ჯერ კიდევ მშიერი

ჯერ კიდევ მშიერი

 აგუეროოოოოო... – ალბათ ყველას გახსოვთ მარტინ ტაილერის ეს ამოძახილი, სადღაც სხვა სამყაროდან წამოიყვირა, ხმაც ეგეთი იყო, „სიტის“ ნანატრ ჩემპიონობასა და „მანჩესტერის“ განგმირულ გულს, რომ უნდა მოხდენოდა. ეს მომენტი, გოლი და კომენტარი სამუდამოდ შევიდა ინგლისური და არა მხოლოდ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, აგუეროს ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია, თუმცა, დასამახსოვრებელი ბევრი შეუქმნია და იმედია კიდევ შექმნის.

ეს გოლი და მის ირგვლივ ატეხილი ამბავი კი ისეთი მაგარი გამოდგა, რომ მანჩესტერში ერთ-ერთ შენობაზე გადღაბნილ აგუეროს პორტრეტს ტაილერის ამოძახილიც მიაწერეს, რომელიც უსასრულოდ გრძელდება - Aguerooooo.. იმ გოლის მერე მაისურზეც, რომ ხმოვნის დაგრძელებით წაეწერა გვარი არ იქნებოდა გასაკვირი, თუნდაც გამოსათხოვარი მატჩისთვის რომ მიეცა თავისთვის ლაზღანდარობის უფლება, სამხრეთ ამერიკელებისგან მოსულა, ერთი მატჩი კი არა, სამორანოს მთელი წელი ეცვა 1+8 ნომრიანი მაისური.

ჩამოვიდა, გააფორმა, თავისებურად გაიცინა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ბევრ გოლს შეაგდებს, იმაზე მეტს ვიდრე დემბელე, იმაზე მეტს ვიდრე გრიზმანი, ბრეითუეიტი, ტრინკაუ და ასე შემდეგ. ორი რამ არის, რაც დანამდვილებით ვიცი, აგუერო გოლებს გაიტანს და მთელი სეზონი ჯანმრთელი ვერ იქნება. განსაკუთრებული შემოწმება გაიარა ნაოპერაციებ მუხლზე, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ბოლო ხუთი წელია ტრავმის გარეშე ჩემპიონატი არ ჩაუტარებია, ამიტომ ძალიან მიამიტები უნდა ვიყოთ, რომ რამე განსხვავებულის მოლოდინი გვქონდეს, ისიც სათქმელია, რომ „სიტის“ გაცილებით მაღალი დონის სამედიცინო შტაბი ჰყავს, თავის აპარატურით.

ჯერჯერობით კონკურენტი არც ჰყავს, რადგან „ბარსა“ ცენტრფორვარდის გარეშეა დარჩენილი, კუმანს მოსვლის წინ ეგონა, რომ გრიზმანს შეეძლო ფორვარდად თამაში, მერე აღმოაჩინა, რომ არ არის ასე მარტივად საქმე და ალბათ სუარესის გაშვებაც ინანა. 

გვყავს გარემარბები და ანსუ ფატი, რომელიც არ ვიცით რა ფორმაში დაბრუნდება, მაგრამ როგორც არ უნდა დაბრუნდეს, სანამ ფიზიკურად არ მოძლიერდება მის ცენტრფორვარდად დაყენებას დიდი აზრი არ აქვს, აგუერო კი ყოველთვის ძალიან მყარად იდგა ფეხზე, როგორც ტანმორჩილ არგენტინელებს სჩვევიათ, კარლოს ტევესისა და აგუეროს წაქცევა ურთულესი ამბავია, მოიგდებენ ბურთს ფეხში და ისე დაგიმალავენ, რომ არც დაგანახებენ. მესიზე და დიეგოზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ ეს სულ სხვა საფეხურია და არ ღირს შედარებად.

