ჰენრიკ ლარსონის გაელვება - მაგალითი აგუეროსთვის

ჰენრიკ ლარსონის გაელვება - მაგალითი აგუეროსთვის

 აგუეროს ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია და კიდევ ერთი ფეხბურთელი გამახსენდა, რომლის ხილვაც „ბარსაში“ ყოველთვის მსურდა, მაგრამ ძალიან დაუგვინდა, 33 წლისა იყო, როცა „ბარსასთან“ კონტრაქტი შეათანხმა, დაახლოებით იგივე ასაკშია აგუეროც, ლარსონზე დიდი ფეხბურთი ითამაშა, უფრო მეტ გოლს ველი მისგან და იმედია ისევე შეგვაყვარებს თავს, როგორც ეს კუმანის ამჟამინდელმა თანაშემწემ გააკეთა.

“ყოველთვის საუბრობენ რონალდინიოსა და ეტო’ოზე, მაგრამ დღეს ისინი არ დამინახავს, ფეხბურთელი, რომელმაც მოედანზე სხვაობა შექმნა ჰენრიკ ლარსონი იყო, ორი მომენტში გამოჩნდა და ორი გოლი მივიღეთ“. - თქვა ფინალის შემდეგ ტიერი ანრიმ, ცოტა დაბოღმილი კაცის ნათქვამია, მისგან განსხვავებით ეტო’ომ თავის შანსი ხელიდან არ გაუშვა, ლარსონმა კი მართლაც გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ეს იყო მისი კარიერის დასასრული „ბარსელონაში“, ასე ამაყად ცოტა თუ წასულა გუნდიდან, რონალდინიო და ეტო’ო ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მას უდიდესი გავლენა ჰქონდა ფეხბურელებზე, თავის გამოცდილებითა და ინტელექტით, ეს კიდევ ერთხელ გაცხადდა მაშინ, როცა ლარსონის წასვლის მერე „ბარსამ“ სავიოლა დაიბრუნა, რონალდინიომ კი ღიად თქვა, რომ ლარსონის შეცვლა შეუძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჰენრიკი სათადარიგო ფეხბურთელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ როცა თამაშობდა უამრავ მომენტს აფუჭებდა, მათ შორის, სწორედ რონალდინიოს გენიალურ პასებს, მაინც ასეთი შეფასება გააკეთა და მიგვახვედრა, რომ ამ კაცს, მოედნის მიღმა, ფეხბურთელებზე დიდი გავლენა ჰქონდა.  

„ბარსაში“ გადმოსვლამდე ლარსონისა და რონალდინიოს დაპირისპირება უეფას თასის ნახევარფინალში შედგა, მთავარი ვარსკვლავები ფორმაში იყვნენ და ბევრ გოლს ველოდით, მაგრამ ორი მატჩის ჯამში, ერთმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი, „სელტიკი“ ფინალში გავიდა და ლარსონის დუბლმა ვერ უშველა, მოურინიოს „პორტუსთან“ 3:2 დამარცხდა.

უკვე მომდევნო სეზონში კი „ბარსას“ შვიდიანი მოირგო, თითქოს ფიგუს მერე დაწყევლილი ნომერი, თუ მართლა არსებობდა ეს წყევლა, ლარსონმა გააქრო, ზუსტად იმ ფინალში, ზუსტად იმ ორი მომენტით, ყველაფერი გადაწონა.

ერთი წლით ადრე კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავის ყოფილ გუნდს, გლაზგოში დატოვებულ ოჯახს დაუპირისპირდა, მესამე გოლი სწორედ ლარსონმა შეაგდო და მდუმარედ აღნიშნა, არ გადმოუგდია ენა და არ დაუწყია გიჟივით სირბილი, როგორც სჩვეოდა ხოლმე, „მწვანეები“ კი სევდიანად შეჰყურებდნენ, მათთვის ლარსონი იგივეს ნიშნავდა, რასაც ჩვენთვის რონალდინიო, ალბათ ძალიან მწარე იყო, როცა მათთვის სათაყვანებელმა ფეხბურთელმა მეკარე გააბითურა და სახლად ქცეულ სტადიონზე გაიტანა.

ჰენრიკზე ყველას ორი რამ ახსენდებოდა, პირველი უმძიმესი ტრავმა, რის შედეგადაც კარიერის დასრულებას უწინასწარმეტყველებდნენ, აქ არ ღირს არც ვიდეოსა და არც ფოტომასალის მოტანა, რადგან ლარსონის ფეხი წვივში გადატყდა, თან ისე შესამჩნევად, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივართა ნაწილმა გონება დაკარგა, აბა წარმოიდგინეთ თავად რა დღეში იქნებოდა?!

“პირველი მსაჯს დაველაპარაკე, ვუთხარი - მგონი ფეხი მოვიტეხე-მეთქი, ამას მაშინ მივხვდი, როცა წვივს ქვემოთ ნაწილი არაბუნებრივად ეგდო მინდორზე, რა თქმა უნდა, ყველა ხვდებოდა, რომ მოტეხილი იყო, მაგრამ ამის დაჯერება ძალიან გამიჭირდა“.

