მიმართავდა, რომ ფაბრეგასს მეტი სათამაშო დრო ჰქონოდა.

ახლა ფაბრეგასი გვარდიოლას დასანახად ვერ იტანს, როგორც ჩანს მას აბრალებს წარუმატებლობას, არადა, რომ გადმოვიდა პეპზე იძახდა ჩემი კუმირი იყო და ოცნება ამიხდაო, მისი ნომერიც მოირგო და გვიან გაიაზრა, რომ გვარდიოლა ძალიან რთული ხასიათის ვინმეა. გენიოსებს ახასიათებთ ეს ამბავი.

ასე რომ, ერიკ გარსიას წარმატება, ან წარუმატებლობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მარტო ის, რომ „ბარსას“ სისტემა მისთვის ნაცნობია, ბევრს არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს, რომ კუმანის ხელში ვერ ვიტყვი, რომ დაკარგულ სტილს დავუბრუნდით.

ლანგლესთან კონკურენციაში თუ მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციას მოიპოვებს, ჩავთვლი, რომ წარმატებული ტრანსფერი იქნება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #8 9 ივნისი 2021 00:55
    0
    ფაბრეგასი ნეგატიური რატომ.იყო ? უბრალოდ იმ დროს ხელშეუხებელი ნახ დაცვა გვყავდა
    Culé [?]
    #7 8 ივნისი 2021 18:05
    0
    დაცვის ცენტრი ისეთი კატასტროფაა უმტიტი/ლენგლეს ყველაფერი ჯობია მინგესასთვის ადრეა ძირითადი ბევრ შეცდომებს უშვებს პოზიციურად და ერთი ერთზე ხშირად ჯარიმაზე თამაშობს სამწუხაროდ ვნახოთ რა გამოვა გარსიასგან ყოველ შემთხვევაში დასაკარგი აღარაფერი გვაქვს და რაც მნიშვნელოვანია უფასოდ დავიმატეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 8 ივნისი 2021 16:16
    0
    აღდგომა და ხვალეო. ალბათ ორ თვეს როგორმე მოვითმენთ.
    Culé [?]
    #5 7 ივნისი 2021 23:41
    0
    იმედია გაამართლებს. თუარადა უფასოდაა მოსული.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 7 ივნისი 2021 22:43
    0
    ფეოლამ ტრადიციულად შეასრულა🙌❤️ ამ ბიჭზეც იგივე უნდა ვთქვა რაც აგუეროზე, რაღაცას იზამს მემგონი და მთლად ლენგლე არ გამოდგება, ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს. იმედია იმ ულვაშებიან ბაყაყიჭამიას ამოაგდებს ძირითადიდან და ჩაჯდება კუმანის სისტემაში.
    Culé [?]
    #3 7 ივნისი 2021 21:52
    0
    მომკალი და ჩემ ფეოლა მაინცდამაინც დიდი იმედი არ მაქვს ამ ბიჭს, მაქსიმუმ ძლიერი ზამენა რომ გახდეს კმაყოფილი ვიქნები მგონია დაახლოებით ეგეთი რა.
    გულშემატკივარი [?]
    #2 7 ივნისი 2021 21:27
    0
    საღოლ ავტორს
    Culé [?]
    #1 7 ივნისი 2021 21:21
    1
    მე მაგრად მეიმედება ამ ბიჭის❤️ჯერ 20 წლისაა და საკმაოდ ძლიერია ყველა ასპექტში