როგორც ყველას მოგვეხსენება, მესის ზრდის პრობლემა ჰქონდა და "ბარსას" დახმარებით აიყარა ტანი, თუ 16 წლის აგუერო გინახავთ, იგივე შთაბეჭდილება დაგრჩებათ, ოღონდ ერთი შესწორებით, აგუეროს ნორმალური ტანი ჰქონდა და ძალიან პატარა და დაკუნთული ფეხები, არ ჰგავდა ჯანმრთელს, მაგრამ დროთა განმავლობაში, სწორი ვარჯიშით და სწორი ჩარევით ამასაც ეშველა, ტანმორჩილ ფეხბურთელად დარჩა, თუმცა შეხედავ და ადამიანს ჰგავს. 

რადგან არგენტინელები ვახსენეთ, ვერ ვიტყვი, რომ ნაკრებში მისი საქმე ისე წავიდა, როგორც ხალხი ელოდა, მოლოდინით კი ელოდნენ იმას, რომ მესისთან ერთად ყველაფერს მოიგებდა, მაგრამ 2006 წელს მუნდიალისთვის არც მზად იყო და არც განიხილებოდა სანაკრებო სიაში, 2010 ში ტევესი და იგუაინი ამჯობინეს, მთელი ჩემპიონატის მანძილზე სკამზე იჯდა, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი მისი სიმამრი იყო, დიეგოს ფავორიტი ფეხბურთელი კარლოს ტევესი იყო, ერთი პოზიცია სწორედ მან წაიღო, მეორე გარანტირებული ჰქონდა ლიონელ მესის, სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშებდნენ დი მარიას და თუ ტაქტიკიდან გამომდინარე ფორვარდის პოზიცია რჩებოდა იგუაინს ამჯობინებდნენ, რაც მე პირადად უსამართლობა მგონია, მაგრამ არგენტინელებმა თავიანთი საქმის თავად უკეთ იციან.

2014 შიც იგივე სურათი გვქონდა, მხოლოდ ერთ ფორვარდს უნდა ეთამაშა და ეს ერთი იგუანი იყო და არა აგუერო, მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალ ბურთებზე უკეთესად თამაშობდა, არგენტინა კი „ბარსელონა“ არ არის, რომ მარტო დაბალი პასით ამოეტანათ ბურთი. დასანანი ამბავი მოხდა ფინალის წინ, აგუერომ და დი მარიამ ტრავმა მიიღეს, დი მარია განაცხადშიც ვერ მოხვდა, კუნი კი მეორე ტაიმში გამოჩნდა, მაგრამ გახსოვთ რამე? თუნდაც გაფუჭებული მომენტი? მე არა, ფაქტია, რომ ტრავმამ დიდი კვალი დაატყო. ჰოდა, შეატოვეს ჩვენი მესი პალასიოს და იგუაინს, რა დაშავდა ამით ყველას კარგად ახსოვს, ახლა ვარაუდის დონეზე ყველას შეუძლია იმსჯელოს დი მარია და აგუერო, რომ ჯანმრთელები ყოფილიყვნენ რა და როგორ იქნებოდა.

2018 ში კვლავ უწევდა კონკურენცია კარგად ჩასუქებულ იგუაინთან, ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ისლანდიასთან აგუერომ დაიწყო და გოლიც გაიტანა, ხორვატიასთან მთელი გუნდი ძალიან ცუდი იყო, გადამწყვეტ მატჩში კი სკამზე დასვეს, ძირითადში იგუაინი აღმოჩნდა, მერვედფინალშიც სკამზე იყო, გვიან გამოვიდა და მესის პასით გოლიც შეაგდო.  

ასეთი ამბავია, აგუეროს არგენტინის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არასდროს ჰქონია ადგილი დაბევებული.