 „სწორად გამიგეთ, კარგია, რომ 1999 წელს მოვიტეხე ფეხი და არა მაგალითად 87-ში, ან 79-ში, როცა სულ პატარა ვიყავი, ასეთ შემთხვევაში ჩემი კარიერა არ შედგებოდა, მაგრამ როცა ნახევარი გზა განვლილი მქონდა, უკან დახევას არ ვაპირებდი, ტრავმა ოქტომბერში მივიღე, მე კი ევრო 2000-ზე თამაში მსურდა, ცხრა თვეში მზად უნდა ვყოფილიყავი, ურთულესი იყო, მაგრამ არა შეუძლებელი“.

აქ ერთი დიდი ეტაპი დასრულდა, ნაწნავებიანი შვედის ამბავი მორჩა და რაღაც სხვა უნდა დაწყებულიყო, ეს უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დარტყმა იყო, ამის მერე უბრალოდ შეუძლებელია, რომ თამაშის გაგრძელებაზე იფიქრო, ასეთი ტრავმის მერე არასდროს იქნები ის, რაც იყავი, ტრანსფორმაცია გარდაუვალია, ან ვერ გაუმკლავდები და შენი მაგია გაქრება, ან ტკივილი გაგაძლიერებს და უკეთესი გახდები, ლარსონი ნიცშეანელი აღმოჩნდა, ევროზე ითამაშა, ტოლდო აფორთხიალა და იტალიის ნაკრებს მშვენიერი გოლი გაუტანა.

ნელ-ნელა მისი ახალგაზრდული ნაწნავები გაქრა და დაბრძენებული დააბიჯებდა მოედანზე,  თითქოს გაბრაზებულიც საკუთარ უიღბლობაზე, მოტეხილობა რომ არა, ალბათ უფრო ადრეც მოირგებდა „ბარსას“ მაისურს.  

ალღო არ დაუკარგავს, კლასი ყოველთვის ჰქონდა და რაც ყველაზე გასაოცარია, არანაირი შიში არ ეტყობოდა, ბრძოლაში ისევ ისე შედიოდა, როგორც ადრე.

დაბრუნდა და მერე როგორ, ზედიზედ ოთხჯერ გახდა საუკეთესო ბომბარდირი და გახდა პირველი სკანდინავიელი ვინც ოქროს ბუცი მოიგო, 2001 წელს ლარსონმა „სელტიკთან“ ერთად სამი ტიტულის მოგება იზეიმა, თავად კი 53 გოლი გაიტანა, მათ შორის 35 ჩემპიონატში.

ფიზიკურად არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ნაკრებში მისი მეწყვილე წარმოშობით ბოსნიელი არაგონატი კაცი იყო, მაგრამ მენტალურად ვისაც გინდათ შეადარეთ!

მეორე რაც მის ხსენებაზე ყველას თავში მოდიოდა, რეინჯერსის კარში გატანილი გოლებია, ისევე ამწარებდა მთავარ მეტოქეს, როგორც მესი მადრიდის „რეალს“, 15 გოლი აქვს „რეინჯერსის“ კარში გატანილი, განსაკუთრებით კი ის საოცრება, მართლა რონალდინიოსავით, რომ წაიღო ბურთი და მეკარეს თავზე გადაუგდო, გლაზგოს დერბიში! სადაც კათოლიკური და პროტესტანტული წარმოშობის გიჟები მზად არიან ერთმანეთი შუაზე გაგლიჯონ, ლარსონმა კი აჩვენა „რეინჯერებს“, რომ მისი დონისა და კლასის ფეხბურთელი შოტლანდიაში არავინ იყო.  

ჰენრიკ ლარსონი „ბარსელონაში!“ გავიხარე და თანაც როგორ, ლაპორტა მართლაც მაგარი ვინმე გამოდგა, ეტო’ო და ლარსონი ერთად მოიყვანა, მეგონა, რომ მათი დუეტის უკან რონალდინიო ითამაშებდა, მაგრამ მერე ჩემპიონთა ლიგიდან „რეალის“ გამგდები ლუდოვიკ ჟიულიც მოვიდა და რაიკაარდის ტაქტიკა არ შეცვლილა, ლარსონი ძირითადად სკამზე იყო და როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ზუსტად მაშინ მიიღო მძიმე ტრავმა, ზამთარში, როცა გადამწყვეტი ეტაპი იწყებოდა, მაშინაც დაიწყო საუბარი, რომ სეზონის ბოლოს დაგვტოვებდა, მაგრამ მომდევნო სეზონში კიდევ ერთხელ დაბრუნდა და იმ ფინალმდეც მივიდა, რომელმაც კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

არ ვიცი მოიგებს თუ არა აგუერო ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ კარგი იქნება თუ დამშეული ცხოველივით გავა მოედანზე, ისე, როგორც ლარსონი გადიოდა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 26 მაისი 2021 22:36
    0
    დაასაბუთა რაა!!! ფეოლასგან ნაკლებს არც ველოდი🙌🙌 შენი არ იყოს მეც მეიმედება ეს კაცი და თუ არ გაგვიმართლებს იმედებს ერთად მაინც ვიგლოვოთ❤️🙏
    მწერალი [?]
    #2 26 მაისი 2021 19:08
    0
    Milkshake,
    საბრძოლო განწყობაზე ხარ : ))
    გულშემატკივარი [?]
    #1 26 მაისი 2021 17:37
    2
    ისევ ზედმეტი ოპტიმიზმი და ისევ გაწბილებული სახეები იქნება სეზონის ბოლოს.
    --------------------
    ბარსა კი არა ჩასვრაა უკვე ეს ყველაფერი.