დიდი ვერაფერი სანაკრებო კარიერაა, მესისთან ერთად ოლიმპიური ოქრო აქვს მოგებული, ეს კი საკმარისი არ არის, თავის დროზე არგენტინელებმა ძალიან გაიხარეს, რადგან ეს ოლიმპიური ოქრო მუნდიალის რეპეტიციად ჩათვალეს, სულ ტყუილად, მესისთან ერთად მხოლოდ ფინალები აქვს ნათამაშები და იქაც ვერ ვიტყვით, რომ დიდად ხელი გაუმართა.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ეს მობერებული აგუერო ჯერ კიდევ მშიერია, სანაკრებო ტიტულიც სურს და ჩემპიონთა ლიგაც, ასე კარიერის მიწურულს ორმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ერთად შეეჭიდოს ახალ გამოწვევებს და ვნახავთ რა გამოვა, წინ კოპა ამერიკა გვაქვს, მართალია არც კოლუმბიაში ჩატარდება და არც არგენტინაში, ვინ იცის იქნებ ბრაზილიაშიც ვერ ჩატარდეს, გამომდინარე იქიდან თუ რა მძიმე ვირუსული მდგომარეობაა, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ჩატარდება, ამ ორ მობერებულს, რომელთაც მობერებულისა დიდად არაფერი ეტყობათ სულ სხვა თვალით დავაკვირდებით და მათ გარშემო სასურველ გვარებსაც უკეთ დავინახავთ - გრიზმანი? დემბელე? ფატი? იქნებ დეპაი? გამოჩნდება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 1 ივნისი 2021 11:26
    0
    ვიკიპედიამაც დაარეგისტრირა wink
    მწერალი [?]
    #8 1 ივნისი 2021 11:14
    0
    Don_Andresito,
    ხო, არის ეგ საფრთხეც
    [?]
    #7 1 ივნისი 2021 09:56
    1
    მთავარი პრობლემა ამის ასაკზე და ტრავმებზე მძიმე არის ჩვენი ჯიუტი მწვრთნელი რომელსაც თავისუფლად შეუძლია პიანიჩი გაუკეთოს. არ უნდოდა აგუერო როგორც იწერებოდა და ამიტო არც ათამაშებს. სკამზე გაახმობს თავისი ვითომ პრინციპების გამო. იმედია დეპაის არ შემოგვთხრის. საერთოდრო არ დავიმატოთ ჯობს კიდეც ფატის კოლიადოს ან კონრადის გამო. თუ ვერც დემბელეს ან გრიზმანს უშვებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 ივნისი 2021 08:50
    1
    ერთი სეზონი მაინც გაძლოს სანამ ლაპორტა ნამდვილ ტრანსფერებს გაჩარხავს.
    გულშემატკივარი [?]
    #5 1 ივნისი 2021 01:00
    1
    ციტატა: ფეოლა
    Milkshake,
    ეგეთი სტარიკიც არ არის, საფეხბურთო ასაკი კიდე ზოგადად გაიზარდა.

    სუპერგმირი რო იყოს ტრავმამენი იქნებოდა და გინდა 25 წლის იყოს და გინდა 46-ის.
    --------------------
    ბარსა კი არა ჩასვრაა უკვე ეს ყველაფერი.
    მწერალი [?]
    #4 1 ივნისი 2021 00:53
    0
    Milkshake,
    ეგეთი სტარიკიც არ არის, საფეხბურთო ასაკი კიდე ზოგადად გაიზარდა.
    გულშემატკივარი [?]
    #3 1 ივნისი 2021 00:42
    1
    ვა კასტილგუეროზე დაიდო სტატია. მშიერი კი არა ცოცხალი თუ მივა შემდეგ სეზონამდე ეგაა საკითხავი.
    --------------------
    ბარსა კი არა ჩასვრაა უკვე ეს ყველაფერი.
    Culé [?]
    #2 1 ივნისი 2021 00:37
    0
    იმედია კოპას მოიგებენ. ჩემპ ლიგის კი რა ვთქვა. წელს 😔
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    წევრი [?]
    #1 1 ივნისი 2021 00:17
    0
    კარგი სტატიაა. მადლობა ფეოლა 